ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესყიდვები – აღსანიშნავი ტენდენციები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესყიდვები – აღსანიშნავი ტენდენციები

24 დეკემბერი, 2014

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი ორგანიზაციაა, რომლის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების დიდი წილი სამშენებლო სამუშაოებზე მოდის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დეტალურად შეისწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის განხორციელებული შესყიდვები. მონაცემები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პლატფორმას (http://tenders.procurement.gov.ge) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ტენდერების მონიტორინგის ვებგვერდს (http://tendermonitor.ge) ეფუძნება.

  1. ძირითადი მიგნებები

კვლევისას რამდენიმე საინტერესო ფაქტი და ტენდენცია გამოიკვეთა:

  • სამშენებლო სამუშაოებისთვის შესყიდვებს, ძირითადად, სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყების მიერ სამშენებლო სამუშაოებზე დახარჯულმა თანხამ 2013-2014 წლებში (2014 წლის დეკემბრამდე) დაახლოებით 346.5 მილიონი ლარი შეადგინა;

  • შესყიდვები დიდი უმრავლესობა კონკურენტული ტენდერების მეშვეობით ხორციელდებოდა, რაც დადებითად უნდა შეფასდეს;

  • ტენდერში გამარჯვებულებს შორის თანამდებობის პირების - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის და პარლამენტის წევრის სერგო ხაბულიანის მფლობელობაში მყოფი კომპანიებიც არიან;

  • 2013-2014 წლებში 400 ტენდერიდან 126 შემთხვევაში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა;

  • 2014 წელს ზოგიერთ ტენდერში სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მყოფმა კომპანიებმა - „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” და „თუშეთგზამ” გაიმარჯვეს;

  • 300-ზე მეტი გაფორმებული ხელშეკრულებიდან დაახლოებით 100 მათგანში მომსახურების გაწევისას ვადის გადაწევის მიზნით ცვლილებები შევიდა;

  • ზოგიერთ კონტრაქტში ერთზე მეტი ცვლილებაა შესული. ყველაზე მეტი, 11 ცვლილება კი 2013 წელს „ბლექ სი გრუპთან” გაფორმებულ ტენდერში შევიდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს აღემატებოდა;

  • ხელშეკრულების ვადის ხშირი ცვლილებები აღძრავს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას მიმწოდებლები და რამდენად ადეკვატურად რეაგირებს შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთ შემთხვევებზე;

  • იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც 2013-2014 წლებში სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს, მხოლოდ ერთ მათგანს ჰქონდა შეხება პოლიტიკურ პარტიასთან. კერძოდ, შპს „კავკასენერგოს” მფლობელმა ზვიად მესხმა 2014 წლის ივნისში ქართულ ოცნებას 30 000 ლარი შესწირა.

  1. შესავალი

2014 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 890 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ყველაზე დიდი ბიუჯეტია. 2013 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 928 მლნ ლარი იყო. სამშენებლო სამუშაოებისთვის შესყიდვებს, ძირითადად, სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყების მიერ სამშენებლო სამუშაოებზე დახარჯულმა თანხამ 2013-2014 წლებში (2014 წლის დეკემბრამდე) დაახლოებით 346.5 მილიონი ლარი შეადგინა.  ამასთანავე, ეს თანხა დაახლოებით თანაბრად განაწილდა 2013 წელსა და 2014 წლის 11 თვეს შორის, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ 2014 წლის ჯამური დანახარჯი წინა წლის თანხებს გადააჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვები დიდი უმრავლესობა კონკურენტული ტენდერების მეშვეობით ხორციელდებოდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორი წლის მანძილზე გამარტივებული შესყიდვების გზით მხოლოდ ერთი კონტრაქტი გააფორმა - შპს „სამშენებლო კომპანია ბათუმთან” სენაკი-ფოთი-სარფის გზის ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოებისთვის. დაახლოებით 31,000 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვა განახროციელდა სამინისტროს კიდევ ერთმა სსიპ-მა მუნიციპალური განვითარების ფონდმა.

  1. 2013-2014 წლების სახელმწიფო შესყიდვები (იხ. დანართი)

3.1. მსხვილი კონტრაქტორები

2013-2014 წლებში მიღებული შემოსავლების მიხედვით შემდეგი კონტრაქტორი კომპანიები ლიდერობდნენ:

  • Fin-Estate;

  • „არქეოპოლისი”;

  • საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია „სერპანტინი”;

  • „ბლექ სი გრუპი”;

  • „ნიუ ქონსთრაქშენ”.

ცხრილი 1. 2013-2014 წლების 10 უმსხვილესი მიმწოდებელი

კომპანია

დირექტორი

მფლობელი

რეგ. თარიღი

მიღებული შემოსავალი

(მლნლარი)

მოგებული ტენდერების ოდენობა

FIN-ESTATE

არმაზ შამანაური

ალექსანდრე

ფალიანი 100%

25/05/2011

29.9

8

არქეოპოლისი

დავითი გვარამია

სააქციო საზოგადოებაა და მისი მფლობელები არ ფიქსირდება

11/01/1996

 

24.4

5

სერპანტინი

ზურაბ ფეიქრიშვილი

თამარი

ჯანყარაშვილი 51%

ტარიელი

ამირანაშვილი 13%

, ბადური

შიუკაშვილი 5%

ნუგზარ ხუცაიძე 31%

19/05/2000

23.8

6

საგზაო კომპანია თბილისი

გიორგი სურამელაშვილი

სააქციო საზოგადოებაა და მისი მფლობელები არ ფიქსირდება

28/09/1995

 

22.9

2

ბლექ სი გრუპი

ამირან მამუჭაძე

ბლექ სი როუდი

75% (გიორგი

კალანდაძე 50%

ამირან

მამუჭაძე 50%)

გიორგი კალანდაძე 25%

04/05/2005

17.7

2
 

 

რამდენიმე კომპანიამ (Fin-Estate, არქეოპოლისი, საგზაო კომპანია თბილისი, გეომშენი-2004, საქმილსადენმშენი) 2013 წელთან შედარებით 2014 წელს მკვეთრად გაზარდა ტენდერებიდან მიღებული შემოსავლები, მაშინ, როცა 2013 წლის ლიდერი კომპანიები 2014 წელს მოწინავე პოზიციებზე აღარ გვხვდება.

 

ჩარტი: მიმწოდებლები მოგებული ტენდერების მიხედვით 2013-2014

ჩარტი: მიმწოდებლები 2013-2014

3.2. საზოგადოებისთვის საინტერესო შესყიდვები

„საგზაო-სამშენებლო სარემონტო კომპანია „სერპანტინი” მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს უკავშირდება.  კომპანიამ ორი წლის მანძილზე 6 ტენდერში გაიმარჯვა და 23.8 მლნ ლარი შემოსავალი მიიღო. წილების უმეტესობას (51%) კომპანიაში თამარ ჯანყარაშვილი ფლობს, რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედაა. 2011-2012 წლებში კომპანიამ უფრო მეტ, 8 ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა მათი ჯამური ღირებულება მხოლოდ 1.7 მლნ. ლარი იყო.

2011 წელს რეგისტრირებულმა შპს „ჰერიომ”, რომლის მფლობელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილია, 2014 წელს 1.1 მილიონი ლარის ღირებულების ერთი კონტრაქტი მოიგო, 2013 წელს კი კომპანიას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში არ გაუმარჯვია. აღსანიშნავია, რომ გალეგაშვილს და მის მეუღლეს ჯამში 360 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აქვთ აღებული. ამ სესხების ყოველთიური გადასახადი მინისტრის მოადგილის ხელფასს სამჯერ აღემატება.

1996 წელს დაარსებულმა შპს „ცეკურმა“, რომლის 62%-ს პარლამენტის წევრი სერგო ხაბულიანი ფლობს, ორი წლის განმავლობაში 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2 კონტრაქტი მიიღო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში უმსხვილესი სამშენებლო კონტრაქტი 1995 წელს სს „საგზაო კომპანია თბილისთან“ გაფორმდა. 21 მლნ ლარზე მეტის ღირებულების ეს კონტრაქტი კომპანიას თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის გაუფორმდა. რადგანაც კომპანია სააქციო საზოგადოების ფორმითაა რეგისტრირებული, მისი მფლობელების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არ იძებნება.

ჩარტი: ყველაზე მსხვილი შესყიდვები

3.3. არაკონკურენტული ტენდერები

ტენდერები, რომლებშიც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს, კონკურენციის არქონის გამო, სხვა ტენდერებთან შედარებით მაღალი კორუფციის რისკის შემცველია. ასეთი ტენდერების შემთხვევაში, სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა თანხები დაზოგოს, რაც კონკურენციის შემთხვევაში მიიღწევა. 2013-2014 წლებში 400-დან 126 შემთხვევაში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აქედან, 17 შემთხვევაში ტენდერი შეწყდა, ან არ შედგა, 100-მდე შემთხვევაში გამარჯვებულთან კონტრაქტი გაფორმდა, დარჩენილი ტენდერები კი მიმდინარეობის პროცესშია. 100-მდე გაფორმებული კონტრაქტიდან დაახლოებით 40 შესყიდვა 1 მლნ ლარზე მეტის ღირებულების იყო. „სერპანტინმა”, „არქეოპოლისმა”, „საქმილსადენმშენმა”, „იბოლიამ” და „გეომშენი-2004”-მა ყველაზე მეტი (თითოეულმა 3 ტენდერი) ისეთი ტენდერი მოიგეს, სადაც მონაწილეები მხოლოდ თავად იყვნენ.

ჩარტი: ტენდერები, სადაც მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

3.4. სახელმწიფო კომპანიების მიერ მოგებული კონტრაქტები

2014 წელს, 2013 წლისგან განსხვავებით, მიმწოდებლებს შორის სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიებიც არიან. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ”, რომლის 100%-ს თავად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მეშვეობით სახელმწიფო ფლობს, 2014 წლის მანძლზე თითქმის 10 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები მოიპოვა, ხოლო სახელმწიფოს მფლობელობის ქვეშ მყოფმა კომპანია „თუშეთგზამ” - დაახლოებით 250 000 ლარის ღირებულების.

3.5. კონტრაქტების ვადის გადაწევა და ხელშეკრულების შეწყვეტა

სამშენებლო სამუშაოებისთვის 2013-2014 წლებში გაფორმებული 300-ზე მეტი კონტრაქტიდან, 200-ზე მეტ კონტრაქტში მიმდინარეობის მანძილზე ცვლილებები შევიდა. აქედან, 100-მდე შემთხვევაში ცვლილებები კონტრაქტის ვადის გადაწევის შესახებაა შეტანილი.

ზოგიერთ კონტრაქტში ერთზე მეტი ცვლილებაა შესული. ყველაზე მეტი, 11 ცვლილება კი 2013 წელს „ბლექ სი გრუპთან” გაფორმებულ ტენდერში შევიდა, რომლის ღირებულებაც 8 მილიონ ლარს აღემატებოდა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად კონტრაქტის შესრულების ვადამ ოთხჯერ გადაიწია და, საბოლოოდ, 2013 წლის დეკემბრის ნაცვლად 2014 წლის ოქტომბრით განისაზღვრა, თუმცა ხელშეკრულების სტატუსი ახლაც მიმდინარეა.

ჩარტი: მიმწოდებლები და მათთან გაფორმებული იმ კონტრაქტების ოდენობა, სადაც ცვლილებები შევიდა

script type='text/javascript' src='https://public.tableausoftware.com/javascripts/api/viz_v1.js'>

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის (მუხლი 21, პუნქტი 5) თანახმად „მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები.” ამ საკითხს უფრო დეტალურად არეგულირებს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ღირებულების ჯამური ზრდა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს თუმცა, ვადის გადაწევის შემთხვევებზე ბრძანებაში არაფერია ნათქვამი.

ხელშეკრულების ვადის გადაწევა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის პირობების გაუარესებად შეიძლება მივიჩნიოთ. ჩვენ არ შეგვისწავლია თითოეული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების მიზეზები, თუმცა ხელშეკრულების ვადის ხშირი ცვლილებები აღძრავს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას მიმწოდებლები და რამდენად ადეკვატურად რეაგირებს შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთ შემთხვევებზე.

შემსყიდველმა ორგანიზაციამ მხოლოდ ერთ შემთხვევაშ გააუქმა ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ხელშეკრულება კიდევ 10-მდე სხვა შემთხვევაში გაუქმდა, ძირითადად, ამის მიზეზი თანხების ამოწურვა გახდა, სამჯერ კი ხელშეკრულება მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა.

3.6. კონტრაქტორი კომპანიების კავშირი პოლიტიკურ პარტიებთან

იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც 2013-2014 წლებში სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს, მხოლოდ ერთ მათგანს ჰქონდა შეხება პოლიტიკურ პარტიასთან. კერძოდ, შპს „კავკასენერგოს” მფლობელმა ზვიად მესხმა 2014 წლის ივნისში ქართულ ოცნებას 30 000 ლარი შესწირა. ამ კომპანიამ 2014 წელს ჯამში 400 000 ლარის ღირებულების სამი ტენდერი მოიგო, თუმცა ამ პროცესში საეჭვო გარემოება არ გამოვლენილა, ყველა ტენდერი კონკურენტული იყო და „კავკასენერგოს” სხვებთან შედარებით უკეთესი ფასი ჰქონდა მითითებული.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“