დემოკრატიის მდგომარეობა 2020-2024 წლებში: კორუფცია, სასამართლო, პარლამენტი და მედია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

დემოკრატიის მდგომარეობა 2020-2024 წლებში: კორუფცია, სასამართლო, პარლამენტი და მედია

22 ოქტომბერი, 2024

ბოლო 4 წლის განმავლობაში, გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, დემოკრატიის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოდ არის გაუარესებული. გაგრძელდა და გაღრმავდა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, მაღალი დონის კორუფციის დაუსჯელობამ მიაღწია კლეპტოკრატიის ნიშნულს, სასამართლო სისტემაში კიდევ უფრო გამყარდა კლანური მმართველობა, საპარლამენტო ზედამხედველობა დარჩა ფორმალობად, კრიტიკული მედიისთვის ჩამოყალიბდა მტრული გარემო, ხოლო ჟურნალისტური საქმიანობა გახდა საფრთხის შემცველი.

წინამდებარე ანგარიში მიმოიხილავს უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში არსებულ მდგომარეობას დემოკრატიული გარემოსთვის მნიშვნელოვან რამდენიმე სფეროში, რომლებზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მუშაობს: ანტიკორუფციული გარემო, სასამართლო სისტემა, საპარლამენტო ზედამხედველობა და მედიაგარემო.

ძირითადი მიგნებები

ანტიკორუფციული გარემო

  • საბოლოოდ დადასტურდა, გაგრძელდა და გაღრმავდა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი;
  • ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამწვავდა მაღალი დონის კორუფციის პრობლემა; მკაფიოდ გამოჩნდა კლეპტოკრატიული მმართველობის ნიშნები;
  • მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რაც თავიდან დადებითად შეფასდა, ის ვერ გამოდგა ეფექტური კორუფციის წინააღმდეგ, რადგან ასევე მოექცა მიტაცებული ინსტიტუციების რიგებში;
  • ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გარდა, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

სასამართლო სისტემა

  • საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე;
  • გაგრძელდა სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. „კლანის“ მმართველობის კონსოლიდაცია კანონმდებლობის შემდგომი გაუარესებითა და სასამართლო სისტემაში ახალი – კლანთან დაახლოებული კადრების შერჩევა-დაწინაურებით;
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „კლანის“ სათავეში მყოფ მოსამართლეებზე  სანქციების დაწესებამ ცხადი გახადა, თუ რაოდენ ღრმად არის ჩაფლული კორუფციაში გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, რომელიც მთელ სასამართლო სისტემას აკონტროლებს;
  • კლანურმა სასამართლო სისტემამ მორჩილად შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა დევნის საქმეში; 
  • ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი კლანური სასამართლო სისტემა ასევე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკოსებისა და კრიტიკული მედიის დევნაში.

საპარლამენტო ზედამხედველობა

  • საპარლამენტო კონტროლი, ხშირ შემთხვევაში, არ ეხებოდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის კორუფციას. უმრავლესობის მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება ძირითადად ვიწრო პარტიული მიზნებით ხდებოდა;
  • კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა მის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ;
  • უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. პარლამენტმა არ შეასრულა ევროკომისიის მოთხოვნა, ამ სექტორზე კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით;
  • მნიშვნელოვნად შესუსტდა ოპოზიციის როლი ზედამხედველობის განხორციელების პროცესში – უმრავლესობა ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა ოპოზიციას, რათა მას ვერ განეხორციელებინა მთავრობაზე ზედამხედველობა.

მედიაგარემო

  • ბოლო 4 წელში მედიაგარემოს გაუარესების კვალდაკვალ, გამოვლინდა ისეთი საგანგაშო შემთხვევები, როგორებიცაა - ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმები და ძალადობა, რასაც „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაც მოჰყვა. ასევე, სამართლებრივი საქმეების აღძვრა კრიტიკული მაუწყებლების მფლობელებისა და დამფუძნებლების მიმართ და მათი დაკავება. 
  • საგანგაშოა მართლმსაჯულების სისტემის, კომუნიკაციის კომისიისა და ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული სხვა სტრუქტურების კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენება;
  • განსაკუთრებით სახიფათოა მმართველი უმრავლესობის ინიცირებით მიღებული არაერთი კანონი და ნორმა, რომლითაც კიდევ უფრო შეიზღუდა და გართულდა ჟურნალისტური საქმიანობა.

 

 

ანტიკორუფციული გარემო 2020-2024 წლებში

ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული კორუფციული გარემო ხასიათდებოდა მკვეთრი უკუსვლით პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. გაგრძელდა და ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე დადასტურდა სახელმწიფოს მიტაცება, მაღალი დონის კორუფციამ მიაღწია კლეპტოკრატიის ნიშნულს, ჩავარდა ანტიკორუფციული რეფორმა, შეუსრულებელი დარჩა საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებები და რეკომენდაციები, და გაუარესდა შეფასებები საერთაშორისო ინდექსებში.

სახელმწიფოს მიტაცება

2023 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი ქვეყანაში სწორედ ის იყო, მიუხედავად პოლიტიკაში არყოფნის მისი ფორმალური სტატუსისა. შესაბამისად, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ინსტიტუციების მიტაცებისა და პოლიტიკურად დამორჩილების პროცესის წარმმართველიც ის იყო.

სახელმწიფოს მიტაცების პროცესი ბოლო 4 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა. ამ პროცესის გამოვლინება იყო:

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლა, მას შემდეგ რაც ამ ინსტიტუციამ მმართველი პარტიისთვის არასასურველი დასკვნა დადო;
  • ეროვნული ბანკის რეპუტაციის დაზიანება, აშშ-ის მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასაცავად გამოცემული ბრძანების შედეგად;
  • პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა პოლიტიკურად დამორჩილებული საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით;
  • ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად პოლიტიკურად დამორჩილებული პირის დანიშვნა;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის ერთპარტიულად დაკომპლექტება.

გარდა პოლიტიკური ინსტიტუციებისა, ბოლო წლებში შეინიშნებოდა სახელმწიფოს მიტაცების პროცესის გაფართოება საზოგადოებრივ სფეროებზეც, როგორიცაა კულტურა და უმაღლესი განათლების სფერო.

დაუსჯელი ელიტური კორუფცია და კლეპტოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება

სახელმწიფოს მიტაცების ერთ-ერთი შედეგია კორუფციული პრაქტიკების, განსაკუთრებით კი მაღალი დონის კორუფციის, შემაკავებელი მექანიზმების მთლიანად გაქრობა. შედეგად, ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაღალი დონის კორუფციამ მზარდი სახე მიიღო და კლეპტოკრატიული მმართველობის მკაფიო მახასიათებლები შეიძინა.

მაღალი დონის თანამდებობის პირები რეგულარულად არიან ჩართულნი კორუფციაში. ისინი სხვადასხვა გზებით ითვისებენ საჯარო რესურსებს (მაგ. სახელმწიფო შესყიდვები, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, სუბსიდიები, ლიცენზიები და ნებართვები). „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონიტორინგმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოავლინა 206 ასეთი სავარაუდო შემთხვევა, რომლებშიც 201-ზე მეტი მაღალჩინოსანი ფიგურირებს.

ამ თანამდებობის პირებს შორის არიან მოქმედი და ყოფილი პარლამენტის წევრები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები, ყოფილი გენერალური პროკურორები, მოსამართლეები, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები.

სავარაუდო კორუფციული დანაშაულები კი მოიცავს ისეთ სერიოზულ დარღვევებს, როგორიცაა: სასამართლო ხელისუფლებაზე არაჯეროვანი ზეგავლენის მოხდენა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, უკანონო გამდიდრება, ზეგავლენით ვაჭრობა, მორგებული კანონების მიღება, ნეპოტიზმი / ფავორიტიზმი, პოლიტიკური კორუფცია, ინტერესთა კონფლიქტი, მორგებული ტენდერები, მბრუნავი კარი და სხვა.

ხშირ შემთხვევაში, კლეპტოკრატიული მეთოდებით მიღებული სარგებელი შემდეგ გამოიყენება მმართველი პარტიის დასაფინანსებლად, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო და პრობლემური ხდება არჩევნების დროს. მაგალითად, მიმდინარე წლის მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში, კომპანიებმა, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2 მლნ ლარი შესწირეს, ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან 1.2 მილიარდ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მხოლოდ მუნიციპალური შესყიდვების შესწავლის შედეგად გამოავლინა დაახლოებით 3 მილიარდ 280 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხები, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სავარაუდოდ კორუფციული გზებით იქნა განკარგული.

ელიტური კორუფციის მრავალი სავარაუდო შემთხვევების არსებობს მიუხედავად, პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლებსაც ევალებათ გამოძიება, არ კიდებენ ხელს ამ შემთხვევებს, რის შედეგადაც მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობენ სრული დაუსჯელობითა და ხელშეუხებლობით. ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ მიცემულა პასუხისგებაში კორუფციის გამო. 

ამ კონტრასტს აჩვენებს პროკურატურისა და სუს-ის ოფიციალური მონაცემებიც. ისინი ძირითადად მუნიციპალურ დონეზე მუშაობენ. მათი 2021-2023 წლების წლიური ანგარიშებიც ადასტურებენ, რომ მაღალი დონის თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების გამოვლენა და აღკვეთა ძირითადად მუნიციპალიტეტის ორგანოთა ხელმძღვანელი პირების დონეზე ჩერდება.

 

ჩავარდნილი ანტიკორუფციული რეფორმა

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ანტიკორუფციული რეფორმა მთლიანად ჩავარდა. ეს გამოიხატა შემდეგ პროცესებში:

არარსებული სტრატეგია და ინსტიტუციური გაურკვევლობა

ქვეყანას უკვე 4 წელია არ გააჩნია ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც უნდა იყოს ამ სფეროში რეფორმის მიმართულების მიმცემი მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი. სტრატეგიის არ/ვერ შემუშავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო პასუხისმგებელი ინსტიტუციის რამდენჯერმე ცვლილება, რამაც, პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, მთლიანად გააჩერა სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესი. ბოლო 4 წელია პრაქტიკულად შეჩერებულია ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია. პროცესი არ განუახლებია არც ახალ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს.

შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები

2020 წლის შემდეგ გაჩერებულია ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პროცესი:

  • ევროინტეგრაცია (ევროკომისიის 12 პრიორიტეტი და 9 ნაბიჯი) – მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული რეფორმა ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გარდა, არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რიგი მიმართულებით კი აუარესებს არსებულ რეგულაციებს.
  • „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ანტიკორუფციული ქსელის (OECD /ACN) – 2023 წელს საქართველოს მთავრობამ, 20 წლის განმავლობაში პირველად თქვა უარი OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე. მონიტორინგი მიზნად ისახავს ანტიკორუფციული რეფორმების ხელშეწყობას კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის ანალიზის, რეკომენდაციების მომზადების და მათი განხორციელების მონიტორინგის გზით. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დათანხმდა.
  • ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) – ღია მმართველობის პარტნიორობაში ერთ დროს მოწინავე ქვეყანა, დღეს საქართველოს წევრობა ამ ორგანიზაციაში დროებით შეჩერებულია, ქვეყნის მთავრობის მიერ OGP-ის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების უხეშად დარღვევის გამო.
  • ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ასოცირების დღის წესრიგი – მართალია ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმა, თუმცა ის ვერ პასუხობს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებსა და მიზნებს, და უგულებელყოფს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ ყველა ძირითად გამოწვევას.

არსებული ანტიკორუფციული რეგულაციების იგნორირება

ბოლო 4 წლის განმავლობაში პრობლემად დარჩა არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და მექანიზმების ეფექტიანად აღსრულება. კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი დარღვევების გამოვლენა, როგორიცაა: ინტერესთა შეუთავსებლობა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უკანონო საჩუქრის მიღება, მამხილებელთა დაცვა, „მბრუნავი კარის“ შეზღუდვები, როგორც მინიმუმ სამინისტროების დონეზე, პრაქტიკაში თითქმის არ ხდება. უმეტეს შემთხვევაში, კანონის მოთხოვნების შესრულებისთვის საჭირო მექანიზმები საერთოდ არ არის დანერგილი.

მორჩილი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა

ანტიკორუფციული ბიურო, რომლის შექმნა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის  ევროინტეგრაციის გზაზე დაწესებული ერთ-ერთი წინაპირობა იყო, თავდაპირველად დადებითად შეფასდა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, დამოუკიდებლობის გარანტიების არარსებობის პირობებში, ეს ინსტიტუცია თავიდანვე მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რაც გამოჩნდა წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებაში და შემდგომ პრემიერ მინისტრის ბრძანებით ამ გადაწყვეტილების უკან წაღებაში.

შედეგად, პოლიტიკურად დამორჩილებულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუარესა როგორც ანტიკორუფციული კანონმდებლობა, ისე მისი აღსრულების პრაქტიკა:

  • ბიურომ არ გამოაქვეყნა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ამსახველი ცალკე ანგარიში, რითიც დაარღვია კანონის მოთხოვნები;
  • ბიურომ დახურა ინფორმაცია დეკლარაციების მონიტორინგის დეტალური შედეგების შესახებ, რის გამოც აღარ არის საჯარო შემოწმებული თანამდებობის პირების ვინაობა, დაჯარიმებულთა ვინაობა და მიზეზი;
  • ბიუროს ინიცირებით მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რითიც შეზღუდა დეკლარაციების საჯაროობა. მიღებული ცვლილებებით, ახლად შევსებული დეკლარაციები 2 თვემდე დროის განმავლობაში აღარ იქნება საჯარო.

ამ ცვლილებებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ დახურა დეკლარირების სისტემა გარე დამკვირვებლებისთვის, რითიც კომფორტი შეუქმნა არაკეთილსინდისიერ თანამდებობის პირებს.

კორუფციის აღქმის ინდექსი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, რომელიც ზომავს საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის დონეს, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც გასულ წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში კვლავაც წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია. ამასთან, ინდექსის ბოლო 12 წლის შედეგები ცხადყოფს, რომ საჯარო სექტორში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ქვეყანა სტაგნაციას განიცდის.

კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.


„კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2023 წლის რეგიონულ ანგარიშში საქართველოში არსებულ გამოწვევებს შორის აღნიშნული იყო შემდეგი: „რამდენიმე წელია, საქართველო განიცდის დემოკრატიულ უკუსვლას, სადაც სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია ხელისუფლებას კლეპტოკრატიად აქცევს.“ სახელმწიფოს მიტაცების, მაღალი დონის კორუფციის, ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაციისა და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მიერ საკვანძო ინსტიტუციებზე არაჯეროვანი გავლენის პრობლემა ხაზგასმული იყო წინა წლების (2022, 2021) ანგარიშებშიც.

 

სასამართლო სისტემის მდგომარეობა 2020-2024 წლებში

რეზიუმე

2020-2024 წლებში მართლმსაჯულების სისტემა დეგრადირებას განაგრძობდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის წინა 8 წელთან შედარებით, როდესაც სხვადასხვა მასშტაბით, ხარისხით თუ ტემპით გარკვეული რეფორმების განხორციელება, ასე თუ ისე, ხელისუფლების დღის წესრიგში რაღაც ადგილს იკავებდა, 2020 წლის შემდეგ სასამართლო რეფორმაზე საუბრებიც კი შეწყდა. რეფორმა ფაქტიურად დასრულებულად იქნა მიჩნეული.

საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ  არ შეასრულა ევროკაშირის მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების დროს განესაზღვრა, არამედ“რუსული კანონის” და სხვა ანტიდემოკრატიული კანონების მიღებით ხელისუფლება ღიად დაუპირისპირდა ყველა იმ ძირეულ პრინციპს და ღირებულებას, რომელსაც ეყრდნობა ევროკავშირი.

საანგარიშო პერიოდი მხოლოდ იმით გამოირჩა, რომ სასამართლოში გაბატონებული, ე.წ. „მურუსიძე-ჩინჩალაძის“ კლანი თავის გარშემო სასამართლო ხელისუფლების კონსოლიდაციით იყო დაკავებული. ეს აისახა კანონმდებლობის შემდგომ გაუარესებაშიც, სასამართლო სისტემაში ახალი – კლანთან დაახლოებული კადრების შერჩევა-დაწინაურებაშიც, საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის, განსაკუთრებით ევროკავშირის მოთხოვნების მიმართ რეზისტენტულობაშიც.

აშშ-ის მიერ კლანის ოთხი გავლენიანი ლიდერის დასანქცირება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ ღრმად არის ჩაფლული სისტემა კორუფციაში. თუმცა, ხელისუფლების პოლიტიკური დავალებების შესრულების სანაცვლოდ კლანის მესვეურები სრული დაუსჯელობით სარგებლობენ. ისინი ისე შორს წავიდნენ, რომ აღარც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების მექანიზმს ექვემდებარებიან. მართლმსაჯულების სფეროში ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, მათ შორის, „ვეთინგის“ საკითხშიც, სწორედ კლანის კარნახით ფორმირდება.

ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლებისა და სასამართლო კლანის ურთიერთკავშირი ყველაზე თვალსაჩინოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოების მიერ ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებებში აისახება.

მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების ერთადერთი გზა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შემოღება და ევროკავშირის სხვა მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებაა.

ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებასურვილის აღმსრულებელი მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემა არ არის. უკანასკნელ წლებში საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ მზად არის შეასრულოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნებისმიერი დაკვეთა.

აშშ-ის მიერ კლანის ლიდერებზე დაწესებული სანქციები

საანგარიშო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მახასიათებელი აშშ-ის მიერ სასამართლოში გაბატონებული კლანის ლიდერებზე სანქციების დაწესება იყო.

2023 წლის 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააკისრა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს მასშტაბურ კორუფციაში ჩაბმულობის გამო. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამ პირებმა, ბოროტად გამოიყენეს რა თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობა, როგორც სასამართლოების თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ძირი გამოუთხარეს სამართლის უზენაესობას და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას.

ევროკავშირის მოთხოვნები მართლმსაჯულების სფეროში

2023 წლის 15 დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა შეასრულებდა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ცხრა სხვადასხვა მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებას მოიცავდა. ევროკავშირში გაწევრების გზაზე ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობად მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის გატარება დასახელდა. რეფორმას უნდა უზრუნველეყო სასამართლო სისტემის და პროკურატურის სრული დამოუკიდებლობა. იგი სრულ შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ევროკავშირის მიერ დადგენილ და ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან. უფრო კონკრეტულად, სხვა ზომებთან ერთად, უნდა შექმნილიყო კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რომელიც საგამონაკლისო წესით უზრუნველყოფდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეებისა და აღნიშნულ პოზიციებზე დასანიშნი ან ასარჩევი კანდიდატების შეფასებას. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი საერთაშორისო ექსპერტებს უნდა მინიჭებოდათ.

საქართველოს ხელისუფლების პასუხი ევროკავშირის მოთხოვნების მიმართ

საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იღონა იმისთვის, რომ ეს მოთხოვნები შესრულებულიყო. პირიქით, ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ 2023 წლის 15 დეკემბრის შემდეგ განახორციელა, ევროკავშირის ამ და სხვა მოთხოვნების საწინააღმდეგო მიმართულებით მიღებულ ზომებს წარმოადგენდა. 2024 წლის აპრილში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის („რუსული კანონი“) მიღებით საქართველოს ხელისუფლება ღიად დაუპირისპირდა ყველა იმ ძირეულ პრინციპს და ღირებულებას, რომელსაც ეყრდნობა ევროკავშირი. ამით ხელისუფლებამ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულად გამოაცხადა.

მეტიც, „რუსული კანონის“ ინიცირება, გარკვეულ წილად, სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის გატარების, მათ შორის, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის („ვეთინგის“) შემოღების მოთხოვნაზე ხელისუფლების საპასუხო მოქმედებას წარმოადგენდა. ამას ადასტურებს საქართველოს ჩრდილოვანი მმართველის, ოლიგარქ ივანიშვილის სიტყვები, რომლებიც მან 2024 წლის 29 აპრილს, პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე წარმოთქვა.

სასამართლო კლანის პასუხი „ვეთინგის“ ინსტიტუტის მიმართ

ხელისუფლების კამპანიას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შემოღების წინააღმდეგ, ცხადია, კლანური სასამართლოც შეუერთდა. ბუნებრივია ისიც, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩნენ სწორედ ის მოსამართლეები, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს.

კლანის ლიდერები მოსამართლეთა ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების სისტემის წინააღმდეგ

ხელისუფლების მიერ წაქეზებული კლანის წინააღმდეგობა მხოლოდ „ვეთინგის“ წინააღმდეგ კამპანიით არ შემოიფარგლა. მათი თვითნებობა და ცინიზმი კიდევ უფრო შორს წავიდა. 2024 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ კლანის სათავეში მყოფმა მოსამართლეებმა, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ, სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართეს და მათი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების პროცესის შეჩერება მოითხოვეს. სასამართლომ შუამდგომლობები დააკმაყოფილა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით. შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადიშვილმა, ვალერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.

მომხდარი ინციდენტი შემაშფოთებელი პრეცედენტია და ქმნის შესაძლებლობას, კლანის წევრებმა, მათივე მორჩილი სასამართლოს გამოყენების გზით, თავი აარიდონ მათი ფინანსური კეთილსინდისიერების გადამოწმებას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებულ შეზღუდულ ფარგლებშიც კი.

ნიშანდობლივია, რომ მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების წინააღმდეგ დავის ინიციატორები იყვნენ მოსამართლეები, რომელთა კეთილსინდისიერებასთან, მათ შორის, ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს. ეს ფაქტი კარგად ხსნის სასამართლოს კლანის წინააღმდეგობას კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის გამოყენების მიმართაც. მოსამართლე, რომელსაც ეშინია, თუნდაც ისეთი შეზღუდული ფარგლების მქონე ანტიკორუფციული მექანიზმის მოქმედების, როგორიცაა დეკლარაციის შემოწმება, ბუნებრივია, შეეწინააღმდეგება მისი კეთილსინდისიერების სრულყოფილ გამოკვლევასაც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც რიგით მოსამართლეებზე კლანის მხრიდან ზემოქმედების ინსტრუმენტი

წლებია, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მთავარ საყრდენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მის ხელთ არსებული, კონსტიტუციურ დონეზე განმტკიცებული, ძალაუფლება ქმნის. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლოსათვის მნიშვნელოვან ყველა საკვანძო საკითხზე. შესაბამისად, სამოქალაქო სექტორი უკვე დიდი ხანია საუბრობს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის რადიკალურ ცვლილებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე, რომელიც სასამართლო სისტემის კონსენსუსზე დაფუძნებულ მმართველობისა და ძალაუფლების კონცენტრაციისთვის მყარი ბარიერების შექმნას უნდა ისახავდეს მიზნად.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საბჭოს სიღრმისეული რეფორმის აუცილებლობის შესახებ რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებასა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ შესაბამის დოკუმენტებშიც მოხვდა.

ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლებისა და სასამართლო კლანის მესვეურთა რეზისტენტულობა ამ საკითხშიც თვალსაჩინოა.

კლანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მის მიერ კონტროლირებული კადრებით იყოს დაკომპლექტებული. ასე მოხდა საბჭოს შემადგენლობის ბოლოდროინდელი განახლების დროსაც. „ვეთინგის“ ინსტიტუტის წინააღმდეგ კამპანიის გარდა, რაზეც ზემოთ აღინიშნა, 2024 წლის 24 მარტს ჩატარებული მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მდივნის არჩევა იყო.

როგორც წინა წლებში, საბჭოს წევრების არჩევამ ამჯერადაც არაკონკურენტულ გარემოში ჩაიარა. კანდიდატებს არ წარმოუდგენიათ თავიანთი ხედვები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან და გამოწვევებთან დაკავშირებით. გაგრძელდა მენეჯერულ თანამდებობებზე კლანის წევრების დანიშვნა. კენჭისყრაში მონაწილე 292 მოსამართლიდან ლევან თევზაძეს ხმა მისცა – 279-მა, ვასილ მშვენიერაძეს – 281-მა, ხოლო ნიკოლოზ მარსაგიშვილს – 284-მა. ეს უკანასკნელი კონფერენციამ განმეორებით აირჩია საბჭოს მდივნად, მიუხედავად იმისა, რომ მისი მდივნობის პერიოდში საბჭოში გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. საყურადღებოა, რომ სამივე მათგანი სხვადასხვა დროს იყო საბჭოს წევრი და ამასთანავე, წლებია მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვან მენეჯერულ პოზიციებს იკავებს.

რაც შეეხება ლევან თევზაძეს, გარდა იმისა, რომ კლანის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული წევრია, იგი აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლის – ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. მისთვის ინტერესთა კონფლიქტზე მითითება „დევნის“ ტოლფასია. სიძე-ცოლისძმის ნათესაური კავშირები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წიაღშიც ვრცელდება. პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური ირაკლი შენგელიას დისშვილის ქმარია.

კლანისთვის საკმარისი არ არის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრებს აკონტროლებდეს. მისთვის არანაკლებ აუცილებელია, რომ კონტროლის ქვეშ ჰყავდეს საბჭოს არამოსამართლე წევრებიც. ამას კი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პარლამენტი უზრუნველყოფს. 2023 წლის 17 მაისს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა   და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.  2021 წლის ივნისის შემდეგ საბჭო 5 არამოსამართლე წევრის გარეშე ფუნქციონირებდა.

ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის გასაუბრებებმა აჩვენა, რომ ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს. გარდა ამისა, მათი ბიოგრაფიების შესწავლის შედეგად გამოვლინდა მათი კავშირები აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან. შესაბამისად, მათი საბჭოში არჩევა კიდევ უფრო მეტად  გაამყარებს კლანის პოზიციებს. 

ნიშანდობლივია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც ხელისუფლება და კლანი, ფორმალობის დაცვის მოსაზრებით, თანხმდებოდა იმას, რომ საბჭოში ერთი-ორი წევრი მათი გავლენისგან დამოუკიდებელი პირი ყოფილიყო, როგორც, მაგალითად, ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის შემთხვევაში იყო, ამჯერად კლანმა ისიც კი არ მოისურვა, რომ საბჭოში თუნდაც ერთი წევრი ყოფილიყო ისეთი, რომელიც მისი გავლენის მიღმა იქნებოდა. როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება ერთპიროვნულად დანიშნოს საბჭოს ერთი წევრი, ამ თანამდებობაზე სამართლის ცნობილი ექსპერტი და კლანის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი - კახა წიქარიშვილი დანიშნა, კლანის მიერ მართულმა სასამართლომ, კონსტიტუციის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონისა და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების თვალსაჩინო მაგალითები

ნებისმიერი ავტორიტარული პოლიტიკური ხელისუფლებისა და კლანური სასამართლოს კორუფციული ურთიერთკავშირის მთავარ დანიშნულებას პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ხელისუფლებისათვის სასურველი შედეგით დასრულება წარმოადგენს. ასეთი ხელისუფლებისთვის ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ოპონენტებთან და კონკურენტებთან ანგარიშსწორება, რაშიც მისი ნებასურვილის მორჩილმა სასამართლო სისტემამ მას ხელი უნდა შეუწყოს.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს სასამართლოებმა განიხილეს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს არაერთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, რომელმაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მართლმსაჯულების სისტემის სათავეში მყოფი კლანის მესვეურთა ურთიერთკავშირი.

კლანური სასამართლო, როგორც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა სადამსჯელო იარაღი ხელისუფლების ხელში

მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანური სასამართლოს სახე და ბუნება ასევე მკაფიოდ გამოვლინდა 2024 წლის აპრილი-მაისის განმავლობაში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებში.

15 აპრილიდან  15 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დაკავებული 189 პირის შესახებ. ასევე, მოგვმართა 30-მდე მშვიდობიანმა დემონსტრანტმა, რომლებსაც აჯარიმებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე (ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა.

დაკავებულების უმრავლესობა მიუთითებდა დაკავების დროს სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას უმეტეს შემთხვევებში ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღვევის აღკვეთას. რამდენიმე  შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ძალის გადამეტების იმდენად მძიმე მეთოდები გამოიყენეს, რომ რამდენიმე დაკავებულს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება მოუწია.

სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ ამ დანაშაულებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ ამ მოვლენებიდან 5-6 თვის გასვლის შემდეგაც აღნიშნულ სამსახურში და პროკურატურაში არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. გამოძიება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

რაც შეეხება სასამართლოებს, მათ ამ შემთხვევაშიც შეასრულეს ხელისუფლების მორჩილი შემსრულებლის ფუნქცია და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უკანონოდ დაკავებულ და უმოწყალოდ ნაცემ პროტესტის მონაწილეებს საკმარისად სოლიდური მოცულობის ჯარიმები დააკისრეს, რასაც შედეგად ამ ჯარიმების აღსრულების მიზნით ანგარიშების დაყადაღებაც მოჰყვა.

კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიის შევიწროვება და ამ საკითხში სასამართლოს როლი

2024 წლის წინასაარჩევნო პერიდის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიამ, სხვადასხვა მოტივებით, არაერთხელ სცნო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლები - „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „პირველი“ სამართალდამრღვევებად. კომისიის რეპრესიული გადაწყვეტილებების მიზეზი გახდა სარეკლამო ვიდეო რგოლების მეშვეობით ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობა; „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების ასახვა; „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამის განუთავსებლობა, რომელშიც არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები; აღნიშნული მაუწყებლების უარი „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი სარეკლამო რგოლის განთავსებაზე, რომელშიც მმართველი პარტია უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებდა და რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების განადგურებას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა.

ამ საკითხში სასამართლო არათუ არ ასრულებდა ეფექტურ სასამართლო კონტროლს თავისუფალი მედიის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს რეპრესიულ პოლიტიკაზე, არამედ, თავისი გადაწყვეტილებებით, რომლებითაც აღნიშნულ მაუწყებლებს საკმაოდ მძიმე ჯარიმებს აკისრებდა, ახალისებდა კიდეც ამგვარ პოლიტიკას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამსახურში

ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გავლენა მხოლოდ საერთო სასამართლოებით არ შემოიფარგლება. უკანასკნელი წლებში გამოიკვეთა საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის მზადყოფნა, შეასრულოს ხელისუფლების ნებისმიერი დაკვეთა. ამას საფუძველი წინა საანგარიშო პერიოდებში ჩაეყარა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლებისადმი ლოიალური მოსამართლეები დაინიშნენ.

მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოში არის 3 მოსამართლე, რომელსაც, მნიშვნელოვან საქმეებზე, როგორც წესი, უმრავლესობისგან განსხვავებული აზრი აქვს ხოლმე, სამწუხაროდ, მათი სიმცირის გამო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ისინი გავლენას ვერ ახდენენ.

საანგარიშო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს ხელისუფლებისათვის მაამებელი გადაწყვეტილებების მკაფიო მაგალითებად საკმარისია დასახელდეს ორი მათგანი. ერთი საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის სექტემბერში გამოიტანა, როდესაც დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახირებული სურვილი და საქართველოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცესს თავისი დასკვნით შემდგომი მსვლელობა მისცა. მეორეა სულ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა „რუსული კანონის“ შეჩერებაზე. სამოქალაქო საზოგადოებამ ამ გადაწყვეტილებას უკიდურესად მწვავე შეფასება მისცა.

დასკვნა

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა მძიმე სენით არის დაავადებული. იგი ღრმად კორუმპირებული, პოლიტიკური ხელისუფლების ნებისმიერი სურვილის შემსრულებელი კლანის მიერ არის მიტაცებული. სისტემის გაჯანსაღების ერთადერთი გზა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შემოღება და ევროკავშირის სხვა მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებაა.

 

საპარლამენტო კონტროლი 2020-2024 წლებში

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ღიაობა, ანგარიშვალდებულება და საპარლამენტო ზედამხედველობა არა მხოლოდ პრაქტიკით, არამედ საკანონმდებლო ცვლილებებითაც გააუარესა. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა პარლამენტმა გაუმჯობესებული კანონმდებლობით, 2019 წელს მიღებული პარლამენტის რეგლამენტით დაიწყო საქმიანობა, მისი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საზედამხედველო ფუნქციის სისუსტე იყო.

საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება იმ 9 პირობიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ განუსაზღვრა.

საპარლამენტო ზედამხედველობის სისუსტის მთავარი მიზეზი იმ არადემოკრატიულ პროცესებში უნდა ვეძიოთ, რაც უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საკანონმდებლო ორგანოში. მეათე მოწვევის პარლამენტი ჩამოყალიბდა დახურულ უწყებად, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო საპარლამენტო საქმიანობის პროცესში ოპოზიციისა და საზოგადოების როლის იგნორირება, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, პარლამენტის ძირითადი ფუნქციების, მათ შორის საპარლამენტო კონტროლის, ფორმალურად შესრულება ვიწროდ პარტიული ინტერესების გატარებით და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც საბოლოოდ რუსული კანონის მიღებით დასრულდა.

საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით შემდეგი ძირითადი გამოწვევები გამოიკვეთა:

საპარლამენტო კონტროლს მიღმა დარჩენილი მნიშვნელოვანი სფერო – უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს ამოქმედდა ახალი რეგლამენტი, რომელმაც კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, ცვლილებები ყველაზე ნაკლებად უსაფრთხოების სექტორის საპარალამენტო კონტროლს შეეხო. ეს სფერო ფაქტიურად ზედამხედველობის მიღმა დარჩა. საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე იმ 9 პირობიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ განუსაზღვრა. უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ თავის გეგმაში მხოლოდ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსება ასახა, რაც არასაკმარისი იყო ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად. თუმცა პარლამენტმა ისე დაასრულა საქმიანობა, რომ ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებაც ვერ შეძლო.

ოპოზიციის როლის იგნორირება საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში

ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო კონტროლის სრულფასოვნად განხორციელებისათვის.

მეათე მოწვევის პარლამენტში, არათუ არ გაძლიერდა ოპოზიციის როლი ზედამხედველობის განხორციელების პროცესში, არამედ მნიშვნელოვნად შესუსტდა – კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ოპოზიციის მონაწილეობისათვის დამატებით გარანტიებს, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება აიგნორებს საპარლამენტო კონტროლს თუ მისი ინიციატორი ოპოზიციაა.

ამ მიმართულებით აღსანიშნავია შემდეგი პრობლემები:

  • პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია. ამ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმების დოკუმენტში (ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმება“), რომელიც ითვალისწინებდა 5 ძირითად მიმართულებას და ერთ-ერთი პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხიც იყო. თუმცა, ისევე, როგორც ევროკავშირის არაერთი რეკომენდაცია, ესეც არ შესრულებულა;
  • ოპოზიციის როლის შეზღუდვა პარლამენტმა რეგლამენტითაც დააკანონა. 2023 წელს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკანონდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება ეძლევა დაადგინოს კომიტეტის სხდომაში მონაწილეთა გამოსვლის დროის ხანგრძლივობა. ეს ცვლილება რისკის შემცველია ოპოზიციისთვის და მისი შერჩევითად გამოყენება მნიშვნელოვნად შეზღუდავს კრიტიკული აზრის სათანადოდ გაჟღერებას.
  • აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები არ პასუხობენ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს და ამით მათ უზღუდავენ საპარლამენტო კონტროლის კონსტიტუციური მექანიზმის გამოყენებას. მაგ. 2023 წლის მონაცემების თანახმად, პასუხგაუცემელი კითხვებიდან 791-ის ავტორია ოპოზიცია, ხოლო 5-ის – უმრავლესობა. იგივე ტენდენციაა 2022 წელს, კერძოდ პასუხგაუცემელი კითხვებიდან 939-ის ავტორი იყო ოპოზიცია, ხოლო 58-ის – უმრავლესობა;
  • პარლამენტის რეგლამენტით ოპოზიციურ ფრაქციებს აქვთ უფლება კომიტეტის სხდომაზე დაიბარონ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირები. თუმცა, საპარლამენტო კონტროლის ეს მექანიზმიც ვერ მუშაობს, რადგან მთავრობის წევრები არ მიდიან კომიტეტის სხდომებზე თუ დაბარების ინიციატორი ოპოზიციური ფრაქციაა. მაგ., 2021 წელს ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირები კომიტეტის სხდომაზე 12-ჯერ დაიბარეს და მოსმენა არცერთ შემთხვევაში არ შედგა. კონტროლის ამ მექანიზმის არაეფექტურობის გამო 2022 წელს კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლებით არც ოპოზიციას და არც უმრავლესობას არ უსარგებლია. 2023 წელს, ოპოზიციურმა ფრაქციებმა ხუთჯერ დაიბარეს მინისტრები. აქედან ერთ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრი არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე.

საპარლამენტო ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაუარესება

  • მეათე მოწვევის პარლამენტი დახურულ უწყებად იქცა საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის. პარლამენტის შენობაში შესვლა დაუსაბუთებლად ეკრძალებოდათ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს; კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას ცხადდებოდა უსაფრთხოების რეჟიმი და იკრძალებოდა პარლამენტის შენობაში შესვლა; მედიისთვის აკრედიტაციის წესი გამკაცრდა; პარლამენტი აღარ გასცემდა დროულად და სრულად საჯარო ინფორმაციას. ყოველივე აღნიშნული უარყოფითად აისახა პარლამენტის ზედამხედველობის პროცესის გამჭვირვალობაზეც და სამოქალაქო ჩართულობაზეც.
  • 2023 წელს პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტის ცვლილებებს და გააუქმა მნიშვნელოვანი ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვის ვალდებულება (მაგ., ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშები). ანგარიშები მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება სხდომაზე, თუ ამას წამყვანი კომიტეტი, ბიურო ან ფრაქცია მოითხოვს. ეს ცვლილებები საპარლამენტო კონტროლსა და ღიაობას მნიშვნელოვნად აუარესებს. ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვის მიზანი არა დეპუტატთა ინტერესის დაკმაყოფილება იყო, არამედ საზოგადოების ინფორმირება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობისა და მათზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ.

უმრავლესობის მიერ საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესისათვის ხელის შეშლა

საპარლამენტო კონტროლი, ხშირ შემთხვევაში, არ ეხებოდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის კორუფციას. უმრავლესობის მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება ძირითადად ვიწროდ პარტიული მიზნებით ხდებოდა. ამის ნათელი მაგალითია ოპოზიციის მცდელობა, შეექმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ სქემებზე. 2023 წელს სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრა არ შედგა, რადგან უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს სხდომის წინ. როგორც უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს იყო სანქცირებული მოსამართლეების „სოლიდარობის აქტი”. ამ ნაბიჯით უმრავლესობის წევრებმა არ მისცეს საშუალება ოპოზიციონერ დეპუტატებს საპარლამენტო კონტროლის კონსტიტუციური მექანიზმი გამოეყენებინათ.

საპარლამენტო კონტროლის ფორმალური ხასიათი ქვეყნისათვის კრიზისულ ვითარებაში

პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავის ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის  უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას. პარლამენტი არ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ  მონიტორინგს.

საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის კომიტეტებს არ ჩაუტარებიათ სხდომა, რომელიც შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს, კომიტეტებს არ გამოუყენებიათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეემოწმებინათ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა.

 

საქართველოს მედიაგარემო 2020-2024 წლებში

წლიდან-წლამდე საქართველოში მედიაგარემო სისტემურად უარესდება და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ პლურალისტურია, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მკვეთრი პოლარიზება. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა სამაუწყებლო მედიის კონტექსტში, რადგანაც უკვე წლებია, პოლიტიკური აქტორების მხრიდან ტელევიზია პოლიტიკური ბრძოლისა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების მთავარ ინსტრუმენტად არის აღქმული. ამდენად, პოლიტიკურ კლასს შორის არსებული მწვავე დაპირისპირება პირდაპირ გავლენას ახდენს მედიაგარემოზე. საქართველოში მედიაგარემოს გაუარესება აღნიშნულია საერთაშორისო ანგარიშებშიც. მაგალითად, მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières - RSF) ბოლო, 2024 წლის კვლევით, საქართველომ მედიის თავისუფლების ინდექსი 26 პოზიციით გააუარესა და 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილი დაიკავა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა:

  • ჟურნალისტებზე როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური თავდასხმების, მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები, მათ შორის, მმართველი უმრავლესობის წევრებისა და სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან.
  • კვლავაც საგანგაშო ტენდენციად შენარჩუნდა მმართველი გუნდის მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის, ასევე სამართალდამცველი და მისი გავლენების ქვეშ მყოფი სხვა სტრუქტურების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის კრიტიკული მედიის შევიწროებისა და ზეწოლის იარაღად გამოყენება.
  • განსაკუთრებით საგანგაშოა მმართველი უმრავლესობის ინიცირებით მიღებული არაერთი კანონი და ნორმა, რომელთაც კიდევ უფრო შეზღუდეს და გაართულეს ჟურნალისტური საქმიანობა. ნათელია, რომ ამგვარი ინიციატივების საბოლოო მიზანი ხელისუფლებისადმი კრიტიკული არხების შესუსტება, შეზღუდვა და საბოლოო გაქრობაა.
  • გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდაც, რომლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხელისუფლებას მწყობრი, ქმედითი გეგმა არ გააჩნია. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ის თავად გვევლინება დეზინფორმაციის გავრცელების მთავარ წყაროდ, რასაც იგი ოპონენტებისა და მისი კრიტიკოსების დისკრედიტაციისთვის აქტიურად იყენებს. ამას მოწმობს ბოლო წლებში Facebook-ის მიერ საკუთარი პლატფორმებიდან ათობით გვერდისა თუ მომხმარებლის წაშლაც, რომლებიც ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ამგვარ აქტივობებში ჩართულნი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
  • ერთ-ერთ გადაულახავ წინაღობად რჩება საგნობრივი და თემატური პოლიტიკური დებატების გაქრობა სატელევიზიო სივრციდან. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კვლავაც ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან კრიტიკულ ტელევიზიებთან და უარს ამბობენ მათთან გადაცემებში სტუმრობაზე. მეორე მხრივ კი, თითქმის არ ისმის ოპოზიციური ხმა პროსამთავრობო ტელევიზიების ტოქ-შოუებში, რაც მაყურებელს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ერთმანეთისგან განსხვავებული, არგუმენტირებული მსჯელობის მოსმენის შესაძლებლობას მისცემდა. სამწუხაროდ, ჯეროვანი პოლიტიკური დებატების გამართვას არც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უზრუნველყოფს, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა. ეს განსაკუთრებით პრობლემურია წინასაარჩევნო პერიოდში, რადგანაც ამგვარი მანკიერი პრაქტიკა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობის გარეშე ტოვებს.

თავდასხმები ჟურნალისტებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა

საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა სულ უფრო საშიში და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ხდება, რასაც წლიდან-წლამდე ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი სხვადასხვა ტიპის დანაშაულების მზარდი სტატისტიკა მოწმობს. წინა წლების მსგავსად, 2020-2024 წლებშიც განსაკუთრებით ხშირი იყო ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, დაშინების, შანტაჟის, შევიწროების, ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და მათი დაკავების ფაქტები. მხოლოდ 2023 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 45-მდე საჯაროდ დაფიქსირებული ასეთი შემთხვევა დათვალა.

ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ასეთ დანაშაულებზე არასაკმარისი რეაგირება, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეებზე წარმოებული გამოძიების დროში გაჭიანურება და დამნაშავე პირთა არასათანადოდ დასჯა, რაც ამგვარ დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს და მთლიანობაში, ჟურნალისტური საქმიანობისადმი მტრულ გარემოს აყალიბებს. ამ მხრივ განსაკუთრებით დრამატული იყო 2021 წლის ივლისი, როდესაც ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი - მასზე ძალადობიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. საგულისხმოა, რომ ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან.

საქართველო უსაფრთხო არც საკუთარი მთავრობების მხრიდან დევნილი უცხოელი ჟურნალისტებისთვის არის. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს არაერთ რუს, ბელარუს და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში მმართველი ელიტების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი და იდევნებიან. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს კრემლის კრიტიკოს არაერთ უკრაინელ ჟურნალისტსაც. განსაკუთრებით საყურადღებოა აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის შემთხვევა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოში დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. მისი მეუღლის, სევინჩ სადიგოვას მტკიცებით, სადიგოვს ბაქო ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციის გამო დევნის და სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება. სადიგოვი საპატიმროში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს, უფლებადამცველების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართლებრივი დავები კრიტიკული მაუწყებლების მფლობელებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

ბოლო ოთხ წელს წითელ ხაზად გასდევდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიების – „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ მფლობელებისა და დამფუძნებლების წინააღმდეგ წარმოებული სამართლებრივი დავები. 2022 წლის მაისში, სასამართლომ „მთავარი არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეში და მას 3.5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ის გასული წლის ივნისში შეიწყალა. 2022 წლის იანვარში, სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო და 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას - ავთანდილ წერეთელს. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ის არ დააპატიმრეს. ამასთან, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, უზენაესმა სასამართლომ დაუსწრებლად 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ მფლობელს, დავით კეზერაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ იმავე საქმეზე წინა ორი ინსტანციის მიერ გამამართლებელი განაჩენი იყო გამოტანილი. ამავე თვეში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა.

საგანგაშო ტენდენციის ხასიათი ჰქონდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელევიზიებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებულმა ცილისწამების, ე.წ. SLAPP-ების (საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელები) სარჩელების გააქტიურებასაც, რომლებსაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის შევიწროების დამატებით ბერკეტად იყენებს. ამგვარი სამართლებრივი დავები საქართველოში 2021 წლიდან დაიწყო და ბოლო 3 წელიწადში უკვე 40-მდე ასეთი სარჩელი აღირიცხა. მომჩივნები ძირითადად მმართველი გუნდის წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები არიან და მაუწყებლებისგან „ზიანის ასანაზღაურებლად“ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვენ, რაც ისედაც ფინანსური კრიზისის პირობებში მყოფ მაუწყებლებს დამატებით წნეხად აწვებათ.

გაუარესებული კანონმდებლობა

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დრამატულად გაუარესდა საკანონმდებლო ბაზაც, რამაც მედიის საქმიანობა კიდევ უფრო შეზღუდა და შეაფერხა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით საგანგაშოა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის შემობრუნება, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლური ფონდებიდან ფინანსდებიან, უცხოური გავლენის გამტარ ორგანიზაციებად რეგისტრაციას აიძულებს.

ამასთან, გასული წლის ოქტომბერში, პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე განიხილა და მიიღო „მაუწყებლობის შესახებ” კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი სადავო ცვლილებები, რომლითაც სიძულვილის ენა და უხამსობა თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადავიდა. ამ ორის საკითხის განხილვისა და შესაბამისი სანქციების დაწესების უფლებამოსილება კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა, რომელიც, თავის მხრივ, ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობაშია მხილებული.

გასული წლის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტმა აამოქმედა აკრედიტაციის ახალი წესიც, რითაც საკანონმდებლო ორგანო კრიტიკული მედიისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე გახდა. ამასთან, აკრედიტაციის წესი ერთგვარ სადამსჯელო მექანიზმად იქცა, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესვლის უფლება კრიტიკული მედიის არაერთ წარმომადგენელს შეუჩერეს. ამასთან, ახალმა წესმა კიდევ უფრო გააუარესა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ისედაც გაუარესებული პრაქტიკა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების ხარისხიც.

კრიტიკული მაუწყებლების ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია 2022 წლის მარტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ამოქმედებულმა ცვლილებებმაც, რომლითაც აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა, რასაც მაუწყებლები მოუმზადებლები შეხვდნენ და შედეგად 2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 7.6%-ით შემცირდა.

კომუნიკაციების კომისია

განსაკუთრებით აღსანიშნავია კომუნიკაციების კომისიის მკვეთრად უარყოფითი როლი, რომელიც მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიებთან მიმართებით ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ის ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი ორგანოა, უკვე წლებია, რაც კომისიის საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს ხელისუფლებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებისა და არაერთი სადავო ინიციატივის გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისაკენ არის მიმართული. საანგარიშო პერიოდში, კომისიამ არაერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო და მმართველი გუნდის საჩივრების საფუძველზე კრიტიკული მაუწყებლები სოლიდური თანხებით არაერთხელ დააჯარიმა.

კომისია განსაკუთრებით გააქტიურდა მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში და მმართველი პარტია ქართული ოცნების საჩივრების საფუძველზე ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს არაეთიკური საარჩევნო რეკლამების გაშვებაზე უარისთვის სამართალდარღვევის უკვე არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ისინი დააჯარიმა. კომისიის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა „მედიაომბუდსმენმაც“ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში და აღნიშნა, რომ კომისია სასამართლოსთან ერთად გახდა „თანამონაწილე საარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ დასჯილიყვნენ კრიტიკული მედიასაშუალებები“. კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს უკვე მიადგათ.

პროსამთავრობო მედია

პოლარიზაციის ნაწილში ცალკე აღსანიშნავია პროსამთავრობო მედიის როლიც, რომელთა სარედაქციო პოლიტიკაც მთლიანად მიმართულია ხელისუფლების პოლიტიკის ღია, უპირობო მხარდაჭერასა და პროპაგანდის გავრცელებაზე, რისი მიზანიც ხელისუფლების კრიტიკოსთა დისკრედიტაციაა. მათ შორის გამორჩეულია „იმედი ჰოლდინგი“, რომელიც ტელეკომპანიებს – „იმედს“, „მაესტროსა“ და GDS-ს აერთიანებს და სადაც ყველაზე დიდი ფინანსური რესურსია თავმოყრილი. ტელეკომპანია „იმედი“ სატელევიზიო რეიტინგების სათავეშია. „იმედის“ ერთმა-ერთმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისიც თქვა, რომ „მისია“, რომელიც მას და მის ტელეკომპანიას აქვთ, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „მასთან აფილირებული პირები არასდროს დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში“.

სამთავრობო პროპაგანდის გავრცელებასა და ხელისუფლების კრიტიკოსთა დისკრედიტაციის კამპანიაში აქტიურ როლს თამაშობს კიდევ ერთი პროსამთავრობო ტელევიზია „პოსტვ“, რომლის 52%-იან წილსაც მმართველი უმრავლესობის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს. „იმედთან“ და „პოსტვ-სთან“ ერთად, პროსამთავრობო ხაზს ატარებს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ც“, რომლის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ასევე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

პოლიტიკური და მედიაპოლარიზაციის პირობებში, მოვლენების დაბალანსებული, მიუკერძოებელი გაშუქებისთვის კიდევ უფრო დიდია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ როლი და მნიშვნელობა. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ამ დრომდე ვერ შეძლო ფართო საზოგადოების ნდობის მქონე მედიად ჩამოყალიბება. უკვე წლებია, რაც კითხვის ნიშნები არსებობს მისის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. სკეპტიციზმს კიდევ უფრო ამძაფრებს მაუწყებლის მმართველი რგოლის ხელისუფლებასთან აფილირებული პირებით დაკომპლექტება. მოცემული მომენტისთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ვასილ მაღლაფერიძე თავმჯდომარეობს, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მაღლაფერიძეს მანამდე, 2017-2020 წლებში მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ეკავა, საიდანაც გადადგომის შემდეგ, 2021 წელს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მსახურობდა. 16 ოქტომბერს ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის გახსნაზე ბიძინა ივანიშვილს პერსონალური მადლობაც გადაუხადა.

ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გახდა, რომელიც წლების განმავლობაში მაუწყებელში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე მუშაობდა და ვასილ მაღლაფერიძის გუნდის გამორჩეული წევრი იყო. მან დირექტორად არჩევისას პირობა დადო, რომ მაუწყებელზე მაღლაფერიძის პოლიტიკას გააგრძელებდა. საგულისხოა, რომ 2022 წელს მაუწყებლის აწ უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა არხის ხელმძღვანელობა ცენზურის მცდელობაში დაადანაშაულეს. მათ უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სასამართლოში იცავს. გასულ წელს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაიხურა რამდენიმე ისეთი გადაცემა, რომელთა წამყვანებიც აქტიურად აკრიტიკებდნენ ე.წ. “რუსული კანონის” ინიცირებას; მათ შორის იყო „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ და „კაცები“. კანონის ხელახლა შემობრუნებას აპროტესტებდნენ გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანებიც, რომლებიც მაუწყებლიდან მიმდინარე წლის ივლისში გაათავისუფლეს.

 

print