ტელეკომპანია „ობიექტივზე” კანონთან შეუსაბამო პოლიტიკური რეკლამები პრობლემად რჩება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ტელეკომპანია „ობიექტივზე” კანონთან შეუსაბამო პოლიტიკური რეკლამები პრობლემად რჩება

25 აგვისტო, 2020

 

ბოლო კვირის განმავლობაში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ტრიალებს  პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამები, რაც არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე აკრძალულია და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევად ითვლება.

18 აგვისტოდან ტელეკომპანია „ობიექტივის” მეშვეობით გადაიცემა ვიდეორგოლები (მაგალითად: http://www.myvideo.ge/tv/obiektivi/2020-08-18/09:51:25), რომლებშიც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარტიული სიმბოლიკის და საარჩევნო ნომრის ფონზე, სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებზე საუბრობს და მაყურებელს მათი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პროექტების განხორციელებას პირდება. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამებში არ არის მითითებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საჭირო ატრიბუტები (ფასიანი/უფასო პოლიტიკური რეკლამა და საარჩევნო სუბიექტი), ვიდეორგოლები თავიანთი შინაარსით ცალსახად წარმოადგენს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ პოლიტიკურ რეკლამას. შესაბამისად, აშკარაა, რომ მაუწყებლის ეთერში არასაარჩევნო პერიოდში განთავსებულია პოლიტიკური შინაარსის რეკლამები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 15 ივნისის N392/18 გადაწყვეტილების თანახმად, აკრძალულია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედების გამო 2017 და 2018 წელს „ობიექტივი” ორჯერ უკვე იქნა გაფრთხილებული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ.

გარდა ამისა, თუ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სარეკლამო შინაარსის ვიდეორგოლები უსასყიდლოდ გადის ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერში, ადგილი ექნება ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას.

მივმართავთ:

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები;
  • ტელეკომპანია „ობიექტივსა” და პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” - ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე შეწყვიტონ მაუწყებლის ეთერში მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლების განთავსება.