პოლიტიკური რეკლამის საკითხი დამატებით რეგულირებას საჭიროებს
ქართული კანონმდებლობის თანახმად, ტელევიზია, რომელიც ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას განათავსებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 60 დღისა, ვალდებულია შეასრულოს „საარჩევნო კოდექსით“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მთელი რიგი მოთხოვნები, რომელთა მიზანი სარეკლამო დროზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ამომრჩეველთა სრულყოფილი ინფორმირებულობის უზრუნველყოფაა. თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კამპანია გაცილებით ადრე იწყება და არჩევნებამდე 60 დღეზე უფრო ადრე ტელევიზიებში განთავსებული პოლიტიკური რეკლამა რეგულაციების ფარგლებს გარეთ ექცევა.
პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. |
მოკლედ აღვწეროთ ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც ევალებათ მაუწყებლობებს და რეკლამის დამკვეთებს არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა:
-
მაუწყებლებს ევალებათ, კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: გამოყოფილი დროის პერიოდულობის და ხანგრძლივობის, გრაფიკის, საეთერო დროის ტარიფის და გაწეული მომსახურების შესახებ;
-
პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი;
-
ფასიანი რეკლამების ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს;
-
მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15%-ს და არცერთ სააჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს დროის ⅓-ზე მეტი;
-
მაუწყებლები ვალდებულნი არიან კვალიფიციურ სუბიექტებს გამოუყონ გარკვეული რაოდენობის უფასო სარეკლამო დრო.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩამოთვლილი ვალდებულები მხოლოდ იმ პერიოდზე ვრცელდება, როდესაც არჩევნებამდე 60, ან ნაკლები დღეა დარჩენილია, მანამდე კი პოლიტიკური რეკლამის რეგულირება არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი კომერციული რეკლამისგან. რეალურად კი წინასაარჩევნო კამპანია გაცილებით გრძელ დისტანციას მოიცავს, პოლიტიკური სუბიექტები გაცილებით ადრე იწყებენ საარჩევნო კამპანიას, რომელიც მათ შორის სატელევიზიო რეკლამების განთავსებასაც გულისხმობს. მაგალითად: რუსთავი 2-ზე მინიმუმ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე გადის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო რგოლები1, „ტვ ობიექტივის” ეთერში ტრიალებს „საქართველოს პატროიტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლი. გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ ასეთი სატელევიზიო რეკლამების რაოდენობა სულ უფრო მოიმატებს, ხოლო მათი რეგულირება საუკეთესო შემთხვევაში 1 აგვისტომდე არ მოხდება (60 დღით ადრე არჩევნების დღემდე, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებს 1 ოქტომბერს დანიშნავს).
ეს ნიშნავს, რომ 1 აგვისტომდე პოლიტიკური შინაარსის სარეკლამო ვიდეოებზე არ იქნება მითითებული, რომ ის არის პოლიტიკური რეკლამა, ტელეკომპანიების სარეკლამო ტარიფები იქნება არაგამჭვირვალე და ასევე, შესაძლოა, განსხვავებულიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს პლურალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაზე და ამომრჩევლის ინფორმირებულობაზე.
აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ „საარჩევნო კოდქსში“ არსებული ზოგიერთი რეგულაცია, რომელიც არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იწყებს მოქმედებას სხვა პერიოდშიც უნდა მოქმედებდეს, კერძოდ:
-
მაუწყებლებმა კომუნიკაციის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საეთერო დროის ტარიფის და გაწეული მომსახურების შესახებ, რაც ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით გულისხმობს ამ ინფორმაციის ტელეკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;
-
პოლიტიკური რეკლამის ტარიფი არასაარჩევნო პერიოდშიც ყველა პოლიტიკური პარტიისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის ერთნაირი უნდა იყოს;
-
პოლიტიკური რეკლამის გამოშვებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი.
ჩამოთვლილი მოთხოვნების არსებობა ხელს შეუწყობს საარჩევნო კამპანიის სრულ პერიოდში, როგორც პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, ისე კონკურენტული გარემოს არსებობას.
______________________________________________________________