ქალები თვითმმართველობაში: გენდერული ბალანსი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის მუნიციპალიტეტებში
2014 წლის 15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნები ჩატარდება, რის შედეგად 12 თვითმმართველ ქალაქში მერს, 59 მუნიციპალიტეტში გამგებელს და საკრებულოს წევრებს აირჩევენ.
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავდა რეკომენდაციით, გაეზარდათ დასაქმებულ ქალთა რაოდენობა როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ამ მიმართულებით სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში არსებული მდგომარეობა გამოიკვლია. კვლევის შედეგი გვიჩვენებს, რომ ამ რეგიონების 12 თვითმმართველ ერთეულში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, მარტვილი, აბაშა, სენაკი, ფოთი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ და მესტია) საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი; ქალების უმრავლესობას არ უკავია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი თანამდებობები. ისინი ძირითადად დაკავებულნი არიან საქმის წარმოებისა და სხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე.
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის 12 თვითმმართველი ერთეულის საკრებულოებში 320 მანდატიდან ქალებმა მხოლოდ 34 მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 12%-ის ტოლია.
ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების საკრებულოების 34 წევრ ქალს შორის, მხოლოდ ერთს – მაგდალინა მენაბდეს უჭირავს მაღალი თანამდებობა: ის ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. აღსანიშნავია, რომ თორმეტივე მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარე მამაკაცია.
საკრებულოების 60 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს შორის მხოლოდ ექვსია ქალი, რაც საერთო რაოდენობის 10%-ს შეადგენს.
გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საკრებულოების 79 ფრაქციას შორის, მხოლოდ შვიდს ხელმძღვანელობს ქალი, ამათგან ორი ლანჩხუთის, ორიც სენაკის მუნიციპალიტეტში.
აღსანიშნავია, რომ საკვლევი მუნიციპალიტეტების საკრებულოების აპარატის მმართველ რგოლში ქალები და მამაკაცები თითქმის თანაბრად არიან წარმოდგენილნი, საკრებულოების აპარატში კი ქალთა რაოდენობა 66%-ია.
თორმეტივე თვითმმართველი მუნიციპალიტეტის/ქალაქის გამგებელი/მერი მამაკაცია და მათ 35 მოადგილეს შორის მხოლოდ 5 არის ქალი. აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამ მოადგილეს შორის, მხოლოდ ერთია მამაკაცი.
თორმეტივე მუნიციპალიტეტის/ქალაქის გამგეობის/მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა უმრავლესობა მამაკაცია. მხოლოდ ფოთის მერიაში არიან ქალები და მამაკაცები მეტ-ნაკლებად თანაბრად წარმოდგენილნი საქალაქო სამსახურებისა თუ განყოფილების უფროსის/მოადგილის თანამდებობებზე.
გამგეობის/მერიის სხვა საჯარო მოხელეების, სპეციალისტებისა თუ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების (საერთო რაოდენობა 2500-მდე) 70% მამაკაცია. აქაც გამონაკლისი მხოლოდ ფოთის მერიაა – 90 ქალი და 106 მამაკაცი.
ცნობისათვის, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქალთა რაოდენობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში შემცირდა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში 1688 მანდატიდან მხოლოდ 169 მოიპოვეს ქალებმა, რაც საერთო რაოდენობის 10%-ია. 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეს მაჩვენებელი 10,8% იყო, 2002 წელს – 11. 9 %, 1998 წელს კი – 14%.
2013 წელს გამოქვეყნდა კვლევა „საზოგადოების დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით მომზადდა პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. კვლევაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა დაბალი წარმომადგენლობაა დასახელებული. პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის დაბალ დონეზეა გამახვილებული ყურადღება NDI-ის როგორც 2012 წლის, ასევე 2013 წლის ანგარიშებში.
„საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ თანახმად სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, იზრუნოს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მისაღწევად, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას, ლიდერ ქალთა გამოვლენას და მათ შემდგომ გაძლიერებას. ამ ვალდებულებების შესასრულებლად კარგი იქნებოდა პოლიტიკურ პარტიებს ქალები წარედგინათ მერის/გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდმარის კანდიდატებად.
მიგვაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის საკითხებზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ცნობიერების დონის ასამაღლებლად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გააძლიეროს თავისი აქტივობები, ჩაატაროს სხვადასხვა სახის საგანამანათლებლო ღონისძიებები, რათა პარტიებმა არჩევნებისას წარადგინონ მაქსიმალურად ბერვი ქალი კანდიდატი, საარჩევნო სიების შედგენისას კი იხელმძღვანელონ გენდერული თანასწორობის პრინციპებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, იზრუნონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდაზე, რომ ცენტრალური თუ ადგილობივი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესებს აკმაყოფილებდეს.