ვის სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვის სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა

07 აპრილი, 2022

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 3 ვაკანტური ადგილის შესავსებად 11 კანდიდატი, მათ შორის მაუწყებლის ორი ყოფილი დირექტორი იბრძვის. 

საქართველოს პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა. თავდაპირველად 12-მა მსურველმა შეიტანა განაცხადი, თუმცა მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

9-წევრიანი სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს და ფართო ფუნქციები აქვს. კერძოდ,  საბჭო თანამდებობაზე ნიშნავს გენერალურ დირექტორს და უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მას. სამეურვეო საბჭო, ასევე, განსაზღვრავს მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს და ამტკიცებს ბიუჯეტს. 

მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა მოთხოვნისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მედია უნდა იყოს, მაუწყებელი დღემდე ვერ ახერხებს საკუთარი მისიის სათანადოდ შესრულებას. წლების განმავლობაში ტელევიზიის არაერთი დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს მმართველი პარტიის მიერ შერჩეული წევრების მიმართ ისმის კრიტიკა, რომ  ხელმძღვანელი ორგანოები მმართველი პარტიის ინტერესებს ატარებენ და მათი ზეგავლენის ქვეშ არიან, რაც  მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე აისახება. 

ქვეყანაში არსებული მძიმე მედია გარემოსა და პოლარიზირების ფონზე, განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს წევრებად შერჩეული უნდა იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც თავისუფალი არიან პოლიტიკური გავლენებისგან, იაზრებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობას დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე და ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების დროს დადებით წვლილს შეიტანენ  საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და განვითარებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გთავაზობთ კანდიდატების პროფესიული და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაციას: 

 

ვასილ მაღლაფერიძე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ყოფილ პრემიერ- მინისტრ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირია. 2021 წლის იანვარში ის ხანმოკლე ვადით მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. 2017-2020 წლებში მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო. დირექტორობამდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა (2014-2016 წწ.), მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის „მეცხრე არხის“ დირექტორის მოადგილე იყო (2012 წ.). 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მაღლაფერიძის დირექტორად არჩევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მმართველი პარტიის ზეგავლენის გაძლიერებაზე მიანიშნებდა. 2017-2020 წლებში ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის დროს მენეჯმენტმა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც საზოგადოების ლეგიტიმური კრიტიკის საფუძველი გახდა: 2018 წელს  პარლამენტმა  „მაუწყებლის შესახებ“ კანონში სადაო ცვლილებები მიიღო, რის შედეგადაც ტელევიზიის მიერ კომერციული რეკლამის გაყიდვის შესაძლებლობები გაიზარდა. კითხვის ნიშნები არსებობდა ხელისუფლების მიმართ მაუწყებლის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკასა და ნეპოტისტურ საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის შვილის ტელევიზიის თანამშროლების საზოგადოებრივ მაუწყებელში კონკურსის გარეშე დასაქმების გამო. ტელევიზიის მოქმედი თანამშრომლები ღიად საუბრობენ ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობისას ხელმძღვანელობის მხრიდან ცენზურის მცდელობებზე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული თემების დაბლოკვასა და რესპოდენტების  „შავი სიების“ არსებობის შესახებ - ადამიანების, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში  არ უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ვადის ამოწურვამდე დატოვა. ოფიციალურ მიზეზად კი ის დაასახელა, რომ არ სურდა მის გამო მაუწყებლის მიერ არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ვინმეს კითხვის ნიშნები გასჩენოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წასვლის შემდეგ, მალევე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა

„პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება“ - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ, როცა 2021 წელს არასრული სამი თვის თავზე მმართველი პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობა დატოვა და ამის  მიზეზად  ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა

დღეისთვის მაღლაფერიძე კვლავ საზოგადოებრივ მაუწყებლში მუშაობს და „ტელესკოლაზე“ პროექტის „ჩვენი საქართველოს“ წამყვან-პროდიუსერია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ვასილ მაღლაფერიძეს სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა (2005-2008 წწ.), 1999-დან იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. 

ჟურნალისტიკის სფეროში მისი გამოცდილება ასევე უკავშირდება: 2010-2012 წლებში ჟურნალ „კალმასობის“ მთავარ რედაქტორობას, ხოლო 1993-2000 წლებში გაზეთ „კავკასიონის“ ხელმძღვანელად მუშაობდა.

მაღლაფერიძეს 1980 წელს დამთავრებული აქვს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, აქვს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2009-2012 წლებში  გიორგი ჭანტურია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იყო. ჭანტურია მაშინდელი ხელისუფლების სასურველ კანდიდატად ითვლებოდა.  მისი ხელმძღვანელობისას კითხვის ნიშნები არსებობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, მათ შორის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით: 2012 წლის სექტემბერში ტელევიზიამ სასჯელაღსრულების  დაწესებულებებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ამსახველი მასალები დაგვიანებით გააშუქა; იმავე წლის მარტში სამმა ნაციონალურმა ტელევიზიამ, „რუსთავი 2-მა“,  „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი სრულიად იდენტურად გააშუქა. აღნიშნული კი მიანიშნებდა, რომ ინფორმაციას საინფორმაციო სამსახურები, სავარაუდოდ, შეთანხმებულად ავრცელებდნენ.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გიორგი ჭანტურიამ თანამდებობა მალევე, ვადის ამოწურვამდე  დატოვა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ დაპირებული რეფორმები ვერ განახორციელა

ამჟამად, გიორგი ჭანტურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში პედაგოგად მუშაობს. 2013 წლიდან კი არის Centuria Film Production-ის დამფუძნებელი. ჭანტურიამ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დიდი ხნის ჟურნალისტი, დოდო შონავა 2021 წლიდან დღემდე მედიაკომუნიკაციის სკოლას ხელმძღვანელობს „მართლმსაჯულების სახლში“, რომლის დამფუძნებელიც ეკა ბესელიაა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კი ის ეკა ბესელიას მიერ დაფუძნებული პარტია „სამართლიანობისთვის“ პროპორციული სიის ათეულში იყო.

დოდო შონავას  საზოგადოებრივი მაუწყებელში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან მუშაობა 1977 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში ახალგაზრდული პროგრამების რედაქციის კორესპონდენტად დაიწყო და 2019 წლამდე სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა. მათ შორის, იყო „საქართველოს რადიოს“ გენერალური დირექტორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ მთავარი პროდიუსერი და მოგვიანებით გენერალური დირექტორი. 2015-2017 წლებში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების სამსახურის უფროსი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დოდო შონავა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრისა თუ დირექტორის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობს.  

დოდო შონავამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. აქვს პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.
 

2016-2020 წლებში, მომღერალი ზაზა ხუციშვილი  საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი იყო „ქართული ოცნებიდან“. მან მმართველი პარტია  პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო 2019 წელს, პროტესტის ნიშნად დატოვა

2016 წელს ხუციშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში გადაცემა „პიკის საათი“ მიყავდა, 2014 წელს რადიო „ვინილში“ გადაცემის წამყვანი იყო.  2011-2013 წლებში მუშაობდა „მაესტროში“, ხოლო 2008-2010 წლებში რადიო „უცნობში“ მიყავდა გადაცემა „მონკავშირი“. 1996 წლიდან არის მუსიკალური ჯგუფი „ვაკის პარკის“ შემქმნელი და სოლისტი.

ზაზა ხუციშვილს   ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით.
 

2012 წლიდან ჟურნალისტი ლაშა ტუღუში „ლიბერალური აკადემიის“ დირექტორი და ინგლისურენოვანი ონლაინ გამოცემის  www.dfwatch.net-ის მთავარი რედაქტორია. 2022 წლიდან ის ტვ „პალიტრაზე“ გადაცემა „რეზიუმეს“ თანაწამყვანია. 2019 წლიდან დღემდე ტუღუში „საქართველოს ეროვნული პლატფორმის-აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს“ ხელმძღვანელობს. 

2008-2013 წლებში ლაშა ტუღუში  საქართველოს პრესის ასოციაციის დირექტორი, ხოლო 1995-2018 წლებში გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი იყო.

ლაშა ტუღუში 2011 წელს პროგრამა fulbright-ის კურსდამთავრებულია, კონფლიქტის ანალიზისა და მოგვარების სკოლა, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში.  ტუღუში არის თბილისის ტექნიკური უნივერისტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.  აქვს პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

 

2018 წლიდან ლია შავგულიძე  „კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის“ ცენტრს ხელმძღვანელობს. 2014-2018 წლებში იყო „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრის“ დირექტორი და ვებგვერდის, eugeorgia.info-ის მთავარი რედაქტორი. 2011-2012 წლებში მუშაობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მედია ანალიტიკოსად. 2002-2003 წლებში იკავებდა გაზეთ „ახალი ვერსიის“ მთავარი რედაქტორის პოზიციას. 1999-2000 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „60 წუთში“ გამომძიებელ ჟურნალიტად.  1997-1999 წლებში კი იყო გაზეთ „რეზონანსის“ პოლიტიკური მიმომხილველი. 

ამასთანავე, ლია შავგულიძე წლების განმავლობაში  სხვადასხვა მედია გამოცემების კონტრიბუტორი იყო. მან 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

 

არინა თავაქარიშვილი ამჟამად  პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. 2019-2020 წლებში ის  „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარი იყო შიდა ქართლში. 2017-2020 წლებში თავაქარაშვილი მუშაობდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტად ნატოს საკითხებში, ხოლო 2018 წელს  საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონული საბჭოს წევრი იყო.

მან  არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ჟურნალისტური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტურანტურაში სწავლობს. ბიოგრაფიის მიხედვით, არის ხელოვნებათმცოდნე, სამართალმცოდნე და მათემატიკის მასწავლებელი. 

 

ალექსი ნონიაძის მიერ წარდგენილი ბიოგრაფიული ცნობების  თანახმად, 2021 წლიდან პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ აპარატის თანამშრომლად და ასევე,  „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის“ ანალიტიკოს-ტრენერად მუშაობს.  

ნონიაძე 2020-2021 წლებში რადიო „კომერსანტზე“ იყო გადაცემა „აგრო სექტორის“ ავტორი და წამყვანი. 2000-2003 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, ხოლო 1997-2000 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. 

2002 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაამთავრა ინჟინერ-ეკონომისტის საბაკალავრო პროგრამა. შემდეგ წლებში კი იმავე უნივერსიტეტში საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის სპეციალობით გაიარა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. მას საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

 

2020 წლიდან გიორგი იასაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის იურისტია. 2016 წელს დააფუძნა „საქართველოს ანტიკორუფციული, ანტიმონოპოლიური და ნეგატიური ფაქტების შესწავლისა და რეაგირების საზოგადოებრივი ცენტრი“ და „ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი“. 1986-2005 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებლში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, კერძოდ, იყო ტელეოპერატორის და რეჟისორის ასისტენტი, „მეორე არხის“ რეჟისორი, ხოლო 2004 წლიდან საქტელერადიომაუწყებლის რეჟისორი.

2011 წელს გიორგი იასაშვილს დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2000 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა ტელე-რეჟისორის კვალიფიკაცია.1990 წელს ტექნიკური უნივერსიტეტში მიიღო თვითმმართველი კოლექტივების რეჟისორის კვალიფიკაცია. 
 

ბელა კოპალიანი 2019-2022 წლებში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს . 2014-2019 წლებში იმავე მთავრობაში ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე იყო, 2014 წელს იკავებდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

2004-2011 წლებში ხელმძღვენელობდა ორგანიზაციას „მშვიდობა და განათლება“. წლების განმავლობაში, ბელა კოპალიანი თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩართული იყო სხვადასხვა პროექტებში.

2016 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. აქვს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

 

მარინა გიორგაძე 2007 წლიდან  პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტში წამყვან სპეციალისტად მუშაობს, 2006-2007 წლებში იყო იმავე დეპარტამენტში წამყვანი სპეციალისტი ვებპორტალის განვითარების განყოფილებაში. 2004-2005 წლებში „თბს-ტვ-ის“ პროდიუსერი იყო, ხოლო 1985-2004 წლებში  საზოგადობრივ მაუწყებელში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მათ შორის, იყო „მოამბის“ რედაქტორი და საინფორმაციო რესურსების ცენტრის უფროსი. აქვს პედაგოგოგიური საქმიანობის გამოცდილება.

მარინა გიორგაძემ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა.