ENG

ოფშორები და საქართველო

27 ნოემბერი, 2019

 

საქართველოში ოფშორების საკითხი საკმაოდ აქტუალურია. ოფშორული კომპანიებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა შემოდის, როგორც კერძო პროექტებში, ისე სახელმწიფოს დაფინანსებულ პროექტებში. ინვესტირების და პროექტების შესრულებაში მონაწილეობის სანაცვლოდ ოფშორული კომპანიები საქართველოდან შემოსავალს იღებენ. ოფშორის სპეციფიკიდან გამომდინარე კი რთული ან შეუძლებელია გავარკვიოთ, თუ ვინ არიან ასეთი კომპანიების შემოსავლების რეალური მიმღებები, ვინ დგას ოფშორიდან შემოსული ფულის უკან და რატომ არჩია ოფშორებს „ამოეფაროს“, ნაცვლად იმისა, რომ ღიად და გამჭვირვალედ იყოს ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში.

საქართველოში დღეს დაახლოებით 3,000-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორული კომპანიაა. არის მოსაზრება, რომ მთავარია ფული შემოვიდეს და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს საკმაოდ პრობლემური მიდგომაა რადგან ხშირად, შესაძლოა, ოფშორიდან შემოსული ფულის უკან ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსი იყოს, რომელსაც ან ლეგალურად აქვს შეზღუდული ბიზნეს საქმიანობა ან ოფშორი ანონიმურობა კორუფციულ სქემებში მონაწილეობის გარანტად სჭირდება. ასევე, შესაძლოა, იგი ოფშორში კომპანიის დარეგისტრირებით შავ ფულს ათეთრებს.

რადგან ოფშორების გარშემო ბევრი კითხვაა, მნიშვნელოვანია, უკეთ იყოს გააზრებული, რა არის ოფშორი, რატომ იყენებენ ოფშორებს, რა კავშირშია საქართველო ოფშორებთან და რა დამოკიდებულებაა ოფშორების მიმართ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში.

რა არის ოფშორი?

ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისთვის არ არის აუცილებელი ამ ქვეყნის რეზიდენტი იყო, ან რეგისტრირებული ოფისი (ბიზნეს წარმომადგენლობა) გქონდეს, ამის გარეშეც შეძლებ ოფშორული ქვეყნის წესებით და გადასახადებით ისარგებლო.

თუ გინდა გაექცე სახელმწიფო ბიუროკრატიას, გარკვეულ სამართლებრივ კონტროლს და გადასახადების ნაწილს, ოფშორი ამ მხრივ მართლაც „სამოთხეა“.

მსოფლიოში ათობით ოფშორული ტერიტორიაა. ოფშორული ქვეყნებისთვის ასეთი სამართლებრივი სისტემა შემოსავლიანია. გარდა იმისა, რომ კომპანიები ოფშორში რეგისტრაციისთვის გარკვეულ თანხას იხდიან, ოფშორულ ქვეყნებში უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი კომპანიები ემსახურებათ, რომელთა გამოყენება სავალდებულოა.

ყველაზე მოთხოვნადი ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა, ბაჰამის კუნძულები, ბრიტანეთს ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერზი, ჰონგ კონგი, მარშალის კუნძულები, მაკაუ და ა.შ.

რატომ იყენებენ ოფშორს?

კომპანიის ოფშორში რეგისტრაციის მთავარი მოტივატორი საგადასახადო შეღავათებია. ეს ეხება კორპორატიულ გადასახადებს: მოგებაზე, დივიდენდზე და შემოსავალზე დაწესებულ გადასახადებს. რადგან განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად მაღალი გადასახადებია, კაპიტალის მოცულობა კი ტრილიონობით დოლარია, ფინანსების ნაწილი ოფშორებში მიედინება.

ზოგიერთი ბიზნესმენისთვის ოფშორის გამოყენების მთავარი მოტივატორი კონფიდენციალობა და ფულის წარმომავლობის გადამოწმების დაბალი სტანდარტებია, თუმცა, ეს იმავდროულად ფულის „გათეთრების“ შესაძლებლობას ამარტივებს. ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიების მეშვეობით, პიროვნებებს შეუძლიათ ისე აწარმოონ აქტიური ბიზნეს საქმიანობა, რომ მათი ვინაობა ცნობილი არ გახდეს.

ოფშორებს ხშირად იყენებენ როგორც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, ისე სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ბიზნეს საქმიანობა ეკრძალებათ/ეზღუდებათ ან სიმდიდრის გამოჩენა არ უნდათ, რომ ამან მორალურად არ დააზიანოთ. ამის ნათელი მაგალითი იყო „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის“ მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული „პანამის დოკუმენტები“. ოფშორული კომპანიების კონფიდენციალური ბაზის დოკუმენტების მოპოვების საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ ასზე მეტი, მათ შორის მოქმედი პოლიტიკოსი ოფშორულ კომპანიებს გადასახადებისგან თავის ასარიდებლად და „ფულის გასათეთრებლად“ იყენებდნენ. გამოვლინდა არამარტო მათი ოფშორებთან კავშირი, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში კანონდარღვევაც კი.

ზოგადად ოფშორში კომპანიის დარეგისტრირება, როგორც წესი, აკრძალული არ არის, მაგრამ ზრდის კორუფციის და თაღლითური ოპერაციების რისკს. მაგალითად, რადგან ხელისუფლების წევრებს სახელმწიფო შესყიდვებში და პროგრამებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ, შეუძლიათ, ჰქონდეთ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები და ამ კომპანიებით ან ამ კომპანიების შვილობილი კომპანიებით მიიღონ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული. ამასთან, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ფარული ბენეფიციარი თანამდებობის პირია, მას მაღალი ალბათობით შეუძლია, საკუთარ კომპანიას არაკონკურენტული პირობებით მოაგებინოს ტენდერი ან მიაღებინოს სხვა სახის სახელმწიფო დაფინანსება. შესაძლებელია, ბიუჯეტის ფულის გაცემაზე პასუხისმგებელი და ამ ფულის მიმღები პირი ერთი და იგივე ადამიანი იყოს.

ოფშორები და საქართველო

საქართველოში ოფშორები აქტუალური თემაა, რადგან ქვეყანაში ბევრი ოფშორული ან მისი შვილობილი კომპანია ოპერირებს. დღეს საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,000-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. მაგალითად, 1,000-მდე კომპანია დიდ ბრიტანეთში შემავალ ოფშორებშია რეგისტრირებული, ვირჯინიის კუნძულებზე დაახლოებით 250 კომპანიაა, კვიპროსზე - 280, პანამაში - 74, სეიშელის კუნძულებზე - 63, ამერიკის სამოაში - 80, ბაჰამის კუნძულებზე 12 და ა.შ.

მიმდინარე წლის 13 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე კომენტარის გაკეთების დროს განაცხადა: „რომ იცოდეთ, სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყოველწლიურად, რომ შემოდიოდა უცხოური ინვესტიციები, 60-70% სინამდვილეში თავისი ბუნებით ქართული, ადგილობრივი ინვესტიციებია, გატანილია აქედან და შემოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან ან ოფშორიდან“.

ინვესტიციების ოფიციალური სტატისტიკიდან რთულია ზუსტად გამიჯნო რამდენი შემოდის ოფშორებიდან. მითუმეტეს, როცა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია აღრიცხული ქვეყნების მიხედვით და სხვა სახის ინვესტიციებზე მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს.

ოფიციალური სტატისტიკით, 2010-2018 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5 მლრდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი ინვესტიციების 38%-ია. ყველაზე მეტი ნიდერლანდებიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, ჯამში 3 მლრდ დოლარი. ნიდერლანდებიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ინვესტიციები სრულად ოფშორული სტატუსის მქონე კომპანიებს არ მიეკუთვნება, თუმცა, რთულია გამიჯვნა, რამდენია არაოფშორული ინვესტიცია. ცალსახად ოფშორული ტერიტორიებიდან პანამა ლიდერობს 300 მლნ დოლარით, შემდეგ მოდიან მალტა 239 მლნ დოლარით, ვირჯინიის კუნძულები - 96 მლნ დოლარით, ბელიზი - 64 მლნ დოლარით და ა.შ.


მონაცემების წყარო: საქსტატი

2019 წლის პირველ ნახევარში ოფშორული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია პანამადან შემოვიდა  - 59 მლნ დოლარი, რაც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, კერძოდ კი შპს „ტურიზმის განვითარების ფონდს“, რომელიც საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ია. აღნიშნული პანამური კომპანიის ბიძინა ივანიშვილთან კავშირს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფონდის პროექტების განმახორციელებელი კომპანიების ყოფილი და მოქმედი დირექტორები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, „ტურიზმის განვითარების ფონდი” და ბანკი „ქართუ“ ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზე არიან რეგისტრირებული. FRANKSTON INTERNATIONAL-ია ბიძინა ივანიშვილის მთავარი საინვესტიციო კომპანიის - „თანაინვესტირების ფონდის“ 100%-ის წილის მფლობელიც.

2018 წლის ოქტომბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორულ კომპანიებზე კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან სულ მცირე 9 ოფშორული კომპანია და 70-ზე მეტი საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციაა ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული. მართალია, პოლიტიკოსის კავშირი კერძო სექტორის კომპანიებთან, მათ შორის ოფშორულთან, ყოველთვის კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის სერიოზული პოტენციური წყაროა, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლების ყველა შტო ერთი პარტიის ხელშია. ასევე, რადგან ოფშორულ კომპანიებს ძირითადად ფულის წარმომავლობის შესანიღბად და დაბალი გამჭვირვალობის გამო ირჩევენ, ეს გარემოება დამატებით ეჭვებს აჩენს.

2016 წელს გამოქვეყნებულ „პანამის დოკუმენტებში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც იყვნენ მოხსენიებული. 2016 წლის აპრილში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ოფშორული კომპანია მითითებული არ ჰქონდა თანამდებობის პირის დეკლარაციაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს შეავსო.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გავლით რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მნიშვნელოვან კაპიტალს ფლობენ და რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს  აკონტროლებენ. მათ შორის არის თბო და ჰიდრო ელექტროსადგურები, საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიები, ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები, „ბილაინი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და ა.შ.

ოფშორული კაპიტალის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა გამართლებული არ არის და მას ბოლომდე არცერთი ქვეყანა კრძალავს, მაგრამ განვითარებული ქვეყნების პოლიტიკური კულტურისთვის მიუღებელია პოლიტიკოსს ან მასთან დაკავშირებულ პირებს გააჩნდეთ ოფშორებთან რაიმე სახის კონტაქტი. ამის კარგი მაგალითი იყო „პანამის დოკუმენტების“ სკანდალი, როდესაც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ოფშორული კომპანიის 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების წილის გაყიდვაზე მოუწია განმარტებების გაკეთება. თან ეს შეეხებოდა 6 წლის წინანდელ ამბავს, როდესაც პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ ოფშორული კომპანიის წილისგან „გათავისუფლდა“.

გარდა იმისა რომ პოლიტიკოსის ოფშორებთან კავშირი კორუფციისთვის ხელშემწყობი გარემოებაა,  არსებობს ე.წ. პოლიტიკური მორალი, როდესაც ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსს, რომელსაც ცვლილებების განხორციელება შეუძლია, კომპანიის რეგისტრაციისთვის და გარკვეული გადასახადების გადახდისთვის სხვა ქვეყნის ბიზნეს გარემო უფრო ხელსაყრელად მიაჩნია, ვიდრე საკუთარი ქვეყანა, სადაც თანამოქალაქეები უფრო მაღალ გადასახადებს იხდიან და კომპანიის რეგისტრაციისთვის და ოპერირებისთვის განსხვავებულ რეგულაციებს ემორჩილებიან.

საქართველოში ოფშორებიდან მომავალი რისკები კიდევ უფრო მწვავედ დგას, რადგან დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ე.წ. „ელიტური კორუფციაა” და  ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუციაში, რომელიც  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებას შეეხება, აღნიშნულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ საკითხად რჩება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მაისში ლონდონში გაიმართა ანტი-კორუფციული სამიტი, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ. ლონდონის ანტიკორუფციული სამიტი დაემთხვა ბოლო დროის უდიდეს საერთაშორისო სკანდალს - „პანამის დოკუმენტების” გამოქვეყნებას. სამიტის მონაწილე ექვსმა ქვეყანამ (ავღანეთი, საფრანგეთი, კენია, ნიდერლანდები, ნიგერია და დიდი ბრიტანეთი) ვალდებულება აიღო, აწარმოონ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური ბენეფიციარების რეესტრი. დამატებით ექვსმა ქვეყანამ (საქართველო, ავსტრალია, ინდონეზია, ირლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია) განაცხადა, რომ ასეთი რეესტრის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და რეკომენდაციები

„პანამის დოკუმენტების“ სკანდალის შემდეგ განვითარებულ, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქვეყნებში ოფშორული ტერიტორიებისადმი და კომპანიებისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ოფშორული კომპანიების და მათი კლიენტების შესახებ ასეთი მოცულობის ინფორმაციას არასდროს „გაუჟონავს“. სკანდალს მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა, გადადგა ისლანდიის პრემიერ მინისტრი და სხვადასხვა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, ზოგიერთ პოლიტიკოსს კი განმარტებების გაკეთება მოუწიათ, მაგალითად კანადის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრებს. ევროპარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია. 10 თვიანი მუშაობის შემდეგ ევროკავშირმა 17 ქვეყნისგან შემდგარი ოფშორების „შავი სია“ გამოაქვეყნა, რომლებთან ურთიერთობებს უფრო ყურადღებით ეკიდება და ასევე გარკვეული ოპერაციების დროს გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტები მოითხოვა.

ბოლო წლებში განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად განიხილავენ ოფშორებიდან მომავალი რისკების შემცირების შესაძლებლობებს და თანდათან მკვიდრდება ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნების მაღალი სტანდარტი, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ანტიკორუფციული ქსელის წევრი საქართველოცაა და შესაბამისად, ეს რეკომენდაცია მასაც ეხება. მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაღალი დონის კორუფციის არსებობის გამო, აღნიშნული რეკომენდაციის შესრულება აუცილებელიცაა.

საქართველოში აუცილებლად არის შესამუშავებელი გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით. საქართველომ უნდა შეასრულოს OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში, „საპარტნიორო ფონდის” პროექტებში ან სხვა სახელწიფო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას.