საქართველოს მედიაგარემო 2016-2020 წლებში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს მედიაგარემო 2016-2020 წლებში

22 ოქტომბერი, 2020

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არჩევნების წინ, როგორც წესი, აფასებს მედიის მდგომარეობას საქართველოში. ამ შემთხვევაში შეფასებულია 2016 წლის პარლამენტის არჩევნებიდან დღემდე (პარლამენტის 2020 წლის არჩევნებამდე) პერიოდი, საიდანაც კარგად ჩანს, რომ “ქართული ოცნების” მიდგომები, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ უფრო ხისტი გახდა. საერთო ჯამში:

  • ქართული მედიაგარემო პლურალისტური, მაგრამ უკიდურესად პოლარიზებულია. მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია, პარტიების მიერ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აღიქმება, შესაბამისად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირება პირდაპირ აისახება მედიაგარემოზე.
  • მართლმსაჯულებასა და სამართალდამცავ სისტემებზე საკუთარ ზეგავლენას ხელისუფლება აქტიურად იყენებს  კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით. 
  • საანგარიშო პერიოდში ათობით ფაქტი  იყო  მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის, მათ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის მცდელობების, ფიზიკური დაზიანების შემთხვევები, განსაკუთრებით “გავრილოვის ღამის” მოვლენების დროს, რასაც ხელისუფლების მხრიდან კანონით დადგენილი სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
  • სამწუხარო ტენდენციის სახე მიიღო მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული მედიის გადაცემებში, როგორც  მონაწილეობაზე უარის თქმა, ასევე ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა.
  • კორონავირუსის პანდემიის  ფონზე ჟურნალისტებს საქმიანობა სტრესულ გარემოში უწევთ, რაც თავის მხრივ დამატებით გამოწვევას უქმნის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს.
  • ფინანსური მდგრადობა სერიოზულ გამოწვევად რჩება ქართული მედიისათვის. სარეკლამო ბაზრის განვითარების და შემოსავლების გადანაწილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ფინანსური რესურსი საკმარისი არ არის ბაზარზე მოთამაშე მედია საშუალებების უმრავლესობისათვის, რაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქმნის მედიის მდგრადობისა და სამომავლო განვითარებისათვის. კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი კი კიდევ უფრო მძიმედ აისახა ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე.
  • რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და  საფრთხეს უქმნის პლურალიზმს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ დგამს  ქმედით ნაბიჯებს რუსული პროპაგანდის შესაკავებლად.
  • მნიშვნელოვნად გაიზარდა შიდა დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების საზოგადოების თვალში დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. Facebook-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შიდა დეზინფორმაციას ძირითადად “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები ავრცელებენ, თუმცა, ოპოზიციური ძალებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში.
  • ქართული მედიაკანონმდებლობა საკმარისად  უზრუნველყოფს ჟურნალისტების და მედიის დამოუკიდებელ საქმიანობას. თუმცა ბოლო წლებში კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის მცდელობებმა იმატა. საჯაროდ დეკლარირებული მიზეზების მიუხედავად, როგორიცაა, მაგალითად, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, რეალურად საკანონმდებლო ინიციატივები და წინადადებები კრიტიკული აზრის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
  • აღსანიშნავია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის როლი, რომლის მიმართაც არსებობს ლეგიტიმური კითხვები მის დამოუკიდებლობასა და მასზე ხელისუფლების ზეგავლენასთან დაკავშირებით. მარეგულირებლის ცალკეული განცხადებები, პროექტები თუ საკანონმდებლო წინადადებები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და  დისკრედიტაციისაკენ არის ძირითადად მიმართული.

სამაუწყებლო მედია

ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა (80%-ზე მეტი), ხოლო მეორე ადგილზეა ინტერნეტი (40%-ზე მეტი).  მართალია, ინტერნეტის მნიშვნელობა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში ტელევიზია წლების განმავლობაში ცალსახა ლიდერად რჩება. შესაბამისად, ქართულ მედიაგარემოში მიმდინარე პროცესებს და მთავარ გამოწვევებს თუ დავაკვირდებით, ხელისუფლებაც და სხვა პოლიტიკური ძალებიც გავლენის მოპოვებას სწორედ მედიის ამ ორ სეგმენტზე ცდილობენ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოში მედიაგარემოს პოლარიზების ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. მიუხედავად საკანონმდებლო და ფინანსური გარანტიებისა, მაუწყებელმა დღემდე ვერ შეძლო, ქვეყანაში წამყვან და საზოგადოების ნდობის მქონე მედიად ჩამოყალიბება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო კანონმდებლობის თანახმად, ე.წ. კვოტირების პრინციპით პარლამენტის მიერ ირჩევა. თუმცა, პრაქტიკაში ბორდის უმრავლესობას ყოველთვის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები წარმოადგენენ. წლების განმავლობაში აქტიურად ისმის კრიტიკა სამეურვეო საბჭოს მიერ კანონით დადგენილი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით. ყოფილი თუ მოქმედი წევრები გამოირჩევიან ჰომოფობიური თუ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ახლადარჩეული წევრი - ბონდო მძინარაშვილი, კი ტელეკომპანია “ობიექტივის” წამყვანი იყო წლების განმავლობაში, რომელიც პრორუსული და ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაარსებიდან დღემდე, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, ტელევიზიის ვერცერთმა დირექტორმა ვერ შეძლო კანონით დადგენილი ვადის ბოლომდე ამოწურვა. არცერთი დირექტორის გადადგომის მიზეზი დამაჯერებელი არ იყო საზოგადოებისათვის, რაც მაუწყებელზე ხელისუფლების ზეგავლენასთან დაკავშირებით არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს კიდევ უფრო ამძაფრებს. მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა,  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ თანამდებობა ვადამდე დატოვა იმის მიუხედავად, რომ მანამდე ბორდის მიერ თანამდებობიდან ორჯერ იყო გათავისუფლებული და ორივეჯერ სასამართლოს გზით აღიდგინა თავი. ბარათაშვილის შემდეგ სამეურვეო საბჭომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ვასილ მაღლაფერიძე აირჩია დირექტორად. მას ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანიებში ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა - ჯერ “მეცხრე არხის”  დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდგომ GDS-ში გადაცემა “2030”-ის გენერალური პროდიუსერი იყო. მაღლაფერიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე გადადგა და მიზეზად მოახლოებული არჩევნების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შესაძლო ეჭვებისა და კითხვების თავიდან აცილება დაასახელა. არადა ჯერ კიდევ მის არჩევასთან დაკავშირებით არაერთი  კითხვა არსებობდა მაღლაფერიძის მიმართ, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან არსებული კავშირების გამო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გახდა, რომელიც წლების განმავლობაში მაუწყებელში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე მუშაობდა და ვასილ მაღლაფერიძის გუნდის გამორჩეული წევრი იყო. მან დირექტორად არჩევისას პირობა დადო, რომ მაუწყებელზე მაღლაფერიძის პოლიტიკას გააგრძელებს.

ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის დროს კი გადაიდგა მთელი რიგი  ნაბიჯები, რომელმაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. კერძოდ, მოხდა სადავო კანონპროექტის ინიცირება, რომელიც პარლამენტმა, ტელევიზიების დაა არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობის, ასევე პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, მაინც დაამტკიცა; აღარ გაგრძელდა რადიო “თავისუფლებასთან” გაფორმებული ხელშეკრულება და შესაბამისად, შეჩერდა გადაცემები “წითელი ზონა” და “ინტერვიუ”; კონკურსის გარეშე დასაქმდნენ  ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილის კუთვნილი ტელეკომპანია GDS-ის თანამშრომლები; ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა გოგა ხაინდრავამ სერიალის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის 484 ათასლარიანი ტენდერი მოიგო; საზოგადოების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა შსს-ს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოკადრების გავრცელებას. მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულაციის ორგანომ არ მიიჩნია ტელევიზიის ეს ქმედება ეთიკური სტანდარტის დარღვევად, მაგრამ  ვიდეოს ყველა პლატფორმიდან აღება დაავალა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მსგავსი ქმედებით ეთიკური ნორმები დაარღვია და შსს-ს “რეპუტაცია გააკეთილშობილა”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით გამოირჩევა. ეს ჩანს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 2016-2018 წლების არჩევნების მონიტორინგის დასკვნებშიც. ასევე, 2020 წლის პარლამენტის არჩევნების მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი  მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო “ქართულ ოცნებას” ეთმობა და პოზიტიური გაშუქების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხელისუფლებაზე მოდის.  საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელისუფლების მიმართ მიკერძოებაზე საუბრობს ეუთო 2018 წლის საარჩევნო მონიტორინგის ანგარიშშიც.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტურ გამოძიებებზე დაფუძნებული გადაცემები მზადდება, თუმცა, მაუწყებლის რესურსების მიუხედავად, სიუჟეტებს არარეგულარული ხასიათი აქვს. კორუფციის მხილების მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეფექტიანობა შეზღუდულია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

დრამატულად განვითარდა პროცესები აჭარის ტელევიზიის გარშემო, რის შედეგადაც შეიცვალა მაუწყებლის დირექტორი. 2016 წლის ოქტომბერში მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩია. მისი დირექტორობისას მაუწყებელში დაიწყო მთელი რიგი რეფორმები. ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების შეფასებით, ტელევიზია “პოლარიზებულ მედიაგარემოში” შედარებით დაბალანსებული და მიუკერძოებელი იყო. მიუხედავად ხელშესახები პროგრესისა, მრჩეველთა საბჭომ სადავო იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო და მკვეთრი საჯარო კრიტიკის იგნორირებით ნათია კაპანაძე თანამდებობიდან ვადამდე ადრე გაათავისუფლა. “ქართული ოცნების” უმრავლესობით დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ ახალი დირექტორად გიორგი კოხრეიძე რამდენიმე მცდელობისა და სასამართლო პროცესების შედეგად აირჩია, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ ის ხელისუფლების ინტერესს გაატარებდა და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებდა.

არჩევის პირველივე დღიდან გიორგი კოხრეიძემ დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა, შევიწროება, უკანონო გათავისუფლება და შანტაჟი დაიწყო.  ჟურნალისტების ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, საერთოდ დატოვა მაუწყებელი, ხოლო ნაწილმა საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს და სახალხო დამცველს მიმართა. აჭარის ტელევიზიაში პროცესები სახალხო დამცველის, ადგილობრივი და  საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებისა და კრიტიკული შეფასებების ფონზე მიმდინარეობს.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” მონიტორინგის შედეგად, გიორგი კოხრეიძის დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზიაში გამოიკვეთა ისეთი ნეგატიური ტენდენცია, როგორიცაა ბალანსის ხელოვნური დაცვა და  თუ მიკერძოება, საინფორმაციო გამოშვებების კონტენტი, რომელიც ძირითადად დაცლილია კრიტიკული შინაარსისგან.

კერძო მაუწყებლები

კერძო მაუწყებლები  მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხით. პოლიტიკური ზეგავლენა კერძო მედიაზე აძლიერებს ქვეყანაში ისედაც მწვავე პოლარიზაციას და ხელს უშლის მედიას დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის გაშუქებაში. მართალია, ბოლო პერიოდში კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მაუწყებლების რაოდენობა, თუმცა, ამან გავლენა ვერ მოახდინა პოლარიზაციის შემცირებაზე. შეზღუდული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, რთულია, ქართულ ბაზარზე მედიის მდგრადი განვითარება, დამფუძნებლის ფინანსური დახმარების გარეშე. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა რეგიონულ მედიებში.

კრიტიკული და განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლება არ გამოირჩევა ტოლერანტობით. მმართველი პარტია მის გავლენას  სამართალდამცავ და სასამართლო ხელისუფლებაზე აქტიურად იყენებს კრიტიკული მედიის, მათ შორის, მაუწყებელთა მფლობელების, მენეჯერების თუ ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

რუსთავი 2” და მფლობელობაზე დავა

ტელეკომპანია “რუსთავი 2” მფლობელობასთან დაკავშირებით სასამართლო დავა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, როდესაც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს მიმართა.  2019 წლის 18 ივლისს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის მესაკუთრე გახდა. ხალვაშმა გაათავისუფლა არხის დირექტორი, ნიკა გვარამია, რომლის ნაცვლად საკუთრი ადვოკატი, პაატა სალია, დანიშნა. არხის მფლობელის ცვლილების შემდეგ, ახალმა გენერალურმა დირექტორმა, მიუხედავად დანაპირებისა და სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებისა, უზრუნველეყო ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა, ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტების ნაწილი გაათავისუფლა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა და შედეგად 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა არხი დატოვა.  ტელეკომპანიიდან წამოსული ჟურნალისტების ნაწილმა “რუსთავი2”-ის ყოფილი გენდირექტორის მიერ ახლად დაფუძნებულ ტელევიზია „მთავარ არხზე“ და  მეორე, ასევე ახალ მაუწყებელზე ტვ “ფორმულაზე” დაიწყო მუშაობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ხელისუფლების სამიზნე სწორედ ეს არხები გახდა, “ტვ პირველთან” ერთად.

ზეწოლა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ

პროკურატურამ ბოლო პერიოდში არაერთი საქმე აღძრა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიამენეჯერებისა თუ მფლობელების წინააღმდეგ, მათ შორის, ბრალი წარუდგინა “მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელსა და გენდირექტორს, ნიკა გვარამიას, „რუსთავი2”- ის დირექტორობისას კომპანიის საზიანოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მოტივით. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო სახალხო დამცველის განცხადებით, ბრალდება „არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს”.

“მთავარი არხის” თანამფლობელი და დამფინანსებელი, გიორგი რურუა, საეჭვო ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს, რაც პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, არამართლზომიერად შეეზღუდა კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები. თუმცა,  სასამართლომ  აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა და 4 წლით თავისუფლება აღუკვეთა.

ხელისუფლების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად არის მიჩნეული დამოუკიდებელი ტელევიზია “ტვ პირველის“ გარშემო მიმდინარე პროცესები. ჯერ კიდევ 2018 წელს ტელევიზიის წარმომადგენელი საუბრობდა ხელისუფლებიდან მომდინარე “შემაშფოთებელ სიგნალებზე”, რომელიც მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ეხებოდა. 2019 წლის ზაფხულში კი ტელევიზიის დამფუძნებლის მამას - ავთანდილ წერეთელს, ბრალი წარედგინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმესთან დაკავშირებით. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იზიარებენ ტელევიზიის მფლობელის, ვახტან წერეთლისა და ჟურნალისტების შეშფოთებას, რომ მიმდინარე გამოძიება კრიტიკული აზრის გამოხატვის შეზღუდვისაკენ არის მიმართული. 2020 წლის 21 ოქტომბერს კი, პარლამენტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე,  ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ თბილისში, ლისის ტბის ტერიტორიაზე, ორი კაცი დაემუქრა, თუ ტვ “პირველი” კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლიდა, მასზე შურს იძიებდნენ. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეკომპანია „იბერია“ დაიხურა, რასაც წინ ხელისუფლების მიერ არხის დაფინანსების მთავარი წყაროს - „ომეგა ჯგუფის“, დაყადაღება უძღოდა.

პროსახელისუფლებო მედია ჰოლდინგი

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასთან ერთად, ქვეყანაში პროსამთავრობო ტელევიზიებიც ფუნქციონირებენ, მათ შორის, რეიტინგითა და  ძლიერი ფინანსური რესურსით გამორჩეული ტელეკომპანია “იმედი”, რომელსაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აზრით, მკვეთრად გამოხატული პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

ტელეკომპანია “იმედის”  ჰოლდინგში გაერთიანებულია ტვ ”იმედი”, “მაესტრო” და GDS. “იმედს”  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ტელეკომპანია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს უკან დაუბრუნდა.  2017 წლის იანვრიდან   GDS-ის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს ეკუთვნოდა, 100%-იანი წილის მფლობელი “იმედი”  გახდა. ტელეკომპანია “იმედის” ჰოლდინგში გაერთიანდა ასევე "მაესტრო", რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთ-ერთ მთავარ კრიტიკულ ტელეარხად ითვლებოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „იმედის“ ხელმძღვანელობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საგანგებო რეჟიმზე გადავიდა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნებულიყო.  ხელისუფლების მიერ გამოხატულად აგრესიული ტონი პირდაპირ ასახვას პოულობს “იმედის” სარედაქციო პოლიტიკაზე, სადაც ტენდენციის სახე მიიღო არასამთავრობო სექტორთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხების ცალმხრივად გაშუქებამ, მათი დისკრედიტაციის მიზნით.  

2020 წლის დასაწყისში “მაესტროზე” არსებულ ცენზურაზე უკვე ღიად ალაპარაკდა ჟურნალისტების ნაწილიც. “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ”, “მაესტროს”  ყოფილი თანამშრომლების მიმართვის საფუძველზე დაადგინა, რომ “იმედის” ამჟამინდელი დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი, ჰოლდინგში შემავალი “მაესტროს”, სარედაქციო პოლიტიკაში უხეშად ერეოდა და ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისას საკუთრი სინდისის წინააღმდეგ მოქცევას აიძულებდა. 2020 წლის 8 ოქტომბერს “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” ჟურნალისტების მიერ ჩაწერილი ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ლალიაშვილი “მაესტროს” ჟურნალისტებს პირდაპირ ეუბნება, რომ “ომი უფრო გამწვავდება” და ამ ომში ტელევიზიის თითოეული თანამშრომელი უნდა ჩაებას. “დაბალანსებული დაივიწყე, დაბალანსებული ნიშნავს უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული“ - ეუბნება ლალიაშვილი ჟურნალისტს.

ჟურნალისტების უფლებები

მედიის საქმიანობის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და შესაბამისი კანონმდებლობით. პროგრესული კანონმდებლობის მიუხედავად, ხშირია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის, ჩარევისა და ძალადობის ფაქტებიც. სამწუხაროდ, სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია, მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო შექმნას, ხშირ შემთხვევაში არ რეაგირებს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც თავის მხრივ დამატებით ახალისებს ძალადობას, ზღუდავს მედიის უფლებებს და აძლიერებს თვითცენზურას. 

ქართული და საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება მოჰყვა 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის,  საქართველოდან  სავარაუდო გატაცების ფაქტს, რომელიც შემდგომ ბაქოს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში აღმოჩნდა და გასამართლდა. ჟურნალისტი საქართველოს უშიშროების სამსახურს  ადანაშაულებდა მის გატაცებაში. საქართველოს ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, გამოძიების შედეგები საზოგადოებისათვის დღემდე არ არის ცნობილი. საქართველოში პერიოდულად იმართებოდა აქციები მუხთარლის მხარდასაჭერად და საქმის ეფექტიანად გამოძიების მოთხოვნით. სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, აფგან მუხთარლი 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. 2020 წლის 9 ოქტომბერს ის გერმანიიდან საქართველოში უნდა ჩამოსულიყო, რათა პროკურატურისთვის საკუთარი სურვილით მიეცა ჩვენება, მაგრამ, მისივე თქმით, “საქართველოს ავიახაზების” ადმინისტრაციამ, საქართველოს საკონსულოსთან კომუნიკაციის შემდეგ ბორტზე არ აუშვა და ჩამოსვლის საშუალება არ მისცა. ავიაკომპანიამ მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მუხთარლი, რომელიც საქართველოში გერმანიიდან უნდა ჩამოსულიყო, აზერბაიჯანის მოქალაქეა და აზერბაიჯანი მწვანე ზონის ქვეყნებში არ შედის. მუხთარლი აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას და  ქართულ ავიაკომპანიას სასამართლოში უჩივლოს.

2019 წლის 20 ივნისს ე.წ. “გავრილოვის ღამეს”, დემონსტრანტებთან ერთად, მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე მძიმედ. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე განცხადებების და მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაუსჯია, საქმე დღემდე გამოუძიებელია, დაშავებულებს კი დაზარალებულის სტატუსი არ მინიჭებიათ. ამის გამო, სამმა ჟურნალისტმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რომელთა საქმეები უკვე წარმოებაშია მიღებული.

2019 წლის ივლისში, რუსთავი2-ის მფლობელის შეცვლიდან რამდენიმე დღეში, ახალმა დირექტორმა არხის ცნობილი ჟურნალისტების გათავისუფლება დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი „პლურალისტური მედიაგარემოს“ შენარჩუნებისა და ტელეკომპანიის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებდნენ. სამსახურიდან გაათავისუფლეს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანები და სხვა ცნობილი ჟურნალისტები. ამის გამო, 60-მდე ჟურნალისტმა და თანამშრომელმა მასობრივად დატოვა ტელევიზია.  გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილმა, რომელთა უფლებებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველო” იცავს, სასამართლოს მიმართეს, სადაც გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, კომპენსაციას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ. თუმცა, სასამართლო განხილვა დღემდე არ გამართულა. ჟურნალისტების გათავისუფლება კი არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის ღია მცდელობად” შეფასდა.

2020 წლის დასაწყისში “მაესტროზე” არსებულ ცენზურაზე ღიად ალაპარაკდნენ ჟურნალისტები. ტელევიზიის ყოფილმა ჟურნალისტებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას” ტვ “იმედის” დირექტორის, ნიკა ლალიაშვილის, წინააღმდეგ საჩივრით მიმართეს, რომ ლალიაშვილი გადაცემის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა და უარის გამო, გადაცემები დახურა. ქარტიამ ლალიაშვილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა, რაც ჟურნალისტის საკუთარი სინდისის წინააღმდეგ იძულებას გულისხმობს.  მოგვიანებით კი ქარტიამ ჟურნალისტების მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერიც გამოაქვეყნა, რაც ადასტურებდა ლალიაშვილის მიერ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას. 

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი პროდიუსერი, მაია სტეფნაძე, 2019 წლის მაისში მის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ხელისუფლების კრიტიკის შემცველი პოსტს  უკავშირებდა. სახალხო დამცველმა განიხილა მისი განცხადება და დაადგინა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“  მაია სტეფნაძე  განსხვავებული მოსაზრების გამო გაათავისუფლა და შესაბამისად, დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდა.

მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “მთავარი არხის” ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი მუქარისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ჯერ “ქართული ოცნების” ბოლნისის საკრებულოს წევრი დაემუქრა, ხოლო რამდენიმე კვირაში მარნეულში ჯეიჰუნს და გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა დაუზიანეს. იმავე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარი დაგმო არასამთავრობო სექტორმა. ჟურნალისტებზე თავდასხმა საგანგაშოდ მიიჩნია საერთაშორისო ორგანიზაციამ “ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე”.

საგანგაშო ხასიათი შეიძინა ბოლო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავი უწყებების მიერ მედიის წარმომადგენლების გამოკითხვაზე გახშირებულმა დაბარებამ, რა დროსაც ჟურნალისტებს მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟებში ნახსენები წყაროს ვინაობის შესახებ ეკითხებიან. თვითცენზურად და მედიის საქმიანობაში უხეშ ჩარევად ასევე შეიძლება იქნას მიჩნეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტზე საბოტაჟის საფუძვლით მიმდინარე გამოძიება, ვინაიდან ასეთ ფაქტზე გამოძიების დაწყება და საქმის სისხლის სამართლით დასჯად ქმედებათა ჭრილში გადატანა სახიფათო პრეცედენტს ქმნის და „მსუსხავი ეფექტის“ საფრთხეს აჩენს.

სახიფათო ტენდენციის სახეს იღებს ქართული ნეონაცისტური ჯგუფების, მათ შორის პარტიად გარდაქმნილი “ქართული მარშის” წევრების მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფამ, ფიზიკურმა ძალადობამ და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლამ. ხელისუფლების მხრიდან მსგავს ქმდებებზე არასათანადო რეაგირება კი, დამატებით ახალისებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას ქვეყანაში.

მდგომარეობას ამძაფრებს  კრიტიკული მედიის ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების ნეგატიური რიტორიკა, რასაც სავარაუდო წახალისება “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, არაერთმა კომენტარმა თუ მიმართვამ მისცა. ბოლო პერიოდში კი ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ დამოკიდებულებამ ტენდენციის სახე მიიღო. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო პერიოდის განმავლობაში  აღარ დადიან კრიტიკული ტელევიზიის ეთერებში, რაც აზიანებს განსაკუთრებით საარჩევნო პროცესს - მიიღოს მოსახლეობა ინფორმირებული არჩევანი.

2019 წლის 14 ნოემბერს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, ტვ “პირველის” თოქშოუს წამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილი, კრიტიკული კითხვების პასუხად ოპოზიციური პარტია ენმ-ის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ამავე დღეს მან ოპოზიციასთან კავშირში დაადანაშაულა "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის" მაშინდელი წამყვანი, თეონა ბაკურიძე. ეს ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულების  პირველი შემთხვევა არ იყო. ტელევიზიას მიკერძოებულობაში ბრალი ბიძინა ივანიშვილმაც დასდო. პირდაპირ ეთერში წამყვანის მიმართ აგრესიული განცხადება გააკეთა ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.

2020 წლის თებერვალში პირდაპირ ეთერში ტვ “პირველის” ჟურნალისტს და გადაცემის წამყვანს, თამარ ჩიხლაძეს, აგრესიული ტონით შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა. რამდენიმე დღეში კი ისევ თამარ ჩიხლაძეს “ამორალური და უზნეო” უწოდა  იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.  მან ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში შეურაცხყოფა უკვე ტვ “პირველის” წამყვანს, დიანა ტრაპაიძეს. “თქვენ ხართ მთავარი ტროლი და ბოტი” - მმართველი პარტიის ლიდერმა გია ვოლსკიმ “ფორმულას” ჟურნალისტს აგრესიული ტონით მიმართა. “თუ დაიხურებით, კმაყოფილი ვიქნები” - ასე მიმართა, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა “მთავრი არხის” ჟურნალისტს და ა.შ.

აგრესიულობით გამოირჩევა თბილისის მერის კახა კალაძის მიმართვები კრიტიკული მედიის მიმართ, რომელმაც არაერთხელ გაიმეორა ფრაზა - "სიმართლის მუშტი მოგხვდებათ ცხვირ-პირში”, სხვადასხვა ინტერპრეტაციით.  

კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია კანონმდებლობის თანახმად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა, რომელიც მოწოდებულია მედიაპლურალიზმის დაცვის, მედიაში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად. კომისია უფლებამოსილია, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს, ხოლო მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლებს შესაბამისი სანქციები დააკისროს.

ხელისუფლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებისა თუ მისი გავლენის ქვეშ ყოფნაზე ხშირად ისმის კომისიის მიმართ კრიტიკა. “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნების გამო, შეშფოთება გამოითქვა კომისიის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.  მარეგულირებელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდა გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი კანონს არ ეწინააღმდეგებოდა. კომისიამ ასევე ნეგატიურად შეაფასა მაუწყებლებში რეკლამების შინაარსიც და სამაუწყებლო ბადიდან ცალკეული სარეკლამო ვიდეორგოლის ამოღება მოითხოვა, მათი კანონთან შეუსაბამობის მოტივით.

მედიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის და პერსონალური ინფორმაციის დაცვის კუთხით პრობლემური იყო 2018 წლის აგვისტოში კომისიის მიერ მაუწყებლებში გაგზავნილი წერილი, სადაც მარეგულირებელმა მედია მათი დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობის გადამოწმების აუცილებობის შესახებ გააფრთხილა. ეს თემა აქტუალური 2016 წლიდან გახდა, როცა კომისიამ ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართვის საფუძველზე “რუსთავი 2-ის“ დაკვეთით GFK Customs Research LLC-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერების შესწავლა დაიწყო. 2017 წელს კი კომუნიკაციების კომისიამ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, რომლითაც სურდა, მედიასაშუალებები საკანონმდებლო დონეზე დაევალდებულებინა, რომ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნებამდე გადაემოწმებინათ. საჯარო კრიტიკის ფონზე, პარლამენტის მიერ აღნიშნული წინადადების განხილვა არ მოჰყოლია.

კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა ნეგატიურად შეაფასა ეუთომაც. 2018 წლის წინასაარჩევნო ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომისია საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისას ყოველთვის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მიდგომის დემონსტრირებას არ ახდენდა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

ხელისუფლების მსგავსად, კომუნიკაციების კომისიას გამოკვეთილად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაორგანიზაციების მიმართ. მარეგულირებლის მიერ დაფუძნებული მედიააკადემიის ერთ-ერთი მიმართულება მედიაკრიტიკაა, რომლის ფარგლებშიც მედიაპროდუქტების გაანალიზება და შეფასება ხდება. “მითების დეტექტორის” მიერ 2019 წლის 5 ნოემბრიდან 2020 წლის 7 ივლისის პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ მედიაკრიტიკის მიერ “გამოქვეყნებული მასალებიდან კრიტიკა უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილ მედიებს ეხება”. საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” შეშფოთებულია მედიაკრიტიკის გამო, რომლის საქმიანობაც საერთაშორისო მედიადამცველი ორგანიზაციის აზრით, კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას ემსახურება.

სადავო კანონპროექტები

შეშფოთებას იწვევს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებები, მათ შორის, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ევროდირექტივის იმპლიმენტაციის ფარგლებში ხორციელდება და სხვა ცვლილებებთან ერთად, სიძულვილის ენის საკანონმდებლო რეგულაციას ითვალისწინებს. არსებული პროექტით, თვითრეგულირებიდან  რეგულირებაში გადადის სიძულვილის ენის გამოყენების, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის საკითხები. კომისია საკუთარი წინადადებას ევროკავშირის დირექტივიდან გამომდინარე ვალდებულებით ხსნის, თუმცა თავად ევროდირექტივა არ ითვალისწინებს მსგავს ვალდებულებას და არ ანიჭებს არც ერთ სისტემას - რეგულაცია თუ თვითრეგულაცია, უპირატესობას. იმ ფონზე, როდესაც კომისიის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები ისედაც არსებობს, წინამდებარე ცვლილებებით, მარეგულირებლის ხელში აღმოჩნდება დამატებით ბერკეტი, რითიც შესაძლებელი გახდება მედიაზე ზეწოლა და კრიტიკული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. 

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტის, ქალაქის მერის თუ ყოფილი სპიკერის მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა ყალბ ინფორმაციასა და სიძულვილის ენასთან ბრძოლის მოტივით, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების აუცილებლობაზე. ამ განცხადებებმა გააჩინა საფუძვლიანი ნეგატიური მოლოდინი, რომ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მიმართულია გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისა და ოპონენტების კრიტიკული აზრის შეზღუდვისაკენ.

მაუწყებელთა კრიტიკის ობიექტი იყო “ბავშვთა კოდექსის” ფარგლებში მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილები. ტელევიზიების შეფასებით, კანონმა, “ბუნდოვან საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, კიდევ უფრო გაამძაფრა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და კონტროლის სამართლებრივი ბერკეტები”.

რუსული პროპაგანდა და შიდა დეზინფორმაცია

საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს,  აქტიურად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს. ამ  ომის უმნიშვენლოვანესი კომპონენტი კი სწორედ დეზინფორმაციაა. სამწუხაროდ, ქართული მედიასივრცეში ამის პარალელურად აქტიურად ვრცელდება ადგილობრივი, განსაკუთრებით ხელისუფლების მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები, რომელიც ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

რუსული დეზინფორმაცია, ძირითადად,  ქართულ ენაზე ვრცელდება და მათი გამავრცელებლები გარკვეული ქართული მედიაკომპანიები და პოლიტიკური პარტიები. პრორუსული ორგანიზაციები ისეთი როგორიცაა, მაგალითად, „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“ და უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობები. დასავლეთის სახელმწიფოებს, რომლებიც რუსულ პროპაგანდის წინააღმდეგ პრობლემის მოგვარების ავანგარდში დგანან, შემუშავებული აქვთ საერთო მიდგომა და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებაში სათანადო ზომებს ატარებენ. საქართველოს საპასუხო ქმედებები დეზინფორმაციაზე, როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილზე, არასაკმარისია. მთავრობა რეალურად მზად არ არის გაუმკლავდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს.

“მედიის განვითარების ფონდის” 2019 წლის კვლევა ანტიდასავლური გზავნილების ზრდაზე საუბრობს, რაც ბოლო ოთხი წლის დინამიკაში გაორმაგებულია; განსაკუთრებით ხშირია ანტიამერიკული და ნატოს საწინააღმდეგო  გზავნილები ისევე, როგორც რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ საგანგებოდ შექმნილი ე.წ. სტრატკომები, მარეგულირებელი კომისიის “მედიაკრიტიკის” მსგავსად, ყველაზე მეტად არასახელისუფლებო მედიის კრიტიკით არიან დაკავებულები

ასევე,  უკანასკნელ პერიოდში სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტი ყალბი გვერდი ჩნდება, რომლებიც ცილისმწამებლურ, ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ და სიძულვილის ენას იყენებენ. სოციალური ქსელმა Facebook-მა გამოაქვეყნა ორი ანგარიში, რომლის მიხედვითაც ასობით ყალბი გვერდი და ანგარიში წაშალა, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერ საქმიანობას ეწეოდა და პოლიტიკური ოპონენტების გარდა, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებდა. 2020 წელს Facebook-მა ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული გვერდებიც წაშალა.

“მითების დეტექტორმა” პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ყალბი გვერდების ქსელი აღმოაჩინა, რომელიც  პარტიის მხარდამჭერ და ანტიდასავლურ დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებს.

print