ENG

მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ

09 მარტი, 2020

 

ბოლო პერიოდში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე. საარჩევნო სისტემასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე არის გამახვილებული.

ცხადია, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, თუმცა პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში რამდენიმე საეჭვო გარემოება იკვეთება - გამოძიების მიმდინარეობა, სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების დრო, კონტექსტი და სხვა მოვლენათა ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა შეთანხმებულად მოქმედებს და იგი პოლიტიკური ანგარიშსწორების  იარაღად გამოიყენება. კერძოდ:

  • ოპოზიციური პარტიების ლიდერების ან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ანდა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, ძირითადად, ხელისუფლების მიმართ მათი ოპონირების გააქტიურებას ემთხვევა;
  • ხშირ შემთხვევებში, საქმეებს სასამართლოში არსებულ ე.წ. კლანთან  დაახლოებული მოსამართლეები განიხილავენ;
  • ხშირია შემთხვევები, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არასაკმარისი მტკიცებულებები გახდა ანდა სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი გარანტიების უგულებელყოფით.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეის მდგომარეობით 9 პირი გამოიკვეთა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ან კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დამფუძნებლები არიან და რომელთა მიმართაც გამოძიებაა დაწყებული, ბრალი აქვთ წარდგენილი ან გამამტყუნებელი განაჩენი არის დამდგარი. პოლიტიკოსებიდან ორი - პარტია „ევროპული საქართველოს”, ერთი კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია. აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის თანახმად,  „ქართული ოცნების” შემდეგ სწორედ ამ პარტიებს აქვთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა. რაც შეეხება პოლიტიკურ გაერთიანებას „ლელო”, რომლის ორ დამფუძნებელსაც ბრალდება აქვს წარდგენილი, ის პოლიტიკურ სივრცეში ახალია, დიდი რესურსებითა და მხარდაჭერის მოზიდვის პოტენციალით.

1. გიგი უგულავა - პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“  გენერალური მდივანი

ე.წ.  „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმე

2013 წლის 18 დეკემბერს პროკურატურამ გიგი უგულავას ე.წ „თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე ბრალდება წარუდგინა. თბილისის ყოფილ მერს გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებოდა.

2018 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და გიგი უგულავა გაფლანგვის ნაცვლად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის ცნო დამნაშავედ. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. 2020 წლის 10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა საკასაციო საჩივარზე, სრულად გაიზიარა პროკურატურის თავდაპირველი პოზიცია, რის შემდეგაც სასჯელმოხდილ და თავისუფლებაში მყოფ ოპოზიციური პარტიის ლიდერს საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

2.  მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე  -  „თიბისი ბანკისა” და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსათვის“ დამფუძნებლები

2018 წელს 2 აგვისტოს, „თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ ტრანსაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 2019 წლის 24 ივლისს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით წარედგინა.  
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ მშენებლობასა და მათი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორების მცდელობას უკავშირებენ. გამოძიების დაწყებას წინ უსწრებდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ პირველი არხის ეთერში „თიბისი ბანკის” კრიტიკა. ამასთანავე, 2019 წლის 4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ  შინაგან საქმეთა იმდროინდელ მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის წერილი. ხაზარაძის განცხადებით, წერილის ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ საჯაროდ მოწოდებას ითხოვდა.  

სახალხო დამცველმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ საქმის მასალებში  ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

3. ნიკანორ მელია -  პოლიტიკური  პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე

ე.წ.  20 ივნისის საქმე

2019 წლის 25 ივნისს, პროკურატურამ ნიკანორ მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება  წარუდგინა. 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს ნიკანორ მელიას სადეპუტატო მანდატის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილი წინადადება შაბლონურად გამოიყურებოდა, ხარვეზები ჰქონდა და წინასწარი პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის დამადასტურებელი მთელი რიგი მნიშვნელოვანი ასპექტები სათანადოდ არ იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2019 წლის 26 ივნისს, პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, რათა სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდება გამხდარიყო შესაძლებელი.

სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო განუსაზღვრა, თუმცა დამატებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება. მის მიმართ ასევე გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

სახალხო დამცველმა ზემოაღნიშნული ღონისძიებების გამოყენების შეფასებისას განმარტა, რომ პარლამენტის წევრისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესებით, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მისი უფლებამოსილების განხორციელების არაპროპორციულ შეზღუდვას.

ე.წ. „ ბანკი ქართუს გაკოტრების“ საქმე

ე.წ. „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე პროკურატურამ ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის  ერთ-ერთ ლიდერს, ნიკანორ მელიას, ბრალი 2013 წელს წარუდგინა.  2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკანორ მელია, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში უდანაშაულოდ, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო  და ჯარიმის სახით 25 ათასი ლარი დააკისრა.

2019 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა, ისე რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა, ნიკანორ მელიას დეპუტატის უფლებამოსილება გამამტყუნებელი განაჩენის გამო 88 ხმით, ვადამდე შეუწყვიტა. 2020 წლის 4 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითად განსახილველად მიიღო ნიკანორ მელიას სარჩელი საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ნიკა მელიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის არაკონსტიტუციურობის თაობაზე სახალხო დამცველმაც მიუთითა.

იმავდროულად, პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა, რაზეც სხდომა 10 მარტს არის ჩანიშნული. ნიკანორ მელიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ სასამართლოს, გიგი უგულავას საქმის მსგავსად, მისთვის განაჩენის შეცვლა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა აქვს გამიზნული.

4. ირაკლი ოქრუაშვილი - პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი

2019 წლის 25 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის  ბრალდებით დააკავეს. ოქრუაშვილი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

2019 წლის 19 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა. პროკურატურა ოქრუაშვილს 2004 წელს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ნიშანდობლივია, რომ ბრალდების წარდგენა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

ოქრუაშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებას წინ უძღოდა მისი სკანდალური განცხადებები, სადაც იგი ღიად საუბრობდა, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებულ სისხლისსამართლებრივ საქმეებში ხელისუფლებას ეხმარებოდა. ამასთანავე, მან ღიად განაცხადა, რომ 2016 წელს მას მოსთხოვეს, უარი ეთქვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მის პრეტენზიებზე, რასაც ის არ დათანხმდა.

5. გიგა ბოკერია - პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“  პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე

2014 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურატურის  წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. საქმის დეტალები საზოგადოებისთვის უცნობია, რადგან მას გრიფი „საიდუმლო” ადევს. 2019 წლის 16  დეკემბერს, გამოძიების დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გიგა ბოკერია, რომელიც უშიშროების საბჭოს  ყოფილი მდივანია, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

6. გიორგი რურუა - ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე

2019 წლის 18 ნოემბერს გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. 2019 წლის 25 დეკემბერს რურუას დამატებითი ბრალდება სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის მუხლით წარედგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა, სადაც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას გამოვლენილ არაერთ კანონდარღვევაზე მიუთითა.

7. ნიკა გვარამია - ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2-ის“  ყოფილი გენერალური დირექტორი.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2019 წლის 20 ივლისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალდება წარედგინა. პროკურატურა მას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საფუძვლით ბრალდება დაუმძიმდა.

სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

ამავე საქმის ფარგლებში, 2019 წლის 2 ოქტომბერს პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა, ასევე  ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე.

8. ავთანდილ წერეთელი - ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამა

2019 წლის 22 აგვისტოს პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ავთანდილ წერეთელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.

პროკურატურამ, 2019 წლის 27 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. ვატო წერეთელმა (ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი) განაცხადა, რომ მამისთვის შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით „ტვ პირველის" შენობის დაყადაღება მოუწევდა.  

მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გამოყენება, კორუფციის ერთ-ერთ სახეს, კერძოდ პოლიტიკურ კორუფციას წარმოადგენს. ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების გარემოებები, მათ შორის გაჭიანურებული ან არაეფექტიანი გამოძიება, სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების დრო და კონტექსტი, აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლენილი უფლებების დარღვევის ფაქტები, იძლევა საფუძვლიან ვარაუდს, რომ პროკურატურა და სასამართლო მმართველ პარტიასთან შეთანხმებულად მოქმედებს და მათ მიზანს არა მართლმსაჯულების განხორციელება, არამედ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება წარმოადგენს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“