თვითმმართველობის კოდექსის ძირითადი სიახლეები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თვითმმართველობის კოდექსის ძირითადი სიახლეები

10 მარტი, 2014

2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, რომელსაც გარკვეული ცვლილებები შემოქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არსებულ სისტემაში:

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით ერთ ორგანულ კანონში ხდება თვითმმართველობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების გაერთიანება. მისი ამოქმედების შემდგომ ძალადაკარგულად გამოცხადდება:

  • „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი

  • „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

  • „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი

  • „თვითმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა

თვითმმართველი სტატუსი 7 ქალაქს მიენიჭება. 3 თვეში ცნობილი იქნება რამდენი ახალი მუნიციპალიტეტი დაემატება უკვე არსებულ 69 თვითმმართველ ერთეულს.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში სულ 69 თვითმმართველი ერთეულია. რეფორმის შემდგომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით 7 ქალაქს მიენიჭება: თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, ამბროლაურს, გორს, მცხეთასა  და ახალციხეს. მათ მიმდებარე სოფლებისგან შეიქმნება მუნიციპალიტეტები. ამ ეტაპისათვის არ არის განსაზღვრული დამატებით რამდენი ახალი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება. სამთავრობო კომისია კოდექსის გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში მოამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგეს წინადადებებს ახალი თვითმმართველი თემების (მუნიციპალიტეტების) შექმნასთან დაკავშირებით. ამასთანავე, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია კოდექსის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს მუნიციპალიტეტთა ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმებს.

ჩვენი შეფასება:

ვფიქრობთ კოდექსის მიღება დაგვიანდა და ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ახალი ერთეულების შექმნა პრობლემატური იქნება. ხელისუფლებს დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მოუწევს სოლიდური სამუშაოების განხორციელება.

გამგებლის (მერის) არჩევა

განსხვავებით დღეს მოქმედი ორგანული კანონისაგან, თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით გამგებელი (მერი) აირჩევა პირდაპირი წესით ამომრჩეველთა მიერ. პირველ ეტაპზე გამგებელი (მერი) 3 წლის ვადით აირჩევა. აღნიშნული ვადა შეიცვლება 2017 წლიდან და ისინი 4 წლის ვადით იქნებიან არჩეული.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად ქალაქის მერებისა და მუნიციპალიტეტის გამგებლების ასარჩევად დაწესდება 50%-იანი ბარიერი.

ჩვენი შეფასება:

მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესისა და 50%-იანი ბარიერის  შემოღება დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ორი მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ საჭიროებს ყურადღებას და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება მათაც გაითვალისწინებს. კერძოდ:

  • ამომრჩევლის თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შემოღება, ნაცვლად ერთმანდატიანისა. საკრებულოებში მანდატების რაოდენობა უნდა გადანაწილდეს კონკრეტული დასახლებების ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად;

  • არ უნდა გაუქმდეს კანონის მოქმედი ნორმა და საინიციატივო ჯგუფებს კვლავ უნდა ჰქონდეთ უფლება, მერობისა/გამგებლის/საკრებულოს არჩევნებში წარადგინონ დამოუკიდებელი კანდიდატები.

გამგებლისათვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადება

კოდექსის თანახმად, პირდაპირ წესით არჩეული გამგებელს (მერს) შესაძლებელია   გამოუცხადდეს უნდობლობა და გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან. კოდექსის 51 მუხლის თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების უფლება ეძლევა საკრებულოს, რის განსახორციელებლადაც საკმარისი იქნება საკრებულოს წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა. გამგებლისათვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების საკითხი შეიძლება დაყენებულ იქნეს ამომრჩეველთა 20 პროცენტის მოთხოვნითაც.

ჩვენი შეფასება:

აღნიშნული მექანიზმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მოტივით, კერძოდ, საკრებულომ შეიძლება მოახდინოს უნდობლობის პროცესის ინიცირება იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უმრავლესობასა და გამგებელს (მერს) შორის იარსებებს პარტიული ან სხვა სახის დაპირისპირება, ეს მუხლი ამავდროულად ზღუდავს არჩეული გამგებლებისა და მერების ლეგიტიმაციის ხარისხს და მათ საკრებულოზე დამოკიდებულს ხდის. ეს მუხლი ასევე წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანთან და მათ მიერ გამოხატულ ნებასთან, რამაც შესაძლებელია შექმნას არასტაბილური პოლიტიკური გარემო.

თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირი

თუკი დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირს საკრებულოს თავმჯდომარე წარმოადგენს, რეფორმის შემდგომ უმაღლესი თანამდებობის პირი პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი (მერი) ხდება.

ჩვენი შეფასება:

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულო არის ის ორგანო, რომელიც ღებულობს ძირითად გადაწყვეტილებებს, წარმართავს პოლიტიკას ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტის გამგეობა (მერია) კი ვალდებულია აღასრულოს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საკრებულოს აქვს უფლება უნდობლობა გამოუცხადოს გამგებელს (მერს), გაუგებარია რატომ არის გამგებელი (მერი) უმაღლესი თანამდებობის პირი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საკრებულოს არ უნდა ჰქონდეს უფლება შესაბამისი დასაბუთების გარეშე უნდობლობა გამოუცხადოს პირდაპირი წესით არჩეულ გამგებელს (მერს).

საკრებულოს დათხოვნა, მისი საქმიანობის ვადამდე შეჩერება

საკრებულოს დათხოვნისას ან უფლებამოსილების შეჩერებისას, კოდექსის შესაძლებლოას აძლევს საქართველოს მთავრობას მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ, რომელსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობის რწმუნებულის ან კოლეგიური ორგანოს - საგანგებო ადმინისტრაციის მეშვეობით.

ჩვენი შეფასება:

აღნიშნული ნორმა არ შეიცავს რაიმე სახის ხარვეზს. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება მნიშვნელოვანია, რადგანაც საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერებისას არ შეფერხდეს მუნიციპალური სერვისების მიეწოდება.

სახელწიფო ზედამხედველობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის ზედამხედველობას, მათ შორის სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ახალი კოდექსის მიხედვით კი მუნიციპალიტეტის  საქმიანობის სამართლებრივი ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი.

ჩვენი შეფასება:

მიგვაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას საკითხის შინაარსიდან გამომდინარე დასკვნისა და რეკომენდაციის მომზადების პროცესში უნდა ჩართოს შესაბამისი სამინისტრო. რათა მომზადებული დასკვნა და თვითმმართველობის ორგანოსათვის მიწოდებული რეკომენდაცია იყო სრულყოფილი და კომპეტენტური.

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი

სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან შეიქმნება მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო „სამხარეო საკონსულტაციო საბჭო“, მისი უფლებამისილება იქნება:

  • სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის წარდგინებით შესაბამის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა;

  • რწმუნებულის გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა;

  • სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შევლენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე. საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის.

სახელმწიფო-რწმუნებულის გუბერნატორისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობის წესი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N309 დადგენილებით “სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის” დებულების დამტკიცების შესახებ.

ჩვენი შეფასება:

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედებამდე ცვლილებები უნდა შევიდეს “სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის” დებულებაში და გაუქმდეს დებულების მე-10 მუხლის, მე-2 პუნქტის “ვ”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტები, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს” ანიჭებს თვითმმართველობებზე სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელებისა და საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის წინადადებების მომზადების უფლებამოსილებას. ასევე უნდა განისაზღვროს, თუ რა სახით განაგრძობს აღნიშნული სამსახური მომავალში ფუნქციონირებას, რადგანაც ამ მომენტისათვის მისი ძირითადი უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ზედამხედველობასთან არის დაკავშირებული.

თვითმმართველობა სოფლებში

კოდექსის თავდაპირველი ვერსიით წარმოდგენილი იყო იდეა სოფლის დონეზე  მოქალაქეობრივ საწყისებზე შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც უნდა ეზრუნა თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ პირველადი საჭიროებების მართვაზე, თუმცა საბოლოოდ უარი ითქვა ამ იდეაზე და კოდექსის მიხედვით გამგებელი უფლებამოსილი იქნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი იგივე „სოფლის რწმუნებული“, რომლის უფლებამოსილებაც განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით.

ჩვენი შეფასება:

მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება თუკი გამგებლის წარმომადგენელი აღიჭურვება იმდაგვარი უფლებამოსილებებით, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობას, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების გამოვლენის, ისე მათი გადაჭრის გზების მოძიებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავების პროცესში. გამგებლის წარმომადგენელს უნდა დაეკისროს ვალდებულება გარკვეული პერიოდულობით მოიწვიოს სოფლის კრება და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მეშვეობით მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული გადაწყვეტილებები.

ფისკალური დეცენტრალიზაცია

დღეს მოქმედი ორგანული კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ქონების გადასახადი, ადგილობრივი მოსაკრებლები და გათანაბრებითი ტრანსფერი. დაგეგმილი რეფორმის მიხედვით კი ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური რესურსები გაიზრდება  ე.წ. წილობრივი გადასახადის ხარჯზე. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაქმებული პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი იმავე თვითმმართველ ერთეულს დარჩება. ამასთანავე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არა საკუთარი შემოსულობის სახით სპეციალურ და მიზნობრივ ტრანსფერებთან ერთად, დამატებით კაპიტალურ ტრანსფერს1 მიიღებს.

კოდექსის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 2014 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს კანონპროექტს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელმაც უნდა განსაზღვროს სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის საშემოსავლო გადასახადის განაწილების პროპორცია და მექანიზმი, აგრეთვე მუნიციპალიტეტებისათვის გამოსაყოფი გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი ფონდის პროცენტული მიმართება ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან და გათანაბრებითი ტრანსფერის განაწილების შესაბამისი წესი.

ჩვენი შეფასება:

წილობრივი გადასახადის რეგულირება ნათლად არ არის წარმოდგენილი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში” ცვლილებები შეტანის ვალდებულების ბოლო თარიღად განსხვავებით კოდექსის თავდაპირველი რედაქციისაგან 2015 წლის ნაცვლად 2014 წლის 1 სექტემბერია განსაზღვრული.

ამასთანავე, გაურკვეველია თუ როგორ მოხდება არჩევნების ჩატარების შემდგომ ახლად წარმოქმნილ თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს შორის ბიუჯეტის ნაშთისა და საბიუჯეტო წლის დასაწყისში აღებული ვალდებულებების გადანაწილება.

მნიშნელოვანია, რომ რეფორმის შემდგომ უზრუნველყოფილ იქნეს თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციოალტეტების ფინანსური დამოუკიდებლობა. უნდა შემუშავდეს თითოეული მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველო ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრაგეგია რათა მათ შეძლონ საკუთარი უფლებების ეფექტურად განხორციელება, ამავდროულად უნდა დაანგარიშდეს, თუ რა უჯდება თითოეულ მუნიციპალიტეტს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება.

უნდა გადაიხედოს საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული საგადასახადო შეღავათების ნაწილი ქონების გადასახადთან მიმართებაში. ასევე საფუძვლიან გადახედვას საჭიროებს ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის კანონი, რომელიც საკმაოდ მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე საჭიროებებს.

თვითმმართველობებს უნდა მიეცეთ მეტი დამოუკიდებლობა ბიუჯეტების ხარჯვაში. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მხრიდან შესაძლო ადმინისტრაციული ზედამხედველობა არ უნდა გადაიზარდოს კონტროლში, ასევე მინიმუმანდე უნდა შემცირდეს ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა ადგილობრივი თვითმმართველობების ხარჯვით ნაწილში.

უნდა გაიზარდოს ბიუჯეტის შემუშავებისა და ხარჯვის პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის ხარისხი. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ბიუჯეტის პროექტის შედგენამდე უნდა მოიკვლიონს საზოგადოების საჭიროებების და საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გამომდინარე ამ საჭიროებების ბიუჯეტებში ასახვა.

მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, არ არის განსაზღვრული თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საშტატო რაოდენობის ზედა ზღვარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით კი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 30 საშტატო ერთეულით, რომელსაც დაემატება 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებული ჯამი.

დღეს თვითმმართველობებში დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 14 ათასს აღწევს, ხოლო რეფორმის შემდეგ იგი 3 ათასით შემცირდება.

ჩვენი შეფასება:

არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა დასაქმების თითქმის ერთადერთი რესურსია.

მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი სწორ მენეჯმენტზე და სერვისების ეფექტურ მიწოდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რისთვის აუცილებელია გონივრული რაოდენობის კვალიფიციური საჯარო მოხელეები.

საჯარო მოხელის შერჩევა და განთავისუფლება უნდა მოხდეს კონკურსისა და ატესტაციის მეშვეობით, მისი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით. შერჩევის პროცესი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური თუ კერძო შეხედულებებისგან. საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს კარგად და კვალიფიციურად მუშაობის მოტივაცია. მხედველობაში უნდა იქნეს გათვალისწინებული კარიერული ზრდა, ხელფასის გაზრდა თუ სოციალური დაცვა.  გამომდინარე ზემოთქმულიდან მნიშვნელოვანია, რომ კოდექსით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა რაოდენობის ზედა ზღვარი.

საკრებულოსა და გამგეობის (მერიის) საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება

რეფორმის შემდგომ საკრებულოსა და გამგეობის (მერიის) საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25%-ს. არსებული მდგომარეობით, მსგავსი დათქმა მოქმედ ორგანულ კანონში არ არის გათვალისწინებული და შრომის ანაზღაურების ხარჯების განსაზღვრისას მუნიციპალიტეტები არ არიან შეზღუდულნი. კოდექსის მიხედვით, ასევე დაუშვებელია საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.

ჩვენი შეფასება:

თვითმმართველობისათვის საჯარო მოსამსახურეებზე გასაცემი ანაზღაურების ლიმიტის დაწესებულების პარალელურად აუცილებელია განისაზღვროს სახელფასო დანამატისა და პრემიის გაცემის წესები. დღეისათვის პრემიები გაიცემა კანონის მოთხოვნათა იგნორირებითა და სათანადო დასაბუთების გარეშე ხდება.

პრემიის გაცემის წესის დადგენის შემთხვევაში პროცესი მოექცევა საკანონმდებლო ჩარჩოებში, რაც ხელს შეუწყობს პრემიისა და სახელფასო დანამატის გაცემისთვის ერთგვაროვანი საფუძვლების ჩამოყალიბებას. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ეკონომიასაც.

თვითმმართველი ერთეულის ქონება

თვითმმართველობის განხორციელებისათვის აუცილებელი ის ქონება, რომელიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას, ან დაყადაღებულია ან ყოფილი კოლმეურნეობების ბალანსზეა, 2017 წლამდე გადავა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, კოდექსის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2017 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების გადაცემის ვადების ამსახველ შესაბამის გრაფიკსა და წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

ჩვენი შეფასება:

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ვადა გონივრულია, რადგანაც დღეს სახელმწიფოს არ აქვს სისტემატიზირებული ინფორმაცია იმაზე, თუ რა ქონებას ფლობს რეალურად. ხშირ შემთხვევაში მონაცემები მოძველებულია და საბჭოთა მმართველობის პერიოდში მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. მუნიციპალიტეტისათვის ქონების გადაცემის დღეს არსებული წესი კი ძალზედ გართულებულია.

მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები

კოდექსის მე-16 მუხლით მე-2 პუნქტი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს.

რომელთაგან სიახლეს წარმოადგენს

  • „თ“ ქვეპუნქტი - „წყალმომარაგებისა (მათ შორის ტექნიკური) და წყალარინების უზრუნველყოფა;  ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება“, რაც მოქმედით კანონმდებლობით ცენტრალური ხელისუფლების, კერძოდ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს“ სსიპ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“,  უფლებამოსილებას წარმოადგენს.

  • „რ“ ქვეპუნქტი - შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

  • „უ“ ქვეპუნქტი - ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა;

  • კოდექსით თბილისისთვის დამატებით განსაზღვრულია გადაუდებელი სასწრაფო დახმარებით უზრუნველყოფის ვალდებულება.

ჩვენი მოსაზრებები:

“თ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით

საქართველოს მასშტაბით წყალმომარაგების მომსახურებაზე დღევანდელი მდგომარეობით პასუხისმგებელია „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს“ სსიპ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, ამ უფლებამოსილებების თვითმმართველობისათვის მინიჭების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კომპეტენციათა დუბლირებას.

გაუგებარია აღნიშნული კომპეტენცია მთლიანად თვითმმართველობის უფლებამოსილება გახდება, თუ მოხდება გარკვეული ფუნქციების გადანაწილება წყალმომარაგების კომპანიასა და თვითმმართველობებს შორის. ასევე, გაუგებარია, ვინ იქნება წყალმომარაგების და წყალსანირების ინფრასტრუქტურის სისტემის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ორგანო. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დღეს არსებული მდოგმარეობით მუნიციპალიტეტების უმეტესობას არ გააჩნიათ წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა.

“უ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ქვეპუნქტის არსებობამ თვითმმართველობის კოდექსში რეალურად შეუწყოს ხელი შშმ პირების საჭიროებებთან ფიზიკური გარემოს ადაპტირებას. აუცილებელია, რომ თვითმმართველობის შესაბამისმა სამსახურებმა მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მასზე ზედამხედველობისას ყურადღება გაამახვილონ შშმ პირთა თავისუფალი გადაადგილებისათვის აუცილებელი, გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. უნდა დაწესდეს გარკვეული სტანდარდებიც.

 


 1კაპიტალურ ტრანსფერს მიეკუთვნება გაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ხიდების, გზების, კულტურის ობიექტების, საავადმყოფოების, სკოლების და სხვა შენობების ასაშენებლად ან შესაკეთებლად.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“