საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული პოლიტიკური რეკლამის ხარჯები: 2008-2020 წლების წინასაარჩევნო პერიოდი
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია 2008-2020[1] წლებში ჩატარებული 10 არჩევნების განმავლობაში[2] პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიების სარეკლამო ხარჯების ანალიზი. 2012-2020 წლების მონაცემები ეყრდნობა აუდიტის სამსახურში წარდგენილი დეკლარაციების[3] საკასო ხარჯებს,[4] რადგან პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგზე აუდიტის სამსახურია პასუხისმგებელი. 2008-2011 წლებში კი ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) იყო აღნიშნული ფუნქციით აღჭურვილი და ამ პერიოდის კვლევისას სწორედ ცესკოში წარდგენილი ფინანსური ანგარიშები არის შესწავლილი.[5] მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლამდე ცესკოს მხოლოდ ინფორმაციის თავმოყრა ევალებოდა და მაკონტროლებელი ფუნქცია არ ჰქონდა. საარჩევნო სუბიექტების მიერ შევსებულ დეკლარაციებში ბევრი შეუსაბამობაა და ვერ უზრუნველყოფს სათანადო გამჭვირვალობას[6]. 2012 წლიდან, რაც ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურს გადაეცა, სისტემა შედარებით დაიხვეწა, თუმცა, კვლავ რჩება ხარვეზები,[7] რაც ართულებს პოლიტიკური სუბიექტების ხარჯების ზუსტ ანალიზს.
მონიტორინგის პერიოდზე საუბრისას გასათვალისწინებელია, რომ ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური სუბიექტების მიერ შესავსები ხარჯების ფორმები იცვლებოდა.[8] 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების უმეტესობის მიერ შევსებული და გამოქვეყნებული ფონდის ხარჯების ფორმები რთულად ან საერთოდ არ იკითხება,[9] აუდიტის სამსახურში კი დედანი აღარ მოიპოვება, რადგან კანონის შესაბამისად, მათი განადგურება მოხდა,[10] თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ დეკლარაციების უმეტესობა.[11] სწორედ ზემოაღნიშნული ხარვეზების გამო, შესაძლოა, მონაცემებში იყოს მცირედი ცდომილება, თუმცა ეს ძირითად ტენდენციებსა და მიგნებებზე გავლენას ვერ ახდენს.
- 2008-2020 წლებში ჩატარებული 10 არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამში 225 მლნ ლარამდე დახარჯეს, საიდანაც 134 მლნ ლარი (59%) პოლიტიკური რეკლამის ხარჯი იყო, რაც მოიცავს რეკლამის წარმოებას, განთავსებასა და გავრცელებას.
- ყველაზე მეტს რეკლამაში მმართველი პარტიის სუბიექტები ან მათი მხარდაჭერილი კანდიდატები ხარჯავენ, რაც 2008-2020 წლებში 98 მლნ-მდე ლარს შეადგენს. ეს პოლიტიკური სუბიექტების მიერ რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 73%-ია.
- სარეკლამო ხარჯებიდან პოლიტიკური სუბიექტები ყველაზე მეტს სატელევიზიო რეკლამაში ხარჯავენ. 2008-2020 წლებში ეს ხარჯი 79 მლნ ლარზე მეტი (რეკლამისთვის დახარჯული თანხის 59%) იყო.
- საარჩევნოდ რეკლამისთვის ყველაზე მეტი - 29.1 მლნ ლარი, 2020 წლის პარლამენტის,[12] ხოლო ყველაზე ცოტა - 3.8 მლნ ლარი, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებში დაიხარჯა.
- წინასაარჩევნო რეკლამებიდან ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინტერნეტრეკლამის ხარჯია - 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, 50 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 800 ათას ლარს გადააჭარბა, ხოლო 2020 წელს - 3 მლნ ლარს. ყველაზე ნაკლები კი ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯია - 2012-2020 წლებში ჯამში 1 მლნ ლარამდე.
- პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო დეკლარაციები ხარვეზებით არის შევსებული, განსაკუთრებით 2008-2011 წლებში; ხშირად რთული ან პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეული მონაცემების დამუშავება. მართალია, 2012-2020 წლებში დეკლარაციის ფორმები და შევსების სტანდარტიც შედარებით დაიხვეწა, თუმცა კვლავ ხშირად ვხვდებით არაერთგვაროვნად შევსებულ დეკლარაციებს, რაც მონაცემების ანალიზს ართულებს.
პოლიტიკური რეკლამისთვის დახარჯული თანხის ანალიზი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შეისწავლა, 2008-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისთვის რა თანხა დახარჯეს საარჩევნო სუბიექტებმა რეკლამაში და რამდენად დომინირებდა სახელისუფლებო პარტია ამ მიმართულებით. მმართველი პარტიის დომინანტობის პრობლემის შესახებ ხშირად არის საუბარი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში.[13]
2008-2020 წლების პერიოდში ჩატარებულ 10 არჩევნებში, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამურად 225 მლნ ლარი დახარჯეს, საიდანაც პოლიტიკური რეკლამისთვის 134 მლნ ლარამდე გაიღეს (59%).
ყველაზე მეტი თანხა - 29.1 მლნ ლარი, 2020 წლის პარლამენტის, ხოლო ყველაზე ნაკლები - 3.8 მლნ ლარი, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე მოდის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეკლამაში დახარჯული თანხა რეკორდულად მაღალია და წინა, 2016 წლის პარლამენტის არჩევნებზე გაწეულ ამ ხარჯს მნიშვნელოვნად, 11.3 მლნ ლარით, აღემატება.
*გასათვალისწინებელია წლების განმავლობაში რეკლამის ხარჯების ფორმების ცვლილება
თავის მხრივ, სარეკლამო ხარჯებიდან ყველაზე მეტი სატელევიზიო რეკლამისთვის იხარჯება. 2008-2020 წლებში დახარჯული თანხიდან 79 მლნ ლარზე მეტი (59%) საარჩევნო სუბიექტებმა სატელევიზიო რეკლამისთვის გამოყვეს.
წინასაარჩევნო რეკლამებიდან ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად მზარდი ინტერნეტ რეკლამაა - თუ 2012 წელს წინასაარჩევნო პერიოდში 50 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს მისმა ხარჯმა 800 ათას ლარს გადააჭარბა,[14] ხოლო 2020 წელს 3 მლნ ლარს. ყველაზე ნაკლები კი ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯია - 2012-2020 წლებში ჯამში მხოლოდ 1 მლნ ლარამდე გამოიყო.[15]
კვლევის ფარგლებში იკვეთება ცალსახა ტენდენცია, რომ ყველაზე მეტ თანხას რეკლამაში მმართველი პარტიის სუბიექტები ან მათი მხარდაჭერილი კანდიდატები ხარჯავენ, რამაც 2008-2020 წლებში 98 მლნ ლარამდე შეადგინა. ეს პოლიტიკური სუბიექტების მიერ რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 73%-ია.
ერთადერთი გამონაკლისი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია, როცა მმართველმა პარტიამ რეკლამისთვის მხოლოდ 471 ათასი ლარი დახარჯა, ხოლო ოთხჯერ მეტი - 2.1 მლნ ლარი, ნინო ბურჯანაძის ოპოზიციურმა პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ და 1.1 მლნ ლარი ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
თვალსაჩინოებისთვის, ვნახოთ, 2008-2020 წლებში ჩატარებულ თითოეულ არჩევნებზე პოლიტიკურ რეკლამაში დახარჯული თანხის გადანაწილება მონაწილე სუბიექტებს შორის.
[1] 2020 წლის ხარჯი მოიცავს პოლიტიკური პარტიების მიერ აუდიტის სამსახურისთვის 1.09.2020-17.11.2020 წლის პერიოდში წარდგენილ ხარჯებს. ბოლო ნახვა 27.11.2020
[2] 2008, 2013 და 2018 წლების საპრეზიდენტო, 2008, 2012 და 2016, 2020 წლების საპარლამენტო, 2010, 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმრთველობის არჩევნები
[3] სახელმწიფო აუდიტის სამსახური, https://monitoring.sao.ge/ka/elections
[4] საკასო ხარჯი არის პოლიტიკური სუბიექტების მიერ რეალურად გადახდილი თანხა
[5] ცენტრალური საარჩევნო კომისია, https://finrep.cec.gov.ge/?lang=geo
[6] პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, 2011 წელი, htps://bit.ly/321GGKv t
[7] პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში 2019 წელს: პარტიების შემოსავლები, ხარჯები და ფინანსებზე ზედამხედველობა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, 9.07.2020, https://bit.ly/2BYuPlD
[8] 2008-2010 წლებში მათ რეკლამის ხარჯების ნაწილში შემდეგი ველები უნდა შეევსოთ: სარეკლამო რგოლები (მათ შორის დამზადება), რეკლამა პრესაში და ბილბორდები (მათ შორის დამზადება), ბეჭდური სააგიტაციო მასალები (პლაკატები, წინასაარჩევნო მოწოდებები და სხვა), ხოლო 2012 წლიდან სატელევიზიო რეკლამის ხარჯები, ბეჭდური რეკლამის ხარჯები, ინტერნეტ-რეკლამის ხარჯი, ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯი, სხვა სარეკლამო ხარჯები, 2016 წლიდან ცალკე გამოიყო და დაემატა გარე რეკლამის ხარჯი.
[9] სახელმწიფო აუდიტის სამსახური, https://bit.ly/3okSTlr
[10] აუდიტის სამსახურის წერილი, https://bit.ly/3eifB8h , 13.05.2020
[11] გარდა: ქართული დასი, ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სამართლიანი საქართველოსთვის.
[12] 2020 წლის ხარჯი მოიცავს პოლიტიკური პარტიების მიერ აუდიტის სამსახურისთვის 1.09.2020-17.11.2020 წლის პერიოდში წარდგენილ ხარჯებს. ბოლო ნახვა 27.11.2020
[13] საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, 1.20.2020, https://bit.ly/37H2zzV
[14] 2012 წლამდე ცალკე „ინტერნეტ-რეკლამის ხარჯის“ დეკლარირება არ ხდებოდა
[15] 2012 წლამდე ცალკე „ბრენდირებული აქსუარებით რეკლამის ხარჯის“ დეკლარირება არ ხდებოდა