ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021-2025 წლების საქმიანობის ანგარიში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021-2025 წლების საქმიანობის ანგარიში

22 ოქტომბერი, 2025

შესავალი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა. საკვლევი პერიოდი იყო 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე. ანგარიში ასევე მოიცავს ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელთა  გათვალისწინებაც საკრებულოს მომავალ საქმიანობაში დაეხმარება. 

ანგარიშის საფუძვლად გამოყენებულია ბათუმის საკრებულოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებები და მედიის მასალები.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ბათუმის საკრებულოს საქმიანობის ანგარიშები 2022 და 2023 წლებში  გამოაქვეყნა.

თავი 1. ძირითადი მიგნებები

  • ბათუმის საკრებულო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ რგოლს სუსტ კონტროლს უწევდა, რაც ძირითადად იმით აიხსნება, რომ მმართველ პარტიაში მერიის კონტროლის პოლიტიკური ნება არ არსებობდა;
  • საკრებულო განიხილავდა და მხარს უჭერდა მერიის წარდგენილ ყველა ინიციატივას;
  • საკრებულოს ვადაზე ადრე ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის გადადგომის გამო რიგგარეშე სხდომა არ მოუწვევია და მისთვის არც რეალური მიზეზების შესახებ ახსნა/განმარტებები მოუთხოვია; 
  • საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
  • საკრებულოს არ შეუსწავლია ბათუმის საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციის ფაქტები, რომლებიც  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სხვადასხვა ანგარიშში მოხვდა;
  • საკრებულომ გამართა 38 სხდომა და მიიღო 168 დადგენილება, რომელთაგან 151 დადგენილების ინიციატორი და ავტორი იყო მერია, ხოლო 17 დადგენილებისა - საკრებულო;
  • საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ხელფასის სახით გაიცა 6,524,896 ლარი, მათ შორის დეპუტატებზე 2,820,873 ლარი და აპარატის თანამშრომლებზე 3,704,023 ლარი; 
  • ბათუმის საკრებულომ 2025 წლის 2 აპრილს ისე გააუქმა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომ საბჭოს არ განუხორციელებია სამართლებრივი აქტების ანალიზი, საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და არ შეუმუშავებია წინადადებები გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად. მის ნაცვლად შექმნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. 
  • საკრებულოს არ მოუწვევია დამოუკიდებელი აუდიტორი;
  • უცხოეთში მივლინებებით მხოლოდ საკრებულოს უმრავლესობის წევრები და უპარტიო დეპუტატები იმყოფებოდნენ;

თავი 2. ზოგადი ინფორმაცია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს 35 წევრი ჰყავდა, რომელთაგან 7 არჩეული იყო ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 28 - პროპორციული წესით. 

  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის საკრებულოში ჩატარდა საკრებულოს 38 და ბიუროს 77 სხდომა. საკრებულოს ყველა სხდომა კანონის მოთხოვნათა დაცვით დაანონსდა.
  • საანგარიშო პერიოდში ერთხელ გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და მისი ინიციატორი იყო ბათუმის მერი.
  • საანგარიშო პერიოდში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო 168 დადგენილება და 341 განკარგულება.
  • საანგარიშო პერიოდში, სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანომ, ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებულ 10 სამართლებრივ აქტზე მიიღო შენიშვნა/უარყოფითი დასკვნა. ყველაზე მეტი - 6 შენიშვნა/უარყოფითი დასკვნა მიიღო 2024 წელს. ბათუმის საკრებულომ ყველა უარყოფითი დასკვნა გაიზიარა. 
  • ბათუმის საკრებულოში საკრებულოს უფლებამოსილების ვადით მუშაობდა 5 მუდმივმოქმედი კომისია, რომელთაც  გამართეს 206 სხდომა. კვორუმის არარსებობის გამო მუდმივმოქმედი კომისიების სხდომები არ ჩაშლილა.
  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის საკრებულოს კომისიებმა ინიციირების წესით საკრებულოს წარუდგინეს 61 სამართლებრივი აქტის პროექტი.
  • საკრებულოს იურიდიულ, და საპროცედურო საკითხთა კომისიამ, საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე მოამზადა 45 დასკვნა.
  • ქალაქ ბათუმის 2021 წლის მოწვევის  საკრებულოში შეიქმნა და საანგარიშო პერიოდში მუშაობდა 2 ფრაქცია: “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. 
  • ფრაქცია ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს ჰყავდა ფრაქციის თავმჯდომარე და თავმჯდომარის 4 მოადგილე, ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი - ფრაქციის თავმჯდომარე და თავმჯდომარის 4 მოადგილე. ფრაქციების თანამდებობის პირების ჯამურმა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 1,143,123 ლარი.
  • საკრებულოს 5 წევრი იყო უფრაქციო დეპუტატი.
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუშაობის უკეთ ორგანიზების მიზნით, ჰქონდა საკრებულოს ბიურო, რომლის  შემადგენლობაში შედიოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის  პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს კომისიებისა  და ფრაქციების თავმჯდომარეები.
  • 2023 წლის 21 ივლისს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ლაშა კილაბერიას, რადგანაც ის არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ ესწრებოდა საკრებულოს და მუდმივმოქმედი კომისიების სხდომებს. 
  • 2024 წლის ივლისიდან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: კახაბერ ქაშიბაძე, რევაზ ხარაზი, თეკლა კავაზაშვილი, ალექსანდრე ვარშალომიძე, ილია ჯინჭარაძე, ირაკლი ზოიძე და ირაკლი ძიძიგური იმყოფებოდნენ ბოიკოტის რეჟიმში და ამ მოტივით არ ესწრებოდნენ საკრებულოს და მუდმივმოქმედი კომისიების სხდომებს.
  • საანგარიშო პერიოდში, ბათუმის საკრებულოში დარეგისტრირდა 1 ელექტრონული პეტიცია, ხოლო 1 პეტიცია წარდგენილი იქნა მატერიალური სახით. 
  • ელექტრონული პეტიცია მწვანე უბნები ბათუმს შესასწავლად გადაეგზავნა ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას საიდანაც გვაცნობეს, რომ საკითხზე მიმდინარეობს წარმოება, ხოლო პეტიცია ქალაქის ეკოლოგიური და სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ ბათუმში ყოველი თვის ბოლო შაბათის ველო დღედ გამოცხადების შესახებ საკრებულომ არ დაამტკიცა მერიის პოზიციის გამო.

თავი 3. საკრებულოს მნიშვნელოვანი მოვლენები 

  • 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციურმა პარტიებმა მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს, თუმცა 29 ოქტომბერს, ირაკლი თავდგირიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დატოვა;
  • ახალარჩეული საკრებულოს შეკრებამდე, 18 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ადლიის მაჟორიტარად არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მოგვიანებით, პარტიამ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, თუ როგორ სთხოვენ ფუტკარაძეს „ნეიტრალური” პოზიციის დაკავებას 100,000 აშშ დოლარის სანაცვლოდ. ნუგზარ ფუტკარაძის საქმე დღემდე გამოუძიებელია;
  • 2021 წლის 3 დეკემბერს სხდომა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. მოგვიანებით, 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში სხდომის დანიშვნას ოპოზიციური პარტიების ნაწილი ითხოვდა, თუმცა ამჯერად კვორუმი „ქართული ოცნების” დეპუტატების დაუსწრებლობის გამო ვერ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულო არჩევიდან ორ თვეშიც კი ვერ შეიკრიბა, „ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე და მისი 5 მოადგილე, შრომის ანაზღაურებას იღებდა.;
  • 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტი არა ახალარჩეულმა საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა, არამედ წინა მოწვევის საკრებულომ. „ქართული ოცნების” დეპუტატები ვარაუდობდნენ, რომ არჩევნების შედეგად საკრებულოში უმრავლესობით მოსული ოპოზიცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ მიიღებდა და, შესაბამისად, დადგებოდა  საკრებულოსა და მერის დათხოვნის საკითხი. „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილება დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც, თუ საკრებულო 3 თვის განმავლობაში ვერ დაამტკიცებდა მუნიციპალურ ბიუჯეტს, პასუხისმგებლობა მხოლოდ საკრებულოს დაეკისრებოდა და არა მერს, როგორც ამას მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა. ამ დაჩქარებული ცვლილებებით, მმართველმა პარტიამ გამორიცხა მერის და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მათ მყარი უმრავლესობა არ ჰქონდათ ან/და უმრავლესობა ოპოზიციის კოალიციას ჰქონდა;
  • ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ, ბათუმის მე-4 საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩაინიშნა. მმართველმა პარტიამ კანდიდატად რამაზ ჭინჭარაძე დაასახელა, ოლქში კი, სადაც არჩევნები იმართებოდა, ე.წ. ოცნების ქალაქში, 300-ზე მეტი ახალი ამომრჩეველი დაარეგისტრირეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი შუალედურ არჩევნებზე არაერთხელ გამოიყენა, რამაც საბოლოოდ იქონია კიდეც გავლენა არჩევნების შედეგებზე - „ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიპოვა საკრებულოს წევრის მანდატი; 
  • მმართველ პარტიას არ ჰყავდა უმრავლესობა და ამიტომ 2022 წლის მაისში საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, შუალედურ არჩევნებზე გამარჯვებული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა ავტომატურად მოხდებოდა. ინიაციატივას პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამაც” დაუჭირა მხარი. არჩევნებში გამარჯვებული რამაზ ჯინჭარაძე შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებისთანავე, გახდა საკრებულოს წევრი, მოგვიანებით, 2022 წლის 30 მაისს კი ის „ქართული ოცნების” 17 დეპუტატმა და დამოუკიდებელ წევრად მომუშავე ირაკლი თავდგირიძემ საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩია;
  • 2023 წლის 26 ოქტომბერს, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ნატალია ძიძიგური პარტიიდან სხვა წევრებთან ერთად გარიცხა. ნატალია ძიძიგურმა დაარღვია საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატების შეთანხმება, რომლებმაც ბოიკოტის მიზნით სხდომა დატოვეს. კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს სხდომა უნდა ჩაშლილიყო, თუმცა ძიძიგური დარჩა სხდომაზე, რითაც კვორუმი შეუქმნა „ქართულ ოცნებას”. მან ამავე სხდომაზე მხარი დაუჭირა K2 კოეფიციენტების გაზრდასთან დაკავშირებულ საკითხს, რაც იყო ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის მიზეზი;
  • 2024 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არალეგიტიმურ არჩევნებში აირჩიეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე. მან საკრებულო დატოვა. 2024 წლის 25 ნოემბერს, საკრებულოს თავმჯდომარედ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი თავდგირიძე აირჩიეს
  • 2025 წლის 13 მაისს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგა და  ფეისბუქ პოსტით დაემშვიდობა ბათუმის მოსახლეობას. არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს გაწეული საქმიანობის ანგარიში არ ჩააბარა და არც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე უსაუბრია.  მან გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ვიცე-მერად დანიშნა ლევან  სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე, გიორგი მურვანიძე, რომელიც  მისი გადაგომის შემდეგ ასრულებდა მერის მოვალეობას. გიორგი მურვანიძე მერიის თანამშრომლებს აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სულხან თამაზაშვილმა წარუდგინა, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის მართვა-გამგებლობაში უშუალოდ არ უნდა იყოს ჩართული და არანაირი კავშირი არ აქვს მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების წარდგენასთან.

თავი 4. კონტროლის ფუნქციის განხორციელება 

2025 წლის 13 მაისს ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის გადადგომით განმეორდა 2021 წლის ისტორია, როდესაც მუნიციპალურ არჩევნებამდე ბათუმის ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ, ვიცე-მერად არჩილ ჩიქოვანი დანიშნა, თავად კი გადადგა. არჩილ ჩიქოვანს, ისევე როგორც მის წინამორბედს, გადადგომის წინ საკრებულოსთვის გაწეული საქმიანობის ანგარიში არ ჩაუბარებია და არც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე უსაუბრია.  

  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის საკრებულოს არ უმსჯელია საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის და ინტერესთა კონფლიქტის შესახეხ. ასევე, არ გამოუვლენია რაიმე სახის გადაცდომა, ინტერესთა კონფლიქტი, თანამდებობრივი შეუთავსებლობა ბათუმის მერის საქმიანობაში, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.
  • საკვლევ პერიოდში ბათუმის საკრებულოს არ უმსჯელია ბათუმის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.
  • საკვლევ პერიოდში ბათუმის მერს და მერიის სხვა თანამდებობის პირებს საკრებულოსთვის ანგარიშები არ წარუდგენიათ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში მათ შესახებ არაფერია ნახსენები.
  • ბათუმის საკრებულომ ასევე არ მოგვაწოდა ინფორმაცია წარდგენილი ანგარიშების შესახებ, რომელიც შეეხებოდა მერიის მიერ 2022-2025  წლებში განხორცილებულ სახელმწიფო შესყიდვებს
  • საკრებულომ ცნობად მიიღო ბათუმის მერის მიერ წარდგენილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022, 2023 და 2024 წლების ბიუჯეტების შესრულების წლიური ანგარიშები და 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების I კვარტლის ანგარიში..
  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის მერსა და სხვა თანამდებობის პირებს კითხვით/ინფორმაციის გამოთხოვით საკრებულოს 11 წევრმა მიმართა. თერთმეტივე კითხვაზე პასუხები დროულად გაეცა. 
  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის საკრებულომ ადგილობრივ ბიუჯეტში 11-ჯერ შეიტანა ცვლილება. ყველა ცვლილების ინიციატორი და ავტორი იყო მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულომ ბიუჯეტის ცვლილების ყველა პროექტი გაიზიარა და დაამტკიცა.
  • საკრებულომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ სხვადასხვა ფრაქციისა და ცალკეული დეპუტატების რამდენი მოსაზრება, შენიშვნა, დასკვნა და რეკომენდაცია გაითვალისწინა მერმა.
  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის საკრებულოს მუნიციპალური ორგანოების აუდიტის ჩასატარებლად დამოუკიდებელი აუდიტორი არ მოუწვევია.
  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა ბათუმის მერის მიერ წარდგენილ ყველა საკითხს. 
  • ბათუმის საკრებულომ 2022 წელს მიიღო თითო დადგენილება მოსაკრებლების და გადასახადების შესახებ. ასევე 2024 წლის 25 ნოემბერს შეიტანა ცვლილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში.
  • საკვლევ პერიოდში, ბათუმის საკრებულოს არ გამოუვლენია საკრებულოს რეგლამენტის ან ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტები.

თავი 5. საკრებულოს მიერ ინიციირებული საკითხები

  • საკვლევ პერიოდში, ბათუმის საკრებულომ საკუთარი ინიციატივით განიხილა 45 საკითხი. მათ შორის 35 საკითხი უმრავლესობის წევრების მიერ იყო ინიციირებული და შეეხებოდა შრომის ანაზღაურების ზრდას და ცნობილი პირების/დამსახურებული ადამიანების მემორიალური დაფების განთავსებას. ეს საკითხები საკრებულომ დადებითად გადაწყვიტა;
  • ბათუმის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტები 11-ჯერ წარედგინა. ყველა დოკუმენტი საკრებულომ დადგენილებით დაამტკიცა, თუმცა   მათი კონკრეტული შინაარსის შესახებ ჩვენთვის უცნობია;
  • 2022 წელს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელის სახლების ჩანაცვლების გეგმა“;
  • საკრებულოს ბიურომ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში არ შეიტანა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, აკაკი გვიანიძის ინიციატივა „ქალაქ ბათუმში ავარიული სახლების საკითხის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“; 
  • „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ნულოვანი (უფასო) ტარიფის დაწესების შესახებ“ შესახებ ინიციატივა საკრებულომ გადაუგზავნა მერიას შესასწავლად და მოსაზრების წარმოსადგენად;
  • საკრებულომ ასევე მერიაში გადააგზავნა დამოუკიდებელი დეპუტატის, ნატალია ძიძიგურის ინიციატივა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მრავალპარტიული ანტიკორუფციული კომისიის შექმნის თაობაზე“;
  • პარტია „ახალის“ წევრის, ქეთევან ლასტაკანიძის ინიციატივა „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მიწათსარგერბლობის გენერალური გეგმის დამტკიცებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის (ქალაქმშენებლობითი) სხვა დოკუმენტაციის დამტკიცების წესის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის N4-1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ არ შეიტანეს დღის წესრიგში მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში ყოფნის საფუძვლით.
  • საკრებულომ არ მიიღო პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ვაჟა დარჩიას ინიციატივა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის რეგლამენტში ინტერპელაციის წესის დამატების თაობაზე“;
  • საკრებულომ არ განიხილა აკაკი გვიანიძის ინიციატივა „საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეების სასკოლო კვებით უზრუნველყოფა“, რადგან იგი  სამართლებრივი აქტის პროექტის სახით არ წარუდგენიათ;
  • საკვლევ პერიოდში, ბათუმის საკრებულოს მერმა სამჯერ წარუდგინა სამართლებრივი აქტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებაზე თანხმობის გაცემაზე, რომლის ღირებულება მუნიციპალური ბიუჯეტის გადასახდელების 5%- აღემატებოდა და სამივე შემთხვევაში საკრებულოსგან მიიღო თანხმობა.

თავი 6. კავშირები ბიზნესთან, არადეკლარირებული ქონებაშეუთავსებელი საქმიანობა 

  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2022 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა კვლევა, რომ ბათუმის საკრებულოს 3-მა თანამდებობის პირმა - ნერიმან ცინცაძემ, დავით მახარაძემ და ლევან დოლიძემ ქონებრივი დეკლარაციები არასათანადოდ შეავსეს;
  • ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული  საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის, ლევან დოლიძის მამის კომპანიები: შპს „ბონდი 2009”  და შპს „მონოლითი 2005” აგრძელებენ მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ  შესყიდვებში მონაწილეობას, საიდანაც ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალს იღებენ;
  • თავდაპირველად 2023 და განმეორებით 2024 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორთან, აკაკი ბერიძესთან დაკავშირებული საეჭვო კორუფციული  გარიგებების შესახებ.  
  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2023 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის  დირექტორთან, არჩილ კონცელიძესთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ინტერესთა  კონფლიქტისა და სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ.
  • 2024 წლის სექტემბერში ვამხილეთ პარტია „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველის მიერ ახალ ბულვარში მდებარე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოდრომით უნებართვოდ სარგებლობის ფაქტი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტზე ინფორმაცია თანდართული დოკუმენტებით მივაწოდეთ შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებებს, მაგრამ მათგან არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მომხდარა.

თავი 7. სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა:

  • საანგარიშო პერიოდში, ბათუმის საკრებულომ სახელმწიფოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ გადასცა ბათუმში რეგისტრირებული  12 მიწის ნაკვეთი, 11 უძრავი ქონება და 14 საცხოვრებელი ბინა. 
  • 2023 წელს, ბათუმის საკრებულომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ გადასცა, ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. #2-ში მდებარე შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობისათვის დამზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
  • 2023 წლის 21 ივლისს, ბათუმის საკრებულომ მერიას მისცა თანხმობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ბათუმის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 6 ერთეული ავტობუსი  მსგავსი თანხმობა საკრებულომ 2025 წელსაც მისცა მერიას. 
  • 2023 წლის 25 აგვისტოს, ბათუმის საკრებულომ გასცა თანხმობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 7,300 კვ.მ მეორადი ქვაფენილი უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს საპატრიარქოსათვის მუდმივ სარგებლობაში.

თავი 8. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარჯები

  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის საკრებულოს დეპუტატებზე და აპარატის თანამშრომლებზე ხელფასის/ხარჯების ანაზღაურების სახით გაიცა 6,524,896 ლარი, მათ შორის დეპუტატებზე - 2,820,873 ლარი და აპარატის თანამშრომლებზე - 3,704,023 ლარი
  • საკვლევ პერიოდში ბათუმის საკრებულოს დეპუტატებს პრემია და დანამატი არ მიუღიათ. საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაიცა 246,873 ლარის პრემია და 27,783 ლარის დანამატი. 
  • 2025 წლის გარდა, ბათუმის საკრებულოს წევრების და აპარატის თანამშრომლების მივლინებებში ჯამში დაიხარჯა 64,590 ლარი.  მათ შორის ქვეყნის გარეთ მივლინებებში - 46,139 ლარი და ქვეყნის შიგნით მივლინებებში - 18,451 ლარი
  • საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა 7-ჯერ იმყოფებოდა სამსახურეობრივი მივლინებით თბილისში. 
  • 2022-2024 წლებში უცხოეთში მივლინებებში იმყოფებოდნენ მხოლოდ უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები: რამაზ ჯინჭარაძე, ირაკლი თავდგირიძე, ნინო ცხვარაძე, როსტომ ხალვაში, გიორგი ლომთათიძე, ლევან ცხოიძე, თენგიზ აფხაზავა და ნატალია ზოიძე
  • საანგარიშო პერიოდში ბათუმის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის თანამდებობის პირებისთვის გამოყოფილი იყო 13 ავტომობილი, რომელთა  საწვავისათვის გაიხარჯა 216,862 ლარი.
  • დეპუტატების და აპარატის თანამშრომლების სატელეფონო კომუნიკაციისათვის დაიხარჯა 82,471 ლარი და ავტომობილების შეკეთება/რემონტისათვის - 74,016 ლარი.

თავი 9. პრობლემები და რეკომენდაციები

  • საკრებულო ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას. საკრებულოს წევრებმა უფრო ხშირად უნდა გამოიყენონ  შეკითხვის დასმის უფლება, უნდა დაიბარონ მუნიციპალური ორგანოების თანამდებობის პირები და, საჭიროების შემთხვევაში, იმსჯელონ მერისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე; 
  • მერის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში საკრებულოს წევრებმა უნდა მოითხოვონ მისგან განმარტებები გადადგომის რეალური მიზეზების შესახებ;
  • საკრებულომ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და მერიის საქმიანობის შესამოწმებლად მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი; 
  • საკრებულომ სავალდებულო უნდა გახადოს მერიის თანამდებობის პირთათვის საკრებულოს წინაშე ანგარიშის ჩაბარება;
  • საკრებულოს წევრებმა უნდა აღკვეთონ მუნიციპალიტეტის მართვაში არაუფლებამოსილი პირების ჩარევის ფაქტები;
  • საკრებულომ უნდა შეისწავლოს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული გარიგებები, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები და მოახდინოს ეფექტური რეაგირება;
  • საკრებულომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების უფრო მეტი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში, საკრებულოს და კომისიების სხდომებზე მოქალაქეთა თავისუფალი დასწრება;
  • საკრებულომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების უფრო მეტი ჩართულობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მომზადების და განხილვის პროცესში.