დასაქმების გაუმჭვირვალე პოლიტიკა საზოგადოებრივ მაუწყებელში
საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმების გაუმჭვირვალობა წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე საჯარო კონკურსების მატების ტენდენცია შეინიშნებოდა, ახალი მენეჯმენტის პირობებში საკადრო გადაწყვეტილებები კვლავ გაუმჭვირვალედ მიიღება. ერთი მხრივ ეს ეხება ტელეკომპანია GDS-დან კონკურსის გარეშე მიღებულ კადრებს, მეორე მხრივ კი კონსულტანტებს, რომლებმაც მუშაობა მაუწყებელში ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ მალევე დაიწყეს. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაართულებს მაუწყებლისთვის ადამიანურ რეურსებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, გამჭვირვალე სახელფასო პოლიტიკისა და სამუშაოს შეფასების სამართლიანი სისტემის დანერგვას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს მაუწყებელში საშტატო განრიგის დამტკიცებაზე, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ახალ პოზიციებზე თანამშრომელთა მიღება. მენეჯმენტმა უფრო ხშირად უნდა მიმართოს კადრების აყვანას ღია კონკურსების მეშვეობით. ასევე, მაუწყებელმა უნდა შეიმუშაოს სამუშაოს აღწერილობები მაუწყებელში დასაქმებული ყველა თანამშრომლისთვის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტები
ჯამში საზოგადოებრივ მაუწყებელში 2017 წლის თებერვლისთვის 14 კონსულტანტი იყო დასაქმებული (ეს მოიცავს მეტყველების კონსულტანტებსა და კონკრეტული გადაცემების კონსულტანტებსაც). მათმა ჯამურმა ანაზღაურებამ იანვარსა და თებერვალში 70,000 ლარს გადააჭარბა. ოთხი მათგანი საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ დასაქმდა. როგორც ახლად აყვანილი, ასევე უფრო ადრე დასაქმებული პირების, მათ შორის, უვადო ხელშეკრულებაზე მყოფი ერთი პირის სამუშაო აღწერილობა მაუწყებელში არ არსებობს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია ამ პირების ვინაობის შესახებ, რადგან ეს პერსონალურ მონაცემად მიიჩნია. ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საამართლოში ასაჩივრებს.
სამეურვეო საბჭოს აპარატში სამი კონსულტანტია დასაქმებული. ფინანსური კონსულტანტი აპარატს 2014 წლის შემდეგ ყავს და მასთან უვადო ხელშეკრულებაა გაფორმებული. 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის აპრილამდე პერიოდში სამეურვეო საბჭოს აპარატში დააქმებულია კიდევ ერთი კონსულტანტი. მაუწყებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ კონკრეტდება მისი სამუშაოს სფერო. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ განგვიმარტა, რომ ეს კონსულტანტი საბჭოს ეხმარება პროტოკოლების შემუშავებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში. იურიდიული კონსულტანტი კი სამეურვეო საბჭომ 2017 წლის იანვრიდან ორთვიანი პერიოდით აიყვანა. გოგელიას განმარტებით, იურიდიული კონსულტანტი წარსულში ტელეკომპანია „იმედში” მუშაობდა, თუმცა ამჟამად სხვა ტელეკომპანიის თანამშრომელი არ არის. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, იყო საჭიროება, რომ სამერუვეო საბჭოს საკუთარი იურიდიული კონსულტანტი ყოლოდა, რადგან რიგ საკითხებში, მაგალითისთვის, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, საბჭოს საკუთარი, შესაძლოა, მენეჯმენტისგან განსხვავებული ხედვა ჰქონოდა. სამეურვეო საბჭო იმ ორ კონსულტანტთან, რომლებსაც ვადა უახლოეს მომავალში ეწურება ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებს.
გენერალურ დირექტორს ორი კონსულტანტი ყავდა, აქედან, ერთთან ხელშეკრულება 2017 წლის თებერვალში გაწყდა, მეორე პირს კი უვადო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მედიაში გავრცელებული ცნობების თანხმად უვადო ხელშეკრულება მაუწყებელს თამაზ ტყემალაძესთან აქვს გაფორმებული. ტყემალაძე 2013 წელს დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, შემდეგ კი დირექტორის პირველი მოადგილე იყო.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ მუშაობა სამმა კონსულტანტმა დაიწყო. ესენი არიან: კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში, კონსულტანტი ადმინისტრაციულ საკითხებში და მიმართულების კონსულტანტი. ამასთან, სამივე ეს პირი 2017 წლის თებერვლიდან სხვა თანამდებობაზე დაინიშნა. On.ge-თან ინტერვიუში ვასილ მაღლაფერიძემ განმარტა, რომ მისი მრჩევლები ია ანთაძე, ნოდარ ჭიჭინაძე და ვახტანგ სალია არიან. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად ია ანთაძემ და ნოდარ ჭიჭინაძემ კონსულტანტის პოზიციიდან სტრატეგიული განვითარების ცენტრის ექსპერტების პოზიციებზე გადაინაცვლეს (ერთმა პირმა, სავარაუდოდ, ვახტანგ სალიამ კი მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლა) და აღმასრულებელი საბჭოს წევრები გახდნენ. აღმასრულებელი საბჭო დირექტორის სათათბირო-საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენს და მის ფუნქციებში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მაუწყებლის სტრატეგიის პროექტის შემუშავება, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, სარედაქციო პოლიტიკის შემუშავება და სარედაქციო და საორგანიზაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავება.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ია ანთაძეც და ნოდარ ჭიჭინაძეც GDS-ში მუშობდნენ. ჭიჭინაძე ამავდროულად მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა მაშინ, როდესაც ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონაში არსებული მიწის ნაკვეთი საეჭვო გარემოებებში გადაეცა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს.
მიუხედავად იმისა, რომ ცხადია საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც სამეურვეო საბჭოსთვის, ასევე მენეჯმენტისთვის პერიოდულად საკონსულტაციო მომსახურების საჭიროება, ბუნდოვანია, თუ რა საჭიროებებიდან გამომდინარე და რა დავალებების შესასრულებლად დასაქმდნენ მაუწყებელში დირექტორის მისვლიდან რამდენიმე დღეში კონსულტანტები/ექსპერტები/მრჩევლები, რომლებმაც შემდგომ მუდმივ პოზიციებზე გადაინაცვლეს. მსგავს პოზიციაზე პირების დასაქმება უნდა ეფუძნებოდეს წინასწარ გაწერილ პროცედურებსა და გადაწყვეტილებები მიიღებოდეს წინასწარ შეფასებული საჭიროებების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენჯმენტის ხელისუფლებისთვის მისაღები კადრებით დაკომპლექტების შთაბეჭდილებას.
ახალი თანამშრომლები საზოგადოებრივ მაუწყებელზე
საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს ახალი კადრების მიღებას ღია კონკურსის გარეშე. 2017 წლის 6 იანვრიდან მარტამდე პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობა კიდევ შვიდმა პირმა დაიწყო ( გახმოვანების რეჟისორი, სოციალური მედიის მართვის მენეჯერი, წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დირექტორი, სამსახური უფროსი, სტატისტიკოსი, სისტემური ადმინისტრატორი, მძღოლი). აქედან კონკურსი ჯერ კიდევ წინა მენეჯმენტის დროს გამოცხადებული იყო მხოლოდ სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე, დანარჩენ პოზიციებზე კი მაუწყებლის ვაკანსიების გვერდზე ინფორმაცია განთავსებული არ არის.
საჯარო კონკურსი არ გამოცხადებულა არც იმ 11 პოზიციაზე, რომლებზეც GDS-ის ყოფილი თანამშრომლები დასაქმდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2017 წლის მარტიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკში მუშაობა GDS-ის ექვსმა ყოფილმა თანამშრომელმა დაიწყო, მოლაპარაკებები კი სხვებთანაც მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური დირექტორიც GDS-ის ყოფილი თანამშრომელი გახდა.
მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის გიორგი გვიმრაძის განმარტებით მაუწყებელი ამჟამად მუშაობს თანამშრომელთა შეფასების ფორმატზე. იგეგმება არა ატესტაცია, არამედ თანამშრომელთა პერიოდული შეფასების სისტემის დანერგვა, რომელიც განსაზღვრავს რანჟირების, ანაზღაურების, პერსონალის განვითარების სტრატეგიასა და სხვა საკითხებს. ჯერჯერობით მიღებული არ არის გადაწყვეტილება შეფასების ფორმატი უნდა ითვალიწინებდეს თუ არა მინიმალურ მოთხოვნებს, თუმცა, გვიმრაძე არ გამორიცხავს, რომ შეფასების შემდეგ მაუწყებელმა ზოგიერთ თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობა გაწყვიტოს. ასევე, შესაძლებელია, რომ ახლად აყვანილმა თანამშრომლებმა პირველ შეფასებაში მონაწილეობა არ მიიღონ. გვიმრაძე იმედოვნებს, რომ მაისამდე მაუწყებელი შეძლებს თანამშრომლების შეფასებას. აღსანიშნავია, რომ თანამშრომელთა შეფასების საკითხი მაუწყებელში უკვე წლებია დგას, თუმცა ეს კონრეტულ შედეგებამდე არ მისულა. მაუწყებელმა ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) გააფორმა ხელშეკრულება რიგ პოზიციებზე შეფასების კრიტერიუმებისა და სახელფასო ბადის შემუშავებისთვის.