ვის ეკუთვნის რეგიონული მედია: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახალ ანგარიშს აქვეყნებს – „ვის ეკუთვნის რეგიონული მედია?“ – რომელიც რეგიონული მედიასაშუალებების მფლობელობის, დაფინანსებისა და რესურსების საკითხებს განიხილავს. რეგიონული მედია ადგილობრივ დონეზე დისკუსიის წარმართვის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს როლი კიდევ უფრო იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფონზე, რომლის შედეგადაც 2014 წლის ივნისსა და ივლისში საქართველოს 12 ქალაქში მერების პირდაპირი არჩევნები გაიმართა.
ეს ანგარიში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის – „ვის ეკუთვნის ქართული მედია?“ მეორე ნაწილია. კვლევის მიზანია, წარმოაჩინოს რეგიონული მედიასაშუალებების მფლობელების გავლენიანი კავშირები და კორპორატიული ინტერესები, რადგან აუდიტორიას სრული უფლება აქვს, ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე, თუ ვინ ფლობს ქართულ მედიას და სხვა რომელი კომპანიები ასოცირდებიან ამა თუ იმ მედიასაშუალებასთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში მედია ცნობიერების ამაღლებისათვის.
კვლევის მთავარი მიგნებები:
-
რეგიონული მედიასაშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა. არც ერთი მედიასაშუალების მფლობელი არ იმალება ოფშორული კომპანიების მიღმა.
-
რეგიონული მედიის სექტორში მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი ფიგურირებს. უმეტეს შემთხვევებში, მედია კომპანია მათი მფლობელებისთვის ერთადერთი ბიზნეს აქტივია.
– გორის ტელეკომპანია „თრიალეთის“ 10%-ს შპს „მეცხრე არხი“ ფლობს, რომლის 20%-ის შპს „აქცეპტის“ მეშვეობით ყოფილი პრემიერმინისტრის ნათესავის კახა კობიაშვილის საკუთრებაშია. კობიაშვილი საქართველოში ცხრა ოფშორულ კომპანიას წარმოადგენს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ივანიშვილის ოჯახი აკონტროლებს.
– ხაშურის ტელეკომპანია „დია“ გურამ გოგოლაძეს ეკუთვნის, რომელიც სხვა რამდენიმე აქტივთან ერთად ფლობს საცურაო აუზს რუსთავში.
დამოუკიდებელი ტელეკომპანია „გურიის“ ერთ-ერთი მესაკუთრე (51%) ყოფილი პარლამენტარის ვანო ჩხარტიშვილის შვილი მიხეილ ჩხარტიშვილია. ოჯახის საკუთრებაში რამდენიმე კომპანიაა, მათ შორის, აქტივები, რომელთან დაკავშირებითაც დავა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან მიმდინარეობს.
– ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის 15%-ის მფლობელი მერაბ ტყეშელაშვილი, სხვა რამდენიმე კომპანისთან ერთად, ფლობს შპს „ჟოკეი კლუბის“ 7.2%-ს, რომელიც თბილისის იპოდრომს აკონტროლებს.
-
რეგიონულ მედისაშუალებებს არ ფლობენ, აკონტროლებენ ან აფინანსებენ პოლიტიკურად აქტიური პირები, თუმცა, რამდენიმე მედიასაშუალების მფლობელს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კავშირი ჰქონდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.“
– ზუგდიდი ტელეკომპანია „ოდიშის“ მფლობელის ემმა გრიგოლიას ვაჟი ალექსანდრე ქობალია ზუგდიდის გამგებელი იყო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში გადადგა თანამდებობიდან.
– ყოფილი თანამდებობის პირები არიან: ტელეკომპანია „თრიალეთის“ 20%-ის მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი (შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე), ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ორივე მფლობელი – როლანდ მგალობლიშვილი (პარლამენტის წევრი) და მერაბ ტყეშელაშვილი (რუსთავის მერი) და ფოთის ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ მფლობელი მამუკა თოდუა (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე).
– თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ 40%-ის მფლობელი დავით მანია ორი კომპანიის Gruppo Via-სა და „M.D. გრუპის“ დირექტორია. ეს კომპანიები პარლამენტის წევრ ლევან ქარდავას ეკუთვნის. („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) ლევან ქარდავას მეუღლე მაკა მანია და დავით მანია ერთსა და იმავე მისამართზე არიან დარეგისტრირებულნი სოხუმში, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ისინი და-ძმა არიან.
– 2011 წლამდე ახალციხის „მეცხრე არხის“ მესაკუთრე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი (40%) იყო.
-
ფინანსური სტაბილურობა რეგიონული მაუწყებლებისთვის უმთავრეს პრობლემად რჩება. გასულ წელს ადგილობრივ ტელევიზიებზე მთლიანი სატელევიზიო შემოსავლების დაახლოებით 4% მოდიოდა, ხოლო ხუთ მსხვილ ადგილობრივ რადიოსადგურზე მთელი რადიო შემოსავლების დაახლოებით 3% განაწილდა. ფინანსური სირთულეების გამო, ადგილობრივი მედიასაშუალებები ბევრ ჟურნალისტს ვერ ასაქმებენ. მათი რედაქციის თანამშრომელთა რაოდენობა, უმეტესწილად, საშუალოდ რვა ადამიანს ითვლის.
-
2014 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) მაუწყებლობის შეჩერების გამო ლიცენზია გაუუქმა სამ ადგილობრივ მაუწყებელს – „სამეგრელოს“, „TV5“-სა და „სპექტრს“. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ფინანსების სიმწირის გამო დაიხურა ორი რეგიონული გაზეთი – „სამხრეთის კარიბჭის“ სომხური გამოცემა და „ქართლის ხმა“.
-
ბაზრის კონცენტრაციის დონე რეგიონებში ამ დროისთვის შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. რამდენიმე მსხვილი რეგიონულ მაუწყებელს – „რიონი“, „ოდიში“ და „თრიალეთი“ – საკუთარი რადიოსადგურიც აქვს. ხაშურის ტელეკომპანია „დიას“ საკუთრებაშია ადგილობრივი საკაბელო პროვაიდერი კომპანია, რომელიც დაახლოებით 800 აბონენტს ითვლის. ფოთის ტელეკომპანია „მეცხრე ტალღა“ აქციების უმრავლესობას ფლობს ადგილობრივ რადიოსადგურ „რადიო ჰარმონიაში“ ადგილობრივი გაზეთების უმეტესობა ასევე ფლობს ონლაინ მედიასაშუალებებს.
