რომელ ტელევიზიებში ანთავსებდნენ პარტიები პოლიტიკურ რეკლამას 2016-2020 წლების არჩევნების დროს
პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაში სოლიდურ თანხას ხარჯავენ, რაც მაუწყებლების შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.[1] წინამდებარე კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ 2016-2020 წლებში გამართული 4 არჩევნების ფარგლებში[2] პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული მონაცემები. კერძოდ, გავაანალიზეთ პოლიტიკური სუბიექტების მიერ აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი მონაცემები.[3] პარტიების მიერ რეკლამის განთავსების პრაქტიკაც აჩვენებს იმ პოლარიზაციას, რომლითაც ქართული პოლიტიკური და მედია სივრცე გამოირჩევა.
2016-2020 წლებში ჩატარებულ არჩევნებს შორის პოლიტიკურ რეკლამაში ყველაზე მეტი თანხა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიხარჯა, რამაც ჯამში, 14.5 მლნ ლარი შეადგინა. შემოსავლების მიხედვით 4.5 მლნ ლარით კრიტიკული ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ლიდერობს, მას მცირედით ჩამოუვარდება სახელისუფლებო „იმედის“ ჰოლდინგი.[4]
2020 წლის მონაცემებში აისახა ის ახალი რეალობა, რომელიც მედია სივრცეში გვაქვს. წინა წლებში სარეკლამო ბაზარზე შემოსავლის მხრივ ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ ლიდერობდნენ. „რუსთავი 2-ის“ მფლობელობის ცვლილების შემდეგ ბაზარზე ახალი მაუწყებლები გამოჩნდნენ: „ფორმულა“ და „მთავარი არხი“. ეს უკანასკნელი სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვა მაუწყებლებს და ბაზარზე ერთ-ერთ მსხვილ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსა“ და მთავარ ოპოზიციურ საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიასთან“ ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც, როგორიცაა „ლელო საქართველოსთვის“ და „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკურ რეკლამას ტრადიციულ და ახალ მედიაში აქტიურად ანთავსებდნენ.
წინა სამი არჩევნების დროს პოლიტიკური რეკლამის დიდი ნაწილი ძირითადად ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ზე თავსდებოდა, თუმცა 2020 წელს ყველაზე მეტი რეკლამა „მთავარ არხსა“ და „იმედის“ ჰოლდინგს დაუკვეთეს. ამ ორ ტელევიზიაში სატელევიზიო რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 58%-ია. ეს პროცენტული მაჩვენებელი კი მიანიშნებს, რომ სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის განთავსების კუთხით 2020 წლის არჩევნები წინა წლებისგან განსხვავებით ნაკლებად პოლარიზებული იყო.
2020 წლის მონაცემების შესწავლის შედეგად ასევე დგინდება, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა „მთავარ არხზე“ საერთოდ არ განათავსა და რეკლამის უმეტესობა (54%) სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში მიიტანა. თავის მხრივ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რეკლამის ძირითადი ნაწილი (88%) „მთავარ არხზე“ განათავსა და ფასიანი რეკლამა ტელეკომპანია „იმედზე“ საერთოდ არ მიიტანა.
„ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელმაც 259 ათასი ლარის ღირებულების პოლიტიკური რეკლამა სახელისუფლებო ტელევიზია „პოსტვ-ზე“ განათავსა.
ტელეკომპანია „პირველზე“ ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიტანა, ხოლო „რუსთავი 2-ზე“ - „ქართულმა ოცნებამ“.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს,[5] სატელევიზიო რეკლამაში, ჯამში, 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ყველაზე მეტი - 4.7 მილიონი ლარი, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, დახარჯა. მისმა მთავარმა კონკურენტმა გაერთიანებული ოპოზიციიდან „ძალა ერთობაშია“, გრიგოლ ვაშაძემ, კი - 1.7 მლნ ლარი. ყველაზე მეტი ღირებულების პოლიტიკური რეკლამა იმ დროს ოპოზიციურად განწყობილ „რუსთავი 2-ზე“ განთავსდა, მას მოსდევს „იმედი“ და ტელეკომპანია „პირველი“.
სალომე ზურაბიშვილმა რეკლამის დიდი ნაწილი ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში განათავსა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - „რუსთავი 2“-ზე. ვაშაძეს ტელეკომპანია „იმედში“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია. ჯამში „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ წინასაარჩევნოდ სატელევიზიო რეკლამაში დახარჯული ჯამური თანხის 76%-მდე მიიღეს.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკურმა სუბიექტებმა სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამისთვის 6 მილიონამდე ლარი გაიღეს, საიდანაც ყველაზე მეტი შემოსავალი „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტელეკომპანია „იმედზე“ პოლიტიკური რეკლამა საერთოდ არ განუთავსებია. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო რეკლამაში დახარჯული თანხის უდიდესი ნაწილი (74%) ბაზრის ლიდერ ორ ტელეკომპანიას შორის გადანაწილდა.
2016 წელს სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის ხარჯებმა 9 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ყველაზე მეტი - 3.6 მლნ ლარის ღირებულების რეკლამა, ტელეკომპანია „იმედზე“ განთავსდა.
პოლიტიკური სუბიექტების მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ზუსტი იდენტიფიცირება არ ხდება, თუ რომელ არხზე განათავსეს პარტიებმა პოლიტიკური რეკლამა. თუმცა, არსებული მონაცემებით დგინდება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 32 ათასი ლარის, ხოლო პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“[6] 1.6 მლნ ლარის ღირებულების რეკლამა დაუკვეთეს სარეკლამო გაყიდვების სახლ „ინტერ მედიას“. „ინტერ მედია“ იმ დროისთვის ჰოლდინგ „რუსთავი 2-ის“[7] სრულ, ხოლო ტელეკომპანია „პირველისა“ და „კავკასიის“ სარეკლამო დროის ნაწილს ყიდდა.[8]
პოლიტიკური რეკლამის განთავსება 2016 წელსაც პოლარიზებული იყო. მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ „რუსთავი 2-ზე“, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ „იმედზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა საერთოდ არ განუთავსებია.
[1] საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული პოლიტიკური რეკლამის ხარჯები 2008-2020 წლების წინასაარჩევნო პერიოდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, 26.12.2020, http://bit.ly/3qrhQwL
[2] 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
[3] საარჩევნო სუბიექტებს 2016 წელს გაუჩნდათ ვალდებულება, რომ აუდიტის სამსახურისთვის წარედგინათ კონკრეტულად სად დახარჯეს სატელევიზიო რეკლამისთვის გამოყოფილი თანხა და რომელ ტელევიზიაში განათავსეს რეკლამა. კვლევაში მოცემული მონაცემები ეყრდნობა პოლიტიკური სუბიექტების მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილ ინფორმაციას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) მონაცემებით შევავსეთ. კანონის თანახმად, ცესკო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების ნაწილს ანაზღაურებს. ცესკოსა და აუდიტის სამსახურის მონაცემები ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ მონაცემები შეიძლება შეიცავდეს მცირე ცდომილებას, თუმცა, საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენს. 2020 საპარლამენტო არჩევნების მონაცემები ცესკოს მიერ 28.01.2021 წლის მდგომარებითაა მოწოდებული
[4] 2017 წლიდან „იმედის“ ჰოლდინგში გაერთიანდა „მაესტრო“ და GDS, ამიტომ 2017-2020 წლებში სამივე ტელევიზიის მონაცემები დათვლილია ერთად
[5] 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე ორი ტური გაიმართა და შესაბამისად, რეკლამისთვის გადახდილი თანხა ორივე ტურის მიხედვით არის დათვლილი.
[6] დათვლილია ააიპ „პლატფორმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ჯამური მონაცემები
[7] ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჰოლდინგში ასევე შედიოდა „კომედი არხი“ და „მარაო“
[8] „რუსთავი 2-ის“, „იმედის“ და კიდევ 6 არხის სარეკლამო დროს ერთი კომპანია ყიდის, www.on.ge, 26.01.2017, http://go.on.ge/8fg
ავტორი: სალომე ცეცხლაძე