ჟურნალისტებზე ზეწოლის გამოუძიებელი ფაქტები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ჟურნალისტებზე ზეწოლის გამოუძიებელი ფაქტები

21 მაისი, 2014

 

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მედია პლურალიზმის თვალსაზრისით საქართველოში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და აღარც ჟურნალისტებზე ზეწოლისა და ძალადობის ფაქტები შეინიშნება. თუმცა კვლავ გამოუძიებელი რჩება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის, ზეწოლის, შეურაცხყოფის და საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევები. 

ჟურნალისტთა უფლებადარღვევების არასათანადო კვალიფიკაცია და გამოძიება მედიის მდგომარეობის შეფასებისას ერთ-ერთ მთავარ პრობლემადაა დასახელებული სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებშიც. 2013 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს, მათ შორის 2012 წლის შემთხვევებს (წინასაარჩევნო პერიოდი) საგამოძიებო ორგანოების მიერ, უმეტეს შემთხვევაში, სწორი კვალიფიკაცია მიეცა. თუმცა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კვლავ ფიქსირდება შემთხვევები, როცა ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შემთხვევებზე, საგამოძიებო ორგანოები თავს არიდებენ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით კვალიფიკაციას და მსგავსი ქმედებები კვალიფიცირდება, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ცემა ან წვრილმანი ხულიგნობა. 

ვფიქრობთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან წელიწადნახევრის შემდეგაც, ჟურნალისტებზე ძალადობისა და ზეწოლის გარკვეული ფაქტების გამოძიება აუცილებლად უნდა მომხდარიყო, რადგან ამგვარ სამართალდარღვევებზე დამნაშავეთა გამოვლენის შეფერხებამ შესაძლოა დაუსჯელობის სინდრომის გავრცელებას შეუწყოს ხელი. მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ ყველა შემთხვევის, იქნება ეს ჟურნალისტებზე ძალადობის, მათი შანტაჟის, შეურაცხყოფისა თუ საქმიანობაში ხელის შეშლის, სწრაფი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.

სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა

1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ამ ბლოგპოსტში მიმოვიხილავთ რამდენიმე რეზონანსულ საქმეს, რომელიც არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც კოალიცია „ქართული ოცნების“ მმართველობისას არ გახსნილა.[1] 

ბათუმელების საქმე

2009 წლის ნოემბერში, ყოველკვირეულ გაზეთ „ბათუმელები”-ს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზეთის თანამშრომლის თედო ჯორბენაძის დაშინების და შანტაჟის მცდელობას, მათ შორის „სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით.“

ჯორბენაძის თქმით, შეხვედრაზე მას ამობეჭდილი შავ-თეთრი ფოტოები აჩვენეს, რომელზეც გამოსახული იყვნენ „მამაკაცები საცვლების ამარა“ და უთხრეს, რომ ამ კადრებზე თვითონაც არის გამოსახული. ამავე შეხვედრაზე მას ასევე უთხრეს, რომ გაზეთით დაინტერსებულნი არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები და მისი დახმარება, თანამშრომლობა სჭირდებოდათ. უარის მიღების შემდეგ თედო ჯორბენაძე გააფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიდნენ მის ავადმყოფ მამას და თანამშრომლებს და ატვირთავენ ინტერნეტში.

გაზეთმა საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა, თუმცა საქმეს გრიფი დაედო და მასზე ინფორმაცია დაზარალებულისთვისაც კი მიუწვდომელი იყო.

2011 წელს გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ჯორბენაძის შანტაჟში მონაწილე პოლიციელს მიაგნო და პროკურატურისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა საქმის დროული გამოძიება და მხილებული პოლიციელის დაკითხვა. გაზეთმა საქმის გამოძიების და რეაგირების მოთხოვნით მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს,  ვანო მერაბიშვილს ღია წერილით მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის პროკურატურამ თედო ჯორბენაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო, საქმე არ გახსნილა. როგორც ჯორბენაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უთხრა, საქმე არც ერთ მთავრობას არ გამოუძიებია, ორივე მმართველობისას საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და შესაბამისად ინფორმაციაც ხელმიუწვდომელია.

სამი თვის წინ ნეტგაზეთთან ინტერვიუში აჭარის პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ თედო ჯორბენაძეს რეზონანსული საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა. მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა როდის დასრულდება არ იცის.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” გამოგზავნილ წერილში მთავარი პროკურატურა აღნიშნავს, რომ თედო ჯორბენაძის საქმეზე 2010 წლის 18 თებერვალს გამოძიება შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, თუმცა 2013 წლის 26 იანვარს საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება გაგრძელდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, კერძოდ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფისთვის. ამავე წერილში პროკურატურა ადასტურებს რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი “საიდუმლო”.

ფოტორეპორტიორების საქმე

2011 წლის ივლისში კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტორეპორტიორი - ზურაბ ქურციკიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში; ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი; მისი მეუღლე, გაზეთ „პრაიმტაიმის“ ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე; და  გიორგი აბდალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი – დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) განცხადებით მათ ბრალი ედებოდათ „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება“.

იმ მოტივით, რომ საქმე ეროვნული უსაფრთოების საკითხს ეხებოდა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს სამინისტრომ „გრიფი საიდუმლოს“ სტატუსი მიანიჭა. 

თხუთმეტდღიანი პატიმრობის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამი ფოტოგრაფი დამნაშავეებად ცნეს და მოსამართლის მიერ პროკურატურასა და მათ შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თითოეულ მათგანს პირობითი სასჯელები შეეფარდათ გამოსაცდელი ვადებით.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ თევში ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ გლდანის საპყრობილეში  გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც აბდალაძეს ადვოკატის აცილებაზე მითითებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) თანამშრომელი აძლევს. გათავისუფლების შემდეგ აბდალაძე  ასევე საუბრობდა იმაზე, რომ ფოტოგრაფებმა სამართალდამცავებს აღიარებითი ჩვენებები ზეწოლისა და ზემოქმედების შედეგად მისცეს. აბდალაძე ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ჯაშუშობის აღიარების ჩვენება მისგან იძულებით მიიღეს. მისი თქმით, ასევე ზეწოლის და მუქარის საშუალებით შეაწყვეტინა შიმშილობა გლდანის ციხის თანამშრომელმა, რომელმაც უთხრა, რომ თუ შიმშილობას არ შეწყვეტდა, სხვა საკანში მყოფ პატიმრებს სცემდნენ მის გამო.

2013 წლის თებერვალში ფოტოგრაფებმა მაშინდელ გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, საქმის ხელახალი გამოძიების და გრიფის მოხსნის თხოვნით მიმართეს. მალევე პრობაციის ეროვნულმა კომისიამ ფოტოგრაფებს მსჯავრი გაუუქმა და ნასამართლეობა მოუხსნა. თუმცა დღემდე ფოტორეპორტიორების საქმე არც ხელახლა გამოძიებულა და არც გრიფი მოხსნია.

მეცხრე არხის ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას საქმე

2012 წლის ივლისში მეცხრე არხის (მაშინ ოპოზიციონერი, ყოფილი პრემიერმინისტრის – ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში მყოფი ტელევიზია) ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას შსს-ს თანამშრომლები აშანტაჟებდნენ.

ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას თქმით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა და შეირაღებულები პირებმა მას საკუთარი თავი გააცნეს იმ გაურკვეველი სამსახურის თანამშრომლებად, რომლებიც „ადამიანებს უგვარებენ პრობლემებს, მაგრამ ამასთანავე, უქმნიან ძალიან დიდ პრობლემებს“ და ფულის სანაცვლოდ მეცხრე არხის ყოველდღიური საქმიანობების და ასევე სხვა თანამშრომლების შესახებ პირადი  ინფორმაციების მიწოდება შესთავაზეს. ჩაჩუას თქმით, მას ასევე უთხრეს სქესობრივი კავშირი დაემყარებინა მეცხრე არხის ერთ–ერთ თანამშრომელ მამაკაცთან და ეს ფარულად ჩაეწერა ვიდეოზე. ჟურნალისტის თქმით, მას ემუქრებოდნენ  რომ „ნარკოტიკებით გაბერავდნენ“. 

ჟურნალისტის და ტელევიზიის შემდეგ, პროკურატურას საქმის გამოძიების თხოვნით სახალხო დამცველმაც მიმართა. ჩაჩუას განცხადებიდან რამდენიმე დღეში მის საცხოვრებელ ბინაში უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები კარადებიდან გადმოყარეს. როგორც ჩაჩუა ამბობს, ბინიდან ფული და ძვირფასი ნივთები არ წაუღიათ, ამის მიუხედავად შსს-მ საქმე „ბინაში უკანონოდ შეღწევისთვის და ქურდობისთვის“ აღძრა.

როგორც ჩაჩუამ „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ უთხრა, პროკურატურამ ეს ორი საქმე გაერთიანდა, თუმცა ის დღემდე არ გამოძიებულა.

2012 წლის ანგარიშში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ხაზი გასუვა ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათი შევიწროების რამდენიმე შემთხვევას, მათი დიდი უმრავლესობა დღემდე გამოუძიებელია:   

 გელა მთივლიშვილი, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის ონლაინ საინფორმაციო ცენტრების ხელმძღვანელი, აცხადებს რომ 2012 წლის 20 მაისს თიანეთში პოლიციამ დააკავა და სცემა. მთივლიშვილის თქმით პორკურატურამ გამოძიება ფაქტების არარსებობის გამო შეწყვიტა.     

 ქუთაისში გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტის, ირაკლი ვაჩიბერიძის განცხადებით, იგი ზედიზედ ორი დღის განმავლობაში სამთავრობო დაცვის თანამშრომლებმა ორჯერ სცემეს. ვაჩაბერიძის თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მან პროკურატურისგან წერილი მიიღო, სადაც მას ატყობინებდნენ, რომ  დანაშაული არ მტკიცდება.

 გელა მთივლიშვილმა 2011 წლის ნოემბერში ყოფილი სამხარეო პროკურორისგან მიიღო შეურაცხყოფებისა და პირადი მუქარების შემცველი ელექტრონული წერილი. მართალია, სახალხო დამცველმა ითხოვა ინფორმირებული ყოფილიყო საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, მაგრამ მიღებული ზომების თაობაზე მისთვის არავითარი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

 მარტო TSPress-ს 2010-12 წლებში 9 გამოუძიებელი საქმე აქვს, მათ შორის არის ჟურნალისტებზე ზეწოლის, მუქარის და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები.



[1]

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას და ამ (ფოტორეპორტიორების და ნოდარ ჩაჩუას)  საქმეების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის მოწოდება თხოვა, თუმცა კანონით დადგენილი 10 სამუშაო დღის ვადაში არც ერთ ორგანოს პასუხი არ გაუცია. 

 

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. განცხადების შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და აშშ-ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

Author: ნანა საჯაია