“სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება არჩევნების არაკონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

“სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება არჩევნების არაკონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში გაიგზავნა

21 ნოემბერი, 2024

2024 წლის 21 ნოემბერს, სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” წევრმა ორგანიზაციებმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და “სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გააგზავნეს “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება, რომელიც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.

“სასამართლოს მეგობრის” მოსაზრების ავტორები იზიარებენ პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელის ძირითად პოზიციებს იმის თაობაზე, რომ პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული საარჩევნო უფლების ძირითადი პრინციპების - არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობის, ფარულობის და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის - უხეში და მასობრივი დარღვევით ჩატარდა, რის გამოც ეს არჩევნები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება გამყარებულია მასობრივი გაყალბების დამადასტურებელი მრავალრიცხოვანი მტკიცებულებებით, რომლებიც სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს შეაგროვეს.

print