„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აფასებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აფასებს

12 ივლისი, 2014

თბილისი, 2014 წლის 12 ივლისი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს 50-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. საარჩევნო პროცესებს 8 თვითმმართველ ქალაქში ორგანიზაციის 17 მობილურმა ჯგუფმა მიადევნა თვალი. მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები 580 უბანზე იმყოფებოდნენ.

კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა. დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ სერიოზული დარღვევები. ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო უბნები უზრუნველყოფილი იყო საარჩევნო დოკუმენტაციით. არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, არ დაფიქსირებულა ბიულეტენების გატაცების ფაქტი.

მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე ამოწმებდნენ იმ ინციდენტებს, რომლებიც მედიისა და პოლიტიკური პარტიების საშუალებით ვრცელდებოდა. დაფიქსირდა დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც, ძირითადად, უბნის გარეთ პოლიტიკური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის ძალადობრივ ქმედებაში გამოიხატა.  

ტენდენციის სახით შეიძლება გამოიყოს შემდეგი:

პოლიტიკური პარტიების კოორდინატორების/აქტივისტების მობილიზება საარჩევნო უბნის გარეთ

  • კენჭისყრის მიმდინარეობისას, პოლიტიკური პარტიების კოორდინატორები და აქტივისტები ისევე, როგორც წინა არჩევნებზე, აღნუსხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს. ეს ქმედება კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს დაპირისპირებას სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერებს შორის და ამომრჩეველზე არაპირდაპირი გავლენის საშუალებადაც შეიძლება შეფასდეს.

დაპირისპირება სააჩევნო უბნის გარეთ

  • მაგალითისთვის, ნაძალადევის ოლქის #8, #9 და #10 უბნებიდან, რომლებიც ერთსა და იმავე შენობაში მდებარეობს, გააძევეს „საზოგადოებრივი ინიციატივის“ დამკვირვებელი. გაძევების შემდეგ საარჩევნო უბნის გარეთ მას და რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ასევე ვრცელდებოდა მსგავსი ინფორმაცია ხონის ოლქის  #1, კრწანისის ოლქის #24, #25, #26,  რუსთავის ოლქის #79-ე და სხვა უბნებზე.

სხვა დარღვევები

  • კრწანისის ოლქის #10 უბნის გარეთ დაკავებული იქნა საუბნო საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მეუღლე, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ გაათავისუფლეს.
  • ვარკეთილის ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „მწვანე დედამიწის“ წარმომადგენელი ირმა ბერაძე სამაგიდო სიიდან ინიშნავდა იმ უბანზე მისული ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემებს, რაც „პერსონალური მონაცმების დაცვის შესახებ” კანონის დარღვევას წარმოადგენს.

საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ არჩევნების დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვას და აღარ იქნება ოქმებში ბალანსთან დაკავშირებული პრობლემები.

print