ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?

შესავალი
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ასობით საქართველოს მოქალაქემ გადაწყვიტა მოხალისეობრივად ჩართულიყო უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში. მათთვის უკრაინის თავისუფლების დაცვა მჭიდროდ უკავშირდება საკუთარი სამშობლოს - საქართველოს თავისუფლების დაცვასაც, რადგან ორივე ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ერთი და იგივე აგრესორ სახელმწიფოს აქვს ოკუპირებული.
ქართველი მოხალისეების რუსული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობამ რუსეთის ხელისუფლების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის პროკურატურამ რამდენიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მოგვიანებით ამ მოქალაქეების ნაწილის მიმართ სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა საქართველოშიც დაიწყო, რაც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის მოქმედებებს.
გარდა ამისა, საინტერესოა, რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ საქართველოს ოთხ მოქალაქეს: მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს. მიზეზი რუსული დეზინფორმაციის გავრცელება და უკრაინის დესტაბილიზაციის ან ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაა. აღნიშნულმა პირებმა 2025 წელს შეხვედრა გამართეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ე.წ. ხელმძღვანელთან.
შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო ქართველი მებრძოლების სიის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი. ე.წ. დონეცკის ხელმძღვანელი ქართულ მხარეს ეუბნებოდა, რომ გადასცემდა უკრაინაში ქართველი მებრძოლების სიას და თხოვდა, რომ ისინი ქართული მხარის მიერ უნდა დასჯილიყვნენ. დონეცკის ე.წ. ლიდერი აცხადებდა, რომ აბულაძე შეხვედრებს მათთან „ქართული ოცნების“ სახელით მართავდა, თუმცა თავად აბულაძე ამას უარყოფს.
ჩვენი შესწავლის საგანი გახდნენ რუსეთის ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი ქართველები, რომლებიც რუსეთში მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ საქართველოშიც გახდნენ დევნის ობიექტები. ამის მაგალითებია გია ბარამიძის, ალეკო ელისაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილის და დავით ქაცარავას საქმეები, ასევე მამუკა მამულაშვილისა და უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველი მოხალისეების მიმართ განხორციელებული მოქმედებები.
ასეთი თანხვედრა ავტომატურად არ ადასტურებს საქართველოსა და რუსეთის უწყებებს შორის კოორდინაციას ან შეთანხმებულ მოქმედებას. თუმცა, როდესაც საჯარო დისკრედიტაციას მოსდევს სისხლისსამართლებრივი დევნა, პატიმრობა ან სხვა მკაცრი ღონისძიებები, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამგვარი მოქმედებებით რუსეთის ხელისუფლების გულის მოგებას ცდილობს.
1. პროპაგანდა და საჯარო დისკრედიტაციის კამპანია
რუსეთის ხელისუფლების ნეგატიური რიტორიკა, მუქარა და ზიზღი წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მრავალი წელია საზოგადოებისთვის ცნობილია. ამაში რუსეთის ხელისუფლებას არც ივანიშვილის ხელისუფლება ჩამორჩება. განსაკუთრებით თვალშისაცემია საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც თითქმის 15 წელია მიმდინარეობს და რომელიც ხშირ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის სურვილებს უკავშირდება.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მსგავსი ნეგატიური საკომუნიკაციო კამპანიის სამიზნე უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეებიც გახდნენ. ჯერ კიდევ 2022 წელს, რუსეთის აგრესიის დაწყებისთანავე, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა - ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ჩარტერული რეისით მიმავალი ქართველი მოხალისეები საჯაროდ „დაქირავებულ მოხალისეებად“ მოიხსენია.
დისკრედიტაციის კამპანიას მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხეზე განცხადებებიც დაემატა. 2022 წლის 7 დეკემბერს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის ჯარში ჩარიცხვა საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ დაკარგვას გამოიწვევდა. მეორე დღეს მსგავსი განცხადება რატი იონათამიშვილმაც გააკეთა. იმავე პერიოდში „ქართული ოცნების“ მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში ჩარიცხვა ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას გულისხმობდა. ეს განცხადებები უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების მიმართ მოქალაქეობის დაკარგვის მუქარის შემცველ გზავნილს წარმოადგენდა.
ეს განცხადებები კეთდებოდა უკრაინის, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და პირადად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ წარმოებული ნეგატიური კამპანიის ფონზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებდნენ ნარატივს, თითქოს უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურდა.
2. გიორგი ბარამიძის დაკავება და ბრალდება

როდის იბრძოდა უკრაინაში: მოქმედი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი გია ბარამიძე 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
რისთვის გასამართლდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში: 2026 წლის 3 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონის, დონეცკის სასამართლომ გიორგი ბარამიძე უკრაინისთვის „დაქირავებულ მებრძოლად“ მიიჩნია, დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად ექვსნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რა ბრალდება მას საქართველოში: იგი 2026 წლის 11 სექტემბერს საქართველოს სამართალდამცავებმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით გათვალისწინებული საბოტაჟისა და 307¹ მუხლით განსაზღვრული „სამშობლოს ღალატის“ დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის მიერ საქართველოს უახლესი ისტორიის მიმოხილვისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ინტერნეტ გადაცემაში გაკეთებულ საკამათო განცხადებას, სადაც ის ტყვეების გაცვლის საკითხს შეეხო. მისმა მოსაზრებებმა სხვადასხვა წრეებში, მათ შორის, ვეტერანებს შორის, სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა საკუთარი განცხადების გამო, თქვა რომ არასწორედ იქნა გაგებული და რომ მისი სიტყვები უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო შერჩეული.
ბრალდების უსაფუძვლობა: დანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ედავება, გულისხმობს: „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას.”
ანუ, იმისთვის, რომ დანაშაულის შემადგენლბა იყოს სახეზე, საჭიროა არსებობდეს:
- საქართველოს დასუსტების მიზანი;
- სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის ფაქტი;
- მიზეზობრივი კავშირი ხელის შეშლასა და პირის მიერ განხოციელებულ ქმედებას შორის.
რამდენადაც პროკურატურის განცხადებიდან იკვეთება, გიორგი ბარამიძეს მხოლოდ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას ედავებიან, რაც ვერ ჩაითვლება საკმარის და სათანადო გარემოებად იმისთვის, რომ მის მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამატყუნებელი განაჩენი დადგეს. გაკეთებული განცხადებიდან არ იკვეთება, რაში გამოიხატა საქართველოს დასუსტების მიზანი; რომელი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას შეეშალა ხელი, და ასეთი არსებობის შემთხვევაში, რა კავშირი არსებობს გია ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და დამდგარ შედეგს შორის.
გარდა ამისა, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ინტერნეტ-გადაცემაში გაკეთებული საჯარო განცხადებისთვის 318-ე (საბოტაჟი) და 307¹ მუხლების გამოყენება პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-10 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს. საჯარო განცხადება, თუნდაც ის იყოს უკიდურესად მწვავე ან ფაქტობრივად უზუსტო, არ შეიცავს დანაშაულის ობიექტურ მხარეს (Actus Reus), თუ არ არსებობს მყისიერი და რეალური საფრთხე.[1]
გამომდინარე იქიდან, რომ საქმე განსაკუთრებით სენსიტიურ, ქვეყნისთვის ისტორიულად მტკივნეულ კონტექსტს ეხება, ხოლო, ბრალი საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და მოქმედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აქვს წაყენებული, პროკურატურას საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება კიდევ უფრო მაღალი სიზუსტით და დამაჯერებული მტკიცებულებებით მართებს. ამ ეტაპისთვის პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის” განცხადება გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, განცხადებას ხელს კობა ლიკლიკაძე, მალხაზ თოფურია და კობა კობალაძე აწერენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი პირებიდან ერთ-ერთი - მალხაზ თოფურია არის ადამიანი, რომელიც პუტინისადმი მიმართვის იმ წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია რომელშიც საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზეა საუბარი.
წერილი შემდეგნაირდ იწყება „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! [იგულისხმება ვლადიმერ პუტინი] ჩვენ სინანულით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რასაც მოწმობს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უთმობს ტერიტორიას ნატოს სამხედრო წვრთნებს, რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის გამოწვევა.”
მსგავსი პრორუსული განცხადება გამოქვეყნდა 2021 წლის 2 აგვისტოსაც, რომელსაც ასევე აწერდა ხელს მალხაზ თოფურია.
საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების უკანონობა: იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმეზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იქნებოდა დადგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რაც ასე არ არის, აღნიშნული მაინც ვერ გაამართლებდა ბრალდებულის მიმართ ავტომატურად პატიმრობის გამოყენებას, რადგან ამ უკანასკნელს ცალკე სტანდარტით დასაბუთება სჭირდება. კერძოდ, პირს აღკვეთის ღონისძიების სახით არ შეიძლება პატიმრობა შეეფარდოს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე.
მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ გია ბარამიძეს პროკურატურა საჯარო განცხადების გაკეთებას ედავება, დაუსაბუთებელია, რა ნაწილში შეიძლებოდა გაენადგურებინა რაიმე ტიპის მტკიცებულება ბრალდებულს ან მოეხდინა რომელიმე მოწმეზე ზეწოლა. ვინაიდან განცხადება საჯაროდ, მედიის საშუალებით გაკეთდა, მტკიცებულების ფარულად განადგურების საფრთხე ბუნებაში არ არსებობს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით, პატიმრობა უკიდურესი ზომაა და დაუშვებელია მისი სასჯელის მიზნით წინასწარ გამოყენება. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება 2026 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, ბარამიძე 2026 წლის 11 სექტემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს და პროკურატურას არ წარმოუდგენია საჯაროდ არცერთი მტკიცებულება, რომელიც ბარამიძის მიერ მიმალვის ვარაუდზე მიანიშნებდა. შესაბამისად, საინტერესოა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ ბრალდებულის ქმედება ან მდგომარეობა ქმნიდა მიმალვის რისკს, რის აღსაკვეთადაც აუცილებელი იყო აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმის გამოყენება, ხოლო, უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენებით კი მიზანი ვერ მიიღწეოდა.
3. ალეკო ელისაშვილის დაკავება და განაჩენი

როდის იბრძოდა უკრაინაში: გია ბარამიძის მსგავსად, ალეკო ელისაშვილიც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
რა ბრალი ედება რუსეთში: 2025 წლის 5 აგვისტოს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებით მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).
რისთვის იქნა მსჯავრდებული საქართველოში: ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი ქართულმა სამართალდამცავებმა 2025 წლის 29 ნოემბერს სასამართლოს კანცელარიის მისაღების შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისას დააკავეს. ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის (ტერორისული აქტი) ჩადენაში და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდების პოლიტიკური ხასიათი და სასჯელის არაპროპორციულობა: მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ალეკო ელისაშვილის მსჯავრდება პოლიტიკური ნიშნის საფუძველზე მოხდა, რადგან მისი საქმის შესწავლამ ვერ გამოკვეთა მის ქმედებაში ტერორისტული აქტის ნიშანი. მართალია, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები იყო , თუმცა, სასამართლოს იგი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა ეცნო, რომელიც გულისმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მაქსიმუმ 6 წლის ვადით. თანაც სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ დანაშაულის მცდელობას და არა დასრულებულ დანაშაულს, რისთვისაც შედარებით ნაკლებად მკაცრი სასჯელი უნდა დანიშნულიყო.
კვალიფიკაციის ხელოვნური დამძიმება და ტერორიზმის მუხლის გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კლასიკურ ინსტრუმენტზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქმის მასალების ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ალეკო ელისაშვილი აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) №1900 რეზოლუციით დადგენილ კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც იგი ორგანიზაციის მიერ შედგენილ „პოლიტიკურ პატიმართა“ სიაში მოხვდა.
4. ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება და განაჩენი

როდის იბრძოდა უკრაინაში: ირაკლი ოქრუაშვილი, ალეკო ელისაშვილის და გია ბარამიძის მსგავსად, 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
რა ბრალი ედება რუსეთში: რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მასზე ძებნაა გამოცხადებული იმავე საფუძვლით - შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებით მონაწილეობა.
რისთვისაა მსჯავრდებული საქართველოში: ირაკლი ოქრუაშვილი ორჯერ იქნა გასამართლებული ქართული მართლმსაჯულების მიერ.
პირველად იგი ქართულმა სამართალდამცავებმა 2025 წელს დააკავეს. მას „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდნენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, 2025 წლის თებერვალში შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების გასანადგურებლად და ქვეყანაში პლურალისტური დემოკრატიის აღმოსაფხვრელად შექმნილი უკანონო მექანიზმი იყო. მასში მონაწილეობაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა უარი განაცხადა. მათი არგუმენტაცია პოლიტიკური იყო - ისინი არ აღიარებდნენ საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმურ ორგანოდ, რაც გახდა კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარის თქმის საფუძველი.
„ქართულმა ოცნებამ“ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად აქცია და პროკურატურამ საქმე აღძრა არაერთი პოლიტიკოსის მიმართ. პოლიტიკური ბოიკოტის სისხლისსამართლებრივ დანაშაულთან გათანაბრება და ამისთვის პატიმრობის გამოყენება უკიდურესად რეპრესიული და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი პრაქტიკაა.
ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მას საპატიმრო 2026 წლის იანვარში უნდა დაეტოვებინა, თუმცა, ამ პერიოდის მოახლოებისას, 2025 წლის ნოემბერში, სასამართლომ ბუტა რობაქიძის წლების წინ დაწყებულ საქმეზე განაჩენი გამოიტანა და ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე გამოძიება 2013 წლიდან მიმდინარეობს და ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 2019 წლიდან აქვს წაყენებული. მიუხედავად ამისა, განაჩენის გამოცხადება მოულოდნელად, სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ის სხვა საფუძვლით იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში და მალე უნდა გამოსულიყო. წლების განმავლობაში „თაროზე შემოდებული“ საქმის ზუსტად იმ დროს გააქტიურება, როდესაც პირს წინა სასჯელის ვადა ეწურება, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების უტყუარი ინდიკატორია.
5. მამუკა მამულაშვილის - უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის საქმე

სისხლისსამართლებრივი დევნა და მსჯავრდება რუსეთში: უკრაინაში მებრძოლი „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. რუსეთს მისი „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული, ხოლო თავად მამულაშვილი ძებნილთა სიაში ჰყავს შეყვანილი.
2023 წელს მამულაშვილთან ერთად პასუხისგებაში მისცეს ლეგიონის 70-ზე მეტი წევრი. თავად მამულაშვილის პოზიციით, ამ მებრძოლების ვინაობა რუსეთმა საქართველოსთან კოლაბორაციის საფუძველზე დაადგინა. მათ რუსეთი „რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და ეროვნული გვარდიის თანამშრომლების წინააღმდეგ ომის წესების დარღვევაში“ სდებდა ბრალს.
2024 წელს მამულაშვილს რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი ბრალი წაუყენა, რისი მიზეზიც ვითომდა დაქირავებული საქმიანობა და მედიის გამოყენებით სიძულვილის გაღვივება იყო. შედეგად, მას დასუწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მოგვიანებით მასზე ფედერალური და საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
დევნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან: აღსანიშნავია, რომ მამუკა მამულაშვილი რუსეთის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სამიზნეც გახდა. 2023 წელს ის სუსმა სავარაუდო შეთქმულების ერთ-ერთ ავტორად დაასახელა, რომლის მიზანიც ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოში „სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა და ხელისუფლების შეცვლა იყო”. უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მამულაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს ჯგუფებს იარაღის გამოყენებაში ავარჯიშებდა. ამგვარად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებები შინაარსობრივად სრულ თანხვედრაში მოვიდა. ორივე უწყება ქართველ მეთაურს „დესტაბილიზაციის მოწყობასა“ და ტერორისტული მეთოდების გამოყენებაში სდებს ბრალს.
6. სხვაგვარი რეპრესიები: დავით ქაცარავას წამება და ადმინისტრაციული სანქცია

როდის იბრძოდა უკრაინაში: დავით ქაცარავა 2006 წლიდან ხელმძღვანელობს ანტისაოკუპაციო მოძრაობას „ძალა ერთობაშია“, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული სოფლების მონიტორინგს და აფიქსირებს რუსეთის მიერ გამყოფი ხაზის „მცოცავი ოკუპაციის“ ფაქტებს.
2022 წელს, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, დავით ქაცარავა თავადაც გაემგზავრა უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.
წამება: 2024 წლის 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დაშლისას, დავით ქაცარავა სპეცრაზმელებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მას ჰოსპიტალიზაცია და ოპერაცია დასჭირდა.
ადმინისტრაციული სახდელის დადება: დაკავებიდან მალევე სამართალწარმოება დაიწყო არა მასზე მოძალადე სამართალდამცავების, არამედ თავად დავით ქაცარავას წინააღმდეგ: შსს მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდა. 2024 წლის ივლისში სასამართლომ დავით ქაცარავა სამართალდამრღვევად ცნო, 2 000 ლარით დააჯარიმა და დამატებით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა 2 წლის ვადით.
კიდევ ერთი ადმინისტრაციული სახდელის დადება: თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის ივნისში, შსს-მ დავით ქაცარავას მიმართ კიდევ ერთხელ დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. ამჯერად სასამართლომ ქაცარავას 4 000 ლარის ჯარიმა და დამატებით 3-წლიანი იარაღის ტარების აკრძალვა შეუფარდა. შსს ქაცარავას სოციალურ ქსელში, 2024 წლის მაისს მისი ცემის შესახებ პირად გამოცდილებაზე დაწერილი პოსტის გამო თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ედავებოდა.
7. უკრაინაში მებრძოლი ქართველელი მოხალისეების გამოკითხვაზე დაბარება
2024 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინაში მოხალისედ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები გამოკითხვაზე დაიბარა. მსგავსი დაბარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ნადიმ ხმალაძემ, ვაჟა ცერცვაძემ და ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტმა ლაშა ჭიღლაძემ. გავრცელებული ინფორმაციით მათ სუსი სახელმწიფო გადატრიალებას ედავებოდა. ერთ-ერთი გამოკითხული, ლაშა ჭიღლაძე აცხადებდა, რომ მას უკრაინაში ბრძოლასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.
გამოკითხვები სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად”) და 323-ე („ტერორიზმი”) მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოხალისე მებრძოლების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული უკანონო კამპანიის რადიკალურ და პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათს.
უკრაინაში მებრძოლმა „ქართული ლეგიონის” მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინაში მებრძოლი 300-მდე ადამიანი იძებნება.
დასკვნა
საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთო ეროვნული ინტერესია.
ბლოგში განხილული საქმეები მნიშვნელოვანია შეფასდეს ფართო პოლიტიკურ კონტექსტში, რომელსაც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ დასავლეთისგან დაშორებისა და რუსეთთან დაახლოებისკენ მიმართული პოლიტიკა განსაზღვრავს.
ამ კონტექსტში იკვეთება მოვლენათა საყურადღებო თანმიმდევრობა: რუსეთის ხელისუფლების მიერ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოსდევს იმავე პირების წინააღმდეგ დევნა საქართველოში, საჯარო დისკრედიტაციის კამპანიის თანხლებით. განხილულ საქმეებში შეინიშნება სამართლებრივი კვალიფიკაციის სისწორის, ბრალდებების დასაბუთებულობისა და გამოყენებული ღონისძიებების პროპორციულობის პრობლემები.
ბლოგში განხილული ინდივიდუალური საქმები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რომ განვიხილოთ, შესაძლოა, შემთხვევითობის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. ერთად წაკითხვისას კი ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ თანმიმდევრულად გატარებულ პოლიტიკაზე შესაძლოა მიუთითებდეს, რომლის სამიზნეც 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის მხარეს, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები არიან. შესაბამისად, ამ პირებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოში პარალელური დევნა და მსჯავრდება აერთიანებთ.
როდესაც ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ პარალელურად მოქმედებენ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემები, ბუნებრივია, ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობის კუთხით.

[1] Guide on Article 10 of the European Convention on Human Rights, Freedom of expression, © Council of Europe/European Court of Human Rights, 2022, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/guide-on-article-10-freedom-of-expression-eng/native/1680ad61d6