სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და საბიუჯეტო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და საბიუჯეტო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა

23 მარტი, 2016

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესების შესახებ კვლევას აგრძელებს. ორგანიზაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ მონაცემები უკვე გამოაქვეყნა. ამჯერად სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში არსებულ მდგომარეობას მიმოვიხილავთ.

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ა(ა)იპ-ებში 2014 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 15 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობასა და თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობებს ეხება.

მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ:

  • 2014 1 მაისის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში 55 ა(ა)იპ ფუნქციონირებდა, ხოლო 2016 წლის იანვრის მონაცემებით, მათი რაოდენობა 70-ია.

  • ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 1 704 საშტატო ერთეულიდან 2 051 საშტატო ერთეულამდე - მთლიანობაში 347 ერთეულით გაიზარდა;

  • საშტატო ერთეულების ზრდამ ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 205 554.12 ლარით, წლიურად კი საშუალოდ 2 466 655.44 ლარით გაზარდა;

  • ა(ა)იპებ-ში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირებულა არც ერთ მუნიციპალიტეტში;

  • 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ახალციხის ამჟამად ლიკვიდირებულ მუნიციპალიტეტში სულ 9 ა(ა)იპი ფუნქციონირებდა. რეფორმის შემდგომ კი ორი ახალი თვითმმმართველი ერთეულის ჩამოყალიბების შედეგად, ახალციხის თემისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების რაოდენობა 16-მდე, დასაქმებულთა რაოდენობა კი 60 საშტატო ერთეულით, ხოლო ყოველთვიური სახელფასო ხარჯი ორივე მუნიციპალიტეტში მთლიანობაში 37 985.12 ლარით გაიზარდა;

  • 2014 წლის არჩევნების შემდგომ, 3 ახალი ა(ა)იპ დაფუძნდა ასპინძის მუნიციპალიტეტში - “ასპინძის სპორტული კლუბი”, “ასპინძის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი” და “ასპინძის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი”;

  • ხუთი ახალი ა(ა)იპ კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (“ა(ა)იპ სასაფლაო”, “ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობა”, “სასაფლაო”, “გარე-განათება”, “ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი”, “ბორჯომის სოფლის წყალი”.

  • აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაღების ორი გაერთიანება არსებობს ა(ა)იპ “ბაკურიანის სკოლამდელი დაწესებულება” და ა(ა)იპ “ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ბორჯომის ნათელი მომავალი”, ვფიქრობთ ბაღების მართვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ არასამეწარმეო იურიდიულ პირსაც შეუძლია, ასევე მიგვაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკვე არსებულმა ა(ა)იპმა “ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობამ” შეიძლება შეითავსოს  გარეგანათების სამუშაოების შესრულება, შესაბამისად, ახალი ა(ა)იპის “გარე-განათების” შექმნა არამიზანშეწონილია;

  • ა(ა)იპ-ების რაოდენობა არ შეცვლილა ადიგენის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში;

  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპების რაოდენობასთან ერთად არ შეცვლილა დასაქმებულთა რაოდენობა და თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსპოზიციით:

  • მწირი მუნიციპალური საბიუჯეტო რესურსების პირობებში მიზანშეუწონელია დაუსაბუთებლად ახალი ა(ა)იპ-ების დაფუძნება, ასევე ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა რაც მნიშვნელოვნად ზრდის ადმინისტრაციული ხარჯებს;

  • ახალი ა(ა)იპ-ს დაფუძნება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი არსებობა აუცილებელია მუნიციპალიტეტის გამართული საქმიანობისათვის;

  • მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს იდენტური ან/და შინაარსობრივად დაახლოებული მიმართულებების ()იპების ერთი იურიდიული პირის ქვეშ გაერთიანება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საბიუჯეტო დანახარჯებს;

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ()იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, ()იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც თავისუფალი კონკურენციის პირობებში ვაკანტურ პოზიციაზე უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის შერჩევის შესაძლებლობას არ იძლევა და ამასთან, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“