ENG

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები: არჩევნები და პოლიტიკაში მონაწილეობა

19 ივნისი, 2020

 

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (79%) მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში საჭიროა ახალი პოლიტიკურ ძალის გამოჩენა. ასეთია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“  დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2 პროცენტული პუნქტია.

2019 წელს დასმულ ამავე კითხვაზე პასუხები, ფაქტობრივად, იდენტური იყო.

რესპონდენტებს, ასევე, ვკითხეთ, რამდენად იცოდნენ 2019 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რაც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ისახავდა მიზნად. გამოკითხულთა 64% ინფორმირებული იყო ამ ამბის შესახებ.

ამ 64%-დან უმრავლესობა ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება ან მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება გახდა.

ამავე 64%-ის ⅔-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყანაში პროპორციული სისტემის არსებობას.

კვლევის ფარგლებში, ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, რიგითი ამომრჩეველი როგორ აფასებს არჩევნებში საკუთარ მონაწილეობას და საქართველოში  მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების როლს ქვეყნის განვითარებაში. გამოკითხულთა ⅔ საკუთარ როლს კარგად აცნობიერებს და არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ არჩევნებში მისი მონაწილეობით მაინც არაფერი შეიცვლება.

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილობდნენ.

იმ საკითხზე კი ეთნიკური მრავალფეროვნება უფრო აძლიერებს თუ უფრო ასუსტებს ქვეყანას, საქართველოს მოსახლეობის აზრი ცალსახა არ არის, თუმცა ყველაზე დიდი ნაწილი მაინც სიძლიერედ აღიქვამს.