საქართველოს პარლამენტმა ანტიმონოპოლიური რეფორმის პროექტი მიიღო
2014 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი ანტიმონოპოლიური რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და მიზნად ისახავს კონკურენციის მარეგულირებელი ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას თავისუფალი კონკურენციისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისათვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამ პროექტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა და მიესალმება პარლამენტის მიერ მის მიღებას.
ახალი კანონით გათვალისწინებულია შემდეგი მნიშვნელოვანი სიახლეების განხორციელება:
- ყალიბდება დამოუკიდებელი სტრუქტურა – კონკურენციის სააგენტო: აღნუშნული ტიპის სააგენტო ყალიბდება, იმისთვის რომ განხორციელდეს ბაზარზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული გარემოს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა. სააგენტოს უფლებამოსილებები იქნება: ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და თავისუფალი კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დროული და სათანადო რეაგირება.
აღნიშნული კანონპროექტის მიღებამდე არსებული კანონი მთავრობას კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მიმართებით დიდ უფლებამოსილებას ანიჭებდა. კერძოდ, მთავრობა ამტკიცებდა სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს; სააგენტოს საჩივარი მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებული სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად უნდა განეხილა და იგი არ განიხილავდა იმ საჩივრებს, რომლებიც არაპრიორიტეტულ სექტორებს ეხებოდა; სააგენტოს თავმჯდომარეს არ ჰქონდა უფლება, გამოეცა დამოუკიდებელი ნორმატიული აქტი (ბრძანება) კონკურენციის ნაწილში, რაც სააგენტოს დამოუკიდებლობას კიდევ უფრო ამცირებდა; სააგენტოს მოკვლევა მხოლოდ ეკონომიკური აგენტის მიერ წარდგენილი განცხადების/საჩივრის საფუძველზე უნდა დაეწყო. ინსტიტუციური ჩარჩოს აღნიშნულმა პრობლემებმა განაპირობა ის, რომ სააგენტო ვერ ახორციელებდა ბაზარზე კონკურენტული გარემოს ეფექტიან სახელმწიფო ზედამხედველობას – სააგენტოს ამოქმედებიდან (2012 წლის იანვარი) დღემდე ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ან, ზოგადად, კონკურენციის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის არცერთი საქმის ინიციირება/მოკვლევა არ განუხორციელებია;
- ჩამოყალიბდა კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები: ახალი კანონით კონკურენციის ინსტიტუციური ჩარჩოს მარეგულირებელ დებულებებში ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც გაიზრდება კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობა. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილი იქნება, დამოუკიდებლად დაიწყოს ბაზრის ნებისმიერი სეგმენტის მოკვლევა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვის სათანადო ნიშნები და შექმნილი მდგომარეობა კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს ჩარევას საჭიროებს. ვინაიდან სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობისა და ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების დროულად მიღება, სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის დროულად წარმოებისათვის ცვლილებები მისი წარმოების მარეგლამენტირებელ დებულებებშიც განხორციელდა. კანონით უქმდება სააგენტოსთვის განცხადების ან საჩივრის წარდგენის შემთხვევაში განმცხადებლის ან მომჩივნის მიერ სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდაც;
- ზუსტდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობიდან გამონაკლისები (მათ შორის, კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრები), რომლებზედაც არ ვრცელდება იმავე კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები. ამ კანონპროექტის მიღებამდე არსებული კანონი ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ხელშეკრულებების მნიშვნელოვან ნაწილს კონკურენციის რეგულირების მიღმა ტოვებდა და სათანადო პროდუქციის ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ კონკურენციის გამორიცხვის შესაძლებლობას ქმნიდა, რის გამოც კონკურენციის პოლიტიკა მხოლოდ ფრაგმენტულად ხორციელდებოდა. ახალი კანონპროექტით უზრუნველყოფილია დაწესებული გამონაკლისების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. კერძოდ, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები დგინდება იმ ხელშეკრულებების, გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული ქმედებების (შემდგომ − შეთანხმება) მიმართ, რომლებიც ხელს უწყობს საქონლის წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებას, ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებელთა კეთილდღეობის ზრდას, თუ ისინი შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებენ შეზღუდვებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევასთან, და ეკონომიკურ აგენტებს საშუალებას არ აძლევენ, აღკვეთონ კონკურენცია შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე;
- კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმები იმგვარად ზუსტდება, რომ ამ ჯარიმებს ანტიკონკურენტული ქმედების პრევენციის ფუნქციაც ჰქონდეს: ბაზარზე კომპანიის ანტიკონკურენტული ქცევის შემთხვევაში ჯარიმა მხოლოდ წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის მიხედვით განისაზღვრება. ჯარიმის განსაზღვრის აღნიშნული წესი თავსებადია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან, ვინაიდან კომპანიის წლიური ბრუნვაა სწორედ ის ეკონომიკური ინდიკატორი, რომელიც ყველაზე ზუსტად აჩვენებს კომპანიისათვის მიყენებული ზარალის ოდენობას. კერძოდ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5 პროცენტს, ხოლო ეკონომიკური აგენტის მიერ დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 10 პროცენტს. კანონპროექტის თანახმად, ჯარიმის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე;
- ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, აგრეთვე სასამართლოში გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ეკონომიკურ აგენტს ჯარიმის გადახდა არ დაეკისრება;
- საქართველოს კანონმდებლობაში ხდება აშშ-სა და ევროპაში ბაზარზე ეკონომიკური აგენტის ანტიკონკურენტული ქცევის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტის − თანამშრომლობის პროგრამის (Leniency Program) − შემოღება და დანერგვა. ეს პროგრამა გულისხმობს ეკონომიკური აგენტის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას, თუ იგი ანტიკონკურენტული ქმედების მოკვლევის პროცესში ითანამშრომლებს სააგენტოსთან. თანამშრომლობის პროგრამის საშუალებით სააგენტო შეძლებს მიიღოს მოკვლევის მიზნებისთვის საჭირო ინფორმაცია ეკონომიკური აგენტის ანტიკონკურენტული ქმედების შესახებ;
- მკვეთრად იმიჯნება სააგენტოს და მარეგულირებელი ორგანოების ფუნქციები – მარეგულირებელი ორგანოები სექტორის წინასწარი (ex-ante) რეგულირებისთვის იქნებიან პასუხისმგებელი, ხოლო კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის (ex-post) აღსრულების უფლებამოსილება სააგენტოს ექნება;
- იკრძალება სახელმწიფო ჩარევა ნებისმიერი ფორმით, რომელიც აფერხებს კონკურენციას ან ქმნის მისი შეფერხების საშიშროებას; იზრდება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანობა და სააგენტოს ქმედითობა კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებული სახელმწიფო დახმარებების კონტროლის ნაწილშიც, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბაზრის ღიაობა და გამჭვირვალობა, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში დაცულ იქნეს თანასწორუფლებიანობის პრინციპი და ხელისუფლების ორგანო არ აწესებდეს ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციულ, სამართლებრივ და დისკრიმინაციულ ბარიერებს და არამართლზომიერად არ ზღუდავდეს კონკურენციას;
- ზუსტდება ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, მათ შორის: შესაბამის ბაზარზე მისი საბაზრო წილი, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ფინანსური მდგომარეობა, ბაზარზე შესვლის ან წარმოების გაფართოების ბარიერები, მყიდველის საბაზრო ძალაუფლება და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორები. შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილს განსაზღვრავს სააგენტო ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებების გამოყენებით. თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, ეკონომიკური აგენტი არ ჩაითვლება დომინირებული მდგომარეობის მქონედ, თუ შესაბამის ბაზარზე მისი წილი 40 პროცენტს არ აღემატება. კანონპროექტში მოცემულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევების ჩამონათვალი. პროექტი ადგენს რამდენიმე ეკონომიკური აგენტის შემთხვევაში ჯგუფური დომინირების განმსაზღვრელ კრიტერიუმებსაც;
- განისაზღვრება ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შემთხვევები, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური აგენტების შერწყმას, ან ფასიანი ქაღალდების ან აქტივების წილის შეძენით ან სხვა საშუალებით ეკონომიკურ აგენტზე ან მისი ბიზნესის ნაწილზე პირდაპირი ან ირიბი კონტროლის მოპოვებას იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს სულ მცირე 1 ეკონომიკურ აგენტს. კონცენტრაციად ითვლება ერთი და იმავე პირის სხვადასხვა ეკონომიკური აგენტის მმართველ ორგანოებში მონაწილეობაც. გარდა ამისა, კანონპროექტით რეგლამენტირებულია შემთხვევები, როდესაც აუცილებელია ეკონომიკური აგენტის მიერ სააგენტოსთვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა, ასევე ამ ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევები;
- რეგლამენტირებულია არაკეთილსინდისიერი კონკურენცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის. ამის შედეგად ეკონომიკურ აგენტებს წინასწარ ექნებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ქმედება შეიძლება იქნეს მიჩნეული არაკეთილსინდისიერ კონკურენციად, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული აღნიშნული ქმედება;
- გათვალისწინებულია 2014 წლის 15 აპრილამდე კონკურენციის სააგენტოს დებულების და სტრუქტურის დამტკიცება და საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნა. ასევე, კანონი ითვალისწინებს მეორეული კანონმდებლობის (სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა, მოკვლევის მეთოდოლოგია და სხვა) 2014 წლის 1 ოქტომბრამდე შემუშავებას და დამტკიცებას. შესაბამისად, სააგენტოს ის უფლებამოსილებები, რომელთა განსახორციელებლადაც აუცილებელია ,,კონკურენციის შესახებ’’ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება/მიღება, სრულად ამოქმედდება შესაბამისი სამართლებრივი აქტის დამტკიცება/მიღებისთანავე.
ჩვენი ორგანიზაცია ქვეყანაში კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის რეფორმირების საჭიროებაზე მიუთითებდა სხვადასხვა ანგარიშსა და რეკომენდაციაში, მათ შორის:
- კონკურენციის პოლიტიკა და კონკურენციის მარეგულირებელი ორგანო საქართველოში, 12 მარტი, 2014;
- კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში, 03 აგვისტო, 2012.
კონკურენციის პოლიტიკა მნიშვნელოვანია ქვეყანაში კორუფციის თავიდან აცილებისთვისაც. ე. წ. ელიტური კორუფცია, რომელზედაც საქართველოში ხშირად საუბრობენ, ზოგიერთ შემთხვევაში ბაზარზე ცალკეული (პოლიტიკური კავშირების მქონე) კომპანიებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნით გამოიხატება. ამ ტიპის კორუფციის აღკვეთის აუცილებელი პირობაა დამოუკიდებელი და ძლიერი კონკურენციის სააგენტოს არსებობა, რომელიც სათანადო რესურსებითა და უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გააგრძელებს საქართველოში არსებული კონკურენციის ინსტიტუციური ჩარჩოს ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფისკენ მიმართული პროცესის მონიტორინგს.