42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით ვითხოვთ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით ვითხოვთ

06 ნოემბერი, 2020

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანა. აქედან:

46 - არჩევნების დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, საიდანაც 41 არ დაკმაყოფილდა; დაგვეთანხმნენ მხოლოდ 5-ზე: ერთ შემთხვევაში პროცედურული ხარვეზების გამო გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა, 4 შემთხვევაში კომისიის წევრებს სხვადასხვა დარღვევის გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრათ.

62 -  შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსებს ეხებოდა.

შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსების გამო ჩვენმა ორგანიზაციამ 62-ვე უბანზე ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვა. აქედან:

  • 40 საჩივარი არ დაკმაყოფილდა
  • 19 განუხილველი დარჩა

3 უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიამ ბიულეტენები გადაითვალა.

საბურთალოს 03.03.52 უბანზე გადათვლის შედეგად აღმოჩნდა:

  • „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მიღებული ხმების გრაფაში ეწერა ციფრი სამი, ხოლო გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 33 ბიულეტენი;
  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” გრაფაში ეწერა 2, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 42 ბიულეტენი;
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გრაფაში ეწერა 1, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 21 ბიულეტენი.

დიდუბის 06.07.25 უბანზე აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ურნაში 19-ით ნაკლები ბიულტენი იყო, ისინი დაკარგულად ჩაითვალა და საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დააკორექტირა.

ბათუმის 29.79.19 უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმში ამომჩეველთა რაოდენობა 1334-ით აჭარბებდა სარეგისტრაციო ჟურნალებში ამომჩევლების ხელმოწერების რაოდენობას. საოლქო კომისიამ გადათვლის შედეგად ახალი ოქმი შეადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 42 უბანს, სადაც განსაკუთრებულად პრობლემური შემთხვევები იყო, სასამართლოში ასაჩივრებს.

print