ქუთაისის საკრებულოს 2022 წლის საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქუთაისის საკრებულოს 2022 წლის საქმიანობის შეფასება

14 ივლისი, 2023

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2022 წელს გაწეულ  საქმიანობას.

ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.

კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთს.

ძირითადი მიგნებები

  • ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. საკრებულო უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;
  • ქუთაისის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
  • მცირედით გაუმჯობესდა საკრებულოს სხდომათა საორგანიზაციო მხარე, განსხვავებით 2020 წლისაგან. საანგარიშო პერიოდში სულ 21 სხდომა გაიმართა, რომელთაგან მხოლოდ 7  იყო რიგგარეშე;
  • საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულომ 55 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 45-ის ავტორი/ინიციატორი იყო ქუთაისის მერი, 10 დადგენილებისა კი - საკრებულოს თავმჯდომარე.
  • ქუთაისის საკრებულოს 19  თანამდებობის პირიდან  დეკლარაციები დარღვევით 4-მა თანამდებობის პირმა შეავსო .
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს ანგარიში წარუდგინა 2022 წლის 30 ნოემბერს.
  • ქუთაისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობს. საბჭომ შეიმუშავა გენდერული პოლიტიკის დოკუმენტი, სტრატეგია და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა; ასევე, საბჭო პერიოდულად წარადგენს რეკომენდაციებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტზე;
  • საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი - 17 სხდომა გააცდინა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ნინო ჩიკვაშვილმა. ასევე, 16-16 გაცდენა აქვთ  ფრაქცია  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს - გრიგოლ შუშანიას, გაგა მანაგაძეს, რომან ქვაჩაკიძეს და ანა კოხრეიძეს. ბესიკ ბრეგაძეს შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, რადგან ის 6 თვის განმავლობაში არ ესწრებოდა საკრებულოს სხდომებს.
  • საანგარიშო პერიოდში  შრომის ანაზღაურებაზე 1,342,034   ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 84,882 ლარი მიიღეს;
  • ქუთაისის საკრებულომ 14 თვეში 92,723 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 298,261   ლარი შეადგინა;
  • Საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულოში არცერთი პეტიცია არ ყოფილა წარდგენილი.

რეკომენდაციები

კონტროლის განხორციელება:

  • საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საზედამხედველო საქმიანობაში, უფრო ქმედითად უნდა აკონტროლებდნენ სახელმწიფო შესყიდვების პროცესს, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს;
  • საკრებულომ ხელი უნდა შეუწყოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნას, რათა გამჭვირვალედ შეისწავლოს ყველა საეჭვო საკითხი;
  • საკრებულომ სასურველია მოიწვიოს  დამოუკიდებელი აუდიტორი;
  • საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე.

ანგარიშვალდებულება:

  • უნდა გაუმჯობესდეს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრების მაჩვენებლები. ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია. საკრებულომ უნდა გამოარკვიოს თითოეული წევრის მხრიდან სხდომის გაცდენის საპატიო თუ არასაპატიო მიზეზი და გამოიყენოს სათანადო ღონისძიებები;
  • აუცილებელია საკრებულოს წევრებმა აქტიურად ისარგებლონ როგორც საკრებულოს, ასევე კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით, წარადგინონ მოსაზრებები განსახილველ საკითხებზე, მიაწოდონ საკრებულოს და მერიას ინფორმაცია მოქალაქეთა კონკრეტული საჭიროებების შესახებ;

ფრაქციების საქმიანობა:

  • მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის. ფრაქცია აქტიურად უნდა ჩაერთოს საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესში, შეისწავლოს/გააკონტროლოს მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგეს საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ.

საკრებულოს ხარჯები:

  • საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეკონომიაზე.

პეტიცია:

  • კანონმდებლობა თვითმმართველობებს აძლევს შესაძლებლობას, პეტიციის საჭირო ხელმომწერთა რაოდენობა შეამცირონ მათთვის სასურველ ნებისმიერ ოდენობამდე. თვითმმართველობის კოდექსი აწესებს მხოლოდ ზედა ზღვარს - 1%, რაც ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეების დიდი ოდენობის გათვალისწინებით, შესაძლოა, რთულად შესასრულებელი მოთხოვნა იყოს;
  • საანგარიშო პერიოდში საკრებულოში არც ერთი პეტიცია არ დარეგისტრირებულა ქუთაისის საკრებულომაც უნდა შეამციროს პეტიციაზე ხელმომწერთა რაოდენობის ქვედა ზღვარი და 1%-ს  ნაცვლად დააწესოს 0.5 პროცენტი.

დასახლების საერთო კრება:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს დასახლების საერთო კრება წარმოადგენს, მისი მოწვევის უფლება აქვთ როგორც ამომრჩევლებს, ასევე მუნიციპალიტეტის მერს საკუთარი ინიციატივით ან საკრებულოს შუამდგომლობით;
  • ქუთაისში დასახლების საერთო კრება ჯერ არ ჩატარებულა. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს ინიციატივით ამოქმედდეს ჩართულობის ეს მექანიზმი. საკრებულომ უნდა მიმართოს მერს მისი ჩატარების შუამდგომლობით.
print