პრემიერის გამოსვლის დროს რეკლამის გაშვებით ტელეკომპანიებს კანონი არ დაურღვევიათ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პრემიერის გამოსვლის დროს რეკლამის გაშვებით ტელეკომპანიებს კანონი არ დაურღვევიათ

03 აპრილი, 2015

 

1 აპრილს  მთავრობის სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება რამდენიმე ტელეკომპანიამ რეკლამით შეწყვიტა მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოდიოდა. ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა და „მაესტრომ“ ტრანსლაცია რეკლამით გაწყვიტეს, „იმედმა“ კი სპეციალური გამოშვება პრემიერმინისტრის გამოსვლის დამთავრებამდე დაასრულა, რის შემდეგაც რეკლამა გავიდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ისა და „მაესტროს“ მიერ ტრანსლაციის რეკლამით შეწყვეტას და განსაკუთრებულად აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კომენტარი იმის თაობაზე, რომ „ტელეკომპანია იძულებულია, გავიდეს სარეკლამო ჭრაზე, ვინაიდან ამას დღეს ამოქმედებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მოითხოვს“. კომისიის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში კომერციული რეკლამის რეგულაციის მიზნით განხორციელებული ცვლილებები, რომელიც მართლაც 1 აპრილს შევიდა ძალაში, „ამგვარ ვალდებულებას არ ითვალისწინებს.“ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კომისია შეისწავლის, თუ რამდენად კანონიერად მოხდა მაუწყებელთა მიერ ტრანსლირების რეკლამით შეწყვეტა და კანონის ამ ნორმის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ განმარტებას გააკეთებს.

მაუწყებლობის შესახებ კანონის 63-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით იკრძალება ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიებისა და უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლების ტრანსლაციის რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავის მხრივ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით წარმოადგენენ შემდეგი პირები: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, პრემიერმინისტრი და მინისტრები; ასევე, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და მთავრობათა ხელმძღვანელები. პირდაპირი ტრანსლაცია მაუწყებლებს აქამდეც არაერთხელ შეუწყვეტიათ, თუმცა მარეგულირებელ ორგანოს ეს საკითხი არასოდეს შეუსწავლია.

თავად მაუწყებლობის შესახებ კანონი არ შეიცავს ისეთი ცნებების განმარტებას, როგორიც არის ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება და უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა. თუ კანონის ამ ნორმის ვიწრო განმარტებას გავაკეთებთ, მივიღებთ, რომ მაუწყებლებს ეკრძალებათ არამარტო პრემიერმინისტრისა თუ პრეზიდენტის მიმართვის ან ნებისმიერი რეგულარული შეხვედრის (როგორიცაა მთავრობის სხდომა) ტრანსლირების, არამედ, მაგალითად, ნებისმიერი დეპუტატის გამოსვლის ტრანსლაციის შეწყვეტაც  რეკლამით. შედეგად, მივიღებდით ირაციონალურ ნორმას, რომელიც გამოიწვევდა თანამდებობის პირების გამოსვლებით მაუწყებლების ეთერის გადავსებას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კანონი ოფიციალურ გამოსვლაში გულისხმობს თანამდებობის პირების კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებული გამოსვლებს, მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის დროს გაკეთებული განცხადებებს, რაც არის კანონის ერთადერთი რაციონალური და რეალისტური განმარტება.

აღსანიშნავია, რომ აუდიოვიზუალური მედიასერვისის დირექტივა, რომელთა ნორმების ქართულ კანონმდებლობაში ჰარმონიზაციის ვალდებულება საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდგომ აიღო, ადგენს წესებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ცალკეული პროგრამების თუ რელიგიური ცერემონიის რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა (მე-20 მუხლი). თუმცა დირექტივა არაფერს საუბრობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების გამოსვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიებს, რომლებმაც პრემიერის გამოსვლა პირდაპირ ეთერში ბოლომდე არ გადასცეს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არ დაურღვევიათ და მათ მიმართ მარეგულირებელმა არანაირი ღონისძიებები არ უნდა გაატაროს. ვფიქრობთ, საკითხის გარშემო მიმდინარე დისკუსიამ წარმოაჩინა, რომ სასურველია, კანონის ეს ნორმა შესაბამისად განიმარტოს, რათა მომავალში მაუწყებლები კვლავ მსგავსი ბუნდოვანების წინაშე არ აღმოჩნდნენ.  

print