საარჩევნო დარღვევების LIVE ბლოგი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საარჩევნო დარღვევების LIVE ბლოგი

07 ნოემბერი, 2024

ბოლო განახლება: 7 ნოემბერი, 2024

არჩევნების შემდგომი პერიოდი

არჩევნების დღე

ამ ბლოგის საშუალებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მუდმივ განახლების რეჟიმში მოგაწვდით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელოვან ცნობებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ Facebook-სა და Twitter-ზე.

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია - “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. მისია აერთიანებს 2000-მდე ადამიანს, მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაკვირვებაში ჩართულია 150 მოქალაქე. კოალიციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, აგრეთვე ცესკოში აკვირდებიან. 73 საარჩევნო ოლქში მუშაობს 133 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები დღის განმავლობაში ინფორმაციას რეგულარულად გვაწვდიან როგორც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არსებული პროცესის, ასევე კონკრეტული დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ. 

დარღვევები:

  • არჩევნების გაყალბების ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები
  • 00:40 საათი: ჩემი ხმა: კენჭისყრის დღისა და უბნების დახურვის პროცესის შეფასება, განცხადება
  • 19:00 საათი: ჩემი ხმა: კენჭისყრის პროცესის შუალედური შეფასება, განცხადება
  • 17:37 საათი: ამომრჩევლის მოსყიდვა

იმერეთში, 51-ე ოლქის 24-ე უბანის მიმდებარედ დაფიქსირდა ფულის შესაძლო დარიგების შემთხვევები.

  • 17:33 საათი: გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები

თბილისის მე-7 ოლქის 37-ე  უბანზე და მე-3 ოლქის 47-ე უბანზე გადასატანი ყუთი დაბრუნდა იმაზე ნაკლები ბიულეტენებით, ვიდრე უნდა ყოფილიყო.

მარნეული მე-14 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს გაატანა ბიულეტენი, რომელზეც 41 ნომერი წინასწარ იყო შემოხაზული.

  • 17:26 საათი: თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, სავარაუდოდ, ოცნების მხარდამჭერი პირები შევარდნენ. მათ მანქანებიდან ქართული ოცნების დროშები აქვთ გადმოფენილი. შედეგად თავდამსხმელებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

  • 17:22 საათი: დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა

საგარეჯოს 35-ე უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების შესაძლებლობას.

  • 17:14 საათი: ძალადობა

ძალადობრივი გარემოა მარნეულის საარჩევნო უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე. აგრესიული პირები ძალადობითა და ძალადობის მუქარით კოალიციის და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებს დაკვირვების განხორციელებაში ხელს უშლიან. ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა თბილისის საარჩევნო ოლქებშიც. თბილისის მე-5 ოლქის პირველ უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარნეულსა და გარდაბანში ფიქსირდება სხვისი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის ფაქტები, რაზეც კომისიის წევრები არ რეაგირებენ.

  • 17:11 საათი: მარკირების შემოწმების წესის დარღვევა

მარნეულის 1-ელ უბანზე მარკირების შემოწმების გარეშე ამომრჩევლის კენჭრაზე დაშვების ხუთი ან მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

  • 17:09 საათი: არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა

გარდაბნის მე-3 უბანზე სავარაუდოდ სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენი დამკვირვებლის შენიშვნაზე კომისიამ არ მოახდინა რეაგირება და არ მისცა მას პირადობის მოწმობის გადამოწმების შესაძლებლობა.

მარნეულის მე-5 უბანზე ამომრჩეველმა სხვისი პირადობის მოწმობით მისცა ხმა.

  • 17:07 საათი: აგიტაცია საარჩევნო უბანზე

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან აგიტაციის შემთხვევა დაფიქსირდა 59-ე ოლქის მე-16 უბანზე.

  • 17:05 საათი: ფიზიკური ძალადობა/მუქარა/ზეწოლა

თბილისის მეხუთე ოლქის პირველ უბანზე ჩვენ დამვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი დაფიქსირებულია 112-ში.

მარნეულის მე-4 უბანზე „საიას“ დამკვირვებელს შეუზღუდეს დაკვირვების შესაძლებლობა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მარნეულის მე-16 უბანზე არაუფლებამოსილი პირი იმყოფება უბანზე, რომელიც აგრესიულია ჩვენი დამკვირვებლის მიმართ.

  • 17:04 საათი: მაღალი აქტივობა და სივრცის ნაკლებობით გამოწვეული დაძაბულობა საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე

საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, განსაკუთრებით ევროპასა და აშშ-ში ამომრჩევლები მრავალსაათიან რიგებში დგანან. პრობლემას ქმნის აღნიშულ საარჩევნო უბნებზე არასაკმარისი რეგისტრატორების რაოდენობა, რაც ამომრჩევლის მაღალი აქტივობის გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს მათ დროულ მონაწილეობას. შტუტგატის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ამომრჩევლებს აშინებს, რომ საღამოს 20:00 საათზე უბანს დაკეტავს და რიგში მდგომი ამომრჩევლები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

ევროპის მასშტაბით საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე კვლავ მაღალი აქტივობა და ამომრჩეველთა რიგები ფიქსირდება. მაღალ აქტივობას კვლავ სათანადოდ ვერ პასუხობს კენჭისყრის შენობების მოწყობა. არასაკმარისია რეგისტრატორების რაოდენობა, კომისიები სათანადოდ ვერ უმკლავდებიან ამომრჩეველთა ნაკადებს. მსგავსი სურათია პარიზში, ბერლინში, პრაღაში, ბრიუსელში, მადრიდში, მაინის ფრანკფურტში, ლონდონში, შტუტგარტში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მადრიდში, სადაც შენობის განლაგება რიგებს კიდევ უფრო აბრკოლებს. მოქალაქეებს 2 საათიან რიგში უწევთ დგომა.
ასევე, რიგ ქვეყნებში გამოიკვეთა შემთხვევები, როცა მოქალაქეები აღიცხვაზე იყვნენ საკონსულოზე და არ აღმოჩდნენ სიებში. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა შტუტგარტში. ცალკეული შემთხვევა გამოვლინდა, როცა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე აღრიცხვაზე იყო ერთ ქვეყანაში (გერმანია) და საარჩევნო სიაში აღმოჩნდა პოლონეთში. 

საბერძნეთში გამოიკვეთა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაციის შემთხვევები. 

  • 17:00 საათი: ჩემი ხმა: კენჭისყრის მიმდინარე შეფასება, განცხადება
  • 15:17 საათი: ფიზიკური ძალადობა/მუქარა/ზეწოლა

მარნეულის 22-ე ოლქის 74-ე უბანზე გაუშვეს დაუდგენელი აირი, რომელმაც გამოიწვია თვალებისა და სასუნთქი გზების წვა. მანამდე, ამავე უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ მიეცა საარჩევნო პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა. საშუალება დაკვირვებოდა საარჩევნო პროცესს. მას ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშწორებით.

  • 15:12 საათი: არაუფლებამოსილი პირების ყოფნა საარჩევნო უბანზე

სენაკის 66-ე ოლქის მე-14 უბაზე მოხდა  ყალბი ბეიჯის გამოყენება.

ჩხოროწყუს 69-ე ოლქის მე-10 და  ზუგდიდი 67-ე ოლქის 11-ე  საარჩევნო უბანებზე დაფიქსირდა ხმის მიცემის მიზნით უბანზე განმეორებით შესვლის  მცდელობა.

  • 15:08 საათი: წინასწარ გაფერადებული ბიულეტენის გადაცემა

ზუგდიდის  67-ე ოლქის 10-ე უბანზე და ჩხოროწყუს (69-ე ოლქი) მე-2 უბანზე ამომრჩევლისთვის გადაეცა გაფერადებული ბიულეტენი.

სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა.

  • 15:06 საათი: ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას

საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ  ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ათამდე ინციდენტი დაფიქსირდა. ხაშურში ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე ტვ “პირველის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც ისინი აშუქებდნენ საარჩევნო პროცესს. ახმეტაში “მთის ამბების” მთავარ რედაქტორს გელა მთივლიშვილს ხელი შეუშალეს გადაღებაში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის, ჟურნალისტის გაცხადებით, შეაფურთხეს.

ქუთაისში #2 საარჩევნო უბანზე, cnews-ის ჟურნალისტს სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი გაღიაზიანება ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილმა სიებმა გამოიწვია, სადაც მოქალაქეების პირადი მონაცემები იყო დაფიქსირებული. მარნეულის N7 საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა დამკვირვებელმა რადიო "მარნეულის" ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.

  • 15:04 საათი: კომისიის წევრების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევები მარნეულსა და ბოლნისში

მარნეულის მე-22 ოლქის 44-ე უბანზე რეგისტრატორი კომისიის წევრები ბიულეტენის გადაცემისას თითით მიუთითებდნენ ამომრჩევლებს, რომ 41-ე ნომერი შემოეხაზონ. ასევე მარნეულის 36-ე უბანზე კომისიის წევრი ამომრჩეველს მიუთითებს, რომ ხმა მისცეს “ქართულ ოცნებას”. იგივე ხდება ბოლნისის 23-ე ოლქის 56 უბანში, სადაც კომისიის წევრი სხვა წევრებს მიუთითებს, რომ ხმა უნდა მისცენ 41-ს.

  • 15:01 საათი: ტექნიკური ხარვეზები და სივრცის ნაკლებობით გამოწვეული შეფერხებები საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე

მილანში გაფუჭდა მარკირების შესამოწმებელი ფარანი.  ასევე, უბანზე მოსული ამომრჩეველი ფიქსირდება ცესკოს საიტზე არსებულ სიაში, თუმცა სამაგიდე სიაში არ იყო და ვერ შეძლო ხმის მიცემა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, ბერლინშიც. 
 
რიგ შემთხვევებში, მაგალითად ათენში, საარჩევნო უბნებზე არ არის საკმარისი სივრცე, რაც იწვევს ქაოსს, დაძაბულობას და დამკვირვებლებს ეზღუდებათ დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობა. 

ამ დროისთვის დამკვირვებლებმა ორი საჩივარი დაწერეს  პრაღის #25-ე და ათენის #38 უბნებზე. 3 შენიშნვა დაფიქსირდა ჩანწერთა წიგნებში მილანსა და ფრანკფურტში.

  • 14:04 საათი: მაღალი აქტივობა და სივრცის ნაკლებობით გამოწვეული დაძაბულობა საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზე

რაც შეეხება უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებს, ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ვიდეო მასალა ადასტურებს, რომ არის მაღალი აქტივობა და რიგები საარჩევნო უბნებთან - მაგალითად, ლონდონში, ბერლინში, შტუტგარტში, პარიზში, რომში, პრაღაში. რიგ შემთხვევებში, მაგალითად ათენში, საარჩევნო უბნებზე არ არის საკმარისი სივრცე, რაც იწვევს ქაოსს, დაძაბულობას და დამკვირვებლებს ეზღუდებათ დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობა.

  • 14:00 საათი: მარკირებასთან და ფანრის გაუმართაობასთან დაკავშირებული შემთხვევები საარჩევნო უბნებზე

დაფიქსირდა მარკირების სითხის/ფანრის გაუმართაობასთან დაკავშირებული, ასევე,  არასწორი მარკირების შემთხვევები. მარკირების სითხე ან ფანარი გაფუჭებული იყო თბილისის მე-5 ოლქის მე-5 უბანზე, მე-6 ოლქის მე-5, 24-ე, 28-ე, 32-ე, 50-ე უბნებზე  და მე-10 ოლქის მე-18 უბანზე. ქარელის 33-ე ოლქის ორ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მარკირების შეუმოწმებლობის შემთხვევები. ასევე, მარნეულის მე-14 უბანზე და კასპის 30-ე საარჩევნო ოლქში ორ სხვადასხვა უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს არ გაუკეთა მარკირება. გორის 32-ე ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე მარკირების სითხე არ ჩანს ულტრაიისფერი ფანრით შემოწმებისას. მსგავსი პრობლემა დაფიქსირდა ზუგდიდის (67-ე ოლქი) მე-20 უბანზე. ბოლნისის 23-ე უბანზე დაფიქსირდა მარკირების შეუმოწმებლობის მრავლობითი შემთხვევა.

  • 13:55 საათი: დარღვევების მრავლობითი შემთხვევები საარჩევნო უბნებზე

ზუგდიდის  67-ე ოლქის მე-10 უბანზე ამომრჩევლისთვის გადაეცა გაფერადებული ბიულეტენი. 

ქარელში 27-ე უბანზე დაფიქსირდა კაბინაში სამი პირის ერთდროულად შესვლა. დამკვირვებელს, რომელმა ეს დარღვევა დააფიქსირა, დაემუქრნენ გაძევებით. 

ქარელის მე-12 და ხაშურის 23-ე უბნებზე ჩარჩო კონვერტები არის მოკლე და ჩანს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი. ხოლო, ქარელის მე-12 უბანზე ამომრჩევლები, რეგისტრატორის მითითების მიუხედავად, ხმას აძლევენ კაბინების გარეთ. 

ბოლნისის მე-19 უბანზე დაფიქსირდა ხმის ფარულობის დარღვევის ათეულობით შემთხვევა. სენაკში სამ უბანზე (მე-13, მე-15 და 68-ე), ზუგდიდში ორ უბანზე (55-ე და 59-ე) და ჩხოროწყუში ერთ უბანზე (მე-6 უბანი) დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა.  

გორის 22-ე უბანზე ამომრჩეველმა ფოტო გადაუღო ბიულეტენს. ბოლნისის სამ უბანზე (მე-4, მე-17 და 23-ე) ხმის მიცემის კაბინაზე აფარებულია დამატებითი მუყაო, რაც შეუძლებელს ხდის ამომრჩევლის მიერ შესაძლო ფოტოგადაღების დაკვირვებას.

  • 13:36 საათი: დაკვირვების შეზღუდვა და ვერიფიკაციის წესის დარღვევა ქარელის საარჩევნო უბანზე

ცალკეულ ფაქტად გამოვლინდა ქარელის 33-ე ოლქში 28-ე საარჩევნო უბანზე ერთი რეგისტრატორის მიერ მხოლოდ პასპორტიანი ამომრჩევლების მიღება. ამავე რეგისტრატორთან გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ვერიფიკაცის აპარატმა გამოსცა ხმოვანი განგაში, მაგრამ რეგისტრატორმა მაინც დაუშვა ამომრჩეველი უბანზე. დამკვირვებელს არ ეძლევა შესაძლებლობა ახლო მანძილიდან დააკვირდეს ვერიფიკაციის პროცესს.

  • 13:33 საათი:  დაკვირვების პროცესისა და საარჩევნო უბანზე გადაადგილების შეზღუდვა

რიგ რეგიონებში დამკვირვებლებს კვლავ არ ეძლევათ საშუალება დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესს. კერძოდ: გორის 32-ე ოლქის მე-8 და მე-9 სააარჩევნო უბნებზე დამკვირვებელს არ აძლევენ ვერიფიკაციის აპარატებთან მიახლოების და ასევე კომისიის თავმჯდომარის მითითებით უბანზე გადაადგილების შესაძლებლობას.

  • 13:26 საათი: ფიზიკური დაპირისპირება და კენჭისყრის შეჩერება საარჩევნო უბნებზე

არაერთ უბანზე ადგილი ჰქონდა უბნის შიგნით და უბნის გარე პერიმეტრზე დამკვირვებლების და პარტიების წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევებს. ჩვენი კოალიციის დამკვირვებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეწყვეტილია კენჭისყრა მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე გარკვეული პირების მიერ ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტის გამო.

  • 13:14 საათი: ტექნიკური ხარვეზები და ხმის მიცემის პროცესის შეჩერება სამეგრელოს საარჩევნო უბნებზე

ელექტრონული მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობა კვლავ გამოწვევად რჩება სამეგრელოში, სადაც: ზუგდიდის 67  ოლქის 14-ე უბანზე ხმის მიცემის აპარატის გაფუჭების გამო კენჭისყრა შეჩერდა.  ანალოგიურად, აპარატები მწყობრიდან არის გამოსული ზუგდიდის 59 უბანზე, ასევე მე-12 უბნის მე-15 უბანზე. იქაც ხმის მიცემის პროცესი შეჩერდა. ზუგდიდის 67-ე ოლქის 24-ე უბანზე მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის აპარატი. ანალოგიურად, ხობის 66-ე  ოლქის 20-ე უბანზე  ხმის მიცემის აპარატი გამოვიდა მწყობრიდან, გაიხსნა და ხელახლა დაილუქა. საარჩევნო უბნის აპარატურის დაზიანების მიუხედავად, გრძელდება საარჩევნო პროცესი ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე.

  • 13:00 საათი: ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევები გორის საარჩევნო უბნებზე

გამოვლინდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ცალკეული ფაქტები. კერძოდ, გორის  32-ე ოლქის 77-ე და მე-7 საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორები ამომრჩევლებს მიუთითებენს, რომ ხმა “ქართულ ოცნებას” მისცენ.

  • 12:00 საათი: ჩემი ხმა: კენჭისყრის მიმდინარე შეფასება, განცხადება
  • 11:55 საათი: დაძაბული ვითარება და დაკვირვების შეზღუდვები ათენის 38-ე საარჩევნო უბანზე

რაც შეეხება უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებს, ათენის 38-ე უბანზე კოალიციის დამკვირვებელს არ ეძლევა დაკვირვების შესაძლებლობა. კომისია არ აძლევს დამკვირვებელს ვიდეოგადაღების შესაძლებლობას. არის დაძაბული ვითარება და გადატვირთულობა.

  • 11:49 საათი: ხმის ფარულობის დარღვევისა და აგიტაციის შემთხვევები საარჩევნო უბნებზე

თელავის 17-ე ოლქის მე-7 უბანზე ამომრჩევლები მრავალჯერ განზრახ არღვევენ საკუთარი ხმის ფარულობას.
ახალქალაქში, მე-20 ოლქის სამ უბანზე  (1, 2, 62) ფიქსირდება აგიტაცია “ქართული ოცნების” სასასრგებლოდ. გარდაბნის 41-ე უბანზე (22.41) ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციას “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

  • 11:47 საათი: ხმის მიცემის კაბინაში არაკანონიერი თანმხლებობის შემთხვევები საარჩევნო უბნებზე

უბნის გახსნიდან ამ დრომდე, საქართველოს რიგ უბნებში ვლინდება,  ერთზე მეტი ამომრჩევნლის ყოფნის ფაქტები ხმის მიცემის კაბინაში. ასეთი შემთხვევებია, მაგალითად, ქარელის საარჩევნო ოლქის 27-ე უბანზე; ბათუმის  79-ე ოლქის მეორე უბაზე კომისიის თავმჯდომარე შეყვა უსინათლო ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში, რაც კანონით აკრძალული ქმედებაა.

  • 11:46 საათი: დამკვირვებლების გაძევებისა და საჩივრის რეგისტრაციაზე უარის შემთხვევები საარჩევნო უბნებზე

ასევე გამოვლინდა დამკვირვებლების გაძევების შემთხვევები. მთლიანობაში, “ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ 38 უბანზე. მაგალითად, თბილისის მე-5 ოლქის 46-ე და მეათე ოლქი 41-ე უბნებიდან გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებლები. ასევე, ქობულეთის 79-ე ოლქის მე-2 უბნიდან, შენიშვნის გამო, გააძევეს ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი. 

დაფიქსირდა საჩივრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევები ქვემო ქართლში (21-ე ოლქის მე-9 უბანი), თბილისში (მე-5 ოქლის 46-ე უბანი).

  • 11:45 საათი: დამკვირვებლებისათვის ხელის შეშლა და გაძევების შემთხვევები საარჩევნო უბნებზე

მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ვლინდება დამკვირვებლებისთვის დაკვირვების პროცესში ხელშეშლა, მათ შორის მსგავსი ფაქტები გამოვლინდა: სენაკის 64-ე ოლქის 32-ე და 1-ლ საარჩევნო უბნებზე, გარდაბნის 21-ე ოლქის მე-14 უბანზე, ქობულეთის 81-ე ოლქის მე-5 უბანზე.  

ასევე გამოვლინდა დამკვირვებლების გაძევების შემთხვევები. მთლიანობაში, “ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ 38 უბანზე. მაგალითად, თბილისის მე-5 ოლქის 46-ე და მეათე ოლქი 41-ე უბნებიდან გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებლები. ასევე, ქობულეთის 79-ე ოლქის მე-2 უბნიდან, შენიშვნის გამო, გააძევეს ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი. 

დაფიქსირდა საჩივრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევები ქვემო ქართლში (21-ე ოლქის მე-9 უბანი), თბილისში (მე-5 ოქლის 46-ე უბანი).

  • 11:23 საათი: ტექნიკური ხარვეზები და ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევები საქართველოს საარჩევნო უბნებზე

კვლავ ვლინდება ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევები საქართველოს მასშტაბით. კერძოდ, რიგ უბნებზე ვერიფიკაციისა და ხმის მთველელი აპარატები მუშაობენ ხარვეზებით, მაგალითად: ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-8 და მე-15 საარჩევნო უბნებზე ხმის დამთვლელი ერთ-ერთი აპარატი არ მუშაობდა.

დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევა თბილისის მე-5 ოლქის 46-ე უბანზე.

  • 11:19 საათი: აგრესიული განწყობა Edison Research-ის წარმომადგენლების მიმართ

ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ედისონ რისერჩის”  წარმომადგენლებს სამეგრელოში და კახეთში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელს უშლიან საარჩევნო უბნების მიმდინარე პერიმეტრზე ეგზიტ პოლის გამოკითხვის ჩატარებაში. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას.

  • 11:08 საათი: ბიულეტენებით მანიპულაცია და ელექტრონული ხარვეზები საარჩევნო უბნებზე

ხმის მთვლელ აპარატში ორი ბიულეტენი შეაცურეს თბილისის მე-2 ოლქის მე-8 უბანზე. 

ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა 125 უბანზე.

  • 11:00 საათი: ბიულეტენების მანიპულაციის მცდელობები და მარკირების შემოწმების ხარვეზები

მარკირება არ მოწმდებოდა სათანადო წესისამებრ - 49 უბანზე

გრძელდება საგანგაშო ტენდენცია, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემას და ყუთში მოთავსებას. ამ მომენტისთვის დაფიქსირდა ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის 50 შემთხვევა. ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემის შემთხვევები დაფიქსირდა, მაგალითად, სამეგრელოში 64-ე ოლქის მე-2 უბანზე, კახეთში მე-14, მე-15, მე-17 ოლქებში, ქვემო ქართლში მე-20 ოლქში,  თბილისის მე-10 ოლქში, აჭარაში - 79-ე, 81-ე და 83-ე ოლქებში, რაჭა-ლეჩხუმში - 47 ოლქი, სამცხე ჯავახეთში - 37-ე და 39-ე ოლქები, შიდა ქართლში - 32 ოლქი.  მსგავსმა ფაქტებმა ამ დროისთვის ათეულობით შემთხვევის სახე მიიღო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ტენდენცია გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას.

  • 10:30 საათი: კენჭისყრის მიმდინარე შეფასება, განცხადება.
  • 10:28 საათი: დაკვირვების შეზღუდვები და უბნების დაგვიანებული გახსნა საზღვარგარეთ:

დროის განსხვავების გამო საზღვარგარეთ არსებული უბნების უმრავლესობა ჯერ არ გახსნილა.  კოალიციის დამკვირვებლებს დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევდნენ ათენის 38-ე და 39-ე საარჩევნო უბნებზე. მოგვიანებით, დამკვირვებელი დაუშვეს 38-ე უბანზე, თუმცა 39-ე უბანზე დამკვირვებელს კვლავ არ ეძლევა დაკვირვების შესაძლებლობა.

  • 10:20 საათი: კენჭისყრის დაგვიანება და ბიულეტენებით მანიპულაციის მცდელობები:

საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, სადაც კოალიცია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად, თუმცა დამკვირვებლების ინფორმაციით, ათობით საარჩევნო უბანზე (დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნების 7%) კენჭისყრა დაგვიანებით დაიწყო.

დაფიქსირდა ორი ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობა 35-ე, 38-ე და 37-ე საარჩევნო ოლქებში.

დაფიქსირდა ამომრჩევლისთვის  ერთზე მეტი ბიულეტენის მიცემის 18 მცდელობა თბილისში (1-ელ, მე-2, მე-3,  მე-5, მე-6, მე-7 ოლქებში), კახეთსა (მე-12 და მე-14 ოლქებში) და ბათუმში (79-ე ოლქი).  

შესაძლებელია, აღნიშნული მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან რაიმე სხვა მანიპულაციების განხორციელებას.

  • 10:03 საათი: დაკვირვების შეზღუდვები და ტექნიკური პრობლემები საარჩევნო უბნებზე:

გამოიკვეთა ტენდენცია, რომ გარკვეულ საარჩევნო უბნებზე ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა დააკვირდნენ რეგისტრატორის საქმიანობას.  ასევე, მთვლელი საქართველოს მასშტაბით, ფიქსირდება ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები. ვერიფიკაციის აპარატები ვერ არეგისტრირებენ პირადობას და რეგისტრატორებს ხელით უწევთ მონაცემების შეყვანა აპარატებში. აღნიშულით, დამკვირვებლებს არ აძლევს საშუალებას დარწმუნდნენ მართებულად ხდება თუ არა უბანზე გამოცხადებული პირის იდენტიფიცირება. იმ ფონზე, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია მოქალაქეებისათვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა.

მთვლელი საქართველოს მასშტაბით ფიქსირდება, აუდიო და ვიდეო გადაღების შეზღუდვა. კერძოდ, დამკვირვებლებს არ ეძლევათ ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობას. ეს მაშინ, როცა დიდი ოდენობით უნებზე განთავსებულია სტაციონალური კამერები, რიგ შემთხვევებში მიმართულია, როგორც ხმის მიმცემი კაბინისკენ ასევე ხმის მთლელი აპარატებისკენ. 

რიგ რეგიონში (მაგ. კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) იკვეთება არაუფლებამოსილი პირების ყოფნა უბანზე.   

  • 09:55 საათისაარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა და პირველი საჩივრები:

დილის 9:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა საქართველოში გახსნილ  988 უბნიდან. “ჩემი ხმას” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 69 უბანზე კენჭისყრა დაიწყო დაგვიანებით. ჩვენს დამკვირვებლებს უბნების გახსნის პროცესზე დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 36 საარჩევნო უბანზე.

ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია: 13 საჩივარი და 17 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

 

წინასაარჩევნო პერიოდი 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს  პერიოდული  განახლების რეჟიმში წარმოგიდგენთ.

15-21 ოქტომბერი: დმანისის, ბოლნისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების სასარგებლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეების აგიტაციაში მონაწილეობა

  • აზერბაიჯანელი კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მოღვაწეების  ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში ქვემო ქართლში.

მ.წ. 15-21 ოქტომბერს, ქვემო ქართლის იმ რეგიონებს, სადაც უმეტესად ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ, აზერბაიჯანიდან სტუმრობდნენ სპორტის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ოლიმპიური ჩემპიონები, პროფესორები, მწერლები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, „ქართული ოცნების” ადგილობრივ წარმომადგენლებთან, მერებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად სოფელ-სოფელ დადიოდნენ, რათა გაეძლიერებინათ „ქართული ოცნების” პოზიციები ჩვენ ეთნიკურად აზერბეიჯანელ თანამოქალაქეებში. აღნიშნული ფაქტები წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის დარღვევას, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას. 

 

23 ოქტომბერი: „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს, მეტროსადგურში უცნობი პირები თავს დაესხნენ

  • პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურთან” თავს დაესხნენ. პარტიის ინფორმაციით, გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა, რა დროსაც მას ორ ათეულამდე უცხო პირი თავს დაესხა.

პოლიტიკური პარტიის წევრებზე ძალადობა უკიდურესად ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.

 

21 ოქტომბერი: აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო საკუთარ Facebook გვერდზე „ქართული ოცნების“ სასარგებლო აგიტაციას ეწევა

  • 21 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე განთავსდა მინისტრის პოსტი სადაც ის ის საუბრობს, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატ გია ჭყონიასთან და „ქართული ოცნების“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეი საბჭოს წევრობის კანდიდატ ცოტნე ანანიძესთან ერთად ქობულეთში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. 

ეს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა მმართველი პარტიის ორი კანდიდატი, თავისი შინაარსით იყო წინასაარჩევნო შეხვედრა, ხოლო ამ ტიპის შეხვედრის ამსახველი ინფორმაციის სახელმწიფო უწყების მიერ გაზიარება წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებას, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია.

 

20 ოქტომბერი: ზუგდიდში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებული პირებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უკანონოდ ჩამორთმევა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

  • ზუგდიდში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებული პირის ინფორმაციით (ამ პირმა ფაქტები პირად საუბარში გაუმხილა ჩვენს წარმომადგენელს), ხსენებულ დეპარტამენტში მათგან ითხოვენ ოჯახის იმ წევრების და ნათესავების პერსონალური მონაცემების შემცველი სიების წარდგენას, რომლებიც პარტია „ქართული ოვნებისთვის“ აპირებენ ხმის მიცემას, ხოლო ოპოზიციურად განწყობილ პირებს კი სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემას. 

გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევას და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას ქვეყანაში მასშტაბური და სისტემური ხასიათი აქვს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. აქვე იკვეთება იმგვარი კანონდარღვევებიც, როგორებიცაა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2022 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილი ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების მასშტაბური სქემა კვლავ მოქმედებს. აუცილებელია ყველა ასეთი ფაქტის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.  

 

19 ოქტომბერი: გარდაბანში მასწავლებლის დღის აღნიშვნისას ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენება

  • QvemoQartli.ge საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, გარდაბანში მასწავლებლის ეროვნული დღე ოფიციალური თარიღის (27 ოქტომბერი) ნაცვლად 19 ოქტომბერს აღნიშნეს. წყაროს ინფორმაციით, ეს ღონისძიება ორგანიზებული იყო მერიის მიერ, ესწრებოდა ყველა სკოლის მასწავლებელი და გამოყენებული იყო „ქართული ოცნების“ ფერებში შესრულებული ბანერები. მასწავლებლებს გადასცეს საჩუქრები, რომელსაც თან ახლდა ლურჯი ბარათი „41“ ნომრით და მისალოცი ტექსტით ვიცე გუბერნატორ გიორგი შინჯიკაშვილისა და პარლამენტის წევრისა და მმართველი პარტიის მოქმედი საპარლამენტო კანდიდატის - სავალან მირზოევის სახელით. აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიების შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია განათავსეს გიორგი შინჯიკაშვილმა და გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმაც, რომელმაც დაადასტურა ამ ღონისძიების ზემოხსენებული პირების მხარდაჭერით ჩატარების ფაქტი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, დაუშვებელია საბიუჯეტო თანხებით დაფინანსებული ღონისძიებების გამოყენება საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბანერების განთავსება და ფლაერების გავრცელება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული. ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

 

19 ოქტომბერი: ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავება და პირადობის მოწმობების ჩამორთმევა

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩეველთა ნაწილს/საბიუჯეტო დაფინანსებით დასაქმებულ პირებს (ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებით დასაქმებული გარკვეული პირები მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს) სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მათთვის გადაცემას. არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, ხოლო იმავე კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დასახელებული ფაქტები ასევე შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს. ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა, დამუშავება და გადაცემა. ამასთან, სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას აკრძალულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლით. აუცილებელია ყველა ასეთი ფაქტის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

 

17 ოქტომბერი: „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისზე განთავსებული ბანერების დაზიანება

  • 17 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ხათუნა არველაძის, სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი დღის განმავლობაში აქტიურად ხდება მათ ოფისებზე გაკრული ბანერების დაზიანება. მან ასევე ატვირთა ხსენებული ფაქტის დამადასატურებელი ფოტომასალა.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია.  მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.

 

17 ოქტომბერი: პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიის წევრთა ნეიტრალურობა ეჭვქვეშ დგება

  • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის დამოუკიდებელი და დაკომპლექტებულია „ქართულ ოცნებასთან“ სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირებით. მეზვრიშვილმა წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ პარტიის წევრები და მათი ნათესავები იკავებენ საარჩევნო კომისიების წევრების თანამდებობებს, როგორც საუბნო, აგრეთვე საოლქო დონეზე. მაგალითად, მარნეულში 22.01 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსი, მისი შვილი წარმოადგენს ქართული ოცნების მიერ დანიშნულ ამავე კომისიის წევრს, ხოლო მისი რძალი - ამავე კომისიის მდივნის თანამდებობას იკავებს. დამატებით, ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრია მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი. გარდა მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირისა, მტკიცებულებებიდან ჩანდა, რომ ზემოაღნიშნული კომისიის წევრები არ ერიდებიან „ქართული ოცნების“ სასარგებლო ღია აგიტაციასაც.

ამგვარი პოლიტიკური გავლენა ეჭვქვეშ აყენებს კომისიის უნარს, იმოქმედოს მიუკერძოებლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე. საარჩევნო კოდექსი მკაცრად უკრძალავს ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას. კიდევ უფრო საგანგაშოა, როდესაც აგიტაციაში კომისიის თავმჯდომარეც მონაწილეობს, რომელიც ზემდგომი კომისიის მიერ, პროფესიული ნიშნით უნდა იყოს დანიშნული.

ამასთანავე საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსი მოხელეებს ყველა დონეზე უწესებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულებას, რომელიც მოითხოვს, რომ წევრებმა იმოქმედონ დამოუკიდებლად და თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი. პოლიტიკური გაერთიანებებთან დაკავშირებული პირებით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება არღვევს ამ პრინციპებს. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების უზრუნველსაყოფად. 

 

17 ოქტომბერი: რუსთავში, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ შტაბის დავალებით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ართმევენ

  • 17 ოქტომბერს „მთავარ არხზე“ გავიდა ჟურნალისტური ექსპერიმენტის ამსახველი სიუჟეტი, საიდანაც ჩანდა, რომ რუსთავში „ქართული ოცნების“ შტაბის დავალებით დასუფთავების სამსახურის ათეულობით თანამშრომელს სამსახურის ხელმძღვანელებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩამოართვა. სიუჟეტში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები აკონრეტებენ რამდენი ადამიანია ბრიგადაში და ადასტურებენ, რომ ინფორმირებულები არიან პირადობის მოწმობის ჩაბარებაზე. გარდა ამისა რუსთავის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთი ჯგუფის უფროსი ადასტურებს, რომ ნამდვილად ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მის დაქვემდებარებულ თანამშრომლებს.

გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევას და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას ქვეყანაში მასშტაბური და სისტემური ხასიათი აქვს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. აუცილებელია ყველა ასეთი ფაქტის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

 

15 ოქტომბერი: ზუგდიდის მერია ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო ღონისძიებების გასამართად იმ სივრცეების გამოყოფაზე ეუბნება უარს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის უკვე გამოიყენა 

  • 15 ოქტომბერს ზუგდიდის მერიამ პარტია „დროას“ რეგიონალურ ხელმძღვანელს უარი უთხრა ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩასატარებლად „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“ სააქტო დარბაზის დათმობაზე. პარტიისთვის გაგზავნილ წერილში მერია მიუთითებს, რომ საარჩევნო ღონისძიებების გასამართად გამოყოფილია მხოლოდ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ საკონცერტო დარბაზი. მიუხედავად ამისა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო მიზნებისთვის 12 ოქტომბერს გამოიყენა „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“, ხოლო 2 ოქტომბერს „სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ საკონცერტო/სააქტო დარბაზები.

საარჩევნო კოდექსის თანახმად იკრძალება იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა.

 

15 ოქტომბერი: „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება და დამუშავება

  • ონლაინ გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა, რომ „ქართული ოცნება“ უკანონოდ აგროვებს და ამუშავებს ათობით ათასი ამომრჩევლის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. პარტიას წვდომა აქვს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ნასამართლეობის, სოციალური დახმარების, დასაქმების, განათლების და სხვა პირად ინფორმაციაზე. დოკუმენტაცია აჩვენებს, რომ ეს ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიდან, მათ შორის ჯანდაცვის, იუსტიციის, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან და ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. პარტია ამ მონაცემებს იყენებს ამომრჩეველთა პროფილირებისთვის და მათზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. მონაცემთა ბაზას ერთვის სვეტი, რომელშიც მითითებულია „გავლენის მქონე პირი“. ამ სვეტში ვხვდებით ადამიანებს, სახელმწიფო უწყებებს, კომპანიებს, აგიტატორებს და ა.შ

ეს ფაქტი წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მმართველი პარტია იყენებს სახელმწიფოს რესურსებს ამომრჩეველთა პროფილირებისთვის და აგრძელებს 2022 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილი ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების მასშტაბურ სქემას. მასალა მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს მნიშვენლოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების დანაშაულებრივ თანამშრომლობას ერთ, ცალკე აღებულ პარტიასთან, ამ უკანასკნელისთვის არჩევნებში სასურველი შედეგის უზრუნველსაყოფად.  ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და შესაძლოა გამოყენებულ იქნას ამომრჩეველთა დაშინებისა და მანიპულირებისთვის. გარდა იმისა, რომ ამ ფაქტებით იკვეთება სხვადასხვა სახის კანონდაღვევის ნიშნები, როგორებიცაა პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება და გამოყენება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამ სისტემურდანაშაულებრივი სქემების მიზანი ამომრჩევლების ნებაზე ზეგავლენის მოხდება და არჩევნების შედეგების მასშტაბური გაყალბებაა.

 

15 ოქტომბერი: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მონაწილეობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თათია ნიკოლაიშვილს და დავით მჟავანაძეს ადგილობრივი სოფელ გურიანთის ადმინისტრაციულ შენობაში  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მოხდა გურიანთის ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლის კაბინეტში (ე.წ. სოფლის რწმუნებული), სადაც შეკრებილები პარტიულ-წინასაარჩევნო საქმიანობით იყვნენ დაკავებული, (ოთახში ჩანდა „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა, აგრეთვე პარტიული მიზნებისთვის დამუშავებული ამომრჩეველთა სია), შეკრებილებს შორის იყო გურიანთის საუბნო კომისიის თავმჯდომარე მარინა ნათენაძე. მას შემდეგ რაც მჟავანაძემ და ნიკოლაიშვილმა შეკრებილების ვიდეო გადაღება დაიწყეს იქ მყოფმა ადამიანებმა მათ იძულებით დაატოვებინეს მერის წარმომადგენლის კაბინეტი.

ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, როდესაც ის იმყოფება სამუშაო კაბინეტში უნდა ასრულებდეს მისთვის კანონით მინიჭებულ საჯარო უფლებამოსილებას. გაუგებარია, რა საჯარო უფლებამოსილების შესრულებისთვის ჭირდებოდა მერის წარმომადგენელს სამუშაო სივრცეში მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალა და პერსონალური ინფორმაციების შემცველი ამომრჩეველთა სია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ასეთი ტიპის შეკრებაზე საუბნო კომისიის თავმჯდომარის ყოფნა, რომელიც საოლქო კომისიის მიერ დანიშნული, აპარტიული წევრი უნდა იყოს, რომელსაც წინასაარჩევნო აგიტაცია სრულიად აკრძალული აქვს.

 

15 ოქტომბერი: ტვ „პირველის“ საგამოძიებო სიუჟეტი ააშკარავებს საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და თანმხლებ დანაშაულებს

  • 2024 წლის 12 ოქტომბერს ტვ „პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა სიუჟეტი სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვა საჯარო დაწესებულებების, სახელმწიფო და ხელისუფლებასთან დაახლოებული კერძო კომპანიების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების საიდუმლო სიების შესახებ, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ ავალებენ და აიძულებენ საჯარო მოხელეებს,  შეაგროვონ და მმართველ პარტიაში გადააგზავნონ მათი პირადი და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები არჩევნებზე ამ პირების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით.

სიუჟეტში აღწერილ ფაქტებში იკვეთება სხვადასხვა სახის კანონდაღვევა მათ შორის: პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება და გამოყენება; ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. სიუჟეტში ასახული მასალა არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ 2022 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილი ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების მასშტაბური სქემა კვლავ მოქმედებს. ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებულ მასალაზე ვრცლად იხილეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება.

 

13 ოქტომბერი: „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

  • 13 ოქტომბერს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს ოფისის კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია.  მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.

 

13 ოქტომბერი: პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციურ სუბიექტად აღიარების გამო სასამართლომ, კომუნიკაციების კომისიის მიმართვის საფუძველზე, ტელეკომპანია „ფორმულა“ 5000 ლარით დააჯარიმა

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის მიმართვის საფუძველზე ტელეკომპანია „ფორმულა" 5000 ლარით დააჯარიმა და გიორგი გახარიას პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან ამოღება დაავალა. კომუნიკაციების კომისიამ უკანონოდ მიიჩნია ფორმულას გადაწყვეტილება, რომლითაც ტელევიზიამ პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი მიანიჭა. „ფორმულა“ დაეყრდნო Edison Research-ის კვლევას, რომელშიც პარტიას 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. თუმცა კომისიამ „ფორმულას“ კანონდამრღვევად ცნო იმის გამო, რომ კომისიას არ წარუდგინა ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გადამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

საარჩევნო კოდექსის თანამხად მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. ტელეკომპანია „ფორმულამ“ კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა დეტალური ინფორმაცია Edison Research-ის კვლევის კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარების დასადასტურებლად. გაუგებარი და უკანონოა კომისიის მოთხოვნები „ფორმულას“ მიმართ საზოგადოებრივი კვლევის სანდოობის კანონში არ არსებული კრიტერიუმებით გადამოწმების თაობაზე. კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს  „მედიაომბუდსმენიც“.
მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს არგუმენტს, რომ, წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისია არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური და მოქმედებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
კომისიამ მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში კრიტიკული მაუწყებლების მიმართ ფინანსური სანქცია არაერთხელ გამოიყენა მათ შორის 15 აგვისტოს „მთავარი არხის“ მიმართ (2500₾), 13, 19 სექტემბერს  და 9 ოქტომბერს „მთავარს“, „პირველს“ და „ფორმულას“ სამ-სამჯერ შეუდგინა სამართალდაღვევის ოქმი, თითოეულს 5000 ლარის ოდენობით.

 

13 ოქტომბერი: „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის მიმართ შესაძლო მძიმე დანაშაულის მცდელობა სოფელ ქსანში

  • „გახარია საქართველოსთვის" პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, განაცხადა, რომ 12 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში მათი პარტიის წევრის, ლია ყოჩიშვილის მიმართ მძიმე დანაშაული მოხდა. მისი თქმით, დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრმა, გიორგი მურჯიკნელმა, სცადა მანქანით დაჯახებოდა ყოჩიშვილს, რომელიც ხუნდაძეს ხშირად ამხელს კორუფციაში. ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ყოჩიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა ქსანში. 

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია.  მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.

 

12 ოქტომბერი: ვაკის პარკში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ღონისძიების გამართვისთვის აუცილებელი აპარატურა არ შეატანინეს

  • 12 სექტემბერს, 21:00 საათზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ თბილისში, ვაკის პარკში, დაგეგმილი ჰქონდა წინასაარჩევნო ღონისძიების გამართვა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით „ქართული ოცნება" ხელს უშლის მათ ვაკის პარკში 10,000 მხარდამჭერთან დაგეგმილი შეხვედრის ჩატარებაში. მისი თქმით, ხელისუფლება აბრკოლებს სკამების, აპარატურისა და გენერატორის შემოტანას. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში,  უზრუნველყონ ამ ღონისძიებების  უსაფრთხოება. 

 

11 ოქტომბერი: კომპანია RMG-ის თანამშრომელი აცხადებს, რომ კომპანია მათ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებს

  • ონლაინ მედია პლატფორმა „მაუწყებელს“ კაზრეთიდან კომპანია RMG-ს თანამშრომელი დაუკავშირდა და სისხლის სამართლის დანაშაულსა და არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „სამსახურში მოგვთხოვეს ჩვენი და ოჯახის წევრების პირადი მონაცემები, საარჩევნოდ გვჭირდებაო. ვინც უარი უთხრა, დაემუქრნენ, უფროსებთან პრობლემები შეგექმნებაო.” წყაროს თქმით, წელს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია ამგვარად ძალადობს თანამშრომლებზე და მათ ოჯახის წევრებზე: „წინა არჩევნებზეც ასე გააკეთეს, მერე სათითაოდ გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ შემოხაზავ და გამოხვალ, ჯერ უნდა ანახო „ქართული ოცნების” დამკვირვებელს, თუ ვის მიეცი ხმა, მერე უნდა ჩადო კონვერტში და ჩააგდო ყუთშიო, ახლაც ასე მოხდება, ასე ამ დღეში ვართ, სად უნდა ამოიღო ხმა, ყველგან ესენი არიან.” მისი თქმით, რიგ შემთხვევებში, დასაქმებულებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.

კომპანია RMG „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, ის მმართველ პარტიას თანხას მესამე პირების მეშვეობით წირავს, რაც კანონდაღვევაა. „მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სისხლის სამართლის არაერთი დანაშაულის ნიშანს შეიცავს, ხელყოფს ამომრჩევლების უფლებას თავისუფალ და თანასწორ გარემოში, მხოლოდ საკუთარი შეხედულებების საფუძველზე გააკეთოს არჩევანი, ისევე როგორც ემუქრება მათი ხმის ფარულობას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით. კრიტიკულად მნიშვნელოვანია შესაძლო დანაშაულის სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, მათ შორის კომპანია RMG-ის ხელმძღვანელი პირების მხრიდან თანამშრომლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოვლენა.

 

 11 ოქტომბერი: ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს

  • გავრცელებული ინფორმაციით,  მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი. მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში.

პირის უფლება, თავისუფალ და თანასწორ გარემოში არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების საფუძველზე, ისევე როგორც ამომრჩევლის ხმის ფარულობა, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება კი შესაძლოა სწორედ იმ შიშის დანერგვას ემსახურებოდეს, რომ მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზანს ემსახურებოდეს. აღსანიშნავია, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ცალსახა დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. აუცილებელია ამ გარემოებების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

 

 11 ოქტომბერი: ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანონო მეთოდებით ცდილობს

  • გავრცელებული ინფორმაციით,  მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი. მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში.

პირის უფლება, თავისუფალ და თანასწორ გარემოში არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების საფუძველზე, ისევე როგორც ამომრჩევლის ხმის ფარულობა, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება კი შესაძლოა სწორედ იმ შიშის დანერგვას ემსახურებოდეს, რომ მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენას. აღსანიშნავია, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ცალსახა დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. აუცილებელია ამ გარემოებების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.

 

11 ოქტომბერი: დეზინფორმაციის კამპანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ

  • ანონიმური წყაროებით შექმნილი ახალი ვებგვერდი, რომელიც სავარაუდოდ „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული, თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორს, ეკა გიგაურს. ვებგვერდი „USAმშობლო“, რომლის სახელიც თავადვე მიუთითებს, რომ თითქოსდა ეს პირები უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში აშშ-ის ინტერესებს ემსახურებიან, მიზნად ისახავს ამ აქტიური პირების რეპუტაციის შელახვას. მსგავსი დისკრედიტაციის კამპანიები ვრცელდება ამავე სახელწოდების გვერდზე სოციალურ ქსელშიც, ინდივიდუალური პოსტებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ვებ-გვერდზე ტარგეტირებული პირები ჩართულნი არიან 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგის მისიებში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საჯარო სივრცეში ამ სახით წარმოჩენა წარმოადგენს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის მორიგ მცდელობას, მსგავსი მოქმედებები არღვევს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ძირეულ პრინციპებს, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ და მიუკერძოებელ ჩართულობას. დეზინფორმაციის ასეთი კამპანიები ასუსტებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის სამართლიანობის მიმართ და საფრთხეს უქმნის თავისუფალ და სამართლიან წინასაარჩევნო პერიოდს.

 

9 ოქტომბერი: თბილისში, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს საარჩევნო პლაკატების გაკვრისას თავს დაესხნენ და სააგიტაციო მასალები დაუზიანეს

  • თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს უცნობმა პირებმა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის გაკვრაში ხელი შეუშალეს, აგრეთვე ჩამოუხიეს გაკრული პლაკატებიც. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. კანონით დაუშვებელია სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება. იმისათვის რომ მომხდარმა შემთხვევამ არ წაახალისოს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიმართ ძალადობა და სააგიტაციო მასალების დაზიანება, აუცილებელია თავდამსხმელების სწრაფი იდენტიფიცირება და მათზე კანონის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

9 ოქტომბერი: კომუნიკაციების კომისია კვლავ აჯარიმებს კრიტიკულ მაუწყებლებს

  • კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ სამართალდამრღვევად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. გადაწყვეტილების მიზეზი მაუწყებლების მიერ „ქართული ოცნების“ იმ ვიდეორგოლის ეთერში განუთავსებლობაა, რომელშიც უკრაინელი ხალხის ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული. სამართალდაღვევათა ოქმი საქალაქო სასამართლოს გადეგზავნა, რომელიც ზემოაღნიშნულ მაუწყებლებს მაღალი ალბათობით 5000 ლარით დააჯარიმებს. 

კომუნიკაციების კომისიამ მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში კრიტიკული მაუწყებლების მიმართ ფინანსური სანქცია არაერთხელ გამოიყენა მათ შორის 15 აგვისტოსმთავარი არხისმიმართ (2500₾), 13 და 19 სექტემბერს  „მთავარს“, „პირველსდაფორმულასორჯერ შეუდგინა სამართალდაღვევის ოქმი, თითოეულს 5000 ლარის ოდენობით. მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიამ უნდა, გაითვალისწინოს კონტექსტის სიმძაფრე და საკუთარი გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს მაუწყებლების ფუნქციონირება, მეორე მხრივ კი, ხელი არ შეუწყოს და არ გახდეს მმართველი გუნდის პროპაგანდის ინსტრუმენტი  (უფრო ვრცლად იხ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დასაქართველოს ევროპული ორბიტისერთობლივი განცხადება).

 

9 ოქტომბერი: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის, განცხადებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ

  • „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ, განაცხადა, რომ ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, ან რომლებზეც ეჭვი აქვთ, რომ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მისცემენ პირადობის მოწმობებს ართმევენ. წითლიძემ პირადობების ჩამორთმევაში ჩართული ექვსი პირიც ჩამოთვალა, რომელთა შორისაც არიან პოლიციის თანამშრომლები, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, მერის წარმომადგენელი სოფელ ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგრეთვე სამეგრელოს დელეგატობის კანდიდატის დავით კოდუას მამა.

ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობის ჩამორთმევა და მისთვის არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქმედების შესაძლო ორგანიზებული ხასიათი და მასშტაბი. აუცილებელია განცხადებაში მოყვანილი გარემოებების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება

 

9 ოქტომბერი: „ქართული ოცნების“ მსხვილმა შემომწირველმა, ზურაბ ნასყიდაშვლმა, პარტიას 60 000 შეწირა, მის კომპანიებს, სახელმწიფო შესყიდვებით 7.6 მილიონი ლარი აქვთ მიღებული

  • შპს „დოქტორ გუდსმა“, რომლის 33%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2020-2022 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით სახელმწიფოსგან 3.6 მლნ ლარი, ხოლო ტენდერებით 2.1 მლნ ლარი მიიღო. შპს „ინტერ კონსტრუქშენმა“, რომლის 100%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2021-2024 წლებში სახელმწიფო ტენდერებით 1.3 მლნ ლარი მიიღო. ჯამში, სახელმწიფო შესყიდვებიდან ზურაბ ნასყიდაშვილის კომპანიებს 7 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული. შპს „მესხეთის მეფრინველეობას“, რომლის 17,5%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2016-2023 წლებში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებიდან 307 ათასი ლარი აქვს მიღებული. შპს „საგურამოს მეფრინველეობას“, რომლის 40%-ს ზურაბ ნასყიდაშვილი ფლობს, 2020 წელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებიდან 121 ათასი ლარი აქვს მიღებული. გარდა ამისა, შპს „საგურამოს მეფრინველეობამ“ სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით 10,000 კვ მეტრი მიწა მიიღო.

წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების  კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს.

 

7 ოქტომბერი: „ქართული ოცნების“ ფარული საარჩევნო კამპანიები, რომლებიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯზე გაიმართა

  • „აი, ფაქტის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს მასალა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნება" წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იყენებს მუნიციპალური ბიუჯეტების თანხებს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს შეფარულ საარჩევნო კამპანიას. 
    • ასეთი ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტებმა სულ 219 ტენდერი გამოაცხადეს სხვადასხვა ღონისძიებისთვის, რაზეც ჯამში 7.8 მილიონი ლარი დაიხარჯა
    • 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ჩატარდა და დაიგეგმა 67 ღონისძიება, მათი ნახევარი ეძღვნებოდა ქალაქის ან დაბის დღის აღნიშვნას
    • მათ დღესასწაულების ნაწილს თარიღები შეუცვალეს და წინასაარჩევნოდ ატარებენ, დამატებით კი ახლებიც გამოიგონეს
    • ღონისძიებებზე აქტიურად ისმის მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილები, განსაკუთრებით „მშვიდობის" თემაზე
    • წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ღონისძიებებზე დახარჯული თანხები
    • შესყიდვების 88% ხორციელდება გამარტივებული წესით, კონკურსის გარეშე.

„აი, ფაქტის“ გამოძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებას სისტემური ხასიათი აქვს, რაც თავის მხრივ ქმნის უსამართლო და უთანასწორო წინასაარჩევნო გარემოს საფუძველს. სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძებების „ქართული ოცნების“ კანდიდატების მიერ აგიტაციისთვის გამოყენების შემთხვევები წინამდებარე Live ბლოგშიც არის აღწერილი, რაც გამოძიებაში აღწერილ ტენდენციებს დამატებით ადასტურებს.

 

7 ოქტომბერი: შსს მინისტრის გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მიიღებს მონაწილეობას

  • 2024 წლის 30 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსცა ბრძანება „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“. ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში და თბილისში იქმნება „სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები“ - ე.წ. „ტერიტორიული ჯგუფები“, რომელთა დაკომპლექტებაში მონაწილეობას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) მიიღებს. 

არჩევნების დღეს ყველა ჩართული მხარისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ მიზნით შსს მინისტრის მიერ ე.წ. ტერიტორიული ჯგუფების ფორმირება წინა წლების პრაქტიკაც იყო, თუმცა წინა წლებისგან განსხვავებით, ახალი ბრძანების თანახმად ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში, სხვებთან ერთად, შედის არა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი, როგორც ეს ადრე იყო, არამედ სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი. აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას კი დღემდე იკავებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“), რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სისასტიკით არის ცნობილი.

 

7 ოქტომბერი: „ქართული ოცნების“ მსხვილმა შემომწირველმა, ნუკრი დოლიძემ, პარტიას 58,000 ლარი შეწირა, მის კომპანიებს ბოლო სამ წელიწადში 164 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი აქვთ მიღებული

  • შპს „მონოლითი 2005“ და შპს „ბონდი-2009“-ს 25-25%-იანი წილის მფლობელმა და ბათუმის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ნუკრი დოლიძემ მმართველ პარტიას 2024 წლის 2 აგვისტოს 58,000 ლარი შესწირა. ნუკრი დოლიძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, მან ბოლო სამ წელში პარტიას ჯამში 168,000 ლარი შესწირა. დოლიძის ბიზნესპარტნიორებს, შპს „ბონდი-2009“-ის მეწილეებს, ოთარ ფუტკარაძეს და დავით დევაძეს, „ქართულ ოცნებისთვის“ ჯამში 257,000 ლარი აქვთ შეწირული. აღნიშნულმა ორმა კომპანიამ 2010-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მლნ ლარამდე მიიღო, აქედან 68% - უკონკურენტო პირობებში. 2021 წლიდან, მხოლოდ 3 წლის განმავლობაში, დოლიძის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებში 164 მლნ ლარი მიიღეს.

წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების  კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს.

6 ოქტომბერი: სოფელ კარდენახში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრს თავს დაესხნენ

  • სოფელ კარდენახში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს წინასაარჩევნო შეხვედრისას თავს დაესხნენ. პარტიის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მათ თავს 10-მდე პირი დაესხათ. თავდასხმის შედეგად დაშავდა პარტიის რეგიონული ლიდერი, ლევან მეტრეველი, რომელიც სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და პოლიტიკური პარტიის წევრებზე ძალადობა ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე. მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს საქმის გარემოებების დადგენა და ყველა პასუხისმგებელი პირის სწრაფი იდენტიფიცირება.

 

6 ოქტომბერი: მმართველი პარტია პოლიტიკური მიზნებისთვის უკიდურესად არაეთიკურ საარჩევნო რეკლამებს იყენებს

  • „ქართულმა ოცნებამ“ ტელემაუწყებლებს ეთერში საარჩევნო ვიდეორგოლის განთავსებას თხოვს, რომელშიც უკრაინელი ხალხის ტრაგედია სპეკულაციურად, საარჩევნო მიზნებისთვის არის გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით, იმავე შინაარსის საარჩევნო ბანერების განთავსება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც მძაფრად გააკრიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული კამპანია კიდევ უფრო გაააქტიურა და მაუწყებლებს ვიდეორგოლის ეთერში განთავსება მოსთხოვა. კრიტიკული ტელევიზიები - „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ - უარს ამბობენ მის გაშვებაზე, პროსამთავრობო ტელევიზიებმა - „იმედმა“, „პოსტვ-მ“ და „რუსთავი 2-მა“ - ის ეთერში უკვე განათავსეს. ვიდეორგოლი განთავსებულია, „საზოგადოებრივმა მაუწყებელის“ სამაუწყებლო ბადეშიც. 

მიგვაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით მანიპულირებისგან, ასევე ღირსებისშემლახავი, არეთიკური შინააარსის რეკლამის გამოყენებისგან. აგრეთვე კომუნიკაციების კომისიამ უნდა, გაითვალისწინოს კონტექსტის სიმძაფრე და საკუთარი გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, არ შეაფერხოს მაუწყებლების ფუნქციონირება, მეორე მხრივ კი, ხელი არ შეუწყოს და არ გახდეს მმართველი გუნდის პროპაგანდის ინსტრუმენტი (უფრო ვრცლად იხ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ერთობლივი განცხადება). 

 

4 ოქტომბერი: გარდაბანში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის სამმა კანდიდატმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა

  • 4 ოქტომბერს გამართულ „გარდაბნობა 2024“-ზე, გარდაბნის მერიის ორგანიზებული ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და საპატიო გარდაბნელებიც თავად დააჯილდოვეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პარტიულ სიაში მყოფებმა: ზაურ დარგალმა, სავალან მირზოევმა და ირაკლი შატაკიშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, ისინი სცენიდან ავრცელებდნენ „ქართული ოცნების“ ტრადიციულ გზავნილებს, მათ უკან კი სცენის ეკრანზე, ინფრასტრუქტურული პროექტების კადრები გადიოდა.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

 

3 ოქტომბერი: „ქართული ოცნებამ“ 9 თვეში შემოწირულების სახით 11 მილიონი ლარი მიიღო

  • 2024 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ”, შემოწირულებების სახით, 11,293,166 ლარი მიიღო, მათ შორის, 2,088,500 ლარი - აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან. შემწირველ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556,090,031 ლარზე მეტი და 3,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სამშენებლო ნებართვები მიიღეს. იხილეთ ვრცლად.

წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების  კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს.

3 ოქტომბერი: „ალმა პლიუსმა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სარეკლამო ბანერების განთავსებაზე უარი უთხრა, რაც კანონსაწინააღმდეგო და დისკრიმინაციული ნაბიჯია

  • კომპანია „ალმა პლიუსმა“ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიუხედავად მათ შორის არსებული ხელშეკრულებისა, წინასაარჩევნო ბანერის განთავსებაზე უარი უთხრა. უარის მიზეზად კომპანიამ რეკლამის შინაარსი დაასახელა, რომელიც მმართველი პარტიის წინააღმდეგაა მიმართული. კომპანია „ალმა პლიუსს“ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების 15 წლიანი ექსკლუზიური უფლება აქვს.

კომპანია „ალმა პლიუსის“ გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგო და აშკარად დისკრიმინაციულია. კომპანიამ 2021 წელს უპრობლემოდ განათავსა ე.წ. „სისხლიანი ბანერები“ და აცხადებდა, რომ ისინი რეკლამის შინაარსში არ ერევიან. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდშიც „ქართული ოცნების“ დაკვეთით განთავსებულია უკრაინის დანგრეული ქალაქების ამსახველი ბანერები. გარდა ამისა „ალმა პლიუსის“ გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აფერხებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას, რაც შედეგად აზიანებს ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.

 

29 სექტემბერი: „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს

  • 29 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში „პოეზიის სახალხო დღესასწაული - შოთაობა-2024" გაიმართა. დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმაც მიულოცა. ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს საარჩევნო აგიტაციისთვის ობოლაშვილი მანამდეც იყენებდა. 12 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, გახსნისას ლენტი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა გაჭრა, გახსნის ცერემონიალის შემდეგ კი „ქართული ოცნების“ პარტიულ დროშებთან ერთად გააგრძელა მსვლელობა. 10 სექტემბერს ობოლაშვილიმა დაბა ადიგენში ახლად რეაბილიტირებულ სპორტული და საცეკვაო დარბაზის გახსნასაც ესწრებოდა.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

 

29 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩილ ბერიძე ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს ესწრება აჭარაში

  • 29 სექტემბერს „ხელვაჩაურის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს, რომელიც საბიუჯეტო თანხებით იყო ორგანიზებული, ესწრებოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩილ ბერიძე. ის ღონისძიებაზე ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა. ბათუმის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტომასალიდან აშკარად იკვეთება, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ღონისძიებაში ორგანიზატორების მიერ იყო ჩართული.

არჩილ ბერიძე არ იკავებს საჯარო თანამდებობას, ის არის მმართველი პარტიის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატი, შესაბამისად ბიუჯეტით დაფინანსებულ აქტივობაში მისი მონაწილეობა წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის პარტიის მიერ ორგანიზებული.

 

29 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება გარდაბანში - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა  და სხვა თანამდებობის პირებმა ახალი სარეკრეაციო სივრცე გახსნეს 

  • 29 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა,  სხვა თანამდებობის პირებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ სართიჭალაში ახალი სარეკრეაციო სივრცე საზეიმო ვითარებაში გახსნეს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორცილედა და მასში 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

 

29 სექტემბერი:  ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება ონში - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ახალი საჭიდაო დარბაზის გახსნას დაესწრო და ტურნირის გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა

  • 29 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის ბეერ-შევას სახელობის პარკში სასპორტო სკოლის კომპლექსში, ახალი საჭიდაო დარბაზი გაიხსნა. გახსნას ესწრებოდა და ჭიდაობის ტურნირში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

 

28 სექტემბერი: ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება ხულოში - “ქართული ოცნების“ კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე და ვახტანგ ბერიძე ახალი სასპორტო დარბაზის გახსნას დაესწრნენ

  • 28 სექტემბერს ხულოში, სოფელ ღორჯომში ახალი სასპორტო სკოლა გაიხსნა. გახსნას „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ესწრებოდნენ.

იუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული.

ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

 

27 სექტემბერი: შპს „დაგი+“-ის მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ 2024 წელს 166 000 ლარი შესწირეს. კომპანიას 198 მლნ ლარის შესყიდვები აქვს მიღებული

  • კომპანია შპს „დაგი+“-ის სამივე მფლობელი მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია. 2024 წელს მათ მთლიანობაში 166 000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“: მერაბ ყიფიანმა (33%) – 55 000 ₾ 2024 წლის აპრილში; გიგა ფალიანმა (33%) – 60 000₾ 2024 წლის 7 აგვისტოს; დავით გოგრიჭიანმა (34%) – 51 000 ₾ ასევე 2024 წლის 7 აგვისტოს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა გზების მშენებლობაა, რისთვისაც მას, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსგან 198 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები აქვს მიღებული. კომპანია გზებს ძირითადად ონის მუნიციპალიტეტში აგებს და ამ მიზნით მას ქვიშა-ხრეშის მოპოვების 5 წლიანი ლიცენზია აქვს მიღებული ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიორას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე.

წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთლი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველების  კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს.

 

25 სექტემბერი: ანტიკორუფციულმა ბიურომ უხეშად დაარღვია კანონი და  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „აირჩიე ევროპას“ და სხვა პირებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების სტატუსი მიანიჭა

  • 25 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, და მისი გამგეობის წევრები ხათუნა ლაგაზიძე, ლელა ჯეჯელავა, გიორგი პაპელიშვილი, ნიკოლოზ შურღაია, შალვა ძებისაშვილი, გიორგი თაქთაქიშვილი, სოფიკო ჭყონია, ივანე ჭყონია და გიორგი რუხაძე განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად აღიარა და მათზე პარტიისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები და წესები გაავრცელა.  საგულისხმოა, რომ არცერთ ზემოთჩამოთვლილ სუბიექტს არჩევნებში მონაწილეობის მიზანი არ დაუფიქსირებია და 2024 წლის 26 სექტემბრის შემდეგ, როდესაც პარტიების მიერ სიების ცესკოსთვის წარდგენის ვადა ამოიწურება, თეორიულადაც შეუძლებელია ამ პირებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. 

მიგვაჩნია, რომ ანტიკორუფციული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და წარმოადგენს წინასაარჩევნოდ აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ამასთანავე, ბიუროს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სადამკვირვებლო მისიებისთვის დაბრკოლებების შექმნის მიზნით გადადგმული ნაბიჯი.

 

19 სექტემბერი: კომუნიკაციების კომისია და სასამართლო კრიტიკულ ტელევიზიებს უსამართლოდ აჯარიმებს

  • 19 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამის განუთავსებლობისთვის, ტელეკომპანიებს „მთავარი“, „პირველი“, „ფორმულა“ ერთი კვირის განმავლობაში მეორედ შეუდგინა სამართალდაღვევის ოქმი. პირველი ოქმის საფუძველზე სასამართლომ თითოეული ტელევიზია 5000 ლარით დააჯარიმა. მმართველი პარტიის წინასაარჩევნო რეკლამაში უკიდურესად არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

მიგვაჩნია, რომქართული ოცნებისწინასაარჩევნო ვიდეორგოლი არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს და კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი, რომელიც მძიმე ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიდეორგლში გამოყენება წარმოადგენს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის მორიგ მცდელობას.

 

19 სექტემბერი: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე რუსთავში

  • 19 სექტემბერს რუსთავში „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ  საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მასწავლებლები და საჯარო მოსამსახურეები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წალკის და მარნეულის საბავშვო ბაღები რამდენიმე საათით ადრე დაიკეტა, რომლის მიზეზიც სავარაუდოდ საბავშვო ბაღების თანამშრომლების პარტიულ შეხვედრაზე დასწრება იყო.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. გარდა ამისა საბავშვო ბაღების ნაადრევად დახურვა იმ მიზნით, რომ თანამშრომლები პარტიულ შეხვედრას დაესწრონ, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებას და ამასთან მიუთითებს ამ პრობლემის სისტემურობაზე.

 

19 სექტემბერი: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე რუსთავში

  • 19 სექტემბერს რუსთავში „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ  საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მასწავლებლები და საჯარო მოსამსახურეები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წალკის და მარნეულის საბავშვო ბაღები რამდენიმე საათით ადრე დაიკეტა, რომლის მიზეზიც სავარაუდოდ საბავშვო ბაღების თანამშრომლების პარტიულ შეხვედრაზე დასწრება იყო.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. გარდა ამისა საბავშვო ბაღების ნაადრევად დახურვა იმ მიზნით, რომ თანამშრომლები პარტიულ შეხვედრას დაესწრონ, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებას და ამასთან მიუთითებს ამ პრობლემის სისტემურობაზე. 

19 სექტემბერი: ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რამდენიმე ათეული ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა

  • 19 სექტემბერს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის წევრი ანა წითლიძე საარჩევნო კამპანიას ატარებდნენ, რა დროსაც მათ რამდენიმე ათეული ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც ანა წითლიძის თქმით „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები იყვნენ. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, მათ შორის ანა წითლიძეს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხოფას აყენებენ. თავდასხმის შედეგად „ნაციონალურ მოძრაობის“ საარჩევნო ღონისძიება ჩაიშალა.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საშუალება უსაფრთხო გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. იმისათვის რომ მომხდარმა შემთხვევამ არ წაახალისოს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების მიმართ ძალადობა და საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა აუცილებელია თავდამსხმელების იდენტიფიცირება და სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება.

 

16 სექტემბერი: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზურაბ აბაევის სავარაუდოდ უკანონო დაკავება და მასზე პოლიციელთა მხრიდან ძალადობა

  • 16 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზურავ აბაევი  პარტიის ნაძალადევის ოფისის სიახლოვეს პოლიციამ დააკავა. აბაევის თქმით დაკავებისას პოლიციამ მასზე იძალადა, მისი ცემა გაგრძელდა ავტომობილში და პოლიციის განყოფილებაშიც. განყოფილებაში აბაევი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გამოძახება და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც დაფიქსირდა რომ მას სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება ჰქონდა  მიღებული. შსს-ს ინფორმაციით აბაევი სამართალდამცავებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, მის შემდეგ აბაევი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გარემოებები მიუთითებს, რომ მაღალი ალბათობით ადგილი ჰქონდა ზურაბ აბაევის უკანონო დაკავებასა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობას. არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ასეთი შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს საქმის ყველა გარემოება, მათ შორის ძალადობის პოლიტიკური მოტივის სარსებობა და სამართალდამცველთა შესაძლო ბრალეულობა.

 

8 სექტემბერი: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე ახალციხეში

  • 8 სექტემბერს ახალციხეში „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას მრავლად ესწრებოდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათ შორის სკოლებში და საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირები. ამავე ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებდნენ ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს, მათ შორის ფიგურირებდა ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე ლექტორი. სტუდენტები საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ სრულყოფილად არ მიეწოდა ინფორმაცია, რომ პარტიული ღონისძიება იმართებოდა. ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, ლექტორმა მას წამომსვლელი სტუდენტების სიის შედგენაც მოსთხოვა.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია

 

7-8 სექტემბერი: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე ხულოში

  • 7-8 სექტემბერს ხულოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრებმა პარტიული შეხვედრები გამართეს, რომელსაც ხულოს განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თანამშრომლები, 11 საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს  მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც გასულ წლებში სუს-ის და მმართველი პარტიის მხრიდან ხდებოდა სკოლის დირექტორების მასშტაბური კონტროლი მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურობის ნიშნით. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

 

4 სექტემბერი: „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავების დროს შესაძლო ძალის გადამეტება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოძიოს

  • 4 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის” გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეძგვერაძის  დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ მისი სახლის მიმდებარედ მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, დეპუტატი კი პოლიციას ხელს უშლიდა. ეძგვერაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, თბილისის საკრებულოს დეპუტატი პოლიციელებმა დაკავებისას სცემეს. ეძგვერაძეს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ეძგვერაძის დაკავების მომენტში ასევე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ და  თბილისის საკრებულოს სხვა წევრი, ირაკლი ნადირაძე, რომელიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 12 და 13 სექტემბერს ეძგვერაძე და ნადირაძე სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო და 2700 და 2500 ლარით დააჯარიმა.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმების წარმოება განხორციელდეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ამის გადაუდებელი აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შესაძლოა აღქმული იყოს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნად.

 

30 აგვისტო: სენაკის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორის სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება

  • 30 აგვისტოს სენაკში, სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო 2014 წლიდან. მისი თქმით, ის არის გიორგი გახარიას პარტიის ღია მხარდამჭერი. მას შემდეგ, რაც საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ღიად დააფიქსირა, მან განათლების რესურსცენტრის უფროსისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აღარ დაინიშნებოდა დირექტორის თანამდებობაზე. შამათავას თქმით, ის სამი წელია ადგილობრივი თვითმმართველობის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის, რადგან არ იზიარებს მმართველი პარტიის პოლიტიკას.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის და გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ არის გამჭვირვალე და განჭვრეტადი, არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ გასულ წლებში ამ პროცესში გადაწყვეტილებების მიღება მმართველი პარტიის და სუს-ის ჩარევით ხდებოდა. შესაბამისად, აღწერილ შემთხვევაშიც, შესაძლოა იკვეთებოდეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ნიშნები.

 

26 აგვისტო: მთავრობის განკარგულება ხელს უწყობს მუნიციპალიტეტების მიერ თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვას

  • 26 აგვისტოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც მუნიციპალიტეტებს  ნებას რთავს, „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში, 34 მილიონამდე ღირებულების სამშენებლო სამუშაოების მომსახურება გამარტივებული შესყიდვით მიიღონ. „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივა მთავრობამ 23 ივლისს მიიღო და გულისხმობს მუნიციპალიტეტებისთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფას. განაწილებული თანხა უნდა მოხმარდეს მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, რომლის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.

მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობა ბუნდოვანია და მის წინასაარჩევნო გამოყენების რისკს ქმნის. ახალი განკარგულებით, გამოყოფილი თანხების დახარჯვა მუნიციპალიტეტებს ტენდერების გარეშე, უფრო ნაკლებად გამჭვირვალე პროცედურებით შეეძლებათ.

 

23 აგვისტო: ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ აქტივობაში მონაწილეობა 

  • 23 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მათთან ერთად იმყოფებოდა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი დავით კოდუა.

დავით კოდუა ამჟამად არ იკავებს საჯარო თანამდებობას, ის არის მმართველი პარტიის მიერ დასახელებული პარლამენტის წევრობის კანდიდატი, შესაბამისად ბიუჯეტით დაფინანსებულ აქტივობაში მისი მონაწილეობა წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის პარტიის მიერ ორგანიზებული.

 

23 აგვისტო: პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ამ პარტიების წევრების საპარლამენტო მანდატების გაუქმებას აანონსებს 

  • 23 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები და მათ გაუუქმდებათ პარლამენტის წევრობის მანდატებიც. კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ, ისინი აპირებენ აკრძალონ შემდეგი პარტიები: ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (“სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”); ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის; ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია; გიორგი გახარიას პარტია.

პრემიერ-მინისტრი აკონკრეტებს მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილს, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში საქართველოში აღარ იქნებიან ოპოზიციური პარტიები და გაუქმდება არჩევნების შედეგები იმ ასობით ათასი ამომრჩევლისთვის, რომლებიც აპირებენ ხმა მისცენ ამ პარტიებს.

 

21 აგვისტო: საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების იძულებით მობილიზების ნიშნები „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე მცხეთაში

  • 21 აგვისტოს მცხეთაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიული ღონისძიება გაიმართა. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში ჩანს, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანები, მათ შორის საბავშვო ბაღების თანამშრომლები და სკოლის მასწავლებლები. ვიდეორგოლში აგრეთვე ფიგურირებდა სავარაუდოდ  სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის მონაწილე პირი.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურეობრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების საარჩევნო აგიტაციაში იძულებით ჩართვას. პირის იძულება შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავებაც მისი უფლებაა, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

 

18 აგვისტო: ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაში მმართველი პარტიის კანდიდატი მონაწილეობდა

  • 18 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ააიპ კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, სახალხო ღონისძიება „მანგლისობა 2024" გაიმართა, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, „ქართული ოცნების“ მიერ თეთრიწყარო-ბოლნისი-დმანისი წალკის დელეგატად დასახელებული, დავით შერაზადიშვილიც მონაწილეობდა.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან კარგი საერთაშორისო პრაქტიკით, სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა არსებობდეს. როდესაც მმართველი პარტიის კანდიდატი ესწრება ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებას, ეს აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის პარტიის მიერ ორგანიზებული.

 

16 აგვისტო: ცესკოს გადაწყვეტილება საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობას ამცირებს და ეწინააღმდეგება კანონს

  • 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე ჩატარდება.

მიღებული გადაწყვეტილებით პროცესი ხდება უფრო გაუმჭვირვალე, რადგან შეუძლებელია არჩევნების დღემდე 7 დღით ადრე 3000-ზე მეტ უბანზე პროცედურის დაკვირვება. გარდა ამისა დადგენილება უკანონოა, რადგან საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს ასეთი პროცედურის დადგენილებით განსაზღვრას, არამედ თავად ადგენს, რომ ასეთი კენჭისყრა არჩევნების დღეს უნდა გაიმართოს. გარდა ამისა, დადგენილებაში არ არის სათანადოდ დასაბუთებული ამ სახის რეგულირების საჭიროება და აუცილებლობა. დეტალურად იხილეთ „საეთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება.

 

15 აგვისტო: კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება „მთავარი არხის“ დაჯარიმებაზე გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას

  • 15 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ ეთერში გასული ორი ვიდეორგოლი პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და ტელეკომპანია 2500 ლარით დააჯარიმა. პირველ ვიდეორგოლში მოთხრობილი იყო, როგორ უწყობს ხელს „რადიო მარნეული“ ქვეყნის ევროინტეგრაციას; მეორე ვიდეორგოლი მუსიკის ფონზე „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებს ასახავს. კომუნიკაციების კომისიის დასკვნით,  „ვიდეორგოლები განაწყობს საზოგადოებას იმ პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლების მიზანია აღნიშნული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების  არჩევის ხელშეშლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.“.

კომისიის გადაწყვეტილება გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. კომისია ეყრდნობა კანონის ზოგად ნორმას და თვითნებურად აფართოებს მისი გამოყენების სივრცეს, რათა მოიცვას პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არაწინასაარჩევნო პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამგვარ აკრძალვას არ ადგენს. ეს ქმნის საშიშ პრეცედენტს დემოკრატიისთვის, რადგან ადგენს სტანდარტს, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების ნებისმიერი სახის კრიტიკა აკრძალულია. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლებში საერთოდ ნახსენებიც კი არ ყოფილა რომელიმე კონკრეტული სუბიექტი, ის მიმართული იყო გარკვეული პოლიტიკის კრიტიკისკენ, რისი შეზღუდვაც წარმოუდგენელია პლურალისტურ საზოგადოებაში. 

 

12 აგვისტო: ზუგდიდის მერიამ წინასაარჩევნოდ ქუჩების მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო

  • 12 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 67 ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების დასრულების ვადები 2-3 თვითაა განსაზღვრული. ამ მასშტაბით ქუჩების რეაბილიტაციის ტენდერები ზუგდიდის მერიას ადრე არ გამოუცხადებია. საინტერესოა, რომ სამუშაოების დასრულების ან მისი დამასრულებელი სტადიის ვადები მაღალი ალბათობით არჩევნების დღეს დაემთხვევა.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ზემოთ აღწერილი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე, ოპონენტებთან შედარებით, სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

 

11 აგვისტო: ოპოზიციის ლიდერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

  • 11 აგვისტოს, სამტრედიაში, საარჩევნო კოალიციის „კოალიცია ცვლილებისთვის" ადგილობრივი ოფისის გახსნის ღონისძიებაზე კოალიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას თავს დაესხა პირი, რომელმაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ყველა პარტიას მიეცეს წინასაარჩევნო კამპანიის უსაფრთხო გარემოში წარმოების საშუალება. სამართალდამცავ ორგანოებს მართებთ სწრაფი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოახდინონ საქმის გარემოებების დადგენა და პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება.

 

10-11 აგვისტო: „ტვ იმედის“ მიერ „ქართული ოცნების“ კანდიდატის პოპულარიზაცია საბიუჯეტო თანხების გამოყენებით

  • 10-11 აგვისტოს ბათუმში მომღერალ არჩილ ბერიძის სოლო კონცერტები გაიმართა, რომლებიც ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული. 16 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ ბერიძე პარტიის საარჩევნო კანდიდატობა დააანონსა. იმავე დღეს კი „ტვ იმედზე“ არჩილ ბერიძის 10 აგვისტოს სოლო კონცერტის ორსაათიანი ჩანაწერი გადაიცა.

ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან არჩილ ბერიძის მმართველი პარტიის კანდიდატად საჯაროდ დასახელებამდე 5 დღით ადრე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუფინანსდა სოლო კონცერტის ჩატარება, კანდიდატად დასახელების შემდეგ  კი „ტვ იმედის“ ეთერში ბიუჯეტიდან დაფინანსებული კონცერტი გადაიცა. ეს შესაძლოა „ტვ იმედის“ მხრიდან მმართველის პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ გაღებულ უკანონო შემოწირულებად ჩაითვალოს.

 

3 აგვისტო: ბათუმში სავარაუდოდ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა  გახარიას პარტიას  წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალეს

  • 3 აგვისტოს ბათუმში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მცდელობა დაფიქსირდა. პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით შეხვედრის ჩაშლა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა პირებმა სცადეს, რომლებიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც არიან.

ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს არსებობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა. შსს ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო და აღკვეთოს საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები.

 

31 ივლისი-5 აგვისტო: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნები რეგიონებში

  • 1-5 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდული ბანაკი გამართა, რომელიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის იყო განკუთვნილი.
  • 1 აგვისტოდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო ახალი სოციალური პროგრამების განხორციელება:
  • 1 აგვისტოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ სკების ღირებულების  50% არაუმეტეს 70 ლარი  სკაზე,  მაგრამ  არაუმეტეს 5,000 ლარი  ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. პროგრამაზე სულ 2 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
  • 31 ივლისის მდგომარეობით 63 558 ფიზიკურ პირს ჯამურად 361 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. დავალიანების ჩამოწერის პროცესი 25 ივნისს დაიწყო, რომლის საფუძველიც 29 მაისს საგადასახადო კოდექსში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიღება იყო. ცვლილებების თანახმად ყველა ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. ირაკლი კობახიძის თქმით, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ზემოთ აღწერილი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

 

18 ივლისი, 23 ივლისი: მთავრობის საარჩევნოდ მოტივირებული განკარგულებები 

  • 23 ივლისს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნით მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 20 მილიონი ლარი. განაწილებული თანხა უნდა მოხმარდეს მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, რომლის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
  • 18 ივლისს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით”, მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყო 250 000 ლარი.

გამოყოფილი თანხების ბუნდოვანი მიზნობრიობა ქმნის რისკს, რომ თანხები წინასაარჩევნო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.