პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმის ანალიზი: წინასწარ დაგებული მახე? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმის ანალიზი: წინასწარ დაგებული მახე?

28 იანვარი, 2026

2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების შემდგომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენების მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ივანიშვილის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განყობილ საზოგადოებაშიც კი, ერთი რამ ცხადია: რეჟიმის ძალისხმევა, რომ ეს მოვლენები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ შეფასებულიყო, როგორც ე.წ. კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობის მცდელობა და, აქედან გამომდინარე, გამოყენებულიყო ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად, ისევე ჩავარდა, როგორც ყველა უწინდელი ანალოგიური ძალისხმევა.

ჩავარდნის მთავარი მიზეზი კი საზოგადოებაში ჩამოყალიბებული საფუძვლიანი ეჭვია, რომ სინამდვილეში არ არსებობდა არავითარი „დამხობის“ გეგმა ან თუნდაც განზრახვა და, რომ ყველაფერი ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების ნაწილის მახეში გაბმის და, მაშასადამე, დანაშაულის პროვოკაციის შედეგია. ამას ემატება ბრალად შერაცხული დანაშაულების კვალიფიკაციის უსაფუძვლობა, რაც ქართულ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებში მავნე ტრადიციად არის ჩამოყალიბებული.

ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირები, ისევე, როგორც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის დროს დაკავებული, ბრალდებული, თუ მსჯავრდებული ყველა პირი პოლიტიკური დევნის ობიექტია და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პატიმარია.

ქვეყანაში, რომლის 230-ზე მეტი ოფიციალური პირი, მათ შორის, 47 მოსამართლე და 17 პროკურორი,  საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის, პოლიტიკური დევნა ჩვეულებრივ მოვლენად არის გადაქცეული.

  1. რაში ედებათ ბრალი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულებს

2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს 66 პირის მიმართ.

ამ ანალიზის მიზნებისთვის განვიხილავთ მხოლოდ ე.წ. „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრების მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ დევნას. ესენი არიან მსოფლიოში განთქმული ბანი - პაატა ბურჭულაძე, აგრეთვე პოლიტიკოსები - მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძეს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ):

  • 317-ე მუხლით („მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით;
  • 225-ე მუხლის პირველი ნაწილით („ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით;
  • 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით („სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა“) გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობაში, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ლაშა ბერიძეს ბრალი ედება სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობაში.

პაატა მანჯგალაძეს ბრალი ედება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

  1. 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ქრონიკა

2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედნის სხვა მიმდებარე ქუჩებზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა, რათა პროტესტი გამოეხატა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბების, საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯების, ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო პოლიტიკის გატარების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების, ზოგადად კრიტიკული აზრის ჩახშობის წინააღმდეგ.

ამ საპროტესტო აქციას წინ უძღოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის, მათ შორის, პაატა ბურჭულაძის, აგრეთვე, ლევან ხაბეიშვილის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას და სხვების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ივანიშვილის რეჟიმის „მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ. ამ განცხადებების გამო ჯერ კიდევ 2025 წლის 11 სექტემბერს დაკავებულ იქნა ლევან ხაბეიშვილი.

2025 წლის 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე პაატა ბურჭულაძემ ეროვნული კრების დეკლარაცია წაიკითხა:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ - ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს, ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის და თითოეული მოქალაქისათვის.“

ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხისგან ითხოვა თანხმობა შემდეგ საკითხებზე:

  • ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს;
  • ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალებებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია;
  • ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას.

პაატა ბურჭულაძემ ასევე მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისათვის დაეკავებინათ სისხლის სამართლის წესით ივანიშვილი, კობახიძე და „ქართული ოცნების“ კიდევ ოთხი სხვა მაღალი თანამდებობის პირი.

ამის შემდეგ შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა მურთაზ ზოდელავამ და მამაკაცებს მოუწოდა წასულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან, რათა ჩაებარებინათ სასახლის გასაღები.

პრეზიდენტის სასახლესთან მისული მოქალაქეების ნაწილმა სასახლის ღობის შენჯღრევა დაიწყო. სულ ოთხიოდე მიწოლის შემდეგ ღობის ერთი სექცია ჩამოიშალა და პროტესტის რამდენიმე მონაწილემ სასახლის ეზოში შეაღწია. ამ დროს სასახლის ეზოში სასახლის დაცვის სულ 8 თანამშრომელი იმყოფებოდა. თუმცა, პროტესტის მონაწილეების ეზოში შესვლიდან რამდენიმე წამის შემდეგ სასახლის შენობიდან გამოვიდა სრული აღჭურვილობით - ფარებით, მუზარადებით, ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით შეიარაღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ათეულობით პოლიციელი, რომლებმაც აქციის მონაწილეები ჯერ პრეზიდენტის სასახლის ეზოდან, ხოლო, შემდეგ დამატებითი საპოლიციო ძალების დახმარებით, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანის მეშვეობით სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან განდევნეს და რამდენიმე ათეული პროტესტის მონაწილე დააკავეს.

  1. ბრალის კვალიფიკაციის პრობლემები

ა) სსკ-ის 317-ე მუხლი (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ): ბრალდება წინააღმდეგობაშია გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებასთან

2025 წლის 4 ოქტომბრამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში 4 ოქტომბერს დაკავებული რამდენიმე პირი, აგრეთვე, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც 4 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე დააკავეს, იმეორებდნენ, რომ 4 ოქტომბერს მოხდებოდა ივანიშვილის რეჟიმის „მშვიდობიანი დამხობა“. ხელისუფლების პროპაგანდა ირწმუნება, რომ ტერმინი „მშვიდობიანი დამხობა“ ოქსიმორონია და, რომ „დამხობა“ თავის თავში მოიცავს ძალადობრივ მოქმედებას.

სსკ-ის 317-ე მუხლი ამ დანაშაულს ასე აღწერს:

„საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება“.

დანაშაულის აღწერიდან თვალნათლივ ჩანს, რომ დასჯადია არა ნებისმიერი მოწოდება, არამედ ისეთი, რომელიც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას, ანდა შეიარაღებისკენ მოწოდებას შეიცავს. მაშასადამე, ძალადობა და შეირაღება ამ მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტებია.

იგულისხმება თუ არა სიტყვაში “დამხობა” ძალადობა თავისთავად, ამაზე ცხადი პასუხი არ არსებობს, რადგან ავტორიტეტული განმარტება არ გვაქვს. საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების საიტებზე სსკ-ის 317-ე მუხლით პირის ბრალდების ან მსჯავრდების თაობაზე განაჩენები არ იძებნება. თვით ის ფაქტი, რომ ბრალდებულები თავიანთ საჯარო გამოსვლებში მუდმივად იმეორებდნენ სიტყვათა შეთანხმებას “მშვიდობიანი დამხობა” იმაზე მიუთითებს, რომ “ძალადობრივი დამხობა” მათ განზრახული არ ჰქონდათ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები ვიწროა იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური ხასიათის გამოხატვას.[1] საკითხი, იყო თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გამართლებული, უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად შეეძლო გამოხატვას გამოეწვია ან რეალურად გამოიწვია თუ არა არეულობა.[2]

ამასთანავე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

ქართული კანონმდებლობის ეს ნორმა სავარაუდოდ წარმოადგენს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებული პრინციპის კოდიფიკაციას, რომლის თანახმად, არსებობს ძირეული განსხვავება თუნდაც ხელისუფლების ძალადობის შეცვლის აბსტრაქტული იდეის ადვოკატირებასა და დამხობის მიზნის განხორციელებისკენ მიმართული კონკრეტული მოქმედებების წაქეზებას შორის. ადვოკატირება დაცულია აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით უზრუნველყოფილი სიტყვის თავისუფლებით, კონკრეტული ქმედების წაქეზება კი - არა.[3]

ამ პოზიციიდან, 4 ოქტომბრამდე გაკეთებული განცხადებები „მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ მხედველობაში საერთოდ არ უნდა იქნეს მიღებული, რადგან ისინი თავსდება „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ადვოკატირების ფარგლებში და კონკრეტული მოქმედების წაქეზებად ვერაფრით იქნება მიჩნეული, რადგან ისინი ივანიშვილის რეჟიმის „მშვიდობიანი დამხობის“ აბსტრაქტული იდეის შემცველი იყო  და კონკრეტული მოქმედების გეგმას არ შეიცავდა. შესაბამისად, ეს განცხადებები დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით. ცალკე საკითხია, შეიძლება თუ არა „კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის“ ან „ხელისუფლების დამხობის“ წაქეზებად იქნეს მიჩნეული 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე ბრალდებულების მიერ გაკეთებული რომელიმე განცხადება.

პაატა ბურჭულაძის მიერ წაკითხული ეროვნული ყრილობის დეკლარაცია, რომელიც ზემოთ არის ციტირებული, სიმბოლურ-ცერემონიული ხასიათის დოკუმენტი იყო, რომელსაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობის იურიდიული კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. ასევე შეუძლებელია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გაკეთებული მოწოდება ივანიშვილის და მისი თანამზრახველების დაკავების შესახებ უკანონოდ იქნეს მიჩნეული.

ჩვენი აზრით, ასევე სიმბოლური ხასიათის იყო მურთაზ ზოდელავას განცხადებაც პრეზიდენტის სასახლის „გასაღების ჩაბარების“ თაობაზე. ძალადობის შესახებ პირდაპირი განცხადება მას არ გაუკეთებია. საბოლოო ჯამში, წარმოადგენდა თუ არა ასეთი განცხადება  კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის წაქეზებას, ეს ცხადია დამოუკიდებელი სასამართლოს შესაფასებელია, თუმცა, არა ისეთი პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლოსი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოში ჩამოყალიბდა.

მაგრამ როგორადაც არ უნდა იქნეს შეფასებული 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები სსკ-ის რომელიმე სხვა მუხლის ჭრილში, „კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლად“ ან „ხელისუფლების დამხობად“ ისინი მაინც ვერ შეფასდება, რადგან საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე პრეზიდენტი არ წარმოადგენს ძალაუფლების ცენტრს და მისი რეზიდენციის „ბლოკირება“ ან „ხელში ჩაგდება“, თუნდაც ასეთი მოქმედება სისრულეში ყოფილიყო მოყვანილი, ვერ მოახდენდა გავლენას კონსტიტუციური წყობილების ან ხელისუფლების მდგრადობაზე.

ბ) სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა): არ არსებობს ჯგუფური მოქმედების შემადგენლობა და მტკიცებულებები

სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია „ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.“

როგორც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული და შემდგომში უკვე მსჯავრდებული პირების საქმეების შეფასებისას არაერთხელ მივუთითეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის“ შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური მოქმედება. სპონტანურად განხორციელებული ერთობლივი მოქმედება საკმარისი არ არის, რომ ქმედების შემადგენლობა სახეზე იყოს.

კერძოდ, უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, აუცილებელია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებს ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ჯგუფური ძალადობრივი ქმედების მონაწილეები:

  • წინასწარ შეკავშირდნენ ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების, ან ხელმძღვანელობის, ან მასში მონაწილეობის განსახორციელებლად;
  • მოქმედებდნენ კონკრეტულ პირთან შეთანხმებით და ასრულებდნენ ვინმეს დავალებებს ან მითითებებს, ან თავად გასცემდნენ რაიმე სახის დავალებებს და მითითებებს;
  • მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად და ორგანიზებულად და არა სპონტანურად, კონკრეტულ დროს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე;
  • მათ გაცნობიერებული ჰქონდეთ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის ან ამ ჯგუფის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის განზრახვის შესახებ.

სხვათა შორის, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დარბევების დროს დაკავებული პირების მიმართ „ჯგუფური ძალადობის“ თავდაპირველი ბრალდება სასამართლოებმა შეცვალეს და ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს სსკ-ის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ასევე უკანონოა, მაგრამ იმაზე მაინც მიუთითებს, რომ ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოს შეფასებითაც კი „ჯგუგური ძალადობის“ ორგანიზებაში ან მონაწილეობაში ბრალდებას სჭირდება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ძალადობრივი აქტების ჩასადენად წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის არსებობას დაამტკიცებს.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდა კიდეც ჯგუფი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ადვოკატირებას ახორციელებდა, 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეებში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ ჯგუფის რომელიმე წევრის მხრიდან ძალადობრივი აქტების ორგანიზებაზე მიუთითებდა.

გ) სსკ-ის 222-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდება ან ბლოკირება): არ არსებობს ჯგუფური მოქმედების შემადგენლობა და მტკიცებულებები

აღნიშნული ნორმის თანახმად, დანაშაულია „ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა“, ჩადენილი „ჯგუფურად“. ამ მუხლის საფუძველზე ბრალდებულებს დანაშაულის მცდელობა აქვთ ბრალად შერაცხული.

ამ შემთხვევაშიც, რადგან ბრალი სსკ-ის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად არის წარდგენილი, საქმე ეხება „წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის“ მიერ დანაშაულის ჩადენის მცდელობას. შესაბამისად, რელევანტურია ის მსჯელობა, რომელიც ზემოთ, 225-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით გვქონდა მოყვანილი. ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის მცდელობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში არ არსებობს. სპონტანური მოქმედებები კი, როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის დასამტკიცებლად არ გამოდგება.

გარდა ამისა, კონკრეტულად პაატა ბურძულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, ლაშა ბერიძისა და პაატა მანგალაძის როლი ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში ინდივიდუალურად მონაწილეობის კუთხითაც არ იკვეთება. ისინი პრეზიდენტის სასახლესთან კი იმყოფებოდნენ, მაგრამ არ ჩანს, რომ მის ბლოკირებას ან ხელში ჩაგდებას ისახავდნენ მიზნად.

ნიშანდობლივია, რომ „ჯგუფური ელემენტის“ გარეშე სსკ-ის 222-ე მუხლის პირველი ნაწილი მაქსიმალურ სასჯელად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შესაბამისად, ამ მუხლით წარდგენილი ბრალი ხელოვნურად არის დამძიმებული.

  1. იყო თუ არა სასახლის ღობის ნაწილი წინასწარ გადაჭრილი?

იმის მიუხედავად, იკვეთება თუ არა რომელიმე ბრალდებულის ქმედებაში ზემოთ აღწერილი რომელიმე დანაშაულის ნიშნები, არსებობს გარემოებები, რომლებიც წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ბრალად შერაცხული დანაშაულები „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პროვოცირებულ იქნა.

„ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ 2025 წლის 11 ოქტომბრის გამოშვებაში ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობის ნაწილი, რომელიც სულ რამდენიმე მიწოლის შედეგად წაიქცა, წინასწარ იყო გადაჭრილი და მავთულებით მიმაგრებული ღობის დანარჩენ კონსტრუქციასთან. ტელეკომპანიის ოპერატორის მიერ ახლო ხედით გადაღებულ გამოსახულებაში ჩანს, რომ რკინის საყრდენი ძელები, რომლებიც ოფიციალური ვერსიით მომიტინგეებმა შეანგრიეს, დეფორმირებულიც კი არ არის.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მურთაზ ზოდელავას მიერ საჯაროდ გაკეთებული და ტელევიზიების მიერ ტრანსლირებული განცხადების მიუხედავად, რომ პროტესტის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან უნდა მისულიყვნენ „გასაღების ჩასაბარებლად“, სასახლის ეზოში მხოლოდ დაცვის 8 თანამშრომელი იმყოფებოდა, გდდ-ის რაზმი კი სასახლის შენობაში იყო ჩასაფრებული და გარეთ მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა, როდესაც ღობის ნაწილი წაიქცა.

ამ კონტექსტში ნიშანდობლივია ე.წ. პრემიერ-მინისტრის - ირაკლი კობახიძის განცხადება 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიმართ, რომელიც მან აქციის წინა დღეს - 3 ოქტომბერს გააკეთა და, რომლის თანახმად, აქციის ორგანიზატორების მცირე სიურპრიზს დახვდებოდა „დიდი სიურპრიზი“. ბრალდებულების დაცვის შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე, რომლის მიზანიც ის იყო, რომ სასამართლოს დაედგინა, თუ რა „დიდ სიურპრიზს“ გულისხმობდა კობახიძე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ეს ყოველივე წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ რეჟიმმა წინასწარ დაუგო მახე პროტესტის მონაწილეებს, რათა პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების იმიტაცია განხორციელებულიყო და ამის საფუძველზე პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი ზომების გამართლება გამხდარიყო შესაძლებელი. როგორც ქვემოთ არის აღწერილი, ბრალდების მხარემ ვერაფრით გააქარწყლა სატელევიზიო სიუჟეტში გამოთქმული ეჭვი.

  1. ღობის ამოღება და ჯეროვანი საპროცესო დამაგრება არ განხორციელებულა, იგი დადგენილი წესითაც კი არ შენახულა

ღობის მთლიანობის წინასწარ დაზიანების თაობაზე ზემოთ მითითებული საფუძვლიანი ეჭვის გაქარწყლება შეეძლო თავად რეჟიმის სამართალდამცავ სისტემას, თუ ის დაამტკიცებდა, რომ ღობე არ იყო წინასწარ გადაჭრილი. თუმცა, საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ღობის დადგენილი წესით ამოღება, საპროცესო დამაგრება და შენახვაც კი არ მომხდარა.

საქმის მასალების თანახმად, პრეზიდენტის სასახლის ეზოს დათვალიერება 4 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ღამეს, 03:10 საათსა და 08:10 საათს შორის პერიოდში ჩატარდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩაატარა და შესაბამისი დათვალიერების ოქმიც შეადგინა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა ზურაბ კუპრავამ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში ასევე მონაწილეობდნენ მოწმე ირაკლი ზაალიშვილი, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი; უფროსი გამომძიებელი გიორგი ხელაშვილი; უფროსი ექსპერტები თამაზ ლაცაბიძე, ზურაბ ჯამასპიშვილი და ექსპერტი მარიამ თამაზაშვილი. რომელიმე სხვა პირი შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში არ მონაწილეობდა.[4]

დათვალიერების შედეგად ამოღებულ და დალუქულ იქნა რამდენიმე საგანი, მათ შორის, ღობის ჭიშკრის წინ, ტროტუარიდან ამოგლეჯილი 2 ბოძკინტი, კიდევ ერთი ბოძკინტი სასახლის ეზოდან, ფილაქნის ფრაგმენტები და სხვ.[5] რაც შეეხება ღობის დაზიანებულ სექციებს, მათ ქვეშ არსებულ ქვის ფილებთან ერთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ისინი არ იქნა დალუქული, არ იქნა საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად დამაგრებული, და დაუბრუნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელს - ირაკლი ზაალიშვილს,[6] რასაც აღნიშნული პირი ხელწერილით ადასტურებს კიდეც.[7] ამასთან, არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში და არც ხელწერილში, არ არის მითითებული, რომ ირაკლი ზაალიშვილი გაფრთხილებული იყო მისთვის შესანახად გადაცემული ნივთიერი მტკიცებულების - ღობის დაზიანებისა ან განადგურებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

საქმის მასალების მიხედვით, ღობე დალუქვის გარეშე „დასაწყობებული“ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ერთ-ერთი შენობის (ყოფილი ცერემონიების სასახლის) ტერიტორიაზე. საინტერესო ის არის, რომ ორგანომ, რომელიც ამ საქმეზე გამოძიებას ატარებდა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ღობის შენახვის ადგილი არც კი იცოდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან გაარკვია.[8]

ღობის შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ, იგი განადგურებულ იქნა ან აღდგენილ იქნა თავის უწინდელ ადგილას.

  1. ღობესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნების დარღვევა

ის, რომ ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ნივთიერი მტკიცებულება - ღობე არ იქნა ამოღებული, დალუქული და სათანადო საპროცესო წესით შენახული, წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) შესაბამისი ნორმების უხეშ დარღვევას.

სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები.“

იმავე კოდექსის მე-3 მუხლის 25-ე ნაწილის თანახმად, „ნივთიერი მტკიცებულება“ განმარტებულია, როგორც „საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს...“.

იმავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,  ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება ინახებოდეს სხვა ადგილას.

ზემოაღნიშნილი ნორმების უხეში დარღვევის შედეგად, საგამოძიებო ორგანომ არა უბრალოდ არ უზრუნველყო საქმის ერთ-ერთი მთავარი ნივთიერი მტკიცებულების დადგენილი წესით საპროცესო დამაგრება და შენახვა, არამედ ბრალდებულებს მოუსპო წვდომა მტკიცებულებაზე, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ბრალდების უარყოფის ძირითადი საშუალება.

ზემოთ აღწერილი გარემოებები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობის მთლიანობა შესაძლოა, მართლაც წინასწარ იქნა დარღვეული სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ იმისათვის, რომ პროტესტის მონაწილეებს შეძლებოდათ სასახლის ღობის ნაწილის წაქცევა და ეზოში შეღწევა, რაც სსკ-ის 222-ე მუხლის შემადგენლობას დასრულებულ სახეს მისცემდა. ამ ეჭვის დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელი გახადა იმ გარემოებამ, რომ ღობე, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, შესაძლოა განადგურებულ იქნა. ყოველ შემთხვევაში, დაცვის მხარეს მოესპო მისი დათვალიერების და მასზე საკუთარი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.

  1. ღობის ექსპერტიზასთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები: ე.წ. ექსპერტებს თვითონ ღობე არ უნახავთ

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, იმავე დღეს - 2025 წლის 5 ოქტომბერს, საქმის გამომძიებელმა - ვახტანგ ესაკიამ გამოიტანა დადგენილება „კომპლექსური ტრასოლოგიური, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ“. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს.[9] ექსპერტიზა კი ჩატარდა, მაგრამ, როგორც ქვემოთ არის აღწერილი, „ექსპერტებმა“ ღობის „ექსპერტიზა“ ისე ჩაატარეს, რომ თვითონ ღობე თვალით არ უნახავთ.

ექსპერტიზის დანიშვნის დღესვე, 2025 წლის 5 ოქტომბერს, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ - ვახტანგ ჭედიამ, გამომძიებელ ვახტან ესაკიას გაუგზავნა საინჟინრო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.[10] აღნიშნული დასკვნა შეადგინეს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს მთავარმა ექსპერტებმა ზურაბ შანიძემ, შალვა კინწურაშვილმა, ოთარ ხაბურძანიამ და ლაშა სულამანიძემ.[11]

ამ ისედაც მცირე მოცულობის „ექსპერტის დასკვნაში“, რომელიც, ფოტოსურათებს თუ არ ჩავთვლით, ჯამში სულ 3 გვერდისგან შედგება, ძირითადი ნაწილი დათმობილი აქვს საქონელმცოდნეობით ნაწილს, ანუ დაზიანებული ნივთებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის შეფასებას. რაც შეეხება მის ტრასოლოგიურ ნაწილს, ანუ ღობეზე არსებული კვალის კვლევას, „ექსპერტები“ შემოიფარგლნენ მხოლოდ ერთი მცირე აბზაცით:

„აღნიშნული რკინის ღობის სექციის შესწავლით დადგინდა, რომ სექციები დაზიანებულია. კერძოდ: განცალკევებულია შედუღების ადგილებიდან და სამაგრებიდან, დეფორმირებულია, ალაგ-ალაგ აღენიშნება ნაკაწრების და ნაჭდევების კვლები. აღნიშნული ნიშნები მოწმობს მასზედ, რომ ღობის სექციების დაზიანებები წარმოქმნილია როგორც ფიზიკური ძალით, ასევე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.“[12]

რაიმე სხვა დეტალები, მათ შორის, ღობის მთლიანობის შესაძლო წინასწარ დარღვევასთან დაკავშირებით, დასკვნაში აღწერილი არ არის. მაშასადამე, ე.წ. ექსპერტებმა ღიად დატოვეს კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ღობის მთლიანობა წინასწარ დარღვეული; რა სახის „ფიზიკური ძალა“ იქნა გამოყებული ღობის წასაქცევად; რა სახის “მკვრივ საგანთან” კონტაქტის შედეგად მოხდა ღობის მთლიანობის დარღვევა; შეუძლია თუ არა საერთოდ რამდენიმე ადამიანს, სულ რაღაც 3-4 მიწოლის შედეგად, ბეტონის საყრდენში მყარად ჩამონტაჟებული რკინის ღობის წაქცევა; რით შეიძლება აიხსნას, რომ ღობის ერთი სექცია წაიქცა, მაგრამ სხვა სექციებმა გაუძლო მიწოლას და არ წაქცეულა; რა სახის მოწყობილობები იქნა გამოყენებული, თუ საერთოდ იქნა გამოყენებული, რომლებმაც ღობეზე „ნაკაწრების და ნაჭდევების“ კვალი დატოვა და სხვ. “ექსპერტის დასკვნა”, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს არ სცემს, პროფესიულ და კომპეტენტურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნად ვერ გამოდგება.

მაგრამ მთავარი კითხვა ის არის, რის საფუძველზე შეადგინა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპაარტამენტის ოთხმა მთავარმა ექსპერტმა „ექსპერტის დასკვნა“, როდესაც საქმის მასალებში არც ის არის მითითებული, რომ ღობის დაზიანებული ნაწილები მათთვის ვინმეს მიეტანა საექსპერტო დაწესებულებაში და არც ის, რომ ისინი თავად ყოფილიყვნენ მისულები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ადგილზე დაეთვალიერებინათ ღობე, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გამომძიებელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელს ირაკლი ზაალიშვილს დაუტოვა.

“ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში გასვლის შემდეგ, 2025 წლის 15 ოქტომბერს, როგორც ჩანს, ღობის წინასწარ გადაჭრის შესახებ საზოგადოებაში არსებული კითხვების “გასაქარწყლებლად”, გამომძიებელმა ესაკიამ დანიშნა კიდევ ერთი ტრასოლოგიური ექსპერტიზა, კითხვით - აღენიშნებოდა თუ არა ღობეს “ჭრის კვალი”. ექსპერტიზის ჩატარება ისევ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს დაევალა.[13] ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები გაეგზავნათ.[14]

ახალი “ტრასოლოგიური ექსპერტიზა” ისევ წინა ექსპერტიზის ჩამტარებელმა ორმა “ექსპერტმა” - ოთარ ხაბურძანიამ და ლაშა სულამანიძემ ჩაატარა. ამჯერადაც, თვითონ ღობე მათ არ უნახავთ, თუმცა შეეძლოთ მისულიყვნენ ღობის “დასაწყობების” ადგილას და საკუთარი თვალით დაეთვალიერებინათ იგი, რაც მათ, როგორც წინა შემთხვევაში, ამჯერადაც არ გააკეთეს. ფოტოსურათების დათვალიერების შედეგად კი თავიანთ 2025 წლის 16 ოქტომბრით დათარიღებულ დასკვნაში მათ დაასკვნეს:

“აღნიშნული ღობის ხუთი ცალი ორნამენტური სექციის შესწავლით დადგინდა, რომ სექციები დაზიანებულია. კერძოდ: განცალკევებულია შედუღების ადგილებიდან და სამაგრებიდან. ასევე ლითონის ღობის სექციები დეფორმირებულია. აღნიშნული განცალკევება წარმოქმნილია ტეხის შედეგად, რაზეც მოწმობს განცალკევებული კიდეების ზედაპირის ხორკლიანობა და არათანაბარი განლაგება. ლითონის ღობის ხუთ ცალ ორნამენტული სექციების დეფორმაცია და განცალკევება დამაგრების ადგილებიდან წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. (მაგ. მიწოლით).

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის 5 ცალ ლითონის ღობის ორნამენტულ სექციებზე ჭრის კვალი არ აღინიშნება.”[15]

ამ ე.წ. “ექსპერტის დასკვნის” მიმართ არსებობს იგივე კითხვები, რაც ზემოთ პირველ დასკვნასთან დაკავშირებით იქნა მითითებული. საბოლოო ჯამში, ეს “დასკვნა” ღობის წინასწარ გადაჭრის თაობაზე არსებულ ეჭვს, ცხადია, ვერ აქარწყლებს.

ზემოთ მითითებული გარემოებები ეჭვქვეშ აყენებს, როგორც ე.წ. „ექსპერტების“ კეთილსინდისიერებას და პროფესიონალიზმს, ისე მათ მიერ შედეგენილი „ექსპერტის დასკვნების“ სანდოობას.

  1. დანაშაულის პროვოკაცია

სსკ-ის 145-ე მუხლის თანახმად, დანაშაულად არის გამოცხადებული „დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.“

ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ:

ა) შესაძლოა ღობის წაქცეული სექცია წინასწარ გადაჭრეს და მავთულით მიაბეს დანარჩენ კონსტრუქციას, რათა შესაძლებელი გამხდარიყო რამდენიმე მიწოლით მისი წაქცევა და პროტესტის მონაწილეების სპონტანურად, სტიქიურად სასახლის ეზოში შეჭრა და იქ მყოფ სამართალდამცავებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლა, რისი გაკეთებაც ღობის წინასწარ გადაჭრის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა; ამ ვარაუდს აძლიერებს კობახიძის განცხადება “დიდი სიურპირზის” თაობაზე;

ბ) სამართალდამცავმა ორგანოებმა არ განახორციელეს ღობის, როგორც საქმეზე ერთ-ერთი მთავარი ნივთიერი მტკიცებულების დადგენილი წესით ამოღება, დალუქვა და შენახვა, რამაც საბოლოო ჯამში ეს მტკიცებულება დაცვისთვის მიუწვდომელი გახდა;

გ) მათვე გააყალბეს ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო ღობის განადგურებით მოუსპეს დაცვის მხარეს საკუთარი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნული გარემოებები, თავის მხრივ, იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ ბრალდებულებისათვის სსკ 225-ე და 222-ე მუხლებით ბრალად შერაცხული დანაშაულები შესაძლოა პროვოცირებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ან სამართალდამცავი ორგანოები ხელს აფარებენ აღნიშნული დანაშაულის პროვოკატორებს. 

  1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი „მახეში გაბმის“ საწინააღმდეგოდ

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკა დანაშაულის ჩასადენად პირის „მახეში გაბმის“ (entrapment) თაობაზე.

ევროპული სასამართლოს თანახმად, სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის, მათი ფარული აგენტების მეშვეობით, უნდა შემოიფარგლონ პირის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის „არსებითად პასიური გზით“ გამოძიებით და მათ არ უნდა მიმართონ საშუალებებს დანაშაულის წასაქეზებლად.[16] დანაშაულის წაქეზებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის აგენტები ისეთ გავლენას ახდენენ პირზე, რომელსაც პირი დანაშაულის ჩადენამდე მიჰყავს და რომლის გარეშეც ამგვარის გარეშეც დანაშაული ჩადენილი არ იქნებოდა და, შესაბამისად, პირის სისხლისსამართლებრივი დევნა ვერ განხორციელდებოდა.[17]

ევროპულმა სასამართლომ „მახეში გაბმის“ საქმეებთან დაკავშირებით ორწვეროვანი ტესტი შეიმუშავა, რომელიც „არსებითი“ და „საპროცესო“ ტესტებისგან შედგება. მახეში გაბმის არსებითი ტესტის თანახმად, როგორც უკვე აღინიშნა, უნდა დადგენილ იქნას სამართალდამცავი ორგანოები სავარაუდო დანაშაულის მხოლოდ პასიური საშუალებებით გამოძიებით შემოიფარგლნენ თუ წააქეზეს პირი, რათა ჩაედინა დანაშაული, რომლის ჩადენასაც იგი არ აპირებდა. საპროცესო ასპექტის თანახმად, შიდა სასამართლოებმა ჯეროვნად უნდა განიხილონ ბრალდებულის განცხადება დანაშაულის წაქეზების, ანუ პროვოცირების თაობაზე. მტკიცების ტვირთი, რომ დანაშაულის წაქეზებას, პროვოცირებას ადგილი არ ჰქონია, ბრალდების მხარეს აკისრია.[18]

2025 წლის 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით არ არის არავითარი ნიშანი იმისა, რომ პროკურატურამ ან/და სასამართლომ რაიმე ზომები მიიღეს დანაშაულის პროვოკაციის სავარაუდო ფაქტების გამოსაძიებლად.

დასკვნა

  • 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების შემდგომ პერიოდში ხელისუფლების მცდელობა, ეს მოვლენები წარმოედგინა როგორც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობის მცდელობა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს წარუმატებლობა განპირობებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბებული სკეპტიციზმით, რომ მოვლენებს რეალურად არ ახლდა სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ან განზრახვა.
  • საზოგადოებაში და პროფესიულ წრეებში დამკვიდრდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად სცადა პროტესტის მონაწილეთა ნაწილის მახეში გაბმა და დანაშაულის პროვოცირება, რათა ეს საქმეები გამოყენებულიყო ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად და საზოგადოების დაშინების ეფექტის მისაღწევად.
  • 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდებების სამართლებრივი კვალიფიკაცია აშკარად პრობლემურია. სსკ-ის 317-ე მუხლის გამოყენება ეწინააღმდეგება როგორც მუხლის შინაარსს, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან არ იკვეთება ძალადობის ან შეიარაღებისკენ მოწოდების აუცილებელი ელემენტები.
  • „მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ განცხადებები შინაარსობრივად წარმოადგენს პოლიტიკური იდეის გავრცელებას (ადვოკატირებას) და არა კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების წაქეზებას. შესაბამისად, ასეთი განცხადებები დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.
  • სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა წინასწარ ორგანიზებული, შეთანხმებული და ძალადობრივი ჯგუფური მოქმედებების არსებობას, როგორც ამას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა მოითხოვს.
  • ანალოგიურად, სსკ-ის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობა ხელოვნურად არის დამძიმებული „ჯგუფური ელემენტის“ იმიტირებით. არ იკვეთება არც წინასწარი შეთანხმება და არც კონკრეტული ბრალდებულების ინდივიდუალური ქმედებები, რომლებიც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მიზანზე მიუთითებდა.
  • პრეზიდენტის სასახლის ღობის წაქცევის გარემოებები წარმოშობს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ღობის წაქცეული სექცია შესაძლოა წინასწარ იყო დაზიანებული. ამას ამყარებს როგორც ვიდეომასალა, ისე ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სამართალდამცავი ძალების წინასწარ მზადყოფნას და მოვლენების კონტროლირებულ განვითარებაზე.
  • განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ღობე, როგორც ერთ-ერთი მთავარი ნივთიერი მტკიცებულება, არ იქნა ამოღებული, დალუქული და სათანადო წესით შენახული. ამით დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური მოთხოვნები და დაცვის მხარეს წაერთვა საკუთარი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.
  • ღობის „ექსპერტიზები“ ჩატარებულია სერიოზული საპროცესო და პროფესიული ხარვეზებით, რაც ეჭვქვეშ აყენებს როგორც ექსპერტების კეთილსინდისიერებას, ისე დასკვნის სანდოობას. ღობის ორი ტრასოლოგიური ექსპერტიზა ისე ჩატარდა, რომ თავად ღობე ექსპერტებს თვალით არ უნახავთ.
  • მთლიანობაში, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები ქმნის ძლიერ საფუძველს დასკვნისთვის, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირები პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან, ხოლო მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაძლოა წარმოადგენდეს დანაშაულის პროვოკაციის შედეგს, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრეცედენტულ სამართალს.

[1] იხ., მაგალითად, Wingrove v. the United Kingdom, 25 November 1996, § 58.

[2] Perinçek v. Switzerland, no. 27510/08, [GC], 15 October 2015, § 152.

[3] იხ., მაგალითად, Yates v. United States, 354 U.S. 298 (1957).

[4] N 090041025001 საქმის მასალები, ტ. 2, გვ. 131-139.

[5] იქვე, გვ. 134-138.

[6] იქვე. გვ. 136.

[7] იქვე, გვ. 130.

[8] N 090041025001 საქმის მასალები, ტ. 4, გვ. 13, 16.

[9] N 090041025001 საქმის მასალები, ტ. 2, გვ. 16-17.

[10] იქვე, გვ. 19.

[11] იქვე, გვ. 20-22.

[12] იქვე, გვ. 21.

[13] N 090041025001 საქმის მასალები, ტ. 4, გვ. 19-20.

[14] იქვე, გვ. 19-20.

[15] იქვე, გვ. 22-28.

[16] Teixeira de Castro v. Portugal, no. 44/1997/828/1034, 9 June 1998, § 38.

[17] Ramanauskas v. Lithuania, no. 74420/01, [GC] 5 February 2008, § 55.

[18] Matanović v. Croatia, no. 2742/12, 04 April 2017, §§ 121-130.