Must-carry-ს ცვლილებების განხილვა პარლამენტში (განახლებადი ბლოგპოსტი)
ამ ბლოგპოსტში მოგაწვდით ინფორმაციას იმ დებატების შესახებ, რომელიც სავალდებულო ტრანზიტის პრინციპის, ე.წ. must-carry, დანერგვის ინიციატივის პარლამენტში განხილვას ახლდა თან.
ცვლილებები, რომლებიც კვირის ბოლოს უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, ითვალისწინებს საკაბელო ოპერატორების დავალდებულებას, თავის პაკეტში ჩართონ ყველა ის სატელევიზიო არხი, რომელიც მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს შესაბამის რეგიონში (მაგალითად, „კავკასია“ მხოლოდ თბილისის საკაბელო ოპერატორების პაკეტში შევა). Must-carry სტატუსი მიეცემათ ასევე პირველ საზოგადოებრივ არხს, მე–2 არხს და კანალ პიკს.
კანონპროექტი ასევე must-carry–ს სტატუსს წინასაარჩევნოდ, რაც არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე პერიოდს ითვალისწინებს, ანიჭებს იმ არხებს, რომლებიც მხოლოდ სატელიტის საშუალებით მაუწყებლობენ. ესენია მაესტრო და TV9.
განახლება, 28 ივნისი:
27 ივნისს იურიდიულ საქმეთა კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.
კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე: პავლე კუბლაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), მომხსენებელი: ნუგზარ წიკლაური (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა).
წიკლაურმა კანონპროექტის წარდგენისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ინიციატივა ბოლოს მოუღებს ამ თემაზე პოლიტიკურ სპეკულაციას და კამათს. სამოქალაქო მოძრაობის „ეს შენ გეხებას“ წევრებმა დასვეს კითხვები, გააკეთეს კომენტარები და კანონპროექტში რამდენიმე საკუთარი ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდნენ.
განხილული თემები:
1. Must-carry რეგულაციის შეწყვეტის დღე: (შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, ახალი რეგულაცია ძალაში მხოლოდ არჩევნების დღემდე იქნება)
2. დემოკრატიულობის არგუმენტი:
- წიკლაური: ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი რეგულაციის ვადის გაზრდა. კანონპროექტის მიზანია, ყველა პოლიტიკურ პარტიას მისცეს შესაძლებლობა საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა გააცნოს მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში, რათა ამომრჩეველმა გააკეთის სწორი არჩევანი.
- კუბლაშვილი: ცვლილებები კანონში საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ხმა მიაწვდინოს ფართო აუდიტორიას წინასაარჩევნო პერიოდში. ამ პერიოდშივე ხდება პოლიტიკური პარტიებისთვის უფასო სატელევიზიო რეკლამის გამოყოფა.
- ლევან ვეფხვაძე (ქრისტიან-დემოკრატები): გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მოსახლეობას ალტერნატიული მონაცემები არჩევნების დღის დარღვევებთან დაკავშირებით და რატომ არ უნდა გაგრძელდეს ახალი რეგულაცია სანამ არ გამოცხადდება არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები.
- არასამთავრობო ორგანიზაციები: საზოგადოებას უნდა მიუწვდებოდეს ხელი გაყალბების ფაქტების შესახებ ალტერნატიულ ინფორმაციაზე. ხმების დათვლა არჩევნების მნიშვნელოვანი ეტაპია. ყველამ ვიცით, რაც მოხდა 2003 წლის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.
3. კერძო სექტორში ჩარევა:
- წიკლაური: ხელისუფლებას არ სურს კერძო სექტორში ჩარევა, არ გვინდა ბიზნესებს ვალდებულებები დიდი ხნის პერიოდით დავაკისროთ.
- ლევან დოლიძე (ლევან მიქელაძის ფონდი, „ეს შენ გეხება“) ეს პირველი შემთხვევა არაა,როდესაც კანონი საქართველოში ბიზნეს–სექტორს ვალდებულებებს უდგენს.ტელეკომინიკაციების სექტორში უკვე არსებობს კომპანიებისთვის დადგენილი ვალდებულებები.
- ნინო ზურიაშვილი (სტუდია მონიტორი, „ეს შენ გეხება“) „ის საკაბელო პროვაიდერები, რომლებიც კანონში შესული ცვლილებებით ვალდებულნი იქნებიან პაკეტში ყველა არხი შეიტანონ, მოხარულებიც კი არიან ასეთი რეგულაციით და ამბობენ, რომ ადრე ამას არ აკეთებდნენ, პრობლემები რომ არ შექმნოდათ მთავრობასთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას დემოკრატიულობისკენ და გაზარდოს რასაც თქვენ უწოდებთ „წნეხი ბიზნესზე“ და რასაც ჩვენ ვუწოდებთ „თავისუფლებას“.
4. სანქციები:
- ეკა გიგაური („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ეს შენ გეხება“): აუცილებელია კანონმდებლობა ითვალისწინებდეს იმ პროვაიდერების დაჯარიმებას, რომლებიც must-carry რეგულაციებს არ შეასრულებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებაა პირველ ჯერზე ჯარიმა შეადგენდეს 25.000 ლარს, ხოლო განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში 75.000 ლარს.
- კუბლაშვილი: თანახმა ვარ, რომ სანქციები უნდა ჩაიდოს კანონპროექტში, მაგრამ არა მგონია ფულადი ჯარიმა საჭირო იყოს. უფრო შესაფერის სანქციად საკაბელო ოპერატორის ლიცენზიის შეწყვეტა და გაფრთხილება შეიძლება ჩაითვალოს.
5. კავკასია:
- წიკლაური, კუბლაშვილი: მმართველი პარტია მხოლოდ მოხარული იქნება თუ მოხდება კანონის ისეთი ფორმულირება, რომ „კავკასიასაც მიეცეს შესაძლებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმაუწყებლოს. „კავკასიაში“ აცხადებენ, რომ უკვე მუშაობენ ამ საკითხზე, რატა მოიპოვონ სატელიტით მაუწყებლობის ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან.
- ლაშა ტუღუში (გაზეთი „რეზონანსი“, „ეს შენ გეხება“): უნდა შეიქმნეს დაფარვის კრიტერიუმი.
6. Must-offer:
- გიგაური: must-offer არ არის შემოთავაზებული რეგულაციების ნაწილი, არასამტავრობო სექტორი თვლის, რომ ეს პრინციპიც აისახოს.
Must-offer არის რეგულაცია, რომლის თანახმად სატელევიზიო არხებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი სიგნალის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ოპერატორისთვის, საკაბელო კომპანიების და სატელიტური ტელე ოპერატორების ჩათვლით, რათა მათ შემდეგში მოახდინონ ამ არხების რეტრანსლაცია. ამ პრინციპის შედეგად, ვერც ერთი სატელევიზიო არხი ვერ გამოიყენებს საკუთარ დომინანტურ პოზიციას ბაზარზე და არ მოახდენს რომელიმე ოპერატორი კომპანიის დისკრიმინაციას.
განხილვისას წამოჭრილი სხვა საკითხები:
ვეფხვაძე:
- ნაკლები დრო უნდა განისაზღვროს საკაბელო ოპერატორებსა და სიგნალის მომწოდებლებს შორის მოლაპარაკებებისთვის. „ჩვენ მათ მოლაპარაკებებს მუდმივად ვერ დაველოდებით“
- რეტრანსლაციის ხარისხის რეგულაციებით უნდა რეგულირდებიდეს.
შემდგომში მსჯელობის საკითხები:
კუბლაშვილი (შეჯამება):
- როგორ შეიძლება „კავკასია“ ჩავრთოთ რეგულაციებში;
- must-offer კომპონენტების ჩართვა;
- must-carry დარღვევის გამო სანქციები უნდა დაწესდეს, თუმცა არა - ფინანსური;
- სატელევიზიო არხებსა და საკაბელო ოპერატორებს შორის ურთიერთობის პროცედურები უნდა განისაზღვროს.
განახლება, 27 ივნისი:
დღეს, 27 ივნისს, 5 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც მიზნად ისახავს სავალდებულო ტრანზიტის, ე.წ. must-carry რეგულაციის დანერგვას წინასაარჩევნოდ – პრინციპის, რომელსაც კამპანია „ეს შენ გეხება“ უწევს ადვოკატირებას, რომლის აქტიური წევრიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
- რეგულაციის ვადის გასვლის თარიღი უნდა იყოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღე, ნაცვლად უშუალოდ არჩევნების დღისა, რაც ნიშნავს იმას, რომ სავალდებულო ტრანზიტის რეგულაცია იყოს ძალაში არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში;
- კამპანია გამოდის წინადადებით, იქნას შემოღებული კონკრეტული ჯარიმები იმ საკაბელო ოპერატორებისთვის, რომლებიც კანონში შესულ სავალდებულო ტრანზიტის წესს დაარღვევენ;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი ამ რეგულაციის განხორციელებაში უნდა იყოს ნათლად განსაზღვრული და ასახული კანონში.
17. საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის მიზნებისათვის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.