პოლიტიკური პარტიების შემოწირულებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პოლიტიკური პარტიების შემოწირულებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება

06 ოქტომბერი, 2016

 

 

 

დღეს, 6 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა ანგარიში, რომელშიც მოცემულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული მდგომარეობა. ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, გაანალიზებულია პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ 2016 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე განხორციელებული შემოწირულებები.

 

  • საანგარიშო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა/საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 16,150,855 ლარის შემოწირულება მიიღეს. 14,829,755 ლარი 1,109 ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო 1,321,100 ლარი - 24-მა იურიდიულმა პირმა;

  • მთლიანი თანხის უდიდესი ნაწილი (64%) 10,286,735 ლარი მიიღო „ქართულმა ოცნებამ”, შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის” 2 289 122 ლარით. მესამეზეა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 1,151,797 ლარით, მეოთხეზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 651,662 ლარით, ხოლო მეხუთეზე - „გირჩი” – 601,717 ლარით;

  • 24 იურიდიული პირიდან 15 „ქართული ოცნების” შემომწირველია. ყველაზე მსხვილი შემომწირველი იყო ექვსი კომპანია, რომლებმაც „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მაქსიმალური თანხა 120,000 ლარი გაიღეს. ეს კომპანიებია შპს „ჯი-ემ-პი”, შპს „მისო ლიდერ კრედიტი”, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა”, შპს „ალფა”, შპს „ნიუ ჯორჯია” და შპს „გაგრა+”;

  • „ქართული ოცნების” 15 შემომწირველი კომპანიიდან 2016 წელს მხოლოდ ორმა - შპს-მ „კახური ტრადიციული მეღვინეობა” და შპს-მ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” - მიიღო გამარტივებული წესით სახელმწიფო კონტრაქტები საერთო ღირებულებით დაახლოებით 255,000 ლარი;

  • რაც შეეხება შემომწირველ ფიზიკურ პირებს, 1,109 შემომწირველიდან 180 ადამიანი (თვითონ ან მისი ოჯახის წევრი) 717 ბიზნეს კომპანიასთან იყო სხვადასხვა სტატუსით დაკავშირებული. 180 ადამიანიდან 62 პირი ისეთ კომპანიებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც 2016 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღეს. ამ 62 ფიზიკური პირიდან 34 „ქართული ოცნების” შემომწირველია, რომლებმაც მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში მმართველ პარტიას მთლიანობაში 900,400 ლარი შესწირეს, სამაგიეროდ კი, ამ 34 ადამიანთან დაკავშირებულმა 31-მა კომპანიამ 1,601,598 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო.

 

ამ ადამიანებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ფიზიკური პირები:

 

  • გიორგი ჯაბიძე - მმართველ პარტიას 55,000 ლარი შესწირა, ხოლო მისმა კომპანიამ „ფუნდაშენ” დაახლოებით 380,000 ლარის პირდაპირი კონტრაქტები მიიღო;

  • ივანე ნიკოლაიშვილი - „ქართულ ოცნებას”  შესწირა 40,000 ლარი და მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ „ფუდსერვისი” მიიღო დაახლოებით 130 000 ლარის პირდაპირი კონტრაქტები;

  • გიორგი რობაქიძე - მმართველ პარტიას შესწირა 22,000 ლარი, მისმა კომპანიამ „კავკასავტომაგისტრალი” მიიღო დაახლოებით 220,000 ლარის პირდაპირი კონტრაქტები;

  • იოსებ ბრეგვაძე - პარტიას შესწირა 10,000 ლარი, მისმა შპს-მ „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი” მიიღო დაახლოებით 390,000 ლარის პირდაპირი კონტრაქტები.

 

2016 წლის 1 იანვრიდან სულ 38-მა თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრმა განახორციელა 5,000 ლარზე მეტი მოცულობის ფულადი შემოწირულება. ჩვენი ყურადღება მიიპყრეს იმ საჯარო მოხელეებმა, რომელთა მიერ პარტიისთვის გაღებული თანხა, მათი დეკლარირებული შემოსავლის დიდ წილს წარმოადგენდა. ასეთ შემომწირველებს შორის აღმოჩნდნენ:

  • ზაზა პაპუაშვილი (პარლამენტის წევრი) - „ქართულ ოცნებას” შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 57% (45,000 ლარი). ამასთანავე, პაპუაშვილმა სამი საბანკო სესხის მომსახურებაზე წლის განმავლობაში დახარჯა 19,819 აშშ დოლარი;

  • შოთა ხაბარელი (პარლამენტის წევრი) - „ქართულ ოცნებას” შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 52% (30,000 ლარი). ხაბარელს, ასევე, უფიქსირდება 50,000 აშშ დოლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი, რომლის მომსახურების თანხამ 2015 წელს 8,400 აშშ დოლარი შეადგინა;

  • ირაკლი სესიაშვილი (პარლამენტის წევრი) - „ქართულ ოცნებას” შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 30% (20,000 ლარი);

  • გიორგი ხაჩიძე (პარლამენტის წევრი) - „გირჩს” შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 24% (14,398 ლარი). გარდა ამისა, მას 50,000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი უფიქსირდება, რომლის მომსახურებაზე და უძრავი ქონების ქირის სახით 2015 წელს ხაჩიძემ 7,000 აშშ დოლარი და 4,000 ლარი გადაიხადა;

  • გიზო მჭედლიძე (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი მდივანი) - პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის” შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 46.6% (60,000 ლარი);

  • გოგი მეშველიანი (ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი) - „ქართულ ოცნებას” შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 28% (20,000 ლარი). ასევე, მას აღებული აქვს 15,000 აშშ დოლარისა და 4,600 ლარის ოდენობის საბანკო სესხი;

  • გიორგი კოპაძე (ახალციხის ყოფილი მერი) - „ქართულ ოცნებას” შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 14% (10,000 ლარი). ასევე, აღებული აქვს 48,400 ლარის ოდენობის საბანკო სესხი;

  • ნიკა დვალი (შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი) - „ქართულ ოცნებას” შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 26% (15,000 ლარი);

  • იური ნოზაძე (სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე) - „ქართულ ოცნებას” შესწირა წინა წლის საკუთარი შემოსავლის 26% (20,000 ლარი). ასევე, აღებული აქვს 72,000 ლარის ოდენობის საბანკო სესხი.

 

საკონტაქტო პირი: ნანა ლობჟანიძე 595 21 03 09, nana@transparency.ge

 

ანგარიშში არასწორად იყო მოცემული ინფორმაცია გოჩა ენუქიძესთან დაკავშირებით, რომელიც ამოღებულ იქნა მომართვის საფუძველზე.

ამ ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნისსაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსდა შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის ანდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის  შეხედულებებს.

print