მმართველი პარტიის ზოგიერთი შემოწირულება შესწავლას საჭიროებს
22 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფინანსური შემოწირულებების განხორციელება.
სიუჟეტის მიხედვით, ბიზნესმენები სუს-ის მეშვეობით გუბერნიის შენობაში დაიბარეს, სადაც მათ ზემოაღნიშნულმა სამმა მაღალჩინოსანმა საწარმოს წლიური ბრუნვიდან გარკვეული ნაწილის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ შეწირვა დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, სადაც პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებებია განთავსებული, 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714 000 ლარი შესწირა. ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა წარმოადგენდეს „მთავარი არხის“ სიუჟეტში მოთხრობილი ისტორიის არაპირდაპირ მტკიცებულებას.
მოვუწოდებთ:
გენერალურ პროკურატურას, სრულყოფილად და ჯეროვნად შეისწავლოს სიუჟეტში ასახული შესაძლო მძიმე და მასშტაბური დანაშაული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, რათა შეამოწმოს ხსენებულ შემოწირულებათა კანონთან შესაბამისობა.
