მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო კორუფციული გარიგებები აჭარაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო კორუფციული გარიგებები აჭარაში

14 ივნისი, 2023

სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი” 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1,869,747 ლარი მიიღო. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. „ესია ჯგუფი” ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს. ქედის მერი, როლანდ ბერიძე და გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, რაულ ბერიძე აკაკი ბერიძის ძმები არიან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, „ესია ჯგუფი” ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებებს თითქმის იმავე მოცულობის სამუშაოების შესრულებაზე აფორმებს, რაზეც ქედის მუნიციპალიტეტმა ტენდერები გამოაცხადა. შესაბამისად, ქვეკონტრაქტორი კომპანია ტენდერებით გათვალისწინებული თანხის თითქმის 100% იღებს, რაც კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს.

შპს „რბ - ახალი გზიდან” შპს „ესია ჯგუფამდე”

აკაკი ბერიძე ბათუმის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუნიციპალური იურიდიული პირის, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელია. მანამდე იგი შპს „რბ - ახალი გზის” 33% მფლობელი და დირექტორი იყო. მასთან ერთად, კომპანიის მეწილეები იყვნენ ირაკლი აზნაურიშვილი (34%) და ვალერი ადონია (33%). 2017 წელს აკაკი ბერიძე  დირექტორობიდან გადადგა, საკუთარი წილი 100 ლარად გაყიდა და შემდეგ ინჟინრად მუშაობდა კომპანია „ანაგში” და აჭარის მთავრობის კუთვნილ შპს „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის” კომპანიაში, 2021 წელს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ჯერ დირექტორის მოადგილედ, დეკემბრიდან კი დირექტორად დაინიშნა

ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა „ესია ჯგუფი” 2018 წლის ივნისში დააფუძნა, შპს „ესია ჯგუფი” და შპს „რბ-ახალი გზა” ერთსა და იმავე მისამართზე, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა #21 ბ.4-შია რეგისტრირებული.

„ესია ჯგუფმა” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. მაშინ როლანდ ბერიძე, აკაკი ბერიძის ძმა, ქედის მერის მოადგილე იყო. კომპანიამ ქვეკონტრაქტორობის პირველი ხელშეკრულება იმავე  წლის ივლისში მიიღო. მაშინ კომპანიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გალ-მშენის” მიერ ვალდებულებად აღებული სამუშაოების მოცულობის 95% შეასრულა. ქედის მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიებიც ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულებებს „ესია ჯგუფს”  იმ თანხაზე უფორმებდნენ, რაც მცირედით ჩამოუვარდებოდა ძირითად სატენდერო თანხას. აღნიშნული სქემა, შესაძლოა, კორუფციის ნიშნებს შეიცავდეს. 

აღსანიშნავია ერთი გარემოება: ქედის მერიამ მოგვწერა, რომ მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ ტენდერში (NAT210012760) გამარჯვებულ „იბერია-ჯ”-ს „ესია ჯგუფი” ქვეკონტრაქტორად არ დაუქირავებია. საწინააღმდეგოს ამტკიცებს „ესია ჯგუფის” მიერ შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთული გამოცდილების დამადასტურებელი ჩამონათვალი და ამავე კომპანიასთან გაფორმებული ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულება.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქედის მუნიციპალიტეტმა ინფორმაცია მერის ძმის ყოფილ ბიზნესპარტნიორის კომპანიის ქვეკონტრაქტორობაზე საგანგებოდ არ მოგვაწოდა, რაც ეჭვებს კორუფციულ გარიგებებზე აღრმავებს.

„ესია ჯგუფმა” უმთავრესად ქვეკონტრაქტორობის საქმიანობით, აგრეთვე ცალკეული კერძო დაკვეთით („ამბასადორი გოდერძიმ” ბეტონის კედლის მოსაწყობად და გზის სარეაბილიტაციოდ “ესია ჯგუფს” 625,000 ლარზე მეტი მისცა) დააგროვა სათანადო გამოცდილება და ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ  ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა. „ესია ჯგუფმა” უკონკურენტოდ, ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე გაიმარჯვა და ქედის მერიასთან ხელშეკრულება 157,730 ლარზე გააფორმა.

„ესია ჯგუფის” ქვეკონტრაქტორობის სხვა მაგალითები

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მსგავსად, აჭარის მთავრობის კუთვნილმა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამაც” არ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, ჰყავდა თუ არა ქვეკონტრაქტორი  შუახევის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას. ეს ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო „გლობალ სტანდარტმშენმა”.

„ესია ჯგუფმა” თავად დაადასტურა საკუთარ Facebook გვერდზე, რომ ამ ტენდერში იყო ქვეკონტრაქტორი

 

ამავდროულად „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ” მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ „ესია ჯგუფმა” 1,206,955 ლარის ქვეკონტრაქტი მიიღო დაბა ჩაქვში რაგბის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობიდან. ამ ობიექტის მშენებლობის ტენდერში, ასევე, შპს „გლობალ სტანდარტმშენმა” გაიმარჯვა. მართვის კომპანიის ინფორმაციით, ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ სამუშაოების მოცულობის 27,8% შეასრულა. თავად „გლობალ სტანდარტმშენმა” ამ ტენდერშიც უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

არცერთი ხელშეკრულება არ ავალდებულებს „გლობალ სტანდარტმშენს”, შეატყობინოს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას” ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ, რაც თავისთავად არასწორი პრაქტიკაა. გაუგებარია, თუ რითი იხელმძღვანელა აჭარის მთავრობის კუთვნილმა შპს-მ, როცა შუახევის სტადიონის მშენებელ კომპანიას არ მოთხოვა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების შესახებ შეტყობინება. ამ ინფორმაციის გასაჯაროება რამდენიმე ასეული ათასი ლარით გაზრდის „ესია ჯგუფის” ქვეკონტრაქტორობის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს.

დასკვნა და რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა „ესია ჯგუფთან” დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაცია. ჩვენი ორგანიზაციის არაერთგზის მოწოდებისა და მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტების გამოქვეყნების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია შემსყიდველი ორგანიზაციების დამოკიდებულება ქვეკონტრაქტორებთან - ქვეკონტრაქტორები კორუფციის და ფინანსების გაუმჭვირვალედ ხარჯვის მნიშვნელოვანი რისკფაქტორები არიან.   შესწავლილი გარემოებები მიუთითებს აღნიშნულ კომპანიასთან მუნიციპალურ და სხვა სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციულ რისკებზე.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს გამოძიება აღწერილ სახელმწიფო შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის გამოსავლენად.