მედია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ
ზოგადი მიმოხილვა
მედიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას, რადგანაც ის კანდიდატების მიერ მოსახლეობისადმი მათი გზავნილების მიტანის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მეორეს მხრივ, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედია საშუალებას აძლევს ამომრჩეველს გაეცნოს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს და მათ საარჩევნო პროგრამებს, რაც მოქალაქეებს საარჩევნო ყუთთან ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მედიაგარემოს შეფასებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა:
- ამომრჩევლებისთვის ტელევიზია კვლავაც ინფორმაციის მთავარი წყაროა, რასაც 2013 წლის ბოლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს.
- წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებები საკმაოდ დაბალანსებულად აშუქებდნენ წინასაარჩევნო მოვლენებს. სავალდებულო ტრანზიტის (must carry/must offer) მუდმივ ნორმად ქცევის შედეგად, მოსახლეობას მრავალფეროვან ინფორმაციასა და განსხვავებულ ტელევიზიებზე შეუზღუდავი წვდომა ჰქონდა.
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის, მათთვის ხელის შეშლის ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს თითქმის არ ჰქონია ადგილი, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინციდენტს რეგიონებში, სადაც ჟურნალისტებს კანდიდატების ღონისძიებებზე დასწრების ან მათთვის კითხვის დასმის შესაძლებლობას უზღუდავდნენ. დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენელს შორის კრიტიკული მასალის გავრცელების გამო სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
- გასული წლების მსგავსად, სიღრმისეული გაშუქების დეფიციტი თვალშისაცემია. მედიასაშუალებების უმეტესობის წინასაარჩევნო გაშუქება, გარკვეული გამონაკლისების გარდა, საარჩევნო სუბიექტების ყოველდღიური საქმიანობის აღწერით შემოიფარგლებოდა, სადაც ნაკლებად ისმოდა კრიტიკული კითხვები და კანდიდატების დაპირებების დეტალური ანალიზი. კანდიდატების წარსული საქმიანობის, ქონებრივი მდგომარეობის, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და მსგავსი საკითხების ანალიზს კვლავაც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებდნენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ მიგნებებსა და კვლევის შედეგებს შემდგომში უკვე აქტიურად აშუქებდნენ მედიასაშუალებები.
- არხების უმეტესობაზე კვირაში ერთხელ მაინც გადიოდა პოლიტიკური თოქ-შოუები, სადაც არჩევნები ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ამ გადაცემებში თითქმის ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო მონაწილეობა. თუმცა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგების თანახმად, მთავრობისა და კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები ძალიან იშვიათად მონაწილეობდნენ ტაბულას გადაცემაში “თეორემა”, 3-23 მაისის პერიოდში კი არც ერთხელ არ ყოფილან სტუმრად ამ თოქ-შოუში. მონიტორინგის მიხედვით, ამას გადაცემის წამყვანი იმით ხსნიდა, რომ მთავრობის წარმომადგენლები უარს ამბობდნენ სტუდიაში მისვლაზე და ჩართვაში მონაწილეობაზე.
- დღეს მედიაში დიდი რაოდენობით პოლიტიკური ფულის შედინება აღარ შეინიშნება, განსხვავებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, როდესაც მსხვილი ტელეარხები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან და მათგან პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით დაფინანსებასაც იღებდნენ. დღეისათვის, როგორც საკუთრების გამჭვირვალობის, ისე მედიაზე პოლიტიკური კონტროლის თვალსაზრისით ბევრი რამ უკეთესობისკენ არის შეცვლილი.
- საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია: არ ფიქსირდება ონლაინ კონტენტის, აპლიკაციებისა თუ პროგრამების დაბლოკვის მცდელობა და არც მასალის გამოქვეყნებისთვის დაუსჯიათ ვინმე. თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირი წვდომა აქვთ სატელეკომუნიკაციო კომპანიების მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან. ე.წ. შავი ყუთების მეშვეობით, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ან მისი მოთხოვნით) სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ინფრასტრუქტურას წლების წინ მიუერთა, სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობა აქვთ, ერთდროულად მოუსმინონ ათიათასობით ადამიანს, დაადგინონ მათი ადგილსამყოფელი, წაიკითხონ SMS-ები და პირადი ელექტრონული მიმოწერა.
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ფართო განსჯის საგნად იქცა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც კომპანიის ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მიერ იყო ჩაწერილი და რომლითაც არხი ამტკიცებდა, რომ უწყება მათზე თვალთვალს ახორციელებდა. რამდენიმე დღეში „რუსთავი 2“-მა ასევე გადასცა ხელისუფლების ლიდერებს, ამჟამად ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრები. ამ ფაქტმა ცხადყო, რომ საქართველოში კვლავაც მწვავედ დგას ფარულ თვალთვალთან და მიყურადებასთან დაკავშირებული პრობლემა.
- არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მედიასაშუალება ხელისუფლების შესახებ კრიტიკული მასალის გამოქვეყნების გამო საჯაროდ გააკრიტიკა. ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გასულ ვახო სანაიას საავტორო გადაცემას მთავრობამ საგანგებო განცხადებაც კი მიუძღვნა, სადაც ჟურნალისტი არაობიექტურობაში დაადანაშაულა. ამასთან, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი მთავრობა ჟურნალისტების საქმიანობას საჯაროდ აფასებს და ცდილობს მედიის წარმომადგენლებს „ასწავლოს“, თუ რას გულისხმობს ჟურნალისტური სტანდარტები. მთავრობის ასეთი ტონი შეიძლება შეფასდეს, როგორც მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა.
- საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი წესით დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭო ჰყავს, რომელსაც მაუწყებლის დაუსრულებელი კრიზისიდან გამოსაყვანად სერიოზული ძალისხმევის გაწევა მოუწევს. ეს შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს იმის ფონზე, რომ საბჭოს ძველი წევრები, რომელთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლომ აპრილში არაკონსტიტუციურად ცნო, ისევ აპირებენ კანონში შესული ცვლილებების გასაჩივრებას. საბჭოს ფორმირების გაწელილი პროცესი და მაუწყებლის დაუსრულებელი რეფორმა აფერხებს მაუწყებლისთვის დაკისრებული საზოგადოებრივი მისიის შესრულებას, რაც აკნინებს მაუწყებლის ღირებულებას, მის მნიშვნელობას და ეჭვქვეშ აყნებს მის ლეგიტიმურობას საზოგადოების თვალში.
- შემოსავლების სამსახური უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს კონფიდენციალური ინფორმაციის - კვლევაში ჩართული ოჯახების მისამართების - მიღებას „თი-ვი ემ-არ საქართველოდან”, რომელიც ქვეყანაში სატელევიზიო რეიტინგების გამზომი ერთადერთი კომპანიაა. თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ხელისუფლებას, ზუსტად ეცოდინება სადაა განლაგებული რეიტინგების გამზომი მოწყობილობები, ე.წ. „ფიფლმეტრები,“ ჩნდება საშიშროება, რომ ისინი შეეცდებიან კვლევაში მონაწილე ოჯახების მეშვეობით კვლევის შედეგებით მანიპულირებას.
_____________________________
[1] ეს ანგარიში და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მუშაობა მედიის კუთხით დაფინანსებულია IREX G-MEDIA პროგრამის მიერ. პროგრამა G-MEDIA ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, USAID-ის მეშვეობით ხორციელდება. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ეკუთვნის და არ ასახავს აშშ-ს მთავრობის, USAID-ის და IREX-ის შეხედულებებს.