განახლებადი ცნობები: საარჩევნო დარღვევები და მათზე რეაგირება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განახლებადი ცნობები: საარჩევნო დარღვევები და მათზე რეაგირება

28 ოქტომბერი, 2020

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია 1 სექტემბრიდან დაიწყო. მუდმივი განახლების რეჟიმში წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს:

27 ოქტომბერი

  • მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვანის ერთ - ერთი სოფლის, ზედა ვანის საჯარო სკოლაში „ქართული ოცნების” პარტიული შეხვედრა მიმდინარეობს. გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი დამსწრე პირი თავად ამბობს, რომ მათ იქ „შიდა პარტიული საუბარი აქვთ”. 

საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” პუნქტის მიხედვით, აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ან აგიტაციის მიზნით ისეთი ადმინისტრაციულ  შენობების დაკავება, რომლების გამოყენების საშუალება სხვა საარჩევნო სუბიექტებს არ ეძლევათ. 

ამ საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საჩივრით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს.

25 ოქტომბერი

  • გავრცელებული ინფორმაციით, ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამველ მანუკიანი დაშავდა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მანუკიანს ფიზიკური დაზიანებები „ქართული ოცნების“ წევრმა მიაყენა.

    მართალია, სამველ მანუკიანმა თავდაპირველად უარყო ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ახალქალაქის ჰოსპიტალის მთავარმა მენეჯერმა დაადასტურა მანუკიანის კლინიკაში სახის დაჟეჟილობით მოთავსების ფაქტი. 


    მოგვიანებით, სამველ მანუკიანმა განაცხადა, რომ სოფელ დიდ სამსარში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თავს, კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატის ენზელ მკოიანის მხარდამჭერები დაესხნენ და დაუზიანეს ავტომანქანა. ენზელ მკოიანმა უარყო აღნიშნული ბრალდება და განაცხადა, რომ თავდამსხმელებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. 

23 ოქტომბერი 

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ წევრის ავტომობილი დააზიანეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის დავით გოგისვანიძის განცხადებით, ჩამსხვრეულია მანქანის მინები. პარტიაში მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ.

იმ შემთხვევაში თუ ზიანი 150 ლარს აღემატება, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

  • ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და აუდიოჩანაწერების მიხედვით, ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებულია და მისი წარმომადგენლები არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით საგანგებო დავალებით რეგიონებში არიან მივლენილები. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათ ხელმძღვანელებისაგან მიღებული აქვთ დირექტივა, რომ კონკრეტულ უბნებში „ოცნებისთვის“ უზრუნველყონ ხმების მობილიზება და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ზეწოლა და მუქარა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეიკ ნიუსი" უწოდა და ტელეკომპანია უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

გავრცელებული ცნობები შეიძლება წინასაარჩევნოდ აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენდეს. გარდა ამისა, ნებისმიერი მოხელის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედება შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

აუცილებელია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა, საქმის გარემოებების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება.

21 ოქტომბერი

  • ტელეკომპანია “პირველის” მფლობელმა, ვატო წერეთელმა Facebook გვერდზე დაწერა პოსტი, რომლის მიხედვითაც მის მამას ორი ადამიანი მოკვლით დაემუქრა. მისი თქმით, მუქარა ტვ პირველის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით იყო განპირობებული. 

მუქარა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება.

  • „ქართული ოცნების"  აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დმანისში მმართველი პარტიის ოფისს თავს დაესხნენ. მისი თქმით, იყო გასროლა და არიან დაჭრილები. „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობისა და მისი ოპონენტის ხელწერა იყო”. 

    „გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი გამოეხმაურა  „ქართული ოცნების“ შტაბთან განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, შტაბიდან გამოგზავნილი ფულისა და ბენზინის ტალონების ვერ გაყოფის გამო, ცეცხლი ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წევრებმა გაუხსნეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

აუცილებელია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება.

20 ოქტომბერი

  • გავრცელებული ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, სოფელ ჯავშანიანში, ბოლნისის 59-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მამედ შამილოვმა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სოფლის პედაგოგს, რომელიც კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერია. ჩვენ კოორდინატორთან საუბარში შამილოვმა უარყო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

აუცილებელია, ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

19 ოქტომბერი

  • 19 ოქტომბერს, ბოლნისში, ესროლეს მანქანას, რომელშიც „ძალა ერთობაშიას” კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები ისხდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა იარაღიდან მოხდა და ნატყვიარი ავტომანქანას „ბამპერზე“ ეტყობა. გასროლამდე მძღოლს ჯერ ავტომობილის გაჩერება მოსთხოვეს, შემდეგ კი მანქანა დააჯახეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნული ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებასა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების დანაშაულის ნიშნებს. არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, აუცილებელია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება.

18 ოქტომბერი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ Facebook გვერდზე მის საარჩევნო შტაბში უკანონოდ შეჭრის შესახებ დაწერა. დეკანოიძემ შუაღამისას ოფისში შეჭრაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა და სავარაუდო მიზეზად შტაბში მოსასმენი აპარატურის დაყენება დაასახელა.

უკანონო თვალთვალი და კერძო საუბრების უნებართვო მიყურადება დანაშაულია. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტს მიეცეს სათანადო შეფასება, მოხდეს სამართლებრივი რეაგირება და ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

  • ბაჩანა შენგელიამ Facebook გვერდზე დაწერა პოსტი, სადაც ხელისუფლების მიერ სკოლის დირექტორებზე განხორციელებულ ზეწოლაზე მიუთითა. 

მოხელის მიერ განხორციელებული იძულება ან სხვა უკანონო ქმედება შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

16 ოქტომბერი

გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ლევან თარხნიშვილსა და მისი შტაბის წევრებს სოფელ მეჯვრისხევში თავს დაესხნენ. ევროპული საქართველოს ინფორმაციით, თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აქტივისტები იყვნენ. მათ ჯერ თარხნიშვილის და ევროპული საქართველოს საარჩევნო პლაკატებს ქართული ოცნების პლაკატები გადააკრეს, შემდეგ კი პარტიის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა პროვოკაციაში თავად „ევროპულ საქართველო“ დაადანაშაულა და სამართალდამცველებს მომხდარის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა.

ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ანდა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 

აუცილებელია, ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

15 ოქტომბერი

  • თბილისში, „თავისუფალი საქართველოს“ აფთიაქი გაიხსნა. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, თბილისელებსა და მის სტუმრებს, ამიერიდან, მედიკამენტების შეძენა მათთვის შეღავათიან ფასებში შეეძლებათ. 

ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლით დასჯადი ქმედებაა. ამომრჩევლის მოსყიდვა ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მოსყიდვის ყველა შესაძლო ფაქტს მიეცეს სათანადო შეფასება, მოხდეს სამართლებრივი რეაგირება  და ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

13 ოქტომბერი 

  • ქუთაისში „ლელოს" შტაბის წევრს, პაატა კიკაბიძეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ის ხელშია დაჭრილი და თვალი აქვს დაზიანებული. დაზარალებული ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ანგარიშსწორებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, რადგან თავდამსხმელებმა მიუთითეს, რომ ამას იმის გამო აკეთებდნენ, რომ კიკაბიძეს ავტომობილში „ლელოს” სააგიტაციო მასალა ჰქონდა.

    ამ ფაქტის გამო ერთი პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    16 ოქტომბერს, ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვლიმა განაცხადა, რომ 13 ოქტომბერს პარტიის წევრის ცემის ფაქტში „პოლიტიკური მოტივაცია არ იკვეთება“. ნაცვლიშვილის განცხადებით მომხდარის დღეს მას განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც მან ფაქტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. პარტიაში ჩატარებული შიდა გამოძიებით კი დაადგინეს, რომ პაატა კიკაბიძის ცემა პოლიტიკური მოტივს არ უკავშირდებოდა.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ღამით, ბოლნისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტები და სამართალდამცავები მუშაობენ. პირველადი ინფორმაციით, შტაბიდან წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც თანამშრომლები სარგებლობდნენ.

როგორც ცნობილია გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ისჯება.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ასევე დადგინდეს ნაქურდალი ნივთების ადგილსამყოფელი და დაუბრუნდეს ისინი კანონიერ მფლობელს.

  • სოფელ ქსნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დოდო ჭოტორლიშვილს, მისივე განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების ვადა აღარ გაუგრძელეს. ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ოჯახის წევრების პოლიტიკური სიმპათიების გამო ისჯება. დოდო ჭოტორლიშვილის თქმით, მისი შვილი არცერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა მხარს უჭერს და ეხმარება ოპოზიციური “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარ კანდიდატებს კახა ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელს. ის ასევე ამბობს, რომ სხვა დირექტორებს, ვინც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებულია, გაუგრძელეს ხელშეკრულებები.

  • პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებაზე საუბრობს ასევე წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, რამინ ჩიტაშვილი. მიზეზად ის ცეზარ ჩოჩელთან [„ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი] ნათესაობას და მის მხარდაჭერას ასახელებს. დოდო ჭოტორალიშვილის მსგავსად, მასაც უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელეს.  ჩიტაშვილი აცხადებს, რომ ყოველი არჩევნების წინ თხოვდნენ, გაეკეთებინა სიები პარტიის [იგულისხმება „ქართული ოცნება”] მომხრეების და მოწინააღმდეგეების, რაზეც ის უარს აცხადებდა. ასევე მისი განცხადებით, მას მოქმედმა გამგებელმა, კერესელიძიემ შეუთვალა, რომ მისთვის უნდა დაეჭირა მხარი [სავარაუდოდ იგულისხმება შალვა კერესელიძე, რომელიც „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია].

ამ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

12 ოქტომბერი 

  • წალენჯიხაში ადგილობრივი მედიის, „ჯვარინიუსის” ჟურნალისტმა, დიმიტრი კვარაცხელიამ, რომელიც იმავდროულად „ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ბელქანიას პრესსამსახურის უფროსია,  ფეისბუქ სტატუსი გაავრცელა და მოგვიანებით, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელსაც დაუდასტურა, რომ მას დაბა ჯვარში „ქართული ოცნების” შტაბის თანამშრომელი, გულბაათ ქარდავა  დაუკავშირდა და ცემით დაემუქრა

ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულია.

ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

  • ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ცნობით, პარტიის ოფისს აგურები დაუშინეს.

    იმ შემთხვევაში თუ ზიანი 150 ლარს აღემატება, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტიის ოფისის დაზიანების ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი ამხილეს და დაადგინეს, რომ მიყენებულმა ზარალმა 80 ლარი შეადგინა.

    იმის გამო, რომ მომხდარი სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, მასალები სასამართლოში გადაიგზავნა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლად შეაფასა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და პირს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
  • გაზეთმა „ბათუმელებმა“ გაავრცელეს სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ისმის, თუ როგორ აყენებს ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მერს კითხვა მის მიერ  ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით დაუსვა.

გარდა იმისა, რომ ჟურნალისტის საქმიანობისათვის ხელის შეშლა უარყოფითად მოქმედებს თავისუფალ საარჩევნო გარემოზე, შესაძლოა ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. 

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულია.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

11 ოქტომბერი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრის, ლევან ქართველიშვილის განცხადებით, მას პარტიული მაისურის ტარების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო.

  • გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯარალში ევროპული საქართველოს წევრ ოქტაი სკანდარავას თავს დაესხნენ.

ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ანდა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 

აუცილებელია, ორივე საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

  • პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს” აქტივისტი რაშად მუსაევი. დაბარების მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეო იყო, სადაც „ქართული ოცნების” პარტიის წევრს სავალან მირზოევს მოკვლით ემუქრებოდა. ვიდეოს ავთენტურობა თავად მუსაევმა დაადასტურა და განმარტა, რომ ის ვიდეოში „პოლიტიკურ მკვლელობას” გულისხმობდა. ადვოკატის განცხადებით პროკურატურას მუსაევის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაუწყია.

    რაშად მუსაევმა განაცხადა, რომ მუქარის მსხვერპლი თავად იყო. მისი თქმით, მას მირზოევის მეგობარი დაუკავშირდა და უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ მისთვის ნარკოტიკული საშუალებების „ჩადებას" აპირებდნენ. ვიდეო თავდაცვის მიზნით სწორედ ამიტომ ჩაწერა და მირზოევისათვის არაფრის დაშავებას არ აპირებდა.

აუცილებელია, სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. დასადგენია, ვინ დაემუქრა მუსაევს ნარკოტიკების „ჩადებით". გარდა ამისა, იმის გასარკვევად, იკვეთება თუ არა რაშად მუსაევის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები, მნიშვნელოვანია, ობიექტურად შეფასდეს საქმის გარემოებები და გადაწყვეტილებაზე პირთა პოლიტიკურმა კუთვნილებამ გავლენა არ იქონიოს. 

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სექტემბერში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მარტვილის რაიონის სოფლებში: მეურნეობა, გაჭედილი და გურძევი ეკლესიების მშენებლობა/გამაგრებისთვის სამშენებლო მასალები დაარიგა. ადგილობრივების ინფორმაციით მოწერელიამ ამისთვის საკუთარი ხარჯები გაიღო.

  • ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით, მათ ეზოში, მერიის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელმა, პურმარილი მიიტანა და უთხრა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა „იკისრეს“. მერიის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს და მაჟორიტარ კანდიდატს პურმარილის გაშლა თავად ადგილობრივებმა სთხოვეს. კოპაძე და ობოლაშვილი კი ამ ფაქტს უარყოფენ.

ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით დასჯადი ქმედებაა. ამომრჩევლის მოსყიდვა ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მოსყიდვის ყველა ფაქტს მიეცეს სათანადო შეფასება, მოხდეს სამართლებრივი რეაგირება  და ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

8 ოქტომბერი

  • გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიის წარმომადგენლებმა „სტრატეგია აღმაშენებელი”, კარვების უნებართვო განთავსების გამო, კვლავ დააჯარიმეს. ამ დროისათვის პარტიას ამავე საფუძვლით სულ 115 000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა აქვს გამოწერილი.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მერიის ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვად და საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლად აფასებს

მოვუწოდებთ თბილისის მერიას დაიცვას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი, შეწყვიტოს პარტია „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის“ დაჯარიმება და გააუქმოს კანონდარღვევით შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები.

7 ოქტომბერი

  • გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ ბრალად (სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი).

გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში  შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება. იგი შეიძლება შეფასდეს წინასაარჩევნოდ აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით საქართველოს მოქალაქეებისთვის, მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის იარაღად.

5 ოქტომბერი

  • თბილისის მერიის წინ  „სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე, ოთხი აქტივისტი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის საფუძვლით დააკავეს, პარტია კი კარვების უნებართვო განთავსების გამო კვლავ დააჯარიმეს. აქცია მერიის მიერ გამოწერილი ჯარიმების გაპროტესტებასა და მათი ჩამოწერის მოთხოვნას ეხებოდა. მოგვიანებით, პოლიციამ დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლა, თუმცა სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების საკითხზე. 

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარვების უნებართვო განთავსების მიზეზით „სტრატეგია აღმაშენებელს” უკვე 70 000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა აქვს გამოწერილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით მერიის ეს ქმედება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა და საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლაა.  

მოვუწოდებთ თბილისის მერიას დაიცვას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მოთხოვნები, შეწყვიტოს პარტია „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის“ დაჯარიმება და გააუქმოს კანონდარღვევით შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები.

1 ოქტომბერი

  • უცნობმა პირებმა „გაერთიანებული ოპოზიციის“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის სარეკლამო მიკროავტობუსი დააზიანეს. მას სავარაუდოდ ქვები ესროლეს. დაზიანდა სხვა ავტომობილებიც და ჩაიმსხვრა ერთერთი სააფთიაქო ქსელის შუშებიც. ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარში „ქართული ოცნების“ მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანსა და მის ძმას ადანაშაულებენ. 

სხვისი ნივთის დაზიანება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

30 სექტემბერი

  • სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსის და საკრებულოს წევრის მირანდა მირცხულავას ვაჟი, გიორგი გოგავა აცხადებს, რომ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი იარაღის გამოყენებით შუბლის გახვრეტით დაემუქრა. გოგავა ინციდენტს, მისი დედის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს

ფაქტზე გამოძიება 151-ე და 236-ე მუხლით არის დაიწყებული, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

29 სექტემბერი

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის მკვიდრი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, გიორგი ფილიშვილი არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერის სანაცვლოდ 1 000 ლარს დაჰპირდა. 

გურამ ოქრომელიძის მიერ აღწერილი შემთხვევა ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს. ამომრჩევლის მოსყიდვა ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. 

  • „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოში აკვირდებოდა „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატის შეხვედრას. პარტიის ავტომობილი გააჩერეს მათთვის უცნობმა პირებმა და ხელს უშლიდნენ თავისუფლად გადაადგილებაში. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი შეეცადა მოვლენები ვიდეოთი გადაეღო, რაშიც მერის წარმომადგენლის ძმამ და ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველმა ხელი შეუშალეს, მოთხოვეს გადაღების ნებართვა და დაემუქრნენ, რომ „სოფლიდან ვერ გავიდოდა".

გარდა იმისა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობისათვის ხელის შეშლა უარყოფითად მოქმედებს თავისუფალ საარჩევნო გარემოზე, შესაძლოა ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. 

ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ჯგუფურად ჩადენილი იძულება ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ან თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

  • მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი, სავარაუდოდ, საოლქო კომისიებში წევრების დაკომპლექტებამ გამოიწვია. დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. 

  • იმავე საღამოს, მარნეულში მდგომარეობა კიდევ ერთხელ დაიძაბა. არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების" მომხრეები „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერსა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძესა და მის თანმხლებ სამ ადამიანს დაესხნენ თავს. დამტვრეულია ლაშა ქველაძის კუთვნილი ავტომანქანაც. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებაში საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძეც მონაწილეობდა. 

  • ცნობილი გახდა, რომ იმავე საღამოს თავს დაესხნენ „მთავარი არხისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფებსაც. „მთავარი არხის” ჟურნალისტი, ჯეიხუნ მუჰამედალი კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის დროს დაზიანდა ჟურნალისტების აპარატურა. ფიზიკურად იძალადეს სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელზე, გიორგი მუმლაძეზეც.

თვითმხილველთა განმარტებით, ზემოაღნიშნულ ინციდენტებს პოლიცია შეესწრო, თუმცა ეფექტური რეაგირება არ ჰქონია.  გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის მუხლით დაიწყო. 

4 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” ორი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთი წარმომადგენელი დააკავეს. ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში კი დღემდე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა. ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუდამედალის თქმით, იგი დაზარალებულად ჯერ კიდევ არ უცნიათ, ხოლო გამოძიებას საქმის მთავარი ფიგურანტები არც კი დაუკითხავს. კიდევ ერთი დაზარალებული, გიორგი მუმლაძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და თვლის, რომ სამართალდამცავი ორგანოები რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეშფოთება გამოთქვა მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე, არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე  გაამახვილა ყურადღება და სამართალდამცავ უწყებებს ინციდენტების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოუწოდა.

28 სექტემბერი

  • მარნეულის სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს. შემთხვევა სავარაუდოდ მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), რაც სანქციად ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან/და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • „მთავარი არხის" ინფორმაციით, ბოლნისში, პროტესტის ნიშნად თბილისიდან ჩასულ ავტოკოლონის მონაწილეებს თავს დაესხნენ. მსვლელობის მონაწილე მანქანებს ქვები და ბოთლები ესროლეს. შემთხვევის შემდეგ დაზიანდა ერთ-ერთ მანქანა. 

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძება სხვისი ნივთის დაზიანებისა და სხეულის მსუბუქი დაზიანებისთვის დაიწყო.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

27 სექტემბერი

  • ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნიკა მელიას გლდანულაში, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, ქვები და კვერცხები დაუშინეს.
  • 27 სექტემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდორში, „გაერთიანებული ოპოზიციის” მხარდამჭერების განცხადებით „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა, ათეულობით მხარდამჭერთან ერთად  შეიჭრა ჩაიხანაში, თავს დაესხა ოპოზიციონერ აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე აქტივისტმა მიიღო სხეულის დაზიანება, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    "ქართული ოცნების” წარმომადგენლები უარყოფენ ბრალდებებს და ოპოზიციას პროვოკაციის მოწყობასა და  მის მომხრეებზე ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერს პროკურატურამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის  მხარდამჭერს, არიფ იუსუპოვს ძალადობის ბრალდება წარუდგინა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ბოლნისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ იუსუპოვი არის დაზარალებული და  მისი დაკავება პოლიტიკური შეხედულების გამო მოხდა. 

მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება და გამოძების პროცესმა არ შექმნას შერჩევითი მიდგომისა და მიკერძოების აღქმა.

24 სექტემბერი

  • ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს შტაბის წარმომადგენელს, ნინია ცისკარიშვილს.

ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ანდა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

23 სექტემბერი

  • ბოლნისში, „ძალა ერთობაშიას“ და „ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბზე ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები, კედლებზე დაწერეს შეურაცხმყოფელი სიტყვები.

აღნიშნული ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია საქმის დროული და ობიექტური გამოძიება.

  • თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, 87 ოჯახს, რომლებიც წლების განმავლობაში დაუკანონებელ ადგილზე ცხოვრობდნენ, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემათ. კალაძის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 900-მდე ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი.აგვისტოსა და სექტემბრში მთავრობის მიერ 20-მდე მასშტაბური სოციალური პროექტის ინიცირება მოხდა.

ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს

22 სექტემბერი

  • მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 33-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, ფარმან ალაზოვი „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის მოსახლეობასთან შეხვედრებს დაესწრო.

ეს ფაქტი საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევაა, რაც სანქციად 2000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

20 სექტემბერი

  • „ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მასზე და მის ოჯახის წევრებზე, მათ შორის მის 21 წლის შვილზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება.

უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება დანაშაულია. მნიშვნელოვანია, საქმეზე დროული და ეფექტიანი გამოძიება წარიმართოს.

19 სექტემბერი

  • გლდანულაში გაიხსნა სკვერი, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები ჩამოკიდეს.

ირღვევა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 ნაწილი (უკანონო აგიტაცია), რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

18 სექტემბერი

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე შტაბიდან გამოსვლის შემდეგ თავს დაესხნენ ნიღბიანი პირები, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო.

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

17 სექტემბერი

  • სამგორში, აფრიკის დასახლებაში, „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბს თავს დაესხნენ. ხაბეიშვილის თქმით, შემთხვევა 17 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ორმა პირმა შტაბს აგურები ესროლა და ჩაამსხვრია მინები.

სხვისი ნივთის დაზიანება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

16 სექტემბერი

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში დირექტორმა მასწავლებლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიის მიტანა მოსთხოვა, ერთ-ერთ სხვა სკოლაში კი იმავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დასწრება თხოვა, რადგან მისი თქმით პარტიიდან დაურეკეს და მასწავლებლების შეკრება თხოვეს. ორივე პირმა ანონიმურად დარჩენა ისურვა. მათ ორგანიზაციის წარმომადგენელი ესაუბრა.

საარჩევნო კოდექსით აკრძალულია სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს რომელიმე კანდიდატის არჩევას.

დირექტორის მიერ მასწავლებლის იძულება, შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

ასეთი ქმედების ჩადენისათვის გათვალისწინებული სასჯელებია ჯარიმა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.

11 სექტემბერი

  • მცხეთაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტის დეტალებს გაეცნენ.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან კარგი საერთაშორისო პრაქტიკით, სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკური პარტიას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა არსებობდეს.

9 სექტემბერი

  • ზუგდიდში „ლელოს“ კანდიდატების წარდგენისას ბიუჯეტიდან დაფინანსებული მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლები კონტრაგიტაციას ეწეოდნენ.

მათ სამუშაო საათებში ეკრძალებათ აგიტაცია, რომელიც კონტრაგიტაციასაც მოიცავს. გარდა ამისა ქმედება  წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლის ნიშნებსაც ატარებდა.

უკანონო აგიტაციაში მონაწილეობისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

8 სექტემბერი

  • დმანისისში ახალი სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დმანისი-წალკის მაჟორიტართან – კახა ოქრიაშვილთან ერთად გახსნა.

მერის მხრიდან დაირღვა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 ნაწილი (უკანონო აგიტაცია), რაც ითვალისწინებს  ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

6 სექტემბერი

  • ბოლნისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან”, ვუგარ ისაევმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სავარაუდოდ დანით დაჭრით დაემუქრა. ჟურნალისტი რეგიონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატის ამომრჩევლებთან შეხვედრას აშუქებდა.

ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულია.

ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

3 სექტემბერი

  • შიდა ქართლის სამ მუნიციპალიტეტში,  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შესაბამისი ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატებთან, ირაკლი მეზურნიშვილთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და ზაზა დუგლაძესთან ერთად ბიუჯეტიდან დაფინანსებული ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულეს და წინასაარჩევნო აგიტაცია გასწიეს.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან კარგი საერთაშორისო პრაქტიკით, სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკური პარტიას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა არსებობდეს.

29-31 აგვისტო

  • აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში ბათუმში, ხულოში, შუახევსა და ქობულეთში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შესაბამისი ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატებთან, რესან კონცელიძესთან, ანზორ ბოლქვაძესთან და ცოტნე ანანიძესთან ერთად ბიუჯეტიდან დაფინანსებული ექვსი ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა და წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაატარა.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან კარგი საერთაშორისო პრაქტიკით, სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკური პარტიას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა არსებობდეს.

18 და 21 აგვისტო

  • ქვემო ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროში, წალკაში, მარნეულსა და გარდაბანში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ,  პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატებთან, გოგი მეშველიანთან და ზაურ დარგალთან ერთად ბიუჯეტიდან დაფინანსებული შვიდი ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა და წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაატარა.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან კარგი საერთაშორისო პრაქტიკით, სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკური პარტიას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა არსებობდეს.

18 აგვისტო

  • ნინოწმინდის მერიიდან ექვსი თანამშრომელი საკუთარი განცხადებით, ხოლო 10 ე.წ „სოფლის რწმუნებული“ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. ერთ-ერთი გათავისუფლებული, ჟორა სნხჩიანი, აცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უთხრა, რომ სამსახურიდან წასულიყო.

პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.  ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

17 აგვისტო

  • ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 215-ე საჯარო სკოლასთან მდებარე სპორტკომპლექსი მოინახულა, რომელიც თბილისის მერიის დაფინანსებით გარემონტდა.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან კარგი საერთაშორისო პრაქტიკით, სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკური პარტიას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა არსებობდეს.

11 აგვისტო

  • ლაგოდეხში პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან, კახა კალაძესთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან, ირაკლი ღარიბაშვილთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორი ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა და წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაატარა.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან კარგი საერთაშორისო პრაქტიკით, სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკური პარტიას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა არსებობდეს.

1-29 სექტემბერი

  • ორგანიზაციამ მითითებულ პერიოდში  22 შემთხვევა გამოავლინა, როდესაც სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერიების სხვადასხვა საჯარო მოსამსახურის მხრიდან  სამუშაო საათებში „ფეისბუქზე“ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაცია ხდებოდა.

ეს ქმედება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევაა და ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.