განცხადება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

09 დეკემბერი, 2020

 

9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მიმდინარე წელს, პანდემიისა და საპარლამენტო არჩევნების, ცხადად გამოჩნდა საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის გადაუჭრელი გამოწვევები.

მართალია საქართველოში კვლავ იშვიათია წვრილმანი კორუფციის შემთხვევები, მაგრამ გადაუჭრელ პრობლემად რჩება მაღალი დონის კორუფცია, რაც ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ივნისში გამოქვეყნებული „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების“ თანახმად, ქვეყანაში ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებას რიგი სისტემური ხასიათის პრობლემები აფერხებს, მათ შორის:

  • ძალაუფლების კონცენტრაციის უკიდურესად მაღალი ხარისხი და მმართველი პარტიის ფაქტობრივად სრული კონტროლი საჯარო ინსტიტუტების დიდ ნაწილზე. არაფორმალური გავლენა მთავრობისა და სხვა საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაზე.
  • პარლამენტისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობა, რაც ამცირებს მათ უნარს, ქმედითი ზედამხედველობა გაუწიონ მთავრობისა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.
  • პოლიტიკური კონკურენციის სისუსტე, რასაც საფუძვლად უდევს მმართველი პარტიის პრივილეგირებული წვდომა რესურსებზე. საარჩევნო დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების დარღვევებზე და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევებზე ქმედითი რეაგირების არარსებობა.

ამ გარემოებათა შედეგია დე ფაქტო ერთპარტიული მმართველობა და სახელმწიფოს მიტაცება, რაც გამორიცხავს ქმედით დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას და ფართო შესაძლებლობებს ქმნის კორუფციისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით გაზაფხულზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47 პროცენტი ფიქრობს, რომ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებს საქართველოში სათანადოდ არ იძიებენ.

2020 წლის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების ფარგლებში სხვა პრობლემური საკითხებიც გამოიკვეთა:

ამ ფაქტების ერთობლიობა ცხადჰყოფს, რომ ისევე, როგორც გასულ წლებში, საქართველოს ხელისუფლებას არც 2020 წელს გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები ქვეყნის ანტიკორუფციული სისტემის, კანონმდებლობისა და პოლიტიკის ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:

  • ქვეყნის მმართველობაში პარლამენტის, ხოლო თავად პარლამენტში - ოპოზიციის როლის გაძლიერება, მათ შორის ოპოზიციისთვის რიგ საპარლამენტო კომიტეტებში ხელმძღვანელი თანამდებობების დათმობისა და საგამოძიებო კომისიების ინსტრუმენტის ქმედითობის უზრუნველყოფის გზით.
  • რეალური ნაბიჯების გადადგმა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის.
  • პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
  • ანტიკორუფციული ფუნქციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ჩამოცილება და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა.
  • მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლისა და თავდასხმების შეწყვეტა.