ცვლილებები საზოგადეობრივ მაუწყებელზე - მეტი სარედაქციო დამოუკიდებლობა და მენეჯმენტის გამოწვევები
3 ოქტომბერი, თბილისი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს, რომელიც მაუწყებელზე არსებულ სამუშაო გარემოს მიმოიხილავს.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა და თანამშრომლების ატესტაცია იგეგმება. ანგარიშში განხილულია მაუწყებელში რეორგანიზაციის ფონზე არსებული მთავარი გამოწვევები.
არსებული გამოწვევების ფონზე, მაუწყებელში გაზრდილია ჟურნალისტური თავისუფლების ხარისხი. ჟურნალისწტები მიუთითებენ, რომ 2012 წლამდე პერიოდისგან განსხვავებით, გარეშე პირების მხრიდან მათ საქმიანობაში ჩარევა არ ხდება.
თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კვლავ პრობლემად რჩება ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებს შორის. თანამშრომლებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესების შესახებ; მათ შორის, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით.
წლების განმავლობაში მაუწყებელზე არ არსებობდა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა. ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა სამუშაოს აღწერილობები სამეურვეო საბჭოს რამდენიმე კვირის წინა გადაეცა დასამტკიცებლად. თანამშრომლები მიუთითებენ, რომ სამუშაო გარემო მაუწყებელზე არასამართლიანია, წარმატების მისაღწევად კი გადამწყვეტია პირადი ურთიერთობები.
შრომითი პირობების თვალსაზრისით მაუწყებელში სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია. მანქანები და შენობა, ისევე როგორც მაუწყებლის შიდა ინფრასტრუქტურა და ინვენტარი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს.
კვლევა ეფუძნება 50-მდე ინტერვიუს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებთან და საჯარო დოკუმენტაციის ანალიზს.
ანგარიში მომზადებულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ “მედია გარემოს გაძლიერებისა და მონიტორინგის” პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.