საპარლამენტო კონტროლი და პარლამენტის ღიაობის გაუარესება რეგლამენტითაც კანონდება
პარლამენტი განიხილავს უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილ ინიციატივას პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილებების შედეგი არა პარლამენტის მუშაობის ეფექტურობის გაზრდა, არამედ დეპუტატებისთვის მეტი კომფორტის შექმნა იქნება.
საკანონმდებლო ცვლილებებით პარლამენტის ღიაობა ყველა მიმართულებით უარესდება. დადებითად მხოლოდ ფარული კენჭისყრის გაუქმება შეიძლება მივიჩნიოთ.
წარმოდგენილი ინიციატივა ასევე აუარესებს საპარლამენტო კონტროლს და ამარტივებს საკანონმდებლო პროცედურებს.
კანონპროექტის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება ეძლევა დაადგინოს კომიტეტის სხდომაში მონაწილეთა გამოსვლის დროის ხანგრძლივობა, რისკის შემცველია ოპოზიციისთვის და მისი შერჩევითად გამოყენება მნიშვნელოვნად შეზღუდავს კრიტიკული აზრის სათანადოდ გაჟღერებას. წარმოდგენილი ცვლილებები 2019 წელს მიღებული და თავის დროზე მიღწევად შეფასებული პარლამენტის რეგლამენტის მნიშვნელოვან გაუარესებას წარმოადგენს.
- საპარლამენტო კონტროლის და ანგარიშვალდებულების გაუარესება
ეფექტური საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისათვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ანგარიშების განხილვას არ ჰქონდეს ფორმალური ხასიათი. 2019 წელს პარლამენტის ახალმა რეგლამენტმა განსაზღვრა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ცნება და ანგარიშების განხილვის პროცედურა. ეს პროცესი დადებითად შეაფასეს საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
წარმოდგენილი ცვლილებებით მნიშვნელოვანი ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვის ვალდებულება უქმდება (მაგ., ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშები). ანგარიშები მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება სხდომაზე, თუ ამას წამყვანი კომიტეტი, ბიურო ან ფრაქცია მოითხოვს. ასევე უქმდება კომიტეტის ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულობაც.
წარმოდგენილი ცვლილებები საპარლამენტო კონტროლსა და ღიაობას მნიშვნელოვნად აუარესებს. ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვის მიზანი არა დეპუტატთა ინტერესის დაკმაყოფილება იყო, არამედ საზოგადოების ინფორმირება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობისა და მათზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ. იმ შემთხვევაშიც თუკი წამყვან კომიტეტს ან ფრაქციას არ აინტერესებს ანგარიშების მოსმენა, მოქალაქეებს აქვთ უფლება მიიღონ საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია.
- პარლამენტის ღიაობის გაუარესება
ცვლილებებით იკრძალება კომიტეტის სხდომიდან ტელერეპორტაჟი, რაც ასევე პარლამენტის ღიაობიდან უკან გადადგმული ნაბიჯია. იმ შემთხვევაში თუ სხდომა არ არის დახურული, მედიას უნდა ჰქონდეს უფლება აწარმოოს ტელერეპორტაჟი და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია პოლიტიკური და საკანონმდებლო მოვლენების შესახებ.
- ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებების შეზღუდვა
მიზანშეუწონელია კომიტეტის სხდომაზე გამომსვლელთა რიგითობისა და გამოსვლის დროის განსაზღვრის საკითხის დარეგულირება კომიტეტის თავჯდომარის ინიციატივით და სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. იმ პირობებში, როდესაც პარლამენტში ყველა კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია, ეს ცვლილება გაართულებს კომიტეტის სხდომაში ოპოზიციის წევრთა სრულფასოვან მონაწილეობას და სავარაუდოდ, მათ მიერ პოზიციის დაფიქსირების/კითხვის დასმის უფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული. ეს შეზღუდვა ასევე დაბრკოლებას შეუქმნის კომიტეტის სხდომაზე დამსწრე პირთა აზრის გამოხატვას.
- საკანონმდებლო პროცედურების გამარტივება
ცვლილებები არ პასუხობს დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს და საერთო ჯამში მიმართულია უმრავლესობისთვის, პროცედურული საკითხების გამარტივებისაკენ. ამის მაგალითია, საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრის ახალი წესი და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის წესში ცვლილება.
შემოთავაზებული ახალი წესით, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისთვის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიმდინარე საკითხის განხილვა შეაჩეროს.
არსებული საპარლამენტო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პლენარულ დარბაზში საკითხების განხილვის დროს ძალიან მცირეა დეპუტატთა რაოდენობა და ისინი მათი მობილიზაცია მხოლოდ კენჭისყრისთვის ხდება. ახალი წესი, კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის დეპუტატებს და შესაძლებლობას მისცემს წინასწარ ცნობილ დროს მხოლოდ კენჭისყრისათვის მივიდნენ სხდომაზე. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით საკანონმდებლო ორგანოში უნდა ხდებოდეს დებატებისა და საკითხის საფუძვლიანად განხილვის წახალისება და არა პროცედურების გამარტივება დეპუტატებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით.
პრობლემურია დაჩქარებული წესით კანონის მიღების კიდევ უფრო გამარტივება. საპარლამენტო საქმიანობაში ისედაც პრობლემას წარმოადგენდა დაჩქარებული წესით კანონპროექტთა განხილვა, ამ ცვლილებით კი ერთ დღეს ორი მოსმენით კანონის მიღების პროცედურა ბიუროს თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი.
- პარლამენტის ხარჯების ზრდა
დაუსაბუთებელია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის ზრდა. ადმინისტრაციული რესურსების და ხარჯების გაზრდა მეტ არგუმენტაციას საჭიროებს.
შეჯამება
ნაცვლად გაუმჯობებისა, პარლამენტი აუარესებს ანგარიშვალდებული ორგანობის ზედამხედველობის მექანიზმებს, საპარლამენტო ღიაობასა და გამჭვირვალობას. ეს ცვლილებები გაგრძელება იქნება იმ პოლიტიკის, რომელსაც პარლამენტი ბოლო წლებია ახორციელებს და რის შედეგადაც პარლამენტი დახურულ უწყებად ყალიბდება.
საპარლამენტო რესპუბლიკაში არსებითად მნიშვნელოვანია კონტროლის ეფექტური მექანიზმების არსებობა. საპარლამენტო კონტროლისა და ღიაობის გაუარესება, პროცედურული სიმარტივის მიღწევის მიზნით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს.