ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში?

24 აპრილი, 2026

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების პირობებში, წლებია, რაც კონკრეტული სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ჯგუფის მიზანმიმართული დევნისა და დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება. მათ შორის არის კომუნიკაციების კომისია, რომელიც უკვე ბევრი წელია კრიტიკული მაუწყებლების დასჯისა და გაჩუმების ინსტრუმენტად გვევლინება, რაშიც მმართველ გუნდს აქტიურაც ეხმარებიან პარტიული კუთვნილებისა და ლოიალობის ნიშნით შერჩეული წევრები.

ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, თუ ვინ არიან კომუნიკაციების კომისიის ძველი და ახალი წევრები, რა ნიშნით არიან ისინი შერჩეულნი და რა აკავშირებთ მათ „ქართული ოცნებასთან“.

  • რა როლს ასრულებს კომისია პრაქტიკაში?

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელი, ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის ფუნქციაც ამ სფეროში მომხმარებლის უფლებების დაცვა და პოლიტიკური გავლენებისგან და სიმპატიებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი არბიტრის როლის შესრულებაა. კომისია, ხუთი კომისიონერისგან (მათ შორისაა თავმჯდომარეც) შემდგარი კოლეგიური ორგანოა და გადაწყვეტილებებიც ხმათა უბრალო უმრავლესობით მიიღება.

მიუხედავად კანონმდებლობით გაწერილი ნეიტრალური სტატუსისა, კომუნიკაციების კომისია მმართველი პარტიისადმი ლოიალური კომისიონერებით არის დაკომპლექტებული და გადაწყვეტილებებიც, როგორც წესი, ერთსულოვნად, მმართველი გუნდის ინტერესების გათვალისწინებით მიიღება. მთლიანობაში, ხელისუფლებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებისა და არაერთი სადავო ინიციატივის გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისაკენ იყო მიმართული, წლებია, რაც კომუნიკაციების კომისიისა და მისი წევრების საქმიანობის მიმართ არაერთი ლეგიტიმური პრეტენზია და კითხვის ნიშანი არსებობს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კომისიას ხელისუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად იყენებს და ამაში ლომის წვლილი სწორედ პარტიული ლოიალობის პრინციპით შერჩეულ კომისიონერებს შეაქვთ.

ამ კუთხით განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კომისიაში კახა ბექაურის 9-წლიანი თავმჯდომარეობის პერიოდი იყო (ბექაურის შესახებ მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს), როდესაც კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ არაერთი პრობლემური გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მათ, როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ისე თავისუფალი გამოხატვის კონტექსტში. სწორედ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური რეპრესიული პოლიტიკის მხარდაჭერამ და მასში თანამონაწილეობამ განაპირობა უკრაინისა და ლიეტუვის მიერ ბექაურის დასანქცირებაც. ამასთან, 2025 წლის თებერვალში, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ქართული „ოცნების წევრებისა“ და მათთან დაკავშირებული ელიტის, მათ შორის, კახა ბექაურის დასანქცირებაც მოითხოვა.

ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა „ქართული ოცნების“ ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგა გულორდავამ გადაიბარა. ამდენად, კიდევ უფრო გამძაფრდა მოლოდინი და საფრთხის განცდა, რომ კომუნიკაციების კომისია უფრო მეტად მოექცევა პარტიული გავლენის ქვეშ, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება კრიტიკული მაუწყებლების პარალიზებას შეეცდება, მათთვის კომისიის გამოყენებით სოლიდური ფინანსური სანქციების დაწესების გზით. ამ მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში გასულ წელს მიღებული ცვლილებები, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა კომისიის უფლებამოსილება და მას მაუწყებლების შინაარსში ჩარევისა და კონტროლის ბერკეტი გადაეცა.

საფრთხე რომ რეალურია, ამას ახალი თავმჯდომარის პიროებებში, კომუნიკაციების კომისიის მიერ 6 მარტს გავრცელებული განცხადებაც მოწმობს, რომელშიც კომისიამ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ორ პროსამთავრობო პროპაგანდისტულ ტელევიზიას „იმედსა“ და „პოსტვის“ და ხაზი გაუსვა, რომ სანქციები „მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ“. საპირწონედ, კომისია იქვე დაემუქრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებს, რომ სრულად აამუშავებს გასულ წელს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც სანქციის სახით დაჯარიმებას, მაუწყებლობის შეჩერებას ან ლიცენზიის შეწყვეტას გულისხმობს.

კომისიამ მუქარა სისრულეში 8 აპრილს მოიყვანა და კრიტიკული მაუწყებლები - „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა. კომისია მაუწყებლებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე და 54-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა შემდეგი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის: „რეჟიმი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერმინისტრი“, „ივანიშვილის დეპუტატი“, „ქართული ოცნების პოლიცია“, „ე.წ. განათლების რეფორმა“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“ და სხვ. კომისიის მიერ ყოველი შემდგომი ასეთი „დარღვევის“ შემთხვევაში, ტელევიზიები ფინანუსრი სანქციების დაწესების, ასევე მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგებიან.

ამასთან, კომისიის ეს გადაწყვეტილება საგანგაშო პრეცედენტს ქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისფლების კუთხით და აწესებს პირდაპირ ცენზურას. ამდენად, გადაწყვეტილება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ის წინააღმდეგობაშია მთელ რიგ საერთაშორისო სტანდართან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან.

  • რა ვიცით კომისიის ახალი თავმჯდომარის შესახებ?

გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის წევრად 6 წლის ვადით პარლამენტმა 2025 წლის  დეკემბერში დაამტიკცა. იგი საქმიანობას 2026 წლის 26 იანვრიდან შეუდგა და 29 იანვარს 3 წლის ვადით უკვე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. გულორდავასთან ერთად კომუნიკაციების კომისიის წევრობა კიდევ ორ კანდიდატს - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ დირექტორს, ვლადიმერ ტატიშვილსა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროსამთავრობო „იმედის“ მფლობელი კომპანიის შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის50%-იანი წილის მფლობელი კომპანიის - შპს „პრაიმ მედია გლობალის100%-იანი წილის მფლობელი - ილია მიქელაიშვილს სურდათ.

გულორდავამ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე კახა ბექაური შეცვალა, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ზედიზედ 3 ვადით 2017 წლიდან თავმჯდომარეობდა და მედიის თავისუფლების კონტექსტში მძიმე მემკვიდრეობა დატოვა. მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, კომისია ქართული ოცნების ხელისუფლების სადამსჯელო პოლიტიკის დანამატად იქცა და კრიტიკული მაუწყებლების დევნის ფუნქციას ასრულებდა (ბექაურის შესახებ მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს).

კომისიაში გადანაცვლებამდე გულორდავა 2023-2025 წლებში სანქცირებულ „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და შიდა აუდიტორულ საქმიანობას ეწეოდა. 2020-2025 წლებში მას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში ჯერ გენერალური დირექტორის მრჩევლის, შემდეგ კი - შიდა აუდიტის დირექტორის თანამდებობაც ეკავა. სატელეკომუნიკაციო და მედია სფეროსთან მისი შემხებლობა და კავშირი სწორედ ამით და 2009-2011 წლებში შპს „მედია ალიანსის“ იურისტად მუშაობით შემოიფარგლება.

გულორდავა, რომელსაც კანონმდებლობით პოლიტიკური მიკერძოებისგან დაცლილი დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია აკისრია, 2016-2020 წლებში, საქართველოს პარლამენტის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი იყო „ქართული ოცნებიდან“. უფრო ადრე, 2013-2016 წლებში კი, წალენჯიხის მუნიპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ეკავა და ასევე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. გულორდავა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, `ქართული ოცნების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატიც იყო, თუმცა იგი მეორე ტურში, ოპოზიციონერ კანდიდატ, გია ხარჩილავასთან დამარცხდა.

წასრულში გულორდავას პრობლემები ჰქონდა მართლმსაჯულებასთან. 2007 წელს, იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. მაშინ იგი საქართველოს კონტროლის პალატის რეალური სექტორისა და პრივატიზების დეპარტამენტის მთავარი კონტროლიორი იყო. მას ნასამართლეობა მოხსნილი აქვს. გულორდავას სახელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საეჭვო შესყიდვების შესახებ 2022 წლის კვლევაშიც მოხვდა. კვლევა ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვას შეეხებოდა, მომსახურების შემსრულებელი კომპანიის ერთ-ერთი მეწილე კი გულორდავას დეპუტატობისას, მის ბიუროში მუშაობდა.

საგულისხმოა ისიც, რომ 2018 წლის ნოემბერში, გულორდავას მამა, გია გულორდავა ზუგდიდის მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ზუგდიდის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან ერთად. სასამართლომ მათ 2-2-წლიანი პატიმრობა და 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა. მათ საპატიმრო 2020 წლის აპრილში, ვადაზე ადრე დატოვეს. მაშინ გულორდავამ, რომელსაც პარლამენტის დეპუტატის თანამდებობა ეკავა, თქვა, რომ მას გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი არ ჰქონდა.

  • რა ვიცით კომისიის სხვა წევრებზე?

რაც შეეხება კომისიის დანარჩენს წევრებს, ამ თანამდებობებს ვახტანგ აბაშიძე, ნათია კუკულაძე, ეკატერინე იმედაძე და ივანე მახარაძე იკავებდნენ (მათ შესახებ უფრო მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს). მათგან უფლებამოსილების ვადა ვახტანგ აბაშიძეს ამოეწურა. აბაშიძის ადგილმონაცვლის შესარჩევად მთავრობამ კონკურსი მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 100 დღით ადრე - 11 თებერვალს გამოაცხადა. კომისიის წევრობის სურვილი სულ ოთხმა კანდიდატმა - ანი ვაზაგაშვილმა, გიორგი ელისაშვილმა, სოლომონ ექვთიმიშვილმა და იოსებ აბულაძემ გამოთქვეს. მათგან სამი პროსამთავრობო ტელევიზიების თანამშორმლები იყვნენ. კერძოდ:

  • ანი ვაზაგაშვილი - პროსამთავრობო ტელევიზია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსად და ასევე პროსამთავრობო „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. მანამდე, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო.
  • გიორგი ელისაშვილი - 2013 წლიდან ასევე პროსამთავრობო ტელევიზია „ჯიდიესის“ ფინანსური დირექტორია. მანამდე, იგი ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ  „ქართუ ბანკშიც“ მუშაობდა.
  • სოლომონ ექვთიმიშვილი - 2025 წლიდან დღემდე ასევე პროსამთავრობო „მედია ჰოლდინგის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

რაც შეეხება, იოსებ აბულაძეს,2016 წლიდან-დღემდე, მას შპს „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“  შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა უკავია. ამ კანდიდატებიდან პარლამენტმა 15 აპრილს კომისიის ახალ წევრად მომდევნო 6 წლის ვადით ანი ვაზაგაშვილი დაამტკიცა. ის კომისიაში ვახტანგ აბაშიძეს ჩაანაცვლებს.

საგანგაშოა მოცემულობა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივრებს „ქართულ ოცნებასთან“ და მათივე პროპაგანდისტულ პროსამთავრობო მედიებთან ღიად დაკავშირებული პირები განიხილავენ და გადაწყვეტილებებსაც პარტიული დღის წესრიგის შესაბამისად იღებენ. ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა 8 აპრილს, როდესაც კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა, რითაც ქვეყანაში ცენზურის დაწესებისკენ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა.