პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი N5
ბიულეტენში მიმოხილულია პოლიტიკური პარტიების მიერ 2023 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მიღებული შემოწირულებები. გამოკვეთილი ტენდენციებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „ქართული ოცნების“ შემომწირველები, რომელთა ნახევარზე მეტი ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული პირები არიან. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მრავალი წელია სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის სუბსიდიებს, შეღავათიან სესხებს თუ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს იღებს. გარდა ამისა, შემოწირულებების ნაწილი აჩენს ეჭვს, რომ ის ფიქტიური დონორების მეშვეობით არის განხორციელებული, რაც კანონის დარღვევაა.
შემოწირულებების სტატისტიკა
2023 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1,901,299 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც ოთხჯერ აღემატება წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს (453,336₾). პარტიული შემოწირულებების 65% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 1,238,000 ლარი, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 274,677 ლარით, ხოლო მესამეზე — პარტია „ლელო“, 186,020 ლარით, ხოლო მეოთხე ადგილზე „თაობები საქართველოსთვის“[1] 180,000 ლარით (სრულად იხ. დიაგრამა).
შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 55-ჯერ შეწირეს თანხა, 51 შემოწირულება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, თუმცა მის შემომწირველებში მსხვილი დონორების წილი გაცილებით მაღალია.
„ქართული ოცნების“ შემომწირველთა მიმოხილვა
1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით „ქართულ ოცნების“ შემომწირველების უმრავლესობა ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული პირები იყვნენ. “მეღვინე” დონორებმა ჯამში აგვისტო-სექტემბერში 944,000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 2012 წლიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ, 2 მილიონ ლარზე მეტი აქვთ გაღებული (იხ. ცხრილი 1).
შემომწირველებთან დაკავშირებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2013 წლიდან 4 მილიონზე მეტი ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2013-2021 წლებში კი 14 მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტები, ხოლო 2021-2022 წლებში 17 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია (იხ. ცხრილი 2).
„მეღვინე“ დონორთა შემოწირულებები სწორედ 2023 წლის რთველის წინა პერიოდში განხორციელდა, რომლის სუბსიდირებისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში 60 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიებიდან 15 მათგანია ჩართული რთველის სუბსიდირების პროგრამაში (იხ. ცხრილი 2).[2]
საყურადღებოა, რომ მრავალმილიონიანი სუბსიდიების ფონზე შემომწირველებთან დაკავშირებული სულ მცირე სამი კომპანია, „ასკანელი ძმები“, „წინანდლის ძველი მარანი“ და „ქართული ღვინის სახლი“ 2022 წელს იმ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის იყვნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს რუსეთში ექსპორტზე.[3] ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება საფრთხის შემცვლელია, რადგან რუსეთი ამას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უკვე გაავრცელა რეკომენდაცია, სადაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ისეთი კომპანიების სუბსიდირება შეწყვიტოს, რომლებიც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდიან.[4]
სულ, გასულ კვარტალში „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ 51 დონორმა 1,238,000 ლარი გაიღო, რაც უფრო მეტია ვიდრე წინა სამ კვარტალში ჯამურად მიღებული შემოწირულებების რაოდენობა — 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე მმართველი პარტიას 22-მა დონორმა ჯამში 778,000 ლარი შეწირა.
ზემოაღნიშნულ კომპანიებს საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები ფაქტიურად არ მიუღიათ, თუმცა 2013 წლიდან 4 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების 1700 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვთ მიღებული. მათგან 1 მილიონ ლარამდე პაატა ცისკარიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ „შპს თელავის მარანმა“ მიიღო, 800 ათასზე მეტი ზურაბ დეკანოზიშვილთან დაკავშირებულმა „შპს საამომ“, ხოლო 760 ათასამდე ლარის ოდენობის კონტრაქტი —არჩილ ლობჟანიძესთან დაკავშირებულმა „შპს კომპანია ბესინიმ“ .
გარდა ამისა ზემოაღნიშნულ დონორებთან დაკავშირებული ალკოჰოლური სასმელების კომპანიების ნაწილს 2013-2021 წლებში 12 მილიონამდე ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი და 2021-2022 წლებში 12 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სუბსიდია აქვთ მიღებული.[5] ცხრილში იხილეთ დონორებთან დაკავშირებული იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ სხვადასხვა სუბსიდიები ან შეღავათიანი აგროსესხები და აგრეთვე, ამ კომპანიასთან დაკავშირებული პირების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული ჯამური შემოწირულებები.
გარდა ზემოთ აღწერილი სქემისა, საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ დონორების ანალიზმა კვლავ გააჩინა ეჭვი, რომ მათი ნაწილი ფიქტიური შემომწირველია და ისინი პარტიას არა საკუთარ თანხებს, არამედ მათი დამსაქმებელი კომპანიების თანხებს წირავენ. მაგალითად: სს „სარაჯიშვილის“ მთავარმა ბუღალტერმა, გიორგი ბუბუტეიშვილმა,[7] „ქართულ ოცნებას“ 15,000 ლარი შეწირა, ამავე კომპანიის მთავარმა ტექნოლოგმა, დავით აბზიანიძემ,[8] მმართველ პარტია 35,000 ლარი შეწირა. 30,000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“ ღვინის კომპანია „ფალავანის“ მთავარმა მეღვინემ, ირაკლი ნანეიშვილმა.[9]
მსგავს ფაქტებზე იყო მოთხრობილი 11 ნოემბერს, „ტვ პირველის“ ეთერში გასულ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“,[10] რომელიც დამატებით ეჭვებს აღრმავებს, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არღვევენ კანონს და სხვა პირების ნაცვლად წირავენ პარტიას. სიუჟეტში ფიგურირებდა შალვა შარმანაშვილი, რომელიც ადასტურებდა, რომ ის ღვინისმწარმოებელი კომპანიის შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრების“ ბუღალტერია და რომელმაც პარტიას 60,000 ლარი შეწირა.
ქართული კანონმდებლობით აკრძალულია სხვა პირის მეშვეობით პარტიისთვის თანხის შეწირვა, ასეთი ქმედება პირის შემოწირულების ორმაგი ოდენობით დაჯარიმებით ისჯება.

[1] პარტიის თავმჯდომარე შოთა შალელაშვილია, რომელიც IX მოწვევის (2016-2020) პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული სიით
[3] TOP-10 ექსპორტიორი, რომელთაც 2022 წელს ყველაზე მეტი ღვინო გაყიდეს რუსეთში, bm.ge, 12.02.2023, https://bit.ly/3tXLUXF
[4] საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, 29.09.2023, https://bit.ly/3QGNS7M
[5] დამატებით იხილეთ „საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2022 წლის პუბლიკაცია „რთველი და არჩევნები — რთველის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის მიმოხილვა“, https://bit.ly/45TZdFZ
[6] გარდა ცხრილში ჩამოთვლილი ათი კომპანიისა შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიებიდან სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობას იღებენ: შპს გომბორი, შპს კახური ქვევრი, შპს დეკანოზიშვილის მარანი, შპს ურუშაძეების მარანი.
[7] სს „სარაჯიშვლითან“ დაკავშირებული ორი სხვადასხვა შემომწირველია გიორგი ბუბუტეიშვილის სახელით და გვარით, ერთი კომპანიის აქციონერია ხოლო მეორე მთავარი ბუღალტერი. იხ. დეტალურად: სს „სარაჯიშვილი“ ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულებული საანგარიშგებო წლისთვის https://reportal.ge/ka/Account/Login; სს „სარაჯიშვილის“ ინსაიდერთა სია 2021 წლის მდგომარეობით https://gse.ge/upload/Scan_bb2fb7c3.pdf