ENG

ხმაურისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემა ფოთის დევნილთა დასახლებაში

16 მაისი, 2020

 

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები წლებია, ხმაურისა და დაბინძურების პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ. დევნილთა ინფორმაციით, ხმაურს 24-საათიან რეჟიმში მოძრავი სატვირთო ავტომობილები იწვევს, დაბინძურებას კი - ტვირთის გადაზიდვისას ჰაერში გაფანტული მტვერი. დევნილთა დასახლებაში არსებული მძიმე ეკოლოგიური პრობლემების არსებობას ადასტურებენ როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გაარკვია, რომ ხმაურისა და მტვრის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა საწარმოს საქმიანობაა, მათ შორისაა ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან და “ქართული ოცნებიდან” ფოთის საკრებულოს წევრ აპალონ ბჟალავასთან დაკავშირებული კომპანიები.

დევნილთა დასახლება ფოთის სამეწარმეო ზონის გვერდით მდებარეობს და უშუალოდ ემიჯნება შპს „ტრანსფორდს”. აქვეა სააქციო საზოგადოება „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურიც“, რომელმაც საკუთარი ტერიტორია საიჯარო ხელშეკრულებით გადასცა კომპანიებს და აქედან სხვადასხვა სახის ტვირთი (მათ შორის, კონცენტრატები) გადააქვს შპს „ტრანსფორდს“,  შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ საქართველოს” და სხვა ფირმებს. ნავსადგურს ესაზღვრება გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც ასევე, ინტენსიურად გადაადგილდებიან სატვირთო ავტომანქანები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირები დევნილობის დროიდან ცხოვრობენ. 2012 წელს დაიწყო მათთვის ბინების დაკანონების პროცესი, რომელიც ახლაც გრძელდება. დღემდე საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა 83 ოჯახს.

კავშირი შპს „ტრანსფორდსა” და ფოთის მერს შორის

შპს „ტრანსფორდი” 2010 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული, კომპანიის 25% წილის მფლობელია აშშ-ში რეგისტრირებული Pace International LLC (შპს „პეის ინთერნეიშნლ”), 75% წილს კი ქართული კომპანია შპს „პეის ჯორჯია” ფლობს.  შპს „ტრანსფორდის” დირექტორი კი ფოთის საკრებულოს წევრი აპალონ ბჟალავაა.

შპს „ტრანსფორდი” ამვდროულად ფლობს წილებს რამდენიმე კომპანიაში, კერძოდ:

სწორედ შპს „მეტალექს+”-სა და შპს „მეტალექს ტრანსში” 3,5-3.5% წილებს ფლობს ფოთის მოქმედი მერი გოჩა კურდღელია.

თავის მხრივ, შპს „პეის ჯორჯიაც” ფლობს წილებს რამდენიმე კომპანიაში:

  • შპს „ჯორჯიან ფერრი” - 30% წილი, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს შპს „ჯეოფერრის” 100% წილს (ორივე კომპანიის დირექტორი ვალერიან დვალია, რომელიც მანამდე შპს „ტრანსფორდის” დირექტორი იყო. შპს „ჯორჯიან ფერრის” 15% წილი პარლამენტის ყოფილ წევრის, ლევან გაჩეჩილაძის საკუთრებაშია)
  • შპს „ზიმ ინთეგრეითიდ შიფინგ სერვისის ჯორჯია”  - 49% წილი (კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი შპს „პეის ჯორჯიას” დირექტორი ირაკლი თათეიშვილია)
  • შპს „პეის ტერმინალი” - 75% წილი
  • შპს „პეის ტრანსი” - 100% წილი (კომპანიის კომერციული დირექტორია ასევე შპს “ტრანფორდის” ყოფილი დირექტორი ვალერიან დვალი)
  • შპს „პეისი საზღვაო სააგენტო” - 100% წილი

აღსანიშნავია, რომ დასახლების მიმდებარედ არსებულ ე.წ. საწარმოო ზონაში არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების ნაწილი შპს „პეის ტერმინალისა” და შპს “ფოთის გემთსაშენის” საკუთრებაშია.

ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ასევე, ფლობს შპს „Caucasian Metals Terminal”-ის 15% წილს. კომპანია 2013 წლიდან მუშაობს, საწარმო ქალაქ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი ძირითადი საქმიანობა პოლიმეტალის კონცენტრატების გადამუშავებაა. ჯავახიშვილს ქუჩის მცხოვრებთა ინფორმაციით, ეს გადამუშავებული ტვირთი სწორედ მათი დასახლების გავლით გადააქვთ, ტვირთის გადაზიდვისას გაფანტული მტვერი კი ჰაერს აბინძურებს. ხმაურისა და დაბინძურების გასაპროტესტებლად ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია რამდენჯერმე გამართეს.

პოლიტიკური შემოწირულობები

შპს „ტრანსფორდთან” და შპს „პეის ჯორჯიასთან” დაკავშირებული ცალკეული კომპანიების დირექტორები და წილების მფლობელები, ასევე ფოთი მერი გოჩა კურდღელია პარტიების შემომწირველებიც არიან.

ცხრილში მითითებულ პირებს ჯამში 853,050 ლარი აქვთ შეწირული, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ ცხრილში ჩამოთვლილ პირებს ყველაზე დიდი ოდენობით თანხა (360,000 ლარი) 2017 წელს, ერთთვიან მონაკვეთში - 26 ივლისიდან 24 აგვისტომდე პერიოდში აქვთ შეწირული, თანხის მიმღები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”. 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფოთში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ გაიმარჯვა.

ფოთის მუნიციპალიტეტის პოზიცია

ფოთში მცხოვრებმა დევნილებმა პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს მერიას, იქიდან კი შუამდგომლობის წერილები შესაბამის სამინისტროებში გააგზავნეს. ფოთის მერიამ დაგვიდასტურა დევნილთა მიერ ჩამოთვლილი პრობლემების არსებობა. მათი აზრით, ხმაურს იწვევს ის გარემოება, რომ პორტთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებს შორის, პორტის ტვირთბრუნვის ზრდამ კი, თავის მხრივ, სატვირთო ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობაც გაზარდა. მერიის ინფორმაციით, ხმაურის დონე გარკვეულ უბნებში დასაშვებ მაქსიმალურ დონეს - 60 დეციბელს ბევრად აღემატება (ცალკეულ შემთხვევებში 94-97დცბ-ს და 101-103 დცბ-ს აღწევს).

ფოთის მერიამ, ასევე, გვაცნობა, რომ მათ შესაბამის სამინისტროებს არაერთხელ მიმართეს პრობლემის გადაჭრის შუამდგომლობით, მათ შორის ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში მტვრისა და ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით.

გამოვლენილი დარღვევები

გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ მათ რამდენჯერმე შეისწავლეს როგორც ჯავახიშვილის ქუჩაზე დევნილთა დასახლების მიმდებარედ არსებული საწარმოების[1], ასევე  შპს „Caucasian metals terminal” -ის საწარმოო პროცესი და გამოავლინეს ცალკეული დარღვევები, მათ შორის: დარღვევები ნარჩენების ტრანსპორტირებისას; დაბინძურებული წყლის ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტებში; ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღურიცხაობა და ა.შ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დანართებში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში, ბინის აივანზე გაზომეს ჰაერში მტვრის ნაწილაკების, ნახშირბადის მონოქსიდის, აზოტის დიოქსიდისა და მეტალების შემცველობა. კვლევამ დაადგინა, რომ მტვრის კონცენტრაცია აღემატებოდა შესაბამის ნორმას ყველა სინჯში, ცალკეულ სინჯებში კი დასაშვებ ნორმას აღემატებოდა  მანგანუმის დიოქსიდის შემცველობაც.

დასკვნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა საცხოვრებელი გარემო არ არის უსაფრთხო, რასაც ადასტურებს როგორც ფოთის მერიის, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციები.

მეორეს მხრივ, იკვეთება ერთგვარი ინტერესთა კონფლიქტი ფოთის მერსა და არსებულ პრობლემებს შორის: ფოთის მერი, გოჩა კურდღელია კავშირშია სწორედ იმ კომპანიებთან, რომელთა საქმიანობაც იწვევს ხმაურსა და ჰაერის მტვრით დაბინძურებას, ეს გარემოება კი, შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს.

რეკომენდაციები

  • ფოთში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის სამეწარმეო ზონაში, უნდა დამონტაჟდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ ყველა საწარმოს საქმიანობა და დაადგინონ, კონკრეტულად რა ღონისძიებებია საჭირო გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ხმაურის შესამცირებლად;
  • ზემოთ მოყვანილ გარემობათა გამო, უნდა დაკმაყოფილდეს ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა მოთხოვნები და გამოეყოს  მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები.

[1] სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური”, მათ შორის სააქციო საზოგადოების მიერ შპს „ტრასფორდი“-ზე იჯარით გადაცემულ ტერიტორიაზე მიმდინარე საწარმოოს პროცესი; შპს “ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ საქართველო”