„ეს შენ გეხებას“ განცხადება „must carry”-სა და „must offer”-ის მიმდინარე საკანონმდებლო პროცესზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„ეს შენ გეხებას“ განცხადება „must carry”-სა და „must offer”-ის მიმდინარე საკანონმდებლო პროცესზე

29 ივნისი, 2012

 

სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეები  მიესალმებიან საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს ე.წ „must carry”-სა და „must offer”-ის პრინციპების კანონმდებლობაში დანერგვის თაობაზე, რომელიც  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს საერთო მაუწყებლის გადაცემას ავალდებულებს.

აღსანიშნავია, რომ „ეს შენ გეხებას“ მონაწილეების მიერ საკომიტეტო განხილვებისას წარდგენილი რეკომენდაციების შედეგად კანონპროექტი  გაუმჯობესდა.  თუმცა, მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულებების მოქმედების პერიოდი კანონპროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზია.

კერძოდ, კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციის მიხედვით, აღნიშნული პრინციპების ამოქმედება სავალდებულო იქნება არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე, რაც სრულად არ მოიცავს საარჩევნო პერიოდს.  შესაბამისად, აღნიშნული კანონის ამოქმედება ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას,  როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე  არჩევნების შედეგების და საარჩევნო პროცესის საბოლოო შეფასებებების თაობაზე.

მივიჩნევთ, რომ კანონპროექტმა სრულად უნდა მოიცვას საარჩევნო პერიოდი და აღნიშნული პრინციპების მოქმედება დაადგინოს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გაიზიაროს რეკომენდაცია კანონის მოქმედების ვადის გაზრდის თაობაზე და ასახოს იგი კანონპროექტში.