ENG

„ქართული ოცნების“ მიერ აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობის ქრონოლოგია

11 დეკემბერი, 2019

 

მმართველი პარტიის მხრიდან აჭარის ტელევიზიაზე ზეგავლენის მოპოვების აქტიური მცდელობა 2019 წლის აპრილში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის, დაუსაბუთელი იმპიჩმენტით დაიწყო. თავად იმპიჩმენტი იმ ფონზე განხორციელდა, როდესაც კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, მაუწყებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით,  პოლარიზებულ მედიაგარემოში დაბალანსებულობითა და მიუკერძოებლობით გამოირჩეოდა. ამის შემდეგ კი ხელისუფლების მხრიდან მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა აჭარის ტელევიზიაზე ზეგავლენის საბოლოოდ მოსაპოვებლად.

01.11.2018 - აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს  წევრად „ქართულის ოცნების“ კვოტით გიგა ჩხარტიშვილი აირჩია.

11.04.2019 - საბჭოს წევრებმა გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) დირექტორის, ნათია კაპანაძის, იმპიჩმენტი მოითხოვეს. ძირითადი მიზეზი პრიორიტეტების შეუსრულებლობა, რეიტინგის ვარდნა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა იყო. ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს. განცხადებები გაავრცელეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც.

19.04.2019 - მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მისი პირველი მოადგილე ნათია ზოიძე გახდა.

25.04.2019 - მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე პირველი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში, ამჟამინდელი დირექტორი, გიორგი კოხრეიძეც, მონაწილეობდა. თუმცა, კონკურსი ჩაიშალა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საკმარისი რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ კოხრეიძეს საბჭოს ძველი შემადგენლობიდან  არც ერთმა წევრმა ხმა არ მისცა.

30.04.2019 - ნათია კაპანაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, სასამართლო სხდომა დღემდე არ ჩანიშნულა.  გარდა ამისა, კაპანაძე  დირექტორის შესარჩევი კონკურსის და ასევე,  სასამართლო დავის დასრულებამდე მრჩეველთა საბჭოს მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების აქტის შეჩერებას ითხოვდა, რაც  სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

03.06.2019 - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ზოიძემ, რომელიც დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სახელისუფლებო გუნდის მხრიდან მას შემოუთვალეს,  დირექტორობის კონკურსში მონაწილეობა არ მიეღო. უმოქმედობა იქნებოდა ხელისუფლების  თანამზრახველობა, რადგან ცხადი იყო, რომ ხელისუფლება სასურველ კანდიდატს ამზადებდა“, - განაცხადა ნათია ზოიძემ.

03.06.2019 -  მრჩეველთა საბჭომ ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი მეორედ გამოაცხადა. ამ კონკურსში გიორგი კოხრეიძე კვლავ მონაწილეობდა - მას ამჯერადაც არც ერთი ხმა არ მიუღია. დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს.

15.07.2019 - მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ ახალი კონკურსი კვლავ გამოაცხადა. გიორგი კოხრეიძე კონკურსში მესამედაც მონაწილეობდა და მოულოდნელად 2 ხმა მიიღო. იმისათვის, რომ კონკურსანტი დირექტორად აერჩით, საჭირო იყო მრჩეველთა საბჭოს მინიმუმ 3 წევრის თანხმობა. გაიმართა მეორე ტური, თუმცა,  ხმები გაიყო და კონკურსი კიდევ ერთხელ ჩაიშალა.

17.07.2019 - მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება ღიად გამოთქვა. ამის შემდეგ კი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებიც გააქტიურდნენ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტელევიზიის წამყვანს „დაოკებისკენ“ მოუწოდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს აკრედიტაციის შეჩერებით დაემუქრა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ  კი ჟურნალისტი ოპოზიციური პარტიის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

25.08.2019 - დირექტორობის შესარჩევი კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა.

24.09.3019 - კონკურსის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, სასამართლოს სადაო განჩინების საფუძველზე, მრჩეველთა საბჭომ დირექტორობის კონკურსი შეაჩერა.  სასამართლოში სარჩელი გიორგი კოხრეიძემ შეიტანა, სადაც დაობდა, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორობის მესამე კონკურსში გაიმარჯვა და ტელევიზიის დირექტორი თვითონ უნდა ყოფილიყო. ამ საქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე კი აჭარის მრჩეველთა საბჭოს მიერ მეოთხედ გამოცხადებული კონკურსის შეჩერება მოითხოვა, რაც  სასამართლომ დააკმაყოფილა.

კოხრეიძის მტკიცებით, დირექტორობის შესარჩევ კონკურსს მრჩეველთა საბჭოს 3 წევრი ესწრებოდა, აქედან 2-მა ხმა კოხრეიძეს მისცა, შესაბამისად, ხმათა უმრავლესობით დირექტორი თვითონ გახდა. რეალურად კი გასაუბრებაში მეოთხე წევრიც მონაწილეობდა. მან უბრალოდ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

27.09.2019 - აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე და ჟურნალისტების ნაწილი  არასამთავრობო სექტორს შეხვდნენ. მათ გამოთქვეს შიში, რომ ხელისუფლებამ სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენა. კერძოდ, მმართველ პარტიას სურდა დირექტორობის კონკურსის შეჩერებით დრო მოეგო, რათა ძველ მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილების ვადა გასვლოდა და დირექტორი ხელისუფლებისადმი ლოიალური კადრებით დაკომპლექტებულ ახალ შემადგენლობას აერჩია.

30.09.3019 - აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილმა სპეციალური განცხადება გააკეთა სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილების საფრთხის გამო:  „გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს“.

25.10.2019 - აჭარის უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია. საბოლოო ჯამში, მრჩეველთა საბჭოში მოქმედი ოთხი წევრიდან სამი „ქართული ოცნების“ კვოტითაა არჩეული.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატების შერჩევის, დასახელების და ზოგადად, კვოტირების პრინციპის განმარტებასთან დაკავშირებული საკითხები მკვეთრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი კანდიდატი ბოიკოტის ნიშნად არ დაასახელა და ამ კვოტაზე კონკურსი თავიდან გამოცხადდა.

18.11.2019 - სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეჩერდა. შესაბამისად, კონკურსი განახლდა.

20.11.2019 - მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კოხრეიძის საქმე ჯერ კიდევ სასამართლოში იყო, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მესამე კონკურსში გაიმარჯვა, მან აჭარის ტელევიზიის დირექტორობისთვის გამოცხადებულ მეოთხე კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა.

22.11.2019 - გიორგი კოხრეიძემ პირველ ტურში - 2, ხოლო მეორე ტურში 3 ხმა დააგროვა და საბოლოო ჯამში, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გახდა.

22.11.2019 - დირექტორად არჩევის პირველივე დღეს გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს კრიტიკული ტონი დაუწუნა და განაცხადა, რომ „სტუმარი არ უნდა გააღიზიანო, უნდა გააკრიტიკო როგორც ძმა და შვილი“. მისივე თქმით, აჭარის ტელევიზიაში საჯარო მოხელეების არმისვლის მიზეზი თავად ტელევიზიაა.

22.11.2019 - გიორგი კოხრეიძემ ღიად, სატელევიზიო ეთერში ნათია ზოიძის დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციიდან წასვლის აუცილებლობის მინიშნება გააკეთა. ამას, საპასუხოდ, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ნაწილის განცხადება მოჰყვა, სადაც მათ ზოიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხოლო ახალი დირექტორის დანიშვნა, არხის სარედაქციო პოლიტიკის პრო-სახელისუფლებოდ შეცვლის მცდელობად შეაფასეს.  

25.11.2019 - აჭარის ტელევიზიის კონსულტანტებმა მარინა ვაშაყმაძემ და ზვიად ქორიძემ ახალი დირექტორის არჩევის გამო პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვეს. ორივე მათგანი მაუწყებელში ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის დროს დასაქმდა.

30.11.2019 - ნათია ზოიძის თქმით, ახალადდანიშნული დირექტორი სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა, თუ სარედაქციო პოლიტიკას არ ჩამოშორდებოდა.

02.12.2019 - ნათია ზოიძის მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრისთვის საარქივო მასალის უსასყიდლო გადაცემის შესაძლო ფაქტის შესახებ შიდა მოკვლევა დაიწყო

03.12.2019 - გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდმა განცხადება გაავრცელა. ისინი დირექტორის კრიტიკას გამოეხმაურნენ, რომელმაც „ჰეშთეგი“ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. ჟურნალისტებმა დირექტორს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში დასდეს ბრალი და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

04.12.2019 - აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილმა აქცია გამართა ტრასპარანტებით: „დაგვთვალე“, „ნუ ჩაერევი“, „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა – მიმოწერა“. მათ გიორგი კოხრეიძეს მიმართეს, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია.

5.12.2019 - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებსა და დირექტორს შეხვდა. ნინო ლომჯარიამ თანამშრომლებსა და დირექტორს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ  ისაუბრა და ასევე, აღნიშნა, რომ მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების წესი შესაცვლელია.