მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები — განახლებადი სია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ამ დარღვევებს და დავინახოთ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი.
კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის - თითქმის სრული დაუსჯელობით. სამწუხაროდ, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო.[1]
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, „მმართველი პარტიის დამფუძნებლის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება“[2] და ამასთან, მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო „შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე.“[3]
მაღალი დონის კორუფციის პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე მიუთითებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები,[4] საერთაშორისო შეფასებები,[5] საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები,[6] გამომძიებელი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევების სულ უფრო მზარდი რაოდენობა.
საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. მაგალითად, პროკურატურისა და სუს-ის გასული წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს - მერი და ყოფილი გუბერნატორია. რეაგირების გარეშე რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ.[7]
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კორუფციულ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლა აუცილებლად გულისხმობს საჯაროდ გავრცელებული მაღალი დონის კორუფციის ყველა სავარაუდო შემთხვევაზე გამოძიების დაწყებას ან გამოძიების არ-დაწყების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების საჯაროდ ხელმისაწვდომობას.[8] ამის საწინააღმდეგოდ, სუს-ი და პროკურატურა ამ ინფორმაციას არც პროაქტიულად აქვეყნებენ და არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში გასცემენ.
მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოსა და პროკურატურის კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება გადაეცეს დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი რესურსებით, უფლებამოსილებითა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რათა მიუკერძოებლად და საგულდაგულოდ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები.[9]
ჯერ კიდევ 2018 წელს ევროპარლამენტის რეზოლუცია[10] აღნიშნავდა, რომ „მაღალი დონის ელიტური კორუფცია საქართველოსთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება“ და მთავრობას ანტიკორუფციული სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოცალკევების და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების მყისიერი გამოძიებისკენ მოუწოდებდა. 2022 წლის ივლისში კი, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ წინაპირობად ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, მისი ყველა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციით აღჭურვა და „მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების საგულდაგულოდ გამოძიება“ დაასახელა.[11]
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიც (OECD/ACN) 2016 წლიდან მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურისთვის ანტიკორუფციული საგამოძიებო უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ.“[12] OECD/ACN-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ანტიკორუფციული სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურში არსებობა კითხვებს ბადებს,“ ამასთან, „დამატებით გამოწვევას წარმოადგენს პროკურატურის შიგნით გამოძიებისა და დევნის კომპონენტის თანაარსებობა, რამაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ძალაუფლების დაბალანსებისა და ურთიერთკონტროლის პრინციპს.“[13]
მეთოდოლოგია
ამ სიის მიზნებისათვის მაღალი რანგის თანამდებობის პირად ითვლება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის[14] 21-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული „პოლიტიკურად აქტიური პირი.“ საერთაშორისო კარგი პრაქტიკისა და OECD/ACN-ის მონიტორინგის სახელმძღვანელოს[15] შესაბამისად, ამ განმარტებას დაემატა ყველა დონის პროკურორი (მათ შორის საპროკურორო საბჭოს წევრები), სახელმწიფო რწმუნებულები და მათი ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. ამასთან, იმისთვის, რომ კორუფციული შემთხვევების გავრცელების მასშტაბი მუნიციპალიტეტის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა დონეზეც ავსახოთ, ამ სიის მიზნებისთვის „მაღალი რანგის თანამდებობის პირად“ ასევე ითვლებიან მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მოადგილეები.
წინამდებარე სიაში შესულია სავარაუდო კორუფციის ის შემთხვევები:
- რომლებშიც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის პირები,
- სადაც გამოკვეთილია ქმედება, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,
- რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების გარეშე, აღძრავს დასაბუთებად ეჭვს კორუფციული დარღვევის არსებობის შესახებ.
თუ ფიქრობთ, რომ ამ ჩამონათვალში რომელიმე საქმე უნდა დაემატოს, დაგვიკავშირდით ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევები
ბოლო განახლება:
10 სექტემბერი, 2024
სიაში ამჟამად შესულია
196 საქმე
ბოლოს დამატებული შემთხვევები:
2024 წელი
- სახელმწიფო კონტრაქტები მუნიციპალური თანამდებობის პირის ოჯახის წევრს
მუნიციპალური სახელმწიფო კომპანია შპს ბორჯომის კეთილმოწყობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯემალ გოგოლაძის, შვილმა 2019-2024 წლებში, ბორჯომის მერიისა და მისი იურიდიული პირებისგან 800 568 ლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო. ზურაბ გოგოლაძემ თანხის 100% უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით და პირდაპირი შესყიდვებით მიიღო.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 04.09.2024.
- სავარაუდო კორუფცია სახელმწიფო შესყიდვებში
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატის აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის, სერგო შუღაროვის, კომპანიებმა 2016-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 40,7 მილიონი ლარი მიიღეს. სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლების 93% გამარტივებულ შესყიდვებზე, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებულ ტენდერებზე მოდის. ალადაშვილი 2021 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრია და 2016 წლიდან - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ალადაშვილმა და შუღაროვმა ჯამში მმართველი პარტიას 100 000 ლარი შეწირეს.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 30.08.2024.
- მმართველი პარტიის შემწირველის სახელმწიფო შესყიდვები ბორჯომში
„ქართული ოცნების“ შემწირველ ვახტანგ კაპანაძის კომპანია შპს მშენებელი 2012-მა, 2012–2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 15 ლარზე მეტი მიიღო. აქედან, 72.1% უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციით მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით. ვახტანგ კაპანაძის შვილს, ნოდარ კაპანაძეს ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში, ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 08.08.2024.
- ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაუსაბუთებელი ქონება
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის, სავარაუდოდ, დაუსაბუთებელი და არადეკლარირებული ქონება: მათ შორის, ძვირადღირებული სახლი ქ. მადრიდში, ესპანეთში, უძრავი ქონება საქართველოში. მიქაუტაძის დეკლარაციაში სრულად არ არის ასახული შემოსავალი, ხარჯები და ძვირადღირებული მოძრავი ქონება, მათ შორის შვილების ევროპაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები. ჟურნალისტურ გამოძიებაში იკვეთება თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებისა და ზეგავლენით ვაჭრობის სავარაუდო კორუფციული დარღვევები.
წყარო: სტუდია მონიტორი - 06.04.2024.
- ვანო ჩხარტიშვილის თამბაქოს ბიზნესზე მორგებული კანონპროექტი
2024 წლის 17 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ერთდროულად სამ საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს და მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. კანონპროექტით თამბაქოს ნედლეულზე აქციზი განახევრდება, ხოლო ბიუჯეტი ყოველწლიურად 25 მილიონამდე ლარს დაკარგავს.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის კომპანია სს თბილისის თამბაქო-სთვისაა ხელსაყრელი. ჩხარტიშვილი 2018 წლის 17 სექტემბერს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერშიც ფიგურირებს, რომელიც საქართველოში თამბაქოს ბაზრის განაწილების სქემას ეხება. ამ ჩანაწერის ავთენტურობა პროკურატურას დღემდე არ შეუსწავლია.
წყარო: სტუდია მონიტორი - 18.05.2024; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 26.09.2018.
- „ინტელექტის ოკუპაცია“
ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) წინააღმდეგ პროცესებს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოადგილე და მმართველი პარტიის იდეოლოგად ცნობილი - ლაშა ნაცვლიშვილი მართავს. გეგმის მიხედვით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) უნდა ჩაენაცვლებინა ახლად შექმნილ საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას (GERA/IPOA), რომელსაც კავშირები რუსეთთან აქვს. ამ პროცესში ჩართულია ხელისუფლების სხვადასხვა შტო. როგორც ირკვევა, რუსეთის ავტორთა საზოგადოება (RAO) სანქციებისგან თავის არიდებისთვის GERA/IPOA-ს საბანკო ანგარიშის გამოყენებას გეგმავდა.
წყარო: სტუდია მონიტორი - 13.04.2024, სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება - 17.06.2023.
- მთავრობამ „ოცნების“ დეპუტატის კომპანიებს 5 მილიონი ლარი აპატია
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ „ქართული ოცნების“ დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანის კომპანიებს რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩამოაწერა. შპს ბევრილი ჯგუფსა და შპს გრანდე ჯგუფს ბიუჯეტის სასარგებლოდ 6 მლნ ლარზე მეტის გადახდა დაეკისრათ, თუმცა საქართველოს მთავრობის განკარგულებით ეს თანხა 610 ათას ლარამდე შემცირდა. დეპუტატის მტკიცებით, მას გავლენები არ გამოუყენებია დაკისრებული თანხის შესამცირებლად.
გარდა ამისა, კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ჩანქსელიანმა თავისი ბიზნეს წილები მართვის უფლებით არ გადასცა სხვა პირს, რაც თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობაა.
წყარო: რადიო თავისუფლება - 08.03.2024.
- სარგებელი ხმის სანაცვლოდ
2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასურველი წევრების არჩევა ოპოზიციის დახმარებით შეძლო. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა ხმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისცა. კენჭისყრიდან ორ დღეში მთავრობამ გააუქმა საპრივატიზებო პირობები ხაბულიანისთვის საინტერესო ორ ნაკვეთზე და მის კომპანიას წარსულში ჩამორთმეული სახელმწიფო ქონება უკან 1 ლარად დაუბრუნა.
წყარო: აი, ფაქტი/ifact - 22.04.2024.
- ანზორ ჩუბინიძის თევზის ბიზნესი
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს კახეთში თევზის ბიზნესი აქვს. გამოძიების მიხედვით, მიწების ნაწილი ფიქტიურადაა გაფორმებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელ გიორგი მახარობლიშვილზე და რეალურად ჩუბინიძეს ეკუთვნის. ჟურნალისტთან ინტერვიუში, ჩუბინიძე ადასტურებს, რომ მახარობლიშვილი მისი სანდო პირია და ბიზნესიდან შემოსავალსაც იღებს.
წყარო: ტვ პირველი - 06.07.2024.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ბიზნესები და ქონება
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე, კანონის დარღვევით, თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა. ღამბაშიძეს აქვს სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ბიზნესები. კომპანია შპს ბი-ემ-სი გეზს 2018 წლის შემდეგ არ აქვს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგება, რაც კანონდარღვევაა. ღამბაშიძე, სავარაუდოდ, მის თანამდებობასა და გავლენებს საკუთარი ბიზნესის საკეთილდღეოდ, ბოროტად იყენებს.
წყარო: ტვ პირველი - 22.06.2024.
- სავარაუდო კორუფციული სქემა იუსტიციის თანამშრომლების მონაწილეობით
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედი თანამშრომლები ლოგისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, არჩილ ობგაიძე და მისი მეუღლე, სააგენტოს იურისტი, ნუცა კანტიძე, სავარაუდოდ, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ერთი და იმავე პროექტით, სკოლის აშენების ცრუ მოტივით, უცვლიან სტატუსს, სკოლების ნაცვლად სახლებს აშენებენ და ყიდიან. რეესტრის თანამშრომლების მეჯვარე, საჯარო რეესტრის სააგენტოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილია, რომელიც შესაძლოა ამ სქემას მფარველობდეს.
წყარო: ტვ პირველი - 22.06.2024.
- ღარიბაშვილის ცოლის ძმის ჰესების ბიზნესი
პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, მთავრობის 3 განკარგულებით მაშავერას ხეობაში, ჰესების ასაშენებლად, 11 ჰა მიწა 49 წლით გადაეცა კომპანია შპს მომავლის ენერგიას, რომლის მეწილეც მეორე დღეს გახდა ალექსანდრე თამაზაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი. ჰესების მშენებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ნაქალაქარს და ხეობის ისტორიულ ძეგლებს. საინტერესოა, რომ მთავრობასა და კომპანიას შორის ჰესების მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მოეწერა.
წყარო: ტვ პირველი - 15.06.2024.
- კახა კალაძის დაუდეკლარირებელი ქონება
ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს თბილისის მერის, კახა კალაძის, საათების კოლექციას, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს სცდება და რომლებიც თანამდებობის პირის მიერ შევსებულ არც ერთ დეკლარაციაში არ არის მითითებული. დეკლარაციაში არ არის მითითებული არც მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული ძვირადღირებული აქსესუარები.
წყარო: ტვ პირველი - 27.07.2024.
- სავარაუდო კორუფცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
სავარაუდო კორუფციული ნიშნები გამოიკვეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე კომპანიის მიერ მიღებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომლებიც სამშენებლო ან/და გზის მოწყობის სამუშაოებს ასრულებენ. ისინი დაკავშირებულნი არიან მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან, და/ან არიან პოლიტიკური შემწირველებიც. მაგალითად, შპს „ლიდერი+“-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ ბაია კვიციანის ძმაა. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37 232 754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 01.07.2024.
- საეჭვო კორუფციული გარიგებები აჭარაში
აჭარაში თანამდებობის პირებთან, ძმებ აკაკი, როლანდ და რაულ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანია შპს ესია ჯგუფმა 2021-2024 წლებში 5 344 077 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო. ეს თანხა კომპანიამ ან ქვეკონტრაქტორის ხელშეკრულებით, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებით მიიღო.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 14.06.2023, 19.03.2024.
- ადიგენის მერთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული შემთხვევა
ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის, ძმა ერთ-ერთია იმ 5 ბიზნესმენს შორის, რომელმაც ადიგენის მერიასთან ერთად ააიპ „ადიგენის განვითარების ფონდი” დააფუძნა. ლევან ქიმაძეს ადიგენის მუნიციპალური ააიპ-ებიდან 2013-2023 წლებში შესყიდვებით 1 287 209 ლარი აქვს მიღებული. მერის მეორე ძმას, ჯემალ ქიმაძეს მეოთხე წელია ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორის პოზიცია უკავია.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 05.04.2024.
- მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონება
ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი მიქაუტაძის მილიონიან ქონებას. მიქაუტაძის ქონების ღირებულება სცდება მის ოფიციალურ შემოსავალს. მიქაუტაძემ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2022-2023 წლებში დედამ 150 000 აშშ დოლარი აჩუქა. როგორც გაირკვა, მოსამართლის მიერ წარდგენილი ცნობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს დედამისის მიერ კონკრეტული კომპანიისგან მიღებულ შემოსავალს, შეუსაბამოა ამავე კომპანიის ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებთან.
წყარო: ტვ პირველი - 09.03.2024, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 02.04.2024
- პოლიცია და სასამართლო აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლების სამსახურში
ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სქემას, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება პოლიციასა და სასამართლოს აქტივისტების წინააღმდეგ. სიუჟეტში განხილულია 5 საქმე, როცა პოლიციამ აქტივისტები გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ დააკავა, ცრუ ჩვენებების საფუძველზე და შემდეგ ისინი სასამართლომ, ობიექტური მტკიცებულებების უგულებელყოფით, სამართალდამრღვევად ცნო. ამ საქმეების განხილვის ეტაპზე მოსამართლეები ნინო შჩერბაკოვი და კობა ჩაგუნავა გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნულნი. 2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე მოსამართლე უვადოდ დანიშნა.
წყარო: სტუდია მონიტორი - 22.02.2024; ნეტგაზეთი - 02.02.2024.
- თბილისის ვიცე-მერის ქონება
თბილისის ვიცე-მერს ქონებრივი დეკლარაციის თანახმად სახლი არ აქვს, თუმცა, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ირაკლი ხმალაძე ფეშენებელურ პენტჰაუზში კრწანისის ელიტურ დასახლებაში ცხოვრობს. ეს კომპლექსი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძეს ეკუთვნის. ნამორაძემ კრწანისი ვილა რეზიდენსის მშენებლობა უნებართვოდ 2015 წელს დაიწყო, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ მრავალბინიანი სახლების მშენებლობის უფლება მოიპოვა. მას შემდეგ ნამორაძემ თბილისის მერიისგან არაერთი პრობლემური ნებართვაც მიიღო. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ხმალაძის დეკლარაციაში სხვა დარღვევებიც გვხვდება.
წყარო: სტუდია მონიტორი - 02.03.2024.
- სახელმწიფო ქონება და დაფინანსება უჩა მამაცაშვილის სიძეს
საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ცოლის ძმამ ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან 189 000 კვ.მ მიწა კვადრატული 60 თეთრად მთავრობის განკარგულებით მიიღო. კოკა კოკოლაშვილის კომპანია „ბლუ ფილდმა“ 250 000 ლარი სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღო სოფლის მეურნეობის სამინისტროს „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში.
წყარო: ტვ პირველი - 02.03.2024.
- კახა კალაძის მეჯვარის მიერ მოგებული უკონკურენტო და უპირობო აუქციონი
თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით რეაბილიტირებული 4 ისტორიული შენობა „გუდიაშვილის მოედანზე“, უკონკურენტო და უპირობო აუქციონის გზით საბოლოოდ ქ. თბილისი მერის, კახა კალაძის მეჯვარის, ივლიანე წულაიას ბიზნეს ჯგუფის საკუთრებაში აღმოჩნდა.
წყარო: სტუდია მონიტორი- 27.04.2024.
- სავარაუდო კორუფცია, „მბრუნავი კარი“ და რუსული ინტერესები დაცულ ტერიტორიებში
ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სავარაუდო კორუფციულ სქემას, როგორ აღმოჩნდა სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემული დაცული ტერიტორიები კომპანიასთან, რომლის მეწილეებიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთთან კავშირების მქონე, რუსეთში საქართველოს სექციის ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე არიან.
წყარო: მთის ამბები - 30.03.2024.
- მოსამართლე ლევან მურუსიძის დაუდეკლარირებელი და დაუსაბუთებელი ქონება
ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე კახეთში, ალაზნის ველიდან რამდენიმე კილომეტრში 170 ჰა მიწას ფლობს, რომელიც ახლობლის, თამთა მიქანაძის სახელზე აქვს რეგისტრირებული. თამთა მიქანაძის სახელზეა 120 კვ.მ ბინა იპოდრომთან, რაც, გამოძიების თანახმად, სავარაუდოდ, ასევე მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეიძინა.
წყარო: სტუდია მონიტორი - 01.06.2024.
- პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ტყე და მამულები 1 ლარად
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავი აარიდა ბიუჯეტში, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას. პაპუაშვილმა კახეთში, მდინარე ალაზნის პირას 100 ათასი კვ.მ ტყე 1 ლარად თავისი ბიძაშვილისგან გადმოიფორმა. კანონმდებლობით, ბიძაშვილებს ჩუქება რომ გაეფორმებინათ და არა 1 ლარად ნასყიდობა, პაპუაშვილი, როგორც საჩუქრის მიმღები, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარებოდა, რომელიც საბაზრო ფასთან მიმართებით დაახლოებით 200 ათასი ლარი იქნებოდა.
წყარო: მთის ამბები - 28.04.2024.
- პარლამენტის ყოფილი წევრის სახელმწიფო შესყიდვები
პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 306 909 196 ლარი მიიღო. ხაბულიანის კომპანიას მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
ხაბულიანმა და მისმა ოჯახმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ 398 000 ლარი გაიღეს.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 01.03.2024.
- ხობის მერიის სავარაუდოდ მორგებული ტენდერი
ხობის მერიამ 2024 წლის 17 იანვარს 6 სხვადასხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 10 818 151 ლარია. მერიის მიერ დადგენილი სატენდერო პირობები კონკურენციას ზღუდავს და სავარაუდოდ, მორგებულია სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია სს არქეოპოლისზე. ხობის მერიის 2023 წლის იანვარში გამოცხადებულ მსგავს ტენდერში სს არქეოპოლისმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - 26.02.2024.
- ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის ქონება
ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის უძრავ ქონებას. მისი ოჯახი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში რამდენიმე ბინას ფლობს. ცესკოში მუშაობის პერიოდში მან მიწები შეიძინა ბაზალეთზე და დუშეთში. კალანდარიშვილს რამდენიმე ბინა ოჯახის წევრების სახელზე აქვს რეგისტრირებული, რომელიც მისივე თქმით, მას ეკუთვნის. ცესკო-ს თავმჯდომარის მეუღლე, სალომე ჩიკვილაძე ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკშია დასაქმებული.
წყარო: ტვ პირველი - 02.03.2024.
- ნეპოტიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროში
საგამოძიებო სიუჟეტი აჩვენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტებს. ჟურნალისტთან საუბარში, მღებრიშვილმა დაადასტურა, რომ მისი უფროსად დანიშვნის შემდეგ ამავე უწყებაში დასაქმდა მისი ახლო ნათესავი, თუმცა როგორც მათ აღნიშნა, კონკურსის წესით.
საჯარო სექტორში არიან დასაქმებული მღებრიშვილის ოჯახის წევრებიც: მეუღლე, ნანა ფეიქრიშვილი, სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოში, ხოლო შვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.
წყარო: ტვ პირველი - 10.02.2024.
- სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონება
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ლევან გამყრელიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები და დანახარჯები ერთმანეთს არ შეესაბამება. ლევან გამყრელიძემ 2023 წელს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება შეიძინა და მეუღლესთან ერთად 90 819 ლარი სარემონტო მასალებში დახარჯა, შემოსავლის სახით კი, მხოლოდ 104 775 ლარი მიიღო.
წყარო: ბათუმელები - 05.02.2024.
- მიტაცებული ტყეები
ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სავარაუდო კორუფციულ სქემას, თუ როგორ იღებენ თბილისის ყველაზე პრესტიჟულ სატყეო ზონებსა და მწვანე სივრცეში მშენებლობის ნებართვებს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და მმართველი პარტიის შემწირველები. პირველ ეტაპზე თბილისის სატყეო და სარეკრეაციო ზონებში თბილისის საკრებულო ტერიტორიებს ზონალურ სტატუსს უცვლის, შემდეგ კი მერია მშენებლობის ნებართვებს გასცემს.
სპეციალისტების შეფასებით ამ ტერიტორიებზე გაჩეხილი ტყე და დაკარგული რეკრეაციული სივრცეები სტიქიური უბედურებების შემთხვევების რისკს ზრდის.
წყარო: სტუდია მონიტორი - 03.02.2024.
- თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან დაკავშირებული ნეპოტიზმი და დაუსაბუთებელი ქონება
თავდაცვის მინისტრის [უკვე ყოფილი] მოადგილის შვილმა აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქ. ბალტიმორში სახლი 205 000 აშშ დოლარად იყიდა. სიუჟეტით ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის შვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. თორნიკე ჩიქოვანი დედასთან ერთად ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, ხოლო 2021 წლიდან - თავდაცვის სამინისტროში გადავიდა, მას მერე, რაც ლელა ჩიქოვანიც ამ უწყებაში გადავიდა. 2022 წლიდან მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით თორნიკე ჩიქოვანი ქ. ნიუ-იორკში მიავლინეს.
სიუჟეტში ნაჩვენებია ჩიქოვანებს მიერ იძულებით აღსრულების აუქციონზე ქონებების შეძენის საეჭვო შემთხვევებიც.
წყარო: ტვ პირველი - 27.01.2024.
- ბიზნესის რეკეტი ბიძინა ივანიშვილის სახელით და ოთარ ფარცხალაძის შესრულებით
საგამოძიებო სიუჟეტი აჩვენებს ოთარ ფარცხალაძის მიერ აზარტული თამაშების ბიზნესის რეკეტის სქემას. მამხილებელი მამუკა ქუნთელია კრისტალბეთის ყოფილი მეწილეა, რომელმაც კუთვნილი 10%-იანი წილი ოთარ ფარცხალაძის უშუალო მოთხოვნისა და ზეწოლის შემდეგ დათმო. პირველ ეტაპზე მას ფარცხალაძის სახელით სთხოვდნენ ბიზნესში წილის დათმობას, ხოლო შემდეგ საქმეში პირადად ფარცხალაძეც ჩაერთო. ფარცხალაძე მას არწმუნებდა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დავალებით კეთდებოდა. საბოლოოდ, 2019 წელს ქუთელიამ საკუთარი წილები დათმო. საქმეში ფიგურირებენ ამჟამად სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.
წყარო: ტვ პირველი - 27.01.2024.
- შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ხელშეუხებელი სიძე
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს სასამართლო სხდომის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პატრულ-ინსპექტორმა ანდრია სიხარულიძემ გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა ვახტანგ გომელაურის სიძეს, ზობა მიხანაშვილს, რის გამოც სიხარულიძეზე ჯერ ზეწოლა განხორციელდა, მოგვიანებით კი დაიჭირეს.
მინისტრის სიძესთან მომხდარი ინციდენტიდან თვენახევარში ანდრია სიხარულიძე შსს გენერალურმა ინსპექციამ 300 ლ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. სიხარულიძეს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საქმის მთავარი მოწმე აგენტ-პროვოკატორია. როგორც სასამართლო სხდომის ჩანაწერიდან ირკვევა, ტაქსის მძღოლი, რომელიც საქმეში მოწმედ ფიგურირებდა, მალე პოლიციაში დასაქმდა.
ოჯახის მტკიცებით დაკავების შემდეგ, სიხარულიძეზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს.
წყარო: ტვ პირველი - 20.01.2024.
_________________________________________________________
2023 წელი
- დეპუტატ კონცელიძესთან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესი და ინტერესთა კონფლიქტი
პარლამენტის წევრ რესან კონცელიძის საკანონმდებლო ინიციატივა ბათუმში სამშენებლო ამნისტიის შესახებ შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს, რადგან კონცელიძის ძმისშვილები ვახტანგ და გოჩა კონცელიძეები უშუალოდ არიან ჩართულნი სამშენებლო ბიზნესში ბათუმში. კონცელიძის კიდევ ერთი ძმისშვილი - არჩილ კონცელიძე, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსია და ბათუმში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა ევალება.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 22.12.2023
- 335 მილიონის კონტრაქტები მმართველი პარტიის მსხვილ დონორს
ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას მხოლოდ 3-მა კომპანიამ 2011-2023 წლებში 335 638 719 ლარი მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან. გარდა ამისა, მან სახელმწიფოდან სარგებლობაში ან/და საკუთრებაში 4 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსება მიიღო.
ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს. ჭყონიას ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი, ალა კახნიაური, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდანაა და დღესაც მისი რამდენიმე კომპანიის მმართველ რგოლშია.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 12.12.2023
- ექს-პრემიერ მამუკა ბახტაძის უძრავი ქონება
საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ძმა მცხეთაში ხუთსართულიან საცხოვრებელ რეზიდენციას აშენებს, რომლის რეალური მფლობელი თავად ექს-პრემიერია. ყოფილი პრემიერის ძმამ ისტორიულ ქალაქ მცხეთაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 610 და 199 კვ.მ მიწის ნაკვეთები 2016 წელს დაიკანონა. შემდეგ კი, სახელმწიფოსგან 35 წლის ვადით იჯარით მიიღო მომიჯნავე 1590 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მშენებარე სასახლის ეზოს ფუნქციას შეასრულებს. კითხვებს ბადებს როგორც თავად მიწების დაკანონების პროცესი და იჯარით გადაცემა, ასევე მშენებლობისთვის საჭირო სახსრები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით პრემიერის ძმას არ უნდა ჰქონოდა.
ჟურნალისტური გამოძიება ასევე აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის წევრად გახდომამდე მამუკა ბახტაძეს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მისი ქონება აუქციონზე გასაყიდად იყო გატანილი და საცხოვრებლიდან ასახლებდნენ.
წყარო: ტვ პირველი - 09.12.2023
- ადიგენის მერის წარმომადგენლის ოჯახის 2 მილიონამდე ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან
ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის გიორგი ენდელაძის ძმების კომპანიებმა 244 სახელმწიფო შესყიდვით 1 905 649 ლარი მიიღეს. აქედან 896 271 ლარი (47%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 07.12.2023
- კორუფცია თავდაცვის სამინისტროში
საგამოძიებო სიუჟეტი თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციულ შემთხვევებს ააშკარავებს. როგორც ირკვევა, ჯარი ვადაგასული პროდუქტებით იკვებება, დაბალი ხარისხის ტანსაცმლითა და თეთრეულით მარაგდება. საჯარო მოხელეები, რომლებმაც უარყოფითი დასკვნები დაწერეს საკვებისა და ტექსტილის ხარისხზე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მამხილებლების განცხადებით, ამ კორუფციულ პროცესში უშუალოდ ჩართულნი არიან მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მოადგილე ზურაბ აზარაშვილი (ამჟამად ჯანდაცვის მინისტრი). გარდა ამისა, კითხვებს ბადებს მშენებლობების ხარისხი. ამ პროცესში იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნებიც, რადგან სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და შესყიდვების სამსახურებში ბურჭულაძის ბიძაშვილის ოჯახის წევრები არიან დასაქმებულნი.
წყარო: ტვ პირველი - 02.12.2023
- იმერეთში წიაღის მომპოვებელი კომპანიების პოლიტიკური შეწირულებები და მოგებული ტენდერები
იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ და ამასთან მმართველი პარტიის შემწირველები არიან. ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2 485 931 ლარის პოლიტიკური შემოწირულება გაიღეს. წიაღის მოპოვების ლიცენზიის მქონე 26 კომპანიამ ჯამში 757 566 585 ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო.
ვანის საკრებულოს წევრმა მმართველი პარტიიდან 2019-2021 წლებში სახელმწიფოსგან 26 226 116 ლარის ოდენობის კონტრაქტები მიიღო. პაიკიძის შვილის ნათლია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - 22.11.2023; რადიო თავისუფლება - 27.06.2020.
- თავდაცვის მინისტრის შვილის მიწები კახეთში
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის 21 წლის ვაჟმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა კახეთში მიწის ნაკვეთები საეჭვო გარემოებებში დაირეგისტრირეს. კერძოდ, მიწები, რომელთა დაკანონებაზე საჯარო რეესტრმა ფიზიკურ პირებს ჯერ უარი უთხრა, შემდეგ ერთი და იგივე მოწმეების დახმარებით დაიკანონეს. დაკანონებიდან მეორე დღეს კი დავით ბურჭულაძის და მისი ბიზნეს-პარტნიორის საკუთრება გახდა. ამ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, სასტუმრო უნდა აშენდეს. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 1.5 მლნ ლარი დახარჯა ამ ნაკვეთებამდე გზისა და კომუნიკაციების მიყვანისთვის.
მინისტრის შვილის კიდევ ერთი ბიზნესია რუსული აბანოები, რომელთან მისასვლელი გზა ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
წყარო: ტვ პირველი - 18.11.2023
- პოლიციის მაღალჩინოსნის ძმის ბიზნესი მდინარე კინტრიშზე
ლიცენზიის გარეშე, პრემიერის განკარგულების საფუძველზე, მდინარე კინტრშიზე ინერტული მასალის მოპოვების შედეგად მდინარის კალაპოტი შეიცვალა, რამაც ადგილობრივების პრობლემები შეუქმნა. მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს შპს მაინინგ გრუპი, რომლის დირექტორი გურამ თამაზაშვილი, ქ. თბილისის პოლიციის უფროს სულხან თამაზაშვილის ძმაა. გარემოს დამცველი აქტივისტები და ადგილობრივების ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ იმაზე მეტი მასალის მოპოვება ხდება, ვიდრე ამას განკარგულება ითვალისწინებს, ხოლო კომპანიას, მისი დირექტორის კავშირების გამო, პასუხს არავინ სთხოვს.
წყარო: შაბათის ფორმულა - 18.11.2023
- დეპუტატ ირაკლი ზარქუას მოცვის ბიზნესი
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა სამეგრელოში მოცვის პლანტაციებს მესამე პირების საშუალებით ფლობს. 55 000 კვ.მ პლანტაცია ოფიციალურად ზარქუას სახელზე არ არის გაფორმებული, თუმცა, 19 000 კვ.მ მიწა მის დედას, ხოლო დანარჩენი ბიძას, ბიცოლას, ბიძაშვილებისა და სხვა ახლობლების სახელზეა. ადგილობრივების თქმით, პლანტაციები დეპუტატს ეკუთვნის.
წყარო: შაბათის ფორმულა - 18.11.2023
- კონტრაბანდული სიგარეტის ნაკვალევზე
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის სქემა. სტატია ასევე აჩვენებს კონტრაბანდული სიგარეტის საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში, გაყიდვის შემთხვევებსაც. რამდენიმე მამხილებლის, მათ შორის ყოფილი პოლიციელების, განცხადებით კონტრაბანდული საქონლის ბიზნესს გავლენიანი თანამდებობის პირები მფარველობენ.
წყარო: რადიო თავისუფლება - 31.10.2023.
- პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრის ქონება
ბაკურიანში ირაკლი ღარიბაშვილის სახლის მიმდებარედ 930 კვ.მ მიწა პრემიერის პენსიონერმა სიდედრმა, მაია პაპიაშვილმა, 150 000 დოლარად იყიდა. ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის ტერიტორიაზე პრემიერის დაცვა პატრულირებს და გადაადგილებას კრძალავს. ჩნდება ეჭვი, რომ ტერიტორია უკანონოდ პრემიერის ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაშია.
პრემიერის სიდედრმა თბილისში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება ნაღდი ანგარიშსწორებით, სესხის გარეშე 2018 წელსაც შეიძინა.
წყარო: ტვ პირველი - 30.09.2023
- საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის დაუდეკლარირებელი ქონება
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია სახელმწიფო კომპანია სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის, დაუდეკლარირებელი ქონება: ფეშენებელური ვილა, ძვირადღირებული მანქანა და მეუღლის ბრენდული აქსესუარები. კითხვებს აჩენს ამ ქონების შესაძენად საჭირო თანხების წარმომავლობაც, რადგან ფერაძის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლებით გაცილებით ნაკლებია.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა, დავით ფერაძემ მისი ახლო მეგობარი და ოჯახის წევრების ბიზნესპარტნიორები დანიშნა საქართველოს რკინიგზაში მაღალ თანამდებობებზე.
წყარო: სტუდია მონიტორი - 30.09.2023, 01.11.2023; OCCRP – 29.09.2023.
- ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძის მიერ მიღებული სახელმწიფო ქონება
ჟურნალისტური გამოძიება ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მიერ სახელმწიფო ქონების შუამავლებისა და ფიქტიური გარიგებების საშუალებით დაუფლების სავარაუდო კორუფციულ სქემას აჩვენებს.
კომპანია შპს ბლუბერი ლაბ 2019 წელს დაფუძნდა მოქალაქე ნინო ქარდავას მიერ. დაფუძნებიდან ორ კვირაში სახელმწიფომ 133 190 კვ.მ მიწა კომპანიას 25-წლიანი იჯარით, თვეში 437 ლარად გადასცა და 90 000 ლარიც გამოუყო მოცვის ბაღების გასაშენებლად. 2021 წელს ნინო ქარდავამ 33%-33% წილი რომეო მიქაუტაძეს და სს გეს საქრუსენერგოს დირექტორ ბაჩანა სულაძეს აჩუქა. საბოლოოდ, 2022 წელს რომეო მიქაუტაძის კომპანიამ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფოსგან იჯარით აღებული 133 ათასი კვ. მ მიწა აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით იყიდა, კვადრატული დაახლოებით 1,12 ლარად. ეს ქონება მიქაუტაძემ მისივე სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან იყიდა. ამასთან, რომეო მიქაუტაძესა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ნათელ-მირონობა და მეგობრობა აკავშირებთ.
გამოქვეყნების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2023
წყარო: ტვ პირველი
- ნინოწმინდის საკრებულოს მაღალჩინოსნის ბიძამ 3 მლნ ლარამდე შესყიდვები მიიღო
ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, გარუშ არზუმანიანის ბიძამ და მმართველი პარტიის შემწირველმა, რაზმიკ ღუმაშიანმა, 2013-2023 წლებში ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 2 840 710 ლარი მიიღო, აქედან 1 759 795 ლარი (მიღებული თანხის 61.9%) სხვების დისკვალიფიკაციის, უკონკურენტოდ ტენდერებისა პირდაპირი შესყიდვების გზით.
გამოქვეყნების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- ყოფილი თანამდებობის პირების 28 მილიონიანი სახელმწიფო შესყიდვები
თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ სულხან ზუმბურიძისა და მამუკა პაპუაშვილის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მილიონ ლარზე მეტი და 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთები მიიღეს 49 წლით, მათზე შენობა-ნაგებობების განთავსების უფლებით. ზუმბურიძე 2010-2018 წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი და მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო პაპუაშვილი ამავე სახელმწიფო კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრი იყო.
სულხან ზუმბურიძის ბიზნესპარტნიორებმა სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას 195 000 ლარი შეწირეს.
გამოქვეყნების თარიღი: 24 ოქტომბერი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის შვილის სახელზე გაფორმებული ბიზნესი და ქონება
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის 25 წლის შვილის, მარიამ ჩუბინიძის სახელზე არსებული სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი. გარდა ამისა, მხოლოდ 2023 წელს მარიამ ჩუბინიძის სახელზე დაახლოებით 12 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი გადაფორმდა.
ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ქარხნის მშენებლობა, მიწის ნაკვეთების შეძენა, საწარმოო ხაზის დამონტაჟება და ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყება მხოლოდ ხელფასით მოახერხეს, რომელიც ღია წყაროებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციით დაახლოებით 5000 ლარია. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ჩუბინიძის ოჯახმა საწარმოს მოსაწყობად ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსგან 491 263 ლარი მიიღო, ხოლო თავად ნახევარ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია ჩადო.
გამოქვეყნების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2023
წყარო: ტვ პირველი
- 53 მლნ ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვა სახელმწიფოსგან პრივილეგირებულ კომპანიას
სახელმწიფოსგან პრივილეგირებული კომპანია „ნეოსტარმა”, შვილობილ კომპანიებთან ერთად, 2011 წლიდან დღემდე 161 369 კვ. მ მიწის ნაკვეთები (მათ შორის 129 852 კვ. მ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად) და 53 661 137 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს. მათი უმრავლესობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებია, ხოლო ეს კომპანიები დაკავშირებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ უფროს ბადრი რომანაძესთან.
გამოქვეყნების თარიღი: 28 სექტემბერი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- „ჯავახეთის ფეოდალი“
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ჯავახეთში დეცენტრალიზაციის ნაცვლად, კვლავაც კლანური მმართველობაა და მიწების უდიდესი ნაწილი რამდენიმე გავლენიანი და მდიდარი ადამიანის საკუთრებაში აღმოჩნდა. მაგალითად, სუმბატ და სეირან კიურეღიანების მფლობელობაში მონაკოს სახელმწიფოზე უფრო დიდი, რამდენიმე მილიონი კვ. მ ფართობის მიწაა. სუმბატ კიურეღიანი 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატია პარლამენტში, მანამდე 2012-2020 წლებში ის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მამამისი, სეირან კიურეღიანი კი 17 წელი ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. სუმბატ კიურეღიანი, მისი ცოლი, დედა, მამა და შვილი ჯამში ჯავახეთში დაახლ. 3 800 000 კვ. მ მიწას ფლობენ.
გამოქვეყნების თარიღი: 5 აგვისტო, 2023
წყარო: რადიო თავისუფლება/სტუდია მონიტორი
- კორუფციის რისკები აბასთუმანში
2018 წლის აგვისტოდან 2022 წლის დეკემბრამდე 6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის 249 920 551 ლარი დახარჯა, თითქმის 14-ჯერ მეტი, ვიდრე 2012-2018 წლებში. მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით საკუთარი ეკონომიკური დაინტერესება ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა. დახარჯული თანხის 83.1% „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მმართველი პარტიის ანგარიშზე 1 276 000 ლარი შეიტანეს.
გამოქვეყნების თარიღი: 9 დეკემბერი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სამსახურში
2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB) თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ ფარცხალაძისა და მისი მეუღლის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაზეც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა. გარდა ამისა, მან მნიშვნელოვანი ქონება შეიძინა რუსეთშიც. 2016 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, თბილისის მერიამ ფარცხალაძის კომპანიას, სავარაუდოდ კორუფციული გარიგების შედეგად, არამართლზომიერად გადასცა ქონება.
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის შემთხვევაში, ოთარ ფარცხალაძის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა არაერთ საქმეზე უნდა დამდგარიყო.
გამოქვეყნების თარიღი:16 სექტემბერი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – 16.09.2023, 09.11.2018, 28.02.2018; ტვ პირველი - 16.09.2023, 23.09.2023; აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი - 14.09.2023.
- სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და შვილი სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით 19 აგვისტოს წაიყვანა თბილისიდან მიუნხენში. ერთი კვირის განმავლობაში თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში ამერიკაში მყოფ პრემიერ ელოდებოდა, რომელიც უკან თბილისში, ამავე თვითმფრინავით 28 აგვისტოს დაბრუნდა. ფრენის ნამდვილობა დაადასტურა კომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” მფლობელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა.
მოგვიანებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის მგზავრობა სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით თბილისიდან მიუნხენამდე და უკან 34 000 ევრო დაჯდა და აღნიშნული თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. კითხვებს ბადებს ამ თანხის წარმომავლობაც, რადგან პრემიერის მამა პენსიონერია და მსგავსი თანხის გადახდა არ უნდა შესძლებოდა.
კიდევ ერთი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის არაერთხელ გამოიყენა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. კალაძემ ჟურნალისტს ეს ფაქტი დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მომსახურების ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
გამოქვეყნების თარიღი: 9 სექტემბერი, 2023
წყარო: ტვ პირველი - 09.09.2023, 16.09.2023.
- პრემიერ-მინისტრის საგვარეულო მამულის გაფართოება და დაუსაბუთებელი ქონება
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, როგორ გაიზარდა 2012 წლიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგვარეულო მამულები დედოფლისწყაროში. პრემიერად გახდომის შემდეგ მამულის ფართი 4-ჯერ გაფართოვდა და 6 126 კვ.მ მიაღწია. 2023 წლის 27 მარტს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა 1339 კვ.მ-ში 5000 ლარი, კვ. მ მიწაში - 3.37 ლარი გადაიხადა, რაც საბაზრო ფასზე 15-ჯერ ნაკლებია, რაც აჩენს ეჭვებს სავარაუდო არალეგალური შემოსავლის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამოძიების თანახმად, პრემიერის ოჯახის მიერ გალავნით შემორტყმული ტერიტორიის ნაწილი, მათ არ ეკუთვნით და უკანონოდ არის მითვისებული.
პრემიერის პენსიონერმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წლის თებერვალში ღვინის ქარხნის წილი იყიდა, მარტში - მეზობლის სახლ-კარი და მიწა, ხოლო 2021-2022 წლებში შვილს 300 000 ლარი აჩუქა. შვილის გაპრემიერების შემდეგ მან ჯამში 27 494 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებიც შეიძინა.
როგორც ოფიციალური პირები იუწყებიან, პრემიერს ჩარტერული რეისის 100 000 ლარიც მამამ დაუფინანსა. ამასთან, ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ პრემიერის ოჯახი კახეთში შატოსაც ფლობს. პრემიერის მამამ ააშენა კომპლექსი 3 ნაგებობით, 27 494 კვ. მ ტერიტორია ლითონით შემოღობა. ღარიბაშვილის შატოსკენ მიმავალი გზის მონაკვეთი კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააგო. კიდევ ერთი გამოძიებით ნაჩვენებია, რომ ტარიელ ღარიბაშვილი მისი შვილის გაპრემიერებამდე არც მილიონერი იყო და არც მნიშვნელოვან ქონებას ფლობდა.
გამოქვეყნების თარიღი: 6 მაისი, 2023 - 16 სექტემბერი, 2023
წყარო: ტვ პირველი - 6.05.2023, 16.09.2023-I, 16.09.2023-II.
- პრემიერ-მინისტრის მეუღლის ძვირადღირებული წვეულება
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, პრემიერის მეუღლის მდიდრული წვეულება, რომელიც მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა. წვეულებისთვის წარმართვაში მოქმედი საჯარო მოხელეები არიან ჩართულნი. საჯაროდ დეკლარირებული შემოსავლის მიხედვით, პრემიერის ოჯახს ამ წვეულების ხარჯების ანაზღაურება არ შეუძლია. სიუჟეტების მიხედვით, დაირღვა მოქმედი კანონმდებლობა, რომლითაც პრემიერის მეუღლეს წლის განმავლობაში 1000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის მიღება არ შეუძლია, და ამავდროულად, მან მთავრობის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
გამოქვეყნების თარიღი: 9 სექტემბერი, 2023
წყარო: ტვ პირველი - 09.09.2023, 23.09.2023.
- საგარეჯოს მერიის საეჭვო ტენდერები
2017-2021 წლებში საგარეჯოს მერიამ შპს მაიას სახელმწიფო შესყიდვებით თითქმის 1.5 მლნ ლარის კონტრაქტები გაუფორმა. სავარაუდოდ, ტენდერები თავიდანვე ამ კომპანიაზე იყო მორგებული: 18 ტენდერიდან 8-ში კომპანიას კონკურენტი არ ჰყავდა; 8 ტენდერი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო; ხოლო 18 ტენდერიდან 17-ში კონტრაქტის საბოლოო თანხა გაიზარდა. სავარაუდოდ, მერია ტენდერებს საჭიროზე დაბალ ფასად განზრახ, კონკურენციის შეზღუდვის მიზნით, აცხადებდა.
გამოქვეყნების თარიღი: 16 აგვისტო, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- ქუთაისის მერიამ ახალ კომპანიას მსხვილი კონტრაქტი გაუფორმა
ქუთაისის მერიამ მმართველი პარტიის შემწირველების მიერ დაფუძნებულ, გამოუცდელ კომპანიას 214,524 ლარის გამარტივებული (პირდაპირი) კონტრაქტი გაუფორმა იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომლის საჭიროებაც დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი.
გამოქვეყნების თარიღი: 8 ივლისი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის არადეკლარირებული ქონება და შემოსავალი
პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა 58 000 ევროდ შეძენილი პარკინგის ადგილი პარიზში, 1 200 000 დოლარად ნაყიდი აპარტამენტები დუბაიში. ის დუბაიში ერთ-ერთ აპარტამენტს აქირავებს, საიდანაც წლიურად დამატებით 20 000$ აქვს შემოსავალი, რომელიც ასევე არ არის ასახული დეკლარაციაში.
გამოქვეყნების თარიღი: 8 ივლისი, 2023
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება, OCCRP.
- საეჭვო შესყიდვები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის მეგობარსა და კლასელ ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიები ადგილობრივ შესყიდვებში იმარჯვებენ.
2018 წლიდან დღემდე შპს “როუდ პლიუსი”-მა და შპს “ბილდინგ გრუპ 17”-მა, ჯამში 22 108 948 ლარის ტენდერები მიიღეს, საიდანაც 77% უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგეს. საინტერესოა, რომ 12 129 286 ლარის შესყიდვები უშუალოდ ზუგდიდის მერიაზე მოდის.
გამოქვეყნების თარიღი: 4 ივლისი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- პრემიერ-მინისტრის ახლობლები საჯარო სამსახურში და სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდების კორუფციული სქემა
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევები, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ახლობლების საჯარო სექტორში დასაქმების მაგალითები.
გამოძიებაში ასევე ნაჩვენებია სახელმწიფო მიწების იაფად მიღების სავარაუდო კორუფციული სქემა: სახელმწიფო ქონება ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადადის, შემდეგ მერია მიწების შესაფასებლად კერძო აუდიტს მიმართავს, რომელიც ქონებას საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად აფასებს. მაგალითად, მიწა იაფად ჯერ სავარაუდოდ ფიქტიურმა პირებმა იყიდეს, შემდეგ ირაკლი შიოლაშვილზე, ნუნუკა თამაზაშვილის კლასელზე, გასხვისდა. სახელმწიფო მიწის იაფად ამ სქემით პრემიერის მამამაც, მისმა ბიზნესპარტნიორებმაც მიიღეს.
გამოქვეყნების თარიღი: 24 ივნისი, 2023
წყარო: ტვ პირველი
- ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიების საეჭვო ტენდერები
ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 49 სახელმწიფო შესყიდვით, 2014-2022 წლებში 2 687 008 ლარი მიიღეს. აქედან 1 928 488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი ნათესავი იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
გამოქვეყნების თარიღი: 22 ივნისი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში
ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. მის დაქვემდებარებაშია იურიდიულ საკითხთა და სემეკ-თან ურთიერთობისა და გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტები. ამ ორ დეპარტამენტში ზარდიაშვილთან, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული.
გამოქვეყნების თარიღი: 19 ივნისი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- შინაგან საქმეთა მინისტრის ქონება
მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სახელზე ახალი უძრავი ქონება დარეგისტრირდა. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "არქი თაუერში" 200 კვ.მ საცხოვრებელი ფართში, დეკლარაციის მიხედვით, გომელაურმა 542 000 ლარი გადაიხადა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, "არქი თაუერში" კვ.მ-ის ღირებულება სულ მცირე 2 800 $-ია და მინისტრს რეალურად მილიონნახევრიანი საბაზრო ღირებულების ახალი ქონება აქვს. ამასთან, სხვადასხვა გარემოებები მიუთითებს, რომ გომელაური ამ ბინას მანამდე ფლობდა, ფიქტიურად კი სხვაზე იყო გაფორმებული.
2022 წლის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გომელაურის პირადი მცველი გიორგი მელაძე 2017 წლიდან ჭავჭავაძის გამზირზე "არქი თაუერში" 2 მიწისქვეშა ავტოფარეხს ფლობდა, რაც აჩენდა ეჭვს, რომ ეს ქონება ვახტანგ გომელაურს ეკუთვნოდა და აქ ბინასაც ფლობდა, რაც 2023 წელს დადასტურდა. 2022 წლის გამოძიების მიხედვით, გომელაურის მცველის სახელზე მილიონიანი ბიზნესები და უძრავი ქონებაა.
2023 წლის დასაწყისში კიდევ ერთი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გომელაური სამშენებლო და სათამაშო ბიზნესებსაც ფლობს, რომელიც ფიქტიურად დავით ველიჯანაშვილის სახელზე აქვს გაფორმებული.
გამოქვეყნების თარიღი: 17 ივნისი, 2023
წყარო: ტვ პირველი: 2023-II; 2023-I; 2022
- კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის უკონკურენტო ტენდერები აჭარაში
კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის, ილდარ ნევეროვის კომპანია „სევერი” (Север) უკონკურენტო ტენდერებს იგებს აჭარაში. 2013 წლიდან დღემდე კომპანია 73 სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობდა, 69-ში გაიმარჯვა, მათ შორის 63-ში უკონკურენტოდ, 6-ში კი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. ჯამში მან 4,816,286 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში კომპანიასთან 163,428 ლარის 39 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს.
გამოქვეყნების თარიღი: 9 ივნისი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://t.ly/ncsy
- სავარაუდო კორუფციული სქემები თბილისის მერიაში
ჟურნალისტური გამოძიება აღწერს სქემას, რომლის მიხედვით, სამშენებლო ბიზნესი თბილისის მერიისგან, სავარაუდოდ კორუფციული გარიგების შედეგად, იღებს კორპუსების ასაშენებელ მიწების მშენებლობისთვის გამოუსადეგარი მიწების სანაცვლოდ.
მოქალაქე შალვა ქვრივიშვილმა 6 დღეში მშენებლობისთვის უსარგებლო მიწის ნაკვეთები 1 100 000 ლარად შეიძინა, ხოლო 11 დღეში მერიას მიმართა, მიწების გაცვლა მოითხოვა და, საბოლოოდ, ლისზე კორპუსების ასაშენებელი მიწა მიიღო. გამოძიების მიხედვით, ქვრივიშვილს მილიონიანი ქონების ყიდვა არ შეეძლო, მით უფრო სესხის გარეშე. ქვრივიშვილის ბიზნესპარტნიორმა და კომპანიის მეწილემ მმართველ პარტიას 50 000 ლარი შესწირა.
გამოქვეყნების თარიღი: 27 მაისი, 2023
წყარო: ტვ პირველი - https://t.ly/ZLMO
- პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიაზე მორგებული მრავალმილიონიანი ტენდერის სავარაუდო შემთხვევა
შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ ალავიძის კომპანიამ „საქართველოს რკინიგზისგან“ 7.8 მლნ ლარიანი კონტრაქტი სავარაუდოდ მასზე მორგებული ტენდერის გზით მიიღო.
„საქართველოს რკინიგზამ“ მიმწოდებლისგან არანაკლებ 20 წლიანი უწყვეტი გამოცდილება მოითხოვა, რითაც ალავიძის კომპანია შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯია“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნეს რეესტრის მიხედვით, საქართველოში უსაფრთხოების დაცვის სექტორში 20 წლიანი გამოცდილება, რომელიც დაცვის მომსახურება ცოცხალი ძალით ეწევა მხოლოდ ამ კომპანიას აქვს.
გამოქვეყნების თარიღი: 23 მაისი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://t.ly/VXPM
- სავარაუდო კორუფცია რთველის სუბსიდირების პროგრამაში
საქართველოს პარლამენტის წევრ, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ, სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში ჯამში 8 562 573 ლარი მიიღო 2013-2022 წლებში. კომპანიებში ზაალ დუგლაძესთან ერთად საკუთარი ბიზნესინტერესები გააჩნია ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს.
რთველის სუბსიდირებაში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 2022 წელსაც წერდა: 2021 წელს მთავრობის მიერ რთველის სუბსიდირებაზე დახარჯული 138 მილიონი ლარიდან სუბსიდიების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღეს მმართველი პარტიის შემწირველმა და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფმა კომპანიებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვამ მიიღო.
გამოქვეყნების თარიღი: 11 მაისი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო: 2023, 2022.
- 290 000 ლარი ბიუჯეტიდან დეპუტატ გოჩა ენუქიძის ერთი სასტუმროდან მეორემდე გზის დასაგებად
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 290 000 ლარი გამოყო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის კუთვნილი ერთი სასტუმროდან მეორე, ახალაშენებულ სასტუმრო კოტეჯებამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის. ამ მონაკვეთზე არსებული ვიწრო გზის გასწვრივ არავინ ცხოვრობ და მას ოფიციალურად ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სტატუსიც კი არ აქვს.
ენუქიძის ბიზნესობიექტამდე ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამანქანო გზის რეაბილიტირების პირველი შემთხვევა არ არის. სოფელ სადმელში, ამბროლაურის აეროპორტიდან 5 წუთის სავალზე, დეპუტატის სასტუმრო „კარსეს“ კომპლექსამდე მისასვლელი მეორე სამანქანო (შემოვლითი) გზის მშენებლობაც მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.
გამოქვეყნების თარიღი: 8 მაისი, 2023
წყარო: მთის ამბები - https://bit.ly/3Ifwcey, https://bit.ly/3MsMJyv
- ეკონომიკის მინისტრის ძმისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება და საეჭვო გარემოებები
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, როგორ გახდა ვიცე პრემიერ, ლევან დავითაშვილის ძმა, დავით დავითაშვილი საგურამოში 8 500 კვ. მ-ის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მფლობელი.
11 610 კვ. მ სახელმწიფომ ნაწილებად გაყო. 2 500 კვ. მ-ს სტატუსი შეუცვალა, რომ მშენებლობა გამხდარიყო შესაძლებელი და სამ კვირაში პირდაპირი მიყიდვის წესით მინისტრის ძმას კვ. Მ 40 ლარად მიყიდა, ხოლო გვერდით მდებარე 6 000 კვ. მ მიწის ნაკვეთი სახნავ-სათესად დატოვა და აუქციონზე იჯარით გამოიტანა, რომელიც ასევე დავით დავითაშვილმა სახელმწიფოსგან თვეში 30 ლარად იჯარით, სასოფლო-სამეურნეო ვალდებულებით აიღო. აღებული ვალდებულების შესრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა შეემოწმებინა. იმ დროს კი მინისტრი მისი ძმა ლევან დავითაშვილი იყო. 2020 წელს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ეს ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფომ დავით დავითაშვილს კვ. მ 26 ლარად საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად მიჰყიდა.
ამავე განკარგულების საფუძველზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მაშინდელი უფროსის არჩილ ნიკოლეიშვილს ძმამ, გიორგი ნიკოლეიშვილმაც შეიძინა. არჩილ ნიკოლეიშვილმა ბაკურიანის ტყის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს ნახევარი საუკუნით გადასცა.
გამოქვეყნების თარიღი: 6 მაისი, 2023
წყარო: ტვ პირველი - https://bit.ly/3LE7zt7
- დეპუტატ ფრიდონ ინჯიას მიერ სახელმწიფო მიწების მისაკუთრების საეჭვო გარემოებები
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია დეპუტატ ფრიდონ ინჯიას მიერ მარტვილში სახელმწიფო მიწების სავარაუდო მიტაცების სქემები. სიუჟეტში მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა, როცა დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები სახელმწიფო ქონებას უსასყიდლოდ ირეგისტრირებენ, სავარაუდოდ ყალბი ცნობების საფუძველზე, თითქოს აღნიშნული მიწები მათ სარგებლობაში წლების მანძილზე იყო. მაგალითად, ინჯიას სიძემ სოფელ ბანძაში 52 412 კვ. მ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა უსასყიდლოდ დაირეგისტრირა, რომელიც ადგილობრივების ცნობით, ხალხის საერთო სარგებლობაში იყო.
გამოქვეყნების თარიღი: 6 მაისი, 2023
წყარო: ტვ პირველი - https://bit.ly/3VEdxig
- ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო
ახალციხის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისა და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“, 2020-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 8,797,512 ლარი მიიღო. აქედან, 2,935,177 ლარი (33.3%) ახალციხის მერიიდან დაერიცხა. მათ შორის, 2,290,017 ლარზე (78%) ხელშეკრულებები ახალციხის მერიამ უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებზე გაუფორმა.
გამოქვეყნების თარიღი: 25 აპრილი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://bit.ly/3M1iUF2
- ყოფილი თანამდებობის პირის კომპანიის საეჭვო ტენდერები
ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილის და 2012 წელს ბოლნისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით ჩართოლანის კომპანია შპს „ქორულდი” მესტიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება 2,247,897 ლარია. 6 ტენდერიდან ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა, ხუთჯერ უკონკურენტოდ, ერთხელ - კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
გამოქვეყნების თარიღი: 19 აპრილი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://t.ly/4Vnw
- სავარაუდო კორუფცია პოლიტიკური შემოწირულებების გაღებისას
ბათუმის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ნუკრი დოლიძემ ქართულ ოცნებას 50 000 ლარი შესწირა, ტენდერებიდან კი 2023 წლის პირველ ოთხ თვეში 45 მლნ ლარი მიიღო.
2021 წლის კვლევის მიხედვით, ნუკრი დოლიძის კომპანიები „ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებლები არიან. 2010-2021 წლებში ორივე კომპანიამ უმეტესად ბათუმის მერიიდან და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მილიონ ლარამდე მიიღო, მათ შორის 68% - უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში.
გამოქვეყნების თარიღი: 19 აპრილი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://t.ly/4Vnw, bit.ly/3CYx03z
- დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის კომპანია სახელმწიფო შესყიდვებს იღებს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანიამ ტენდერებიდან 6,549,941 ლარი, ხოლო საიდუმლო შესყიდვებიდან, სავარაუდოდ, 13,077,076 ლარი მიიღო. ალეკო ხვისტანი შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, მისი მეუღლე მაია ჭელიძე კი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია.
ალეკო ხვისტანი “ქართული ოცნების” შემწირველიცაა. მან მმართველ პარტიას 2014-2020 წლებში ჯამში 110,000 ლარი.
გამოქვეყნების თარიღი: 13 აპრილი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://bit.ly/3ZYfXJ3
- სავარაუდო პოლიტიკური კორუფცია ხელვაჩაურის საკრებულოში
რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე 16,000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი უბნის (Salibauri Hills) მშენებლობას გეგმავენ. კომპანიასთან დაკავშირებულმა საქართველოს ორმა მოქალაქემ მმართველ პარტიას ჯამში 40 000 ლარი შესწირა და ორ კვირაში ხელვაჩაურის საკრებულოსგან განაშენიანების დეტალური გეგმაზე (გდგ) თანხმობა მიიღო. შემოწირულებისა და ნებართვის გაცემის თარიღებს შორის სიახლოვე აღძრავს ეჭვს, რომ შემოწირულების მიზანი შესაძლოა მშენებლობის ნებართვის მოპოვება ყოფილიყო. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწირულება სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს, აღძრავს ეჭვს, რომ ეს თანხა შესაძლოა არა მათ, არამედ მშენებელი კომპანიის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.
გამოქვეყნების თარიღი: 12 აპრილი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- სენაკის მერის ნათესავების კომპანიები სენაკის მერიის ტენდერებს იგებენ
სენაკის მერის ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია სს “არქეოპოლისმა” 2023 წელს უკონკურენტოდ გაიმარჯვა ორ ტენდერში, რომელთა ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 5,251,682 ლარი შეადგინა.
სენაკის მერად ვახტანგ გადელია 2021 წელს აირჩიეს და 3 თვეში მისი ბიძის და ბიძაშვილის კომპანიებმა (სს „არქეოპოლისი“ და შპს „ინდიკო“) 2,614,550 ლარის ღირებულების 5 ადგილობრივი ტენდერი უკონკურენტოდ მოიგეს. ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა „არქეოპოლისში“.
გამოქვეყნების თარიღი: 4 აპრილი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://bit.ly/3KujSaT, https://bit.ly/3RSRmCs
- საეჭვო ნებართვები და ბინები თბილისის მერის მოადგილის ნათესავებისთვის
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის სამშენებლო კომპანიებთან საეჭვო კავშირებზე. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, თბილისის მერია მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვებს მაინც გასცემს და სამშენებლო კომპანიების მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ამ კომპანიების მიერ აშენებულ კორპუსებში კი, ირაკლი ბენდელიანის ნათესავების ბინები აღმოაჩინეს, მათ შორის ოჯახის წევრების.
გამოქვეყნების თარიღი: 27 მარტი, 2023
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება - https://bit.ly/3mlYr3L
- კორუფციის შესაძლო შემთხვევები მუნიციპალურ დონეზე
ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანია ადგილობრივ ტენდერებს იგებს. მარტინ გაბრიელიანი, რომელიც 2013 წლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს, სახელმწიფო შესყიდვებს იღებს. მისმა კუთვნილმა შპს „მეგობრობა-5”-მა, 2019 წლის აგვისტოდან დღემდე 1,390,861 ლარის 36 სახელმწიფო შესყიდვა გააფორმა. აქედან, 21 შესყიდვით 667,186 ლარი (47.9%) ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა.
გამოქვეყნების თარიღი: 27 მარტი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://bit.ly/3o0VmXp
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კომპანია მილიონიან სახელმწიფო შესყიდვებს იღებს
ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის, კომპანია შპს ინფრაკონმა (ს/კ 405259660) რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებზე გააფორმა ხელშეკრულება. მაგალითად, ჯაველიძის კომპანიამ 2022 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან 1,438,247 ლარის, 2023 წელს ქარელის მუნიციპალიტეტთან კი 2,344,770 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.
რევაზ ჯაველიძე შპს ინფრაკონის 100% წილის მფლობელია, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს მესამე პირზე.
გამოქვეყნების თარიღი: 25 მარტი, 2023
წყარო: ტვ პირველი - https://bit.ly/3MxZWXe
- „სასამართლო ვანო ჩხარტიშვილის სამსახურში“
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, თუ როგორ უგებს ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი ინვესტორებს ათეულობით მილიონ დოლარს ქართულ სასამართლოში, როგორ დააკისრა ორი ინსტანციის სასამართლომ 12 მლნ დოლარის გადახდა ყაზახურ კომპანიას ჩხარტიშვილის კომპანიის სასარგებლოდ, რისთვის ასესხა წამგებიანმა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზამ“ ჩხარტიშვილის კომპანიას 8.5 მილიონი დოლარი.
გამოქვეყნების თარიღი: 1 მარტი, 2023
წყარო: რადიო თავისუფლება - https://bit.ly/3kLY7un, https://bit.ly/3muATsV
- მინისტრის მოადგილის დაუსაბუთებელი ქონება
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის სავარაუდო დაუსაბუთებელი ქონება: ძვირადღირებული სახლები და მანქანები, სასტუმროს ბიზნესი, დეველოპერული კომპანია მიწებით წავკისსა და წაღვერში.
გარდა ამისა, გამოძიება გვიყვება მერიის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების მიერ თბილისის ტურისტულ ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ყიდვის შესახებ, სავარაუდოდ, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით.
გამოქვეყნების თარიღი: 25 თებერვალი, 2023
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება - https://bit.ly/3mvr9i7
- „მბრუნავი კარის“ და ნორმატიული აქტის კონკრეტული კომპანიისთვის მორგების სავარაუდო შემთხვევა
საქართველოს სახელმწიფო კომპანიის სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ამბოკაძემ თანამდებობის დატოვებიდან ერთ დღეში კომპანია (შპს ინტერ რაო საქართველო) დაარეგისტრირა, რომელიც რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში და ტრანზიტში ჩაერთო. ეს ქმედება „მბრუნავი კარის“ განმარტებაში ჯდება.
ამბოკაძის კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მისი მოგების ზრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დადგენილებაში განხორციელებულმა ცვლილებამ განაპირობა.
გამოქვეყნების თარიღი: 23 თებერვალი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://bit.ly/3KYk3Nh
- თანამდებობის პირების უკანონო მშენებლობა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აჭარაში 3 თანამდებობის პირის სავარაუდო უნებართვო მშენებლობები გამოავლინა, კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ედუარდ ნაკაშიძემ საცხოვრებელი სახლი უკანონოდ აიშენა; ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის მეუღლემ უკანონოდ აწარმოა სამშენებლო სამუშაოები და სახლის საერთო ფართობი 5-ჯერ გაიზარდა; სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის, თემურ ყურშუბაძის მეუღლემ უკანონოდ ააშენა 2 ახალი შენობა-ნაგებობა.
გამოქვეყნების თარიღი: 20 თებერვალი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://bit.ly/3mrw189
- სავარაუდო კორუფციული შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალურ შესყიდვებში
თერჯოლის საკრებულოს წევრების მეგობრის და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ყოფილი თანამშრომლის, ლადო ხვარეშიას კომპანია „გოლდ ფაუერმა“ სახელმწიფო შესყიდვებით, 9 თვეში 500 000 ლარის ხელშეკრულებები მიიღო. პირველი ტენდერი კი დაარსებიდან სულ რაღაც ორ თვეში მოიგო. ერთ-ერთ ტენდერში თერჯოლის მერიამ ხვარეშიას კომპანიის კონკურენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა ისეთი „ხარვეზის“ გამო, რომელიც სხვა დროს პრობლემა არ ყოფილა.
გამოქვეყნების თარიღი: 15 თებერვალი, 2023
წყარო: აი, ფაქტი/ifact.ge - https://bit.ly/3BzSlAU
- სავარაუდო კორუფციული გადაწყვეტილება თევზჭერის ლიცენზიების გაცემისას
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2018 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შავ ზღვაში ქაფშიის მოპოვებაზე ლიცენზია 2036 წლამდე გაუგრძელა ოთხ კომპანიას. ლიცენზიანტი კომპანიის მეწილეები მმართველ პარტიასთან “ქართულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან უჩა მამაცაშვილთან არიან დაკავშირებული.
გამოძიების თანახმად, შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, მთავრობამ ბიზნესის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, კომპანიებს სალიცენზიო პირობები შეუცვალა და, ამასთან, ლიცენზირებული კომპანიები ფაქტობრივად მონოპოლისტურ მდგომარეობაში ჩააყენა.
გამოქვეყნების თარიღი: 11 თებერვალი, 2023
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება - https://bit.ly/3zL4z8R
- თავდაცვის მინისტრის შვილის ბიზნესი
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის შვილის, დავით ბურჭულაძის, კომპანია შპს კოლხეთი (ს/კ 405369694) სოფელ მუხათწყაროში რუსულ აბანოებს აშენებს. მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო და უკვე დასრულებულია. ჯუანშერ ბურჭულაძე, დავით ბურჭულაძე და კომპანია ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებული, თუმცა მინისტრმა შვილი და მისი ბიზნესი დეკლარაციაში არ მიუთითა. კომპანიის დაფუძნების დროს მინისტრის შვილი 19 წლის იყო.
გამოქვეყნების თარიღი: 11 თებერვალი, 2023
წყარო: ტვ პირველი - https://bit.ly/40eqyzC
- მესტიის საკრებულოს წევრის კომპანია ადგილობრივ შესყიდვებს იღებს
მესტიის საკრებულოს ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების კომისიის თავმჯდომარესთან, ბაჩუკი ნაკანთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს “ბუილდერ 21”-მა ადგილობრივი შესყიდვებიდან 1 212 404 ლარი მიიღო, მათ შორის 578 898 ლარი - ბაჩუკი ნაკანის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ. კომპანიამ ყველა ტენდერში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა.
გამოქვეყნების თარიღი: 8 თებერვალი, 2023
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- ვახტანგ გომელაურის სიძის მილიონიანი ქონება
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიძე, შალვა ომსარაშვილი, მინისტრის შვილთან ქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე და შემდეგ, დაახლოებით 1 წელიწადში, მილიონიან ქონებას აგროვებს. მინისტრის სიძის სახელზე ფიქსირდება ძვირადღირებული მანქანები და ბინები თბილისში, მაშინ როცა ანა გომელაურთან ქორწინებამდე ომსარაშვილის სახელზე გურჯაანში მხოლოდ რამდენიმე ჰა მიწის ნაკვეთი იყო რეგისტრირებული.
გამოქვეყნების თარიღი: 4 თებერვალი, 2023
წყარო: ტვ პირველი - https://bit.ly/41wk5RK
_________________________________________________________
2022 წელი
- ნეპოტიზმის, ინტერესთა შეუთავსებლობისა და უკანონო გამდიდრების სავარაუდო შემთხვევები
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია სავარაუდო ნეპოტიზმის ათობით შემთხვევაზე, როდესაც პარლამენტის წევრების, მინისტრებისა და მათი მოადგილეების ოჯახის წევრები სახელმწიფოს მიერ დაარსებულ და დაფინანსებულ ორგანიზაციებში საქმდებიან. ასევე, გამოძიებაში მოხვდა სავარაუდოდ ინტერესთა შეუთავსებლობისა და უკანონო გამდიდრების, პარტია „ქართული ოცნებასთან“ დაახლოებული პირებისა და ე.წ პარტიული აქტივის სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შემთხვევები.
გამოქვეყნების თარიღი: 25 დეკემბერი, 2022
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება - https://bit.ly/3X45VVf
- „ქართული ოცნების“ შემწირველის 1.7 მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ასაშენებელი შენობის არქიტექტურული მომსახურების შესყიდვის მიზნით 1,724,814 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა კომპანიასთან, რომელიც ეკუთვნის „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველს, და წარსულში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პროექტის, „პანორამა თბილისის“ არქიტექტორს გიორგი ჭყონიას.
გამოქვეყნების თარიღი: 5 დეკემბერი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://bit.ly/3YJS5ZF
- ბიძინა ივანიშვილის ინტერესები და ცემენტის ბიზნესი
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ქართული ცემენტის მწარმოებელი კომპანია “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია” ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. გამოძიების მიხედვით, კომპანიის ივანიშვილთან კავშირის გამო, სახელმწიფო უწყებები კომპანიის კანონდარღვევებზე სათანადოდ არ რეაგირებენ.
გამოქვეყნების თარიღი: 26 ნოემბერი, 2022
წყარო: რადიო თავისუფლება - https://t.ly/U9d0, https://t.ly/Z8NT
- დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული სახელმწიფო მიწა
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ქართული ოცნების” დეპუტატის ლევან მგალობლიშვილის ოჯახმა წყნეთში სახელმწიფოს კუთვნილი მიწა უკანონოდ მიიტაცა, შემოღობა და სახლიც ააშენა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მიწა თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილებაა და არც იჯარითაა გაცემული.
გამოქვეყნების თარიღი: 26 ნოემბერი, 2022
წყარო: ტვ პირველი - https://bit.ly/3GQCIYM
- სავარაუდო პოლიტიკური კორუფცია რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებით
სტატიაში აღწერილია გარემოებები, რაც მიუთითებს შესაძლო პოლიტიკურ კორუფციაზე მმართველ პარტიასთან დაახლოებული რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის მონაწილეობით. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ხიდაშელი 2020 წელს მმართველ პარტიას ამომრჩეველთა მობილიზების მიზნით პოლიტიკურად მოტივირებული საქმის წამოწყებაში დაეხმარა, მან პრიორიტეტულად მიიღო, 13-ჯერ უფრო მომგებიანი ბუნების კონსერვაციის პროექტის ხარჯზე, რაჭის ტყეში კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობის უფლება, რის შედეგადაც სახელმწიფომ დაახლოებით 2 მილიონი ლარის ზიანი მიიღო.
გამოქვეყნების თარიღი: 24 ნოემბერი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3GYQTM8
- დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის სამშენებლო ბიზნესი
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ქართული ოცნების” დეპუტატის ლევან მგალობლიშვილის სამშენებლო ბიზნესებს პირადად კურირებს, თუმცა კომპანიები ცოლის და სიმამრის სახელზეა რეგისტრირებული. ამასთან, კომპანია შპს “მარშალ დიდი დიღომი” ბინებს ისე ყიდის, რომ თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვა სრულად მიღებული არ აქვს.
გარდა ამისა, გუდაურის სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის აშენებაზე დასაქმებული მუშები აცხადებენ, რომ კომპანია გაწეულ სამუშაოს არ უნაზღაურებს, ხოლო როცა გააპროტესტეს, მათ დეპუტატი პირადად დაემუქრა.
გამოქვეყნების თარიღი: 19 ნოემბერი, 2022
წყარო: ტვ პირველი - https://bit.ly/3A4fZo7
- არჩევნების გაყალბების სქემა
საფრანგეთში გაქცეული რუსთავის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ონიანი, ამხელს მმართველი პარტიის მიერ არჩევნებში ხმების მობილიზების სქემას. ონიანის თქმით, არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან ხალხის მოსასყიდად და შავი საქმეებისთვის დიდი ოდენობით შავ ფულს ატანდნენ. რუსთავში მობილიზებული ხმების სანაცვლოდ პარტია ან ფულს იხდიდა, ან შუამავლების ნათესავებს მერიაში ასაქმებდა. ასევე, ხმების სანაცვლოდ სურსათისა და მედიკამენტების ყიდვაც ხდებოდა. ონიანი ჰყვება ბიზნესის ჩართულობაზეც, რომ დიდი ბიზნესები მმართველი პარტიის სასარგებლოდ თანამშრომლების მობილიზებას ახდენდნენ. ონიანის თქმით, ეს ყველაფერი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებთან, კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძესთან, შეთანხმებით ხდებოდა. ონიანის თქმით, მას ავალებდნენ კონკრეტული ადამიანების სასარგებლოდ დადგენილებებისა თუ განკარგულებების მიღებასაც.
გამოქვეყნების თარიღი: 19 ნოემბერი, 2022
წყარო: ტვ პირველი
- ბიზნესომბუდსმენ ოთარ დანელიას საეჭვო გამდიდრება
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია ბოლო 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის მქონე და ამჟამად ბიზნესომბუდსმენ ოთარ დანელიას საეჭვო გამდიდრება, ქონებრივ დეკლარაციაში უძრავი ქონების მიუთითებლობა, შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობა და მის მეუღლესთან დაკავშირებით სავარაუდო ნეპოტიზმი.
გამოქვეყნების თარიღი: 12 ნოემბერი, 2022
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3iqoyUM
- სავარაუდო კორუფცია სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში
2013-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა და თანამდებობებზე მყოფმა პირებმა, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა, ჯამში 39-მა სუბიექტმა, 54 ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 129 775 კვ.მ. მიწა, 7 725 685 ლარად იყიდეს. მათ შორის, გასხვისებული მიწის 75 % (97 417 კვ.მ) უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით 2 938 300 ლარად გაიყიდა. გარდა ამისა, 8 სუბიექტმა, 378 223 კვ.მ. ფართობი 1 458 387 ლარად, პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო.
დაბა აბასთუმანში დაშინების, რეკეტისა და ფიქტიური პირების საშუალებით ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო მიწების დაუფლებაზე საუბრობს ტვ პირველის ჟურნალისტური გამოძიებაც. მაგალითად, პენსიონერმა მარინა კბილაშვილმა, რომლის შვილი ელდარ კბილაშვილი ადიგენის საკრებულოს წევრია „ქართულ ოცნებიდან“, სახელმწიფოსგან 5 684 კვ. მ მიწის ნაკვეთი 568 400 ლარად შეიძინა და დამატებით 5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც აიღო. მან ეს მიწა დაახლოებით ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია შპს ვილა აბასთუმანს მიყიდა. სიუჟეტში ნაჩვენებია მაგალითი, როცა მოქალაქეს წლობით მათ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები არ დაურეგისტრირეს და შემდეგ ეს მიწა ივანიშვილთან დაკავშირებულ პირს, დემეტრე თათეშვილს მიყიდეს.
გამოქვეყნების თარიღი: 9 ნოემბერი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; ტვ პირველი.
- ბიძინა ივანიშვილის მიერ უკანონოდ გადახურული ტყე
ბიძინა ივანიშვილის ცოლის კომპანიამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყე (125 248 კვ. მ) სარგებლობის უფლებით გადაცემამდე შემოღობა, 25 მ სიმაღლეზე ბადეებით გადახურა და სამშენებლო სამუშაოები ნებართვის მიღებამდე დაიწყო. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყე ივანიშვილის ცოლის კომპანიამ 49 წლის ვადით იჯარით ოფიციალურად 2022 წლის 3 ნოემბერს მიიღო, თუმცა 27 ოქტომბერს ტყე უკვე გადახურული და შემოღობილი იყო.
როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსის მ/შ ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგო. საჩხერის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც მშენებლობის ნებართვა უნდა გაეცა, ასევე არაფერი იციან.
გამოქვეყნების თარიღი: 5 ნოემბერი, 2022
წყარო: ტვ პირველი; ნეტგაზეთი.
- სავარაუდო ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, სავარაუდო ნეპოტიზმის შემთხვევები, როცა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ადამიანები საჯარო სამსახურში თანამდებობებს ინაწილებენ. მაგალითად, 1. ბიძინა ივანიშვილის ძმის შვილიშვილი, თათია ივანიშვილი თავდაცვის სამინისტროშია დასაქმებული; 2. ფლორა მილორავა, ივანიშვილის პირადი მცველის ირაკლი სანიკიძის დედა, თბილისის საკრებულოშია დასაქმებული. მილორავას ეკატერინე ხვედელიძესთან ნათელ-მირონობაც აკავშირებს. გამოძიებაში ნაჩვენებია სხვა საეჭვო შემთხვევებიც.
გამოქვეყნების თარიღი: 5 ნოემბერი, 2022
წყარო: ტვ პირველი
- ხარაგაულის მერიისა და საკრებულოს საეჭვო შესყიდვები
2019-2022 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერიასთან და საკრებულოსთან დაახლოებულ პირებს ხარაგაულის მერიამ 230 ათასი ლარის პირდაპირი ხელშეკრულებები გაუფორმა. ეს პროცესი კონკურენციის გარეშე წარიმართა და კომპანიებს არც გამოცდილება. პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მერიამ ხელშეკრულებები გააფორმა საკრებულოს წევრის მამასთან, საკრებულოს წევრის შვილთან და სიძესთან, მერიის თანამდებობის პირის ნათესავთან.
გამოქვეყნების თარიღი: 1 ნოემბერი, 2022
წყარო: აი, ფაქტი/ifact.ge
- დეპუტატ ფრიდონ ინჯიას შვილის სასარგებლოდ გაცემული სამშენებლო ნებართვა
დეპუტატ ფრიდონ ინჯიას შვილმა, ილია ინჯიამ, 17 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან აუქციონზე 2016 წელს 5 მლნ ლარად შეიძინა, მრავალფუნქციური სასტუმროს აშენებისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობის ვალდებულებით. თუმცა, მოგვიანებით 32 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გადაწყვიტა, რისი მშენებლობის უფლებისთვისაც თბილისის მერიამ 4 თვეში დასკვნა რადიკალურად შეცვლა, შედეგად სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეუცვალეს, სამშენებლო ზონად გადააკეთეს და თანხმობა გასცეს.
გამოქვეყნების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2022
წყარო: ტვ პირველი - https://bit.ly/3ogdFbg
- ქობულეთის მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანიის საეჭვო შესყიდვები
კომპანია „ზომა”, რომელიც ქობულეთის მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში უკონკურენტოდ იმარჯვებს. კომპანიის დირექტორი - ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” ხელმძღვანელი იყო, ხოლო დირექტორის მოადგილე - გია გოლიაძის მეუღლე, ფატი ჯინჭარაძე, კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია.
„ზომას” გამარჯვებით დასრულებულ ყველა (18) ტენდერში შემსყიდველი ქობულეთის მუნიციპალიტეტია. აქედან კომპანიამ 847,974 ლარი მიიღო, მათ შორის 634,415 ლარი (75%) უკონკურენტო პირობებში. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა და მუნიციპალურმა იურიდიულ პირებმა კომპანიასთან 469,865 ლარის 25 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს.
გამოქვეყნების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://bit.ly/3NE6pyx
- სოზარ სუბარის მიერ სასჯელისთვის თავის არიდების სავარაუდო შემთხვევა
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2015 წელს, როცა სოზარ სუბარი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო, არაფხიზელ მდგომარეობაში თავად მართავდა სამსახურეობრივ მანქანას და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ოფიციალურად მისმა მძღოლმა აიღო თავის თავზე, თუმცა ამ დანაშაულისთვის სასჯელი არც მას მოუხდია. სიუჟეტის მიხედვით, ინციდენტიდან მალევე მძღოლმა 190 000 დოლარად თბილისის ცენტრში აპარტამენტი შეიძინა, სესხი კი ქართუ ბანკმა მისცა. გარდაცვლილის მეუღლე ჟურნალისტებთან აღიარებს, რომ მას 20 000 ლარი გადაუხადეს, რომ არ ეჩივლა.
გამოქვეყნების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2022
წყარო: ტვ პირველი - https://bit.ly/450Z0S5
- როგორ დაეპატრონა მერის წარმომადგენელი დუზაგრამას სოფლის მიწებს
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მუხტარ ისმაილოვი, რომელიც 2007 წლიდან სოფელ დუზაგრამაში საგარეჯოს მერის წარმომადგენელია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და დოკუმენტების გაყალბების გზით, სახნავ-სათეს მიწებს ეპატრონება. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს თაღლითური სქემა, რომლითაც ისმაილოვი ნაკვეთებს (საუბარია 90 ჰა-ზე) უფორმებს თავის ოჯახის წევრებს ან სანდო პირებს, შემდეგ კი თავად იყენებს მათ პირადი მიზნით.
გამოქვეყნების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2022
წყარო: აი, ფაქტი/ifact.ge - https://t.ly/q4ICu, https://t.ly/u_Te; OCCRP - https://t.ly/1V50
- დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკური ინტერესები და მასთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს. ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს. ასევე, 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევით გაირკვა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 528,150 ლარის ოდენობის სუბსიდიაც მიიღო.
გამოქვეყნების თარიღი: 05 ოქტომბერი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო -https://bit.ly/3WjCVcS, https://bit.ly/3WqxSaT, https://bit.ly/3r47941
- მოსამართლეებზე ზეწოლის სავარაუდო შემთხვევა
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძემ „მთავარი არხთან“ ინტერვიუში მოსამართლეების მიმართ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. ალავიძის განცხადებით, რიგ შემთხვევებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებისგან კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებების შეთანხმებას მოითხოვდა.
ბესარიონ ალავიძის განცხადება დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა. გოგაშვილმა განაცხადა, რომ სუს-მა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და ე.წ. კლანის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად ალავიძეზე ზეწოლა განახორციელა.
გამოქვეყნების თარიღი: 17 სექტემბერი, 2022
წყარო: მთავარი არხი - https://bit.ly/3TW0RkV, გოგაშვილის განცხადება - https://bit.ly/3Ui31LN, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადება - https://bit.ly/3DuZAut
- ხელვაჩაურის მერის უნებართვო მშენებლობა და ხარვეზები მის ქონებრივ დეკლარაციებში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ბათუმში სახლის მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო, ხოლო მშენებლობის ხარჯები ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა. მერმა დეკლარაციაში არც კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებით მიღებული შემოსავალი (39,000 აშშ დოლარი) მიუთითა.
გამოქვეყნების თარიღი: 31 აგვისტო, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://bit.ly/3h1xajP
- მაჟორიტარობის 14 წელი ათეულობით მილიონი ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან ანზორ ბოლქვაძის ოჯახს და ახლობლებს
საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნებიდან” მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარად არჩეული ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის შემოსავალმა ტენდერებიდან 2011-2021 წლებში 13,647,191 ლარს მიაღწია.
ანზორ ბოლქვაძის ნათესავის კომპანია შპს „როდამ” სახელმწიფო შესყიდვებით 4,891,873 ლარი მიიღო, საიდანაც 53% (2,611,087 ლარი) გამარტივებული შესყიდვებიდან, უკონკურენტო ტენდერებიდან და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიღებული შემოსავალია.
გამოქვეყნების თარიღი: 15 აგვისტო, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://bit.ly/3gZMqOu, https://bit.ly/3xP6K7N, https://bit.ly/3o0BvHQ
- მოსამართლეების დაუსაბუთებელი სიმდიდრე და კლანური მმართველობა
„სტუდია მონიტორისა“ და გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის OCCRP ერთობლივი გამოიძიებს მიხედვით, სასამართლო ხელისუფლების გავლენიანი ლიდერები – ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე ძვირადღირებულ ქონებას მალავენ. კერძოდ, ლევან მურუსიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა მასთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირი (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი) ლელა ჭანია, შესაბამისად, არც მის სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება. მიხეილ ჩინჩალაძემ არ მიუთითა დეკლარაციაში ბინები და ავტოფარეხები თბილისის ცენტრში, ვერაზე, რომლებიც მამიდის სახელზეა გაფორმებული.
გამოქვეყნების თარიღი: 7 აგვისტო, 2022
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3STXtpB, OCCRP - https://bit.ly/3NwIDo0
- „როგორ ართმევს პროკურატურა საირმელებს მიწებს“
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია, რომ საირმეში პროკურატურა 20 ოჯახს მიწის ნაკვეთების მითვისებას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, კურორტ საირმის მფლობელის თემურ კოხოძის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ უკანონოდ ედავება. თემურ კოხოძის კომპანიები (თეგეტა მოტორსი) ყოველწლიურად მილიონობით ლარის სახელმწიფო შეკვეთებს იღებენ და პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. თავად კოხოძე ბრალდებას უარყოფს. გამოძიების თანახმად, კოხოძის ინტერესების სასარგებლოდ ადგილობრივებთან მოლაპარაკებებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე მონაწილეობდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2012 წელს წერდა, რომ 2010 წელს კურორტ საირმეში დაახლოებით 20-მდე ადგილობრივმა მეწარმემ 1 კვირის განმავლობაში სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრედ მოგვიანებით მაჟორიტარი დეპუტატის თემურ კოხოძის კომპანია დარეგისტრირდა. კოხოძე მაშინ მიწების იძულებით დათმობასთან კავშირს უარყოფდა. კოხოძე და მისი კომპანიები იმ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ.
გამოქვეყნების თარიღი: 22 ივლისი, 2022
წყარო: რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3tfLXKP, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://bit.ly/3VGJo0x
- მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და „სამართლიანმა არჩევნების” ერთობლივი კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება. ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა.
გამოქვეყნების თარიღი: 21 ივლისი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) - https://bit.ly/3Fx5ldE
- იმერეთში ტენდერებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია იგებს
ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტენდერებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია, შპს „ბორანი“ იგებს. კომპანიამ, რომლის მეწილეები მმართველი პარტიის შემომწირველები არიან და რომელიც თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩხიკვაძის ოჯახს ეკუთვნის, 2013 წლიდან 2022 წლის 12 ივლისამდე 34,970,860 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო.
გამოქვეყნების თარიღი: 20 ივლისი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3v3MGQB
- თანამდებობის პირების სავარაუდო კორუფციული გარიგებები სასულიერო პირებთან
ჟურნალისტური გამოძიება, სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ ფარული მიყურადების დოკუმენტებზე დაყრდნობით აღწერს, თუ როგორ ახერხებდნენ კონკრეტული მაღალი რანგის სასულიერო პირები მაღალჩინოსნების დახმარებით და ანაზღაურების სანაცვლოდ, მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების საპროცესო შეთანხმებით ან ვადამდე ადრე გათავისუფლებას. გამოძიებაში აღწერილია რვა საქმე და ნახსენებია შემდეგი თანამდებობის პირების სახელები: იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
გამოქვეყნების თარიღი: 14 მაისი, 2022
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3RLToV0, https://bit.ly/3RPs6NA
- დეპუტატ გიორგი ვოლსკთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფცია
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დეპუტატ გიორგი (გია) ვოლსკის კლასელისა და მეგობრის, ამირან მანჯავიძის კომპანიები, სავარაუდოდ მორგებულ სახელმწიფო ტენდერებს იგებენ. მანჯავიძის ერთი კომპანია შავ სიაში მოხვდა სატენდერო პირობების შეუსრულებლობის გამო, რის შემდეგაც მან ახალი კომპანია დაარეგისტრირა. რადგან ახალი კომპანია გამოუცდელი იყო, ახალი სატენდერო პირობებით 10-წლიან გამოცდილება აღარ იყო მოთხოვნილი, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო. გიორგი ვოლსკის მეუღლე, მანჯავიძის ერთ-ერთ კომპანიაშია დასაქმებული.
გამოქვეყნების თარიღი: 14 მაისი, 2022
წყარო: ტვ პირველი
- „მბრუნავი კარის“ და შესაძლო კორუფციის შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში
ბლოგში საუბარია ბორჯომის მუნიციპალიტეტში „მბრუნავი კარის“ და შესაძლო კორუფციის შემთხვევაზე. 2018 წელს ბორჯომის საკრებულოში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ფირან გოგიჩაშვილმა შპს „მშენებლობა და პროექტირება“ უსასყიდლოდ გააჩუქა, თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ კი, 2022 წელს, აწ უკვე ყოფილმა დეპუტატმა კომპანია უკან დაიბრუნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2018-2021 წლებში, შპს „მშენებლობა და პროექტირებამ“ და ინდ. მეწარმე ვასილ მჭედლიძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 52 სახელმწიფო შესყიდვიდან 2,203,460 ლარი მიიღეს.
გამოქვეყნების თარიღი: 6 მაისი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3OttEd3
- სენაკის საკრებულოს ყოფილმა წევრმა კომპანია გააჩუქა და ტენდერებს ისევ იგებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 2021 წლის თებერვალში წერდა სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრის, დათო ადამიას და მისი კომპანიის შესყიდვებზე. სწორედ ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ადამიამ 7 მილიონ ლარამდე შესყიდვების ისტორიის მქონე კომპანია, შპს „დაგი“ უსასყიდლოდ გააჩუქა. შედეგად, კომპანიას სახელი შეუცვალეს და შპს „მენათი“ გახდა, შეიცვალა კომპანიის იურიდიული მისამართიც. სახეცვლილების შემდეგ, კომპანიამ სენაკის მუნიციპალური შესყიდვებით 1,389,507 ლარის ღირებულების ხელშეკრულება მიიღო. ექვსი ტენდერიდან ხუთი და ორივე გამარტივებული შესყიდვა „მენათმა“ მაშინ მიიღო, როცა ადამია ჯერ კიდევ საკრებულოს წევრი იყო. დათო ადამია, სავარაუდოდ, ცდილობს დამალოს საკუთარი კავშირი როგორც კომპანიასთან, ისე შესყიდვებში ჩართულობასთან.
გამოქვეყნების თარიღი: 6 აპრილი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3cvlFz7, https://bit.ly/3uw5J2U
- თბილისის მერიის მიერ სავარაუდო უკანონო სამშენებლო ნებართვების გაცემა
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო სამშენებლო ნებართვების გაცემაზე ულტრა-მემარჯვენე ჯგუფ ალტ-ინფოსა და პარტია „კონსერვატიული მოძრაობა / ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის კონსტანტინე მორგოშიასა და მისი ძმის გიორგი მორგოშიასთვის, რომლებმაც შეძლეს მანამდე მრავალჯერ დახარვეზებული სამშენებლო ნებართვების მოპოვება. 2021 წელს გავრცელებულ სუს-ის ჩანაწერებში კიდევ ერთი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საუბრობს, რომ კახა კალაძემ კონსტანტინე მორგოშიას ორჯერ მისცა უკანონო მშენებლობის ნებართვა.
გამოქვეყნების თარიღი: 3 აპრილი, 2022
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება - https://bit.ly/3S7UOtB, მთავარი არხი – https://bit.ly/3htkYZn, ფლანგვის დეტექტორი – https://bit.ly/3DVYTdw, ტვ ფორმულა – https://bit.ly/3NSwZnx
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საეჭვო შესყიდვები
ჩხოროწყუს მერიამ ორი თვის დაფუძნებულ შპს „სალომე 92“-ს 207,197 ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გაუფორმა. კომპანიის მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მამა-შვილი, სალომე და ჯამბულ პაპავები არიან. ჩხოროწყუში მათ 2012 წლიდან ჯამში 1,080,842 ლარის მუნიციპალური შესყიდვები აქვთ მიღებული.
გამოქვეყნების თარიღი: 31 მარტი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3PpASAi
- წყალტუბოს საკრებულოს წევრის კომპანიებმა 63 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს
წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებმა შპს “ჯ და ჯ”-მ და შპს “როსტვერკმა” 100 ტენდერისა და 11 გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 63,039,857 ლარი მიიღეს. ჯეირან ომანაძე პოლიტიკური შემწირველიცაა, მან და მისმა კომპანიამ “როსტვერკმა” პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 2017-2021 წლებში 135,000 ლარი შესწირეს.
გამოქვეყნების თარიღი: 24 მარტი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://t.ly/5h54
- ბათუმის საკრებულოს ყოფილ წევრთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა აჭარის მუნიციპალურ შესყიდვებში
„ქართული ოცნებიდან“ ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილმა კომპანიებმა „აჭარგანათებამ“ და „განათებამ“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2022 წლებში 66,844,339 ლარი მიიღეს. ამ თანხის 91% კომპანიებმა უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო.
გამოქვეყნების თარიღი: 22 მარტი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://t.ly/q2u3, https://t.ly/x_mgY
- სავარაუდო კორუფციული ფაქტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში
ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან დაკავშირებულმა შპს „მაი თაუნმა“ და ინდმეწარმემ, შორენა თაბაგარმა 2014-2021 წლებში 68 სახელმწიფო შესყიდვით 4,117,864 ლარი მიიღეს; აქედან 2,162,992 ლარი (საერთო თანხის 52%) უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის გზით.
გამოქვეყნების თარიღი: 18 მარტი, 2022
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - https://t.ly/kTJc
- შპს „ილი ჯგუფი“ მრავალმილიონიან ხელშეკრულებას არღვევს და თან ახალ ტენდერებს იგებს
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია შპს „ილი ჯგუფზე“, რომელსაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი მფარველობს. კომპანიასთან დაკავშირებული პირები მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან (ჯამში 350,000 ლარი). კომპანია მარტივად იგებს მრავალმილიონიან ტენდერებს ქვეყნის მასშტაბით (ჯამში 123 მლნ ლარზე მეტი), მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს; მაგალითად: ერთი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კომპანიამ პატიმრების კვებაზე გაფორმებული ხელშეკრულება 29-ჯერ დაარღვია, თუმცა მას არც კონტრაქტი შეუწყვიტეს და არც „შავ სიაში“ შეიყვანეს. კომპანიამ მალევე დამატებით 10 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა.
გამოქვეყნების თარიღი: 7 თებერვალი, 2022
წყარო: რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3RPQfUh, https://bit.ly/3PKJUHI
- ტყის საეჭვო გადაცემა კომპანიისთვის, რომელსაც თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მეუღლე ხელმძღვანელობს
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მეუღლე დაინიშნა იმ კომპანიის მმართველად, რომელმაც 2 თვით ადრე, დაფუძნებიდან რამდენიმე დღეში უკონკურენტოდ მოიგო აუქციონი, რომლის საფუძველზეც თბილისის ეროვნული პარკის ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მართვაში 40 წლის ვადით მიიღო.
გამოქვეყნების თარიღი: 28 იანვარი, 2022
წყარო: ნეტგაზეთი – https://bit.ly/363F5aY
- თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დედის კომპანიას სახელმწიფო ქონება იაფად გადაეცა
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია, როგორ მიჰყიდა თბილისის მერიამ საინვესტიციო ვალდებულების გარეშე კიკეთში, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ტერიტორია იმაზე გაცილებით იაფად, ვიდრე შეფასებული იყო, კომპანია შპს „კიკეთი დეველოპმენტს“, რომლის ერთ-ერთი მეწილე თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დედა, მარინე სამსონაშვილია. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, კომპანიის მხრიდან ხელმომწერი გალაქტიონ ბუაძეა, რომელიც 2016-2018 წლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად მუშაობდა, მისი პირველი მოადგილე კი ჯუანშერ ბურჭულაძე იყო.
გამოქვეყნების თარიღი: 22 იანვარი 2022
წყარო: შაბათის ფორმულა – https://bit.ly/3IUTs0I
- პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიერ უფლებამოსილების სავარაუდოდ ბოროტად გამოყენება სახელმწიფო ქონების მითვისების მიზნით
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდოდ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება, რათა ბაკურიანში მისი სახლის მომიჯნავედ არსებული 6 ათას კვ.მ-მდე ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში გადაცემულიყო მისი მეუღლისთვის, ნუნუ თამაზაშვილისთვის.
ტყის გაფორმებიდან დაახლოებით 1 წელში ტერიტორია მავთულხლართებითაა შემოღობილი, ხელშეკრულებით ნაკისრი მოთხოვნების საპირისპიროდ.
გამოქვეყნების თარიღი: 22 იანვარი, 2022
წყარო: TV პირველი – https://bit.ly/3sK8oHv, https://bit.ly/43BTTH7
- პარლამენტის წევრ ნინო წილოსანის ნათესავისთვის ტყის საეჭვო გადაცემა
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პარლამენტის წევრისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო წილოსანის სიძის ომარ ხატიაშვილის კომპანია შპს “ღვინის გზას” საეჭვო გარემოებებში გადაეცა ყვარელში მდებარე 8 ჰექტარი ტყე. ომარ ხატიაშვილი ნინო წილოსანის ბიძაშვილისა და ბიზნესპარტნიორის გვანცა წილოსანის მეუღლეა.
გამოქვეყნების თარიღი: 22 იანვარი, 2022
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3Jrx4ey
________________________________________________________
2021 წელი
- გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილეების დაუსაბუთებელი ქონება
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ქონება. შოთაძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია თბილისში ბინის რემონტისა და მოწყობისთვის გაღებული ხარჯები, რომლებიც ბევრად აღემატება მის ოფიციალურ შემოსავალს. გარდა ამისა, წავკისში, შოთაძის მეუღლის სახელზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობისთვის გაცემული ნებართვით დგინდება, რომ გენერალური პროკურორი ძვირადღირებულ კერძო სახლის აშენებას აპირებს.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე დაითვალეს გენერალური პროკურორის მოადგილეების გიორგი გაბიტაშვილისა და გიორგი ბადაშვილის ქონებები, რომელთა ღირებულება ასევე სცდება მათ ოფიციალურ ანაზღაურებას.
წყარო: მთავარი არხი - 15.05.2021; ტვ პირველი - 27.11.2021.
- „ოცნების“ შემწირველების და თანამდებობის პირების კომპანიები სახელმწიფო პროგრამებიდან სუბსიდიებს იღებენ სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ წევრებისა და შემწირველების, ასევე, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიებს და სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ. 2018-2020 წლებში, 17-მა ასეთმა სუბიექტმა, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ჯამურად, დაახლოებით, 2,240,794 ლარი მიიღო, რაც პროგრამით რეგიონში დახარჯული თანხის მესამედია. მათ შორის 9 სუბიექტს, სხვადასხვა დროს სახელმწიფო შესყიდვებით 4,733,891 ლარი დაერიცხა, 7-მა კი „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 594,400 ლარი შესწირა.
გამოქვეყნების თარიღი: 17 დეკემბერი, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3ojAnMf
- სავარაუდო კორუფციის შემთხვევა სასამართლოში
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის ჩავარდნა და მისი შედეგები. მაგალითის სახით ნაჩვენებია ინტერვიუ შვეიცარიელ ინვესტორ შპს „ბაზელის“ ხელმძღვანელ რონალდ ვოლდმენთან, რომელიც აცხადებს, რომ: „კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა მოგვთხოვეს, გადაგვეხადა მილიონობით ლარი, რათა ჩვენი საქმის წარმოება გაგრძელებულიყო და საბოლოოდ მოგვარებულიყო. ამის გამო დაგვჭირდა საქმეში ჩაგვერთო შვეიცარიის და სხვა ქვეყნის საელჩოები, რათა საქმის გასაგრძელებლად არ დაგვჭირვებოდა ქრთამის გადახდა.“
გამოქვეყნების თარიღი: 4 დეკემბერი, 2021
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3czYAv9, https://bit.ly/3b3RPRL
- სავარაუდო გავლენებით ვაჭრობა სასულიერო პირების სასარგებლოდ
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია 4 შემთხვევაზე, როდესაც გავლენიანი სასულიერო პირები, სავარაუდოდ, იყენებდნენ კავშირებს მაღალი თანამდებობის პირებთან სხვადასხვა კორუფციული სარგებლის მისაღებად: 1. მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ ანტონ ბულუხიას დახმარება; 2. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის მიერ დეკანოზ გიორგი ტატუნაშვილისთვის სამშენებლო ნებართვის მიღებაში დახმარება; 3. დეპუტატების სოზარ სუბარისა და ირაკლი ქადაგიშვილის მიერ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დახმარება შვილის სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში; 4. შსს-ს ყოფილი მოადგილის კახა საბანაძისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილის მიერ მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის დახმარება.
გამოქვეყნების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2021
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3PIhnTT, https://bit.ly/3zqvLdJ
- სასამართლო გადაწყვეტილებებზე არასათანადო გავლენის მოხდენის სავარაუდო მცდელობა
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, არსებობს, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, „ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი კოვზანაძე და პაატა კვიჟინაძე, მათი კოლეგის, ამჟამად უკვე ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის დახმარებით ახდენენ გავლენას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესში, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს დეპუტატ მამუკა მდინარაძესაც.
გამოქვეყნების თარიღი: 25 სექტემბერი 2021
წყარო: ტვ პირველი – https://bit.ly/3PGcpXd, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3OoN6rD
- პოლიტიკური შემოწირულების იძულების სავარაუდო შემთხვევა
მედია სიუჟეტის თანახმად, რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფინანსური შემოწირულებების განხორციელება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეამოწმა მონაცემები და დაადასტურა დროის მოკლე მონაკვეთში მმართველი პარტიისადმი სამცხე-ჯავახეთიდან უჩვეულოდ კონცენტრირებული შემოწირულებების არსებობა (2-16 აგვისტოს პერიოდში 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა).
გამოქვეყნების თარიღი: 22 აგვისტო, 2021
წყარო: მთავარი არხი – https://bit.ly/3HP5ozz, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3h20ynb
- საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებული ტენდერი კონკურენციას ზღუდავს
სს ,,საქართველოს რკინიგზამ" მაგისტრალური რელსების შესასყიდად 52.8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და მომწოდებლებისგან რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის საბაჟო კავშირის მიერ განსაზღვრული სერტიფიკატები მოითხოვა. წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „უნი-2“-მა წარადგინა. 52.8 მლნ-იან ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანიის მონაწილეობა ეჭვს აჩენს, საქმე ხომ არ გვაქვს, ე.წ. კონკრეტულ მიმწოდებელზე „მორგებულ“ ტენდერთან.
გამოქვეყნების თარიღი: 5 აგვისტო, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – bit.ly/3B1MxxH
- თევზის გადამამუშავებელი საწარმოები ფოთში - პოლიტიკური კავშირები და ეკოლოგიური პრობლემები
ფოთში გარემოსდაცვითი პრობლემები დაკავშირებულია თევზის გადამამუშავებელ კომპანიებთან რომელთა მეპატრონეები ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, მათ 783, 100 ლარის პოლიტიკური შემოწირულება გაიღეს და ფინანსდებიან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამიდან.
გამოქვეყნების თარიღი: 23 ივლისი, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/2VZWqfP
- ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში მიწები ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა პირებმა საკუთრებაში გაიფორმეს
ნინოწმინდის ცენტრში არსებული პარკი, რომელიც საჯარო სივრცეს წარმოადგენდა, ნაბიჯ-ნაბიჯ კერძო საკუთრებად დარეგისტრირდა. საგულისხმოა, რომ 2,840 კვ.მ. მიწის მფლობელები გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, მათთან დაახლოებული პირები და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებთანაც პირდაპირ შესყიდვებს, მრავალი წლის განმავლობაში, მხოლოდ ნინოწმინდის მერია და მისი იურიდიული პირები აფორმებენ.
გამოქვეყნების თარიღი: 8 ივლისი, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – bit.ly/3gkjpcZ
- პრივილეგიები ბიძინა ივანიშვილის ნათესავებისთვის
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე. კერძოდ, მისი ძმის კომპანიების პროექტებისთვის (ღორების ფერმა რაჭაში, აგურის ქარხანა კასპში და ხამონის წარმოება რაჭაში), ნათესაური კავშირების შესაძლო გამოყენების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საპარტნიორო ფონდიდან, აწარმოე საქართველოდან გადაცემულ თანხებისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო პირგასამტეხლოს პატიებაზე.
გამოქვეყნების თარიღი: 26 ივნისი, 2021
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება –https://bit.ly/3OlTL5O, https://bit.ly/3cyiS8q
- „მბრუნავი კარის” შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტში
ნანა ზარანდია, 2014 წლიდან იყო სენაკის მერიის ჯერ იურიდიული, შემდეგ კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 2019 წლის 8 თებერვალს ზარანდია მერიიდან წავიდა და სს „არქეოპოლისის” დირექტორად დაინიშნა, რის შემდეგაც, „არქეოპოლისმა” 6, 054, 373 ლარის 6 ტენდერი და 1 გამარტივებული შესყიდვა მიიღო სენაკის მერიისგან. 2020 წლის ივნისიდან, ზარანდია კვლავ მერიის ადმინისტრაციის უფროსად დაბრუნდა, „არქეოპოლისმა” კი, სენაკის მუნიციპალიტეტის ორი ტენდერი მოიგო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 3, 874, 513 ლარი.
გამოქვეყნების თარიღი: 25 ივნისი, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – bit.ly/3miXxCI
- საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ჯუმბერ იზორიას ეკონომიკური ინტერესები ჩხოროწყუში
ჩხოროწყუში ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის, ჯუმბერ იზორიას ოჯახის კომპანია „თოგენი” ახორციელებს. ავტომობილების შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების მუნიციპალურ შესყიდვებს კი ჯუმბერ იზორიას მეგობარი, ცაბუ გოგუა იგებს. მას ჯამში 257, 987 ლარის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ცაბუ გოგუას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან 12 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია, ერთ შემთხვევაში კი მან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღო კონტრაქტი, რომელსაც უფრო დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული.
გამოქვეყნების თარიღი: 24 ივნისი, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – bit.ly/3z5kooD
- სამცხე-ჯავახეთში კორუფციისთვის ნასამართლევი პირები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა: ნოდარ ბალახაშვილმა, თამაზ პეტაშვილმა, დავით ჩაჩანიძემ და გურამ ფარცახაშვილმა 2014-2021 წლებში, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7, 442, 197 ლარი მიიღო
გამოქვეყნების თარიღი: 18 ივნისი, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – bit.ly/3kbolCc
- ჩხოროწყუს მერთან დაკავშირებული პირების საეჭვო მონაწილეობა ადგილობრივ შესყიდვებში
ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა საეჭვო გარემოებებში (კონკურენტების დისკვალიფიკაცია და კონტრაქტის ღირებულების ცვლილება) იგებენ. ქარჩავები ამავე დროს ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან. მათ 2011 წლიდან დღემდე 3,377,519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.
გამოქვეყნების თარიღი: 24 მაისი, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3vCi5YL
- ბიძინა ივანიშვილის პროექტებში ჩართვის შემდეგ კომპანია მრავალმილიონიან ტენდერებს საეჭვო გარემოებებში იგებს
2018 წელს, მას შემდეგ რაც შპს „არალის“ მესაკუთრემ (რომელიც წარსულში სახელმწიფო შესყიდვებიდან თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნეს), აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად მიწა მიჰყიდა და ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში ჩაერთო, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან მრავალმილიონიანი კონტრაქტების მიღება დაიწყო. თუ კომპანიას მანამდე 7 წლის განმავლობაში 51.5 მლნ ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ორ წელიწად ნახევარში 125.4 მლნ ლარის კონტრაქტები მოიგო. ტენდერების მნიშვნელოვანი ნაწილი კომპანიამ კონკურენტების დისკვალიფიკაციის საფუძველზე მოიპოვა.
გამოქვეყნების თარიღი: 22 მაისი, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3vErOxF
- ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის საეჭვო სქემები
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილმა ემზარ ივანიშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა გრიგოლ ხურციძემ გამოიყენეს მათი კავშირები და გავლენა, რათა სამი სხვადასხვა სამშენებლო პროექტისთვის მიეღოთ საეჭვო ნებართვები.
გამოქვეყნების თარიღი: 15 მაისი, 2021
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება –https://bit.ly/2R8Wx71, https://bit.ly/2RRH6R4
- ქუთაისის მერის მოადგილის ინტერესთა შეუთავსებლობა
ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორმა ქუთაისის მერიის 5 ტენდერი (294,545 ლარის ჯამური ღირებულების) ძირითადად უკონკურენტოდ მიიღო. სატენდერო კომისიის ხელმძღვანელი თავად იუზა უგულავა იყო; მან ინტერესთა შეუთავსებლობა თავიდან არ აირიდა.
გამოქვეყნების თარიღი: 13 მაისი, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3fYPRk1
- უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კორუფციის ბრალდებები ლისის ტბასთან მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მაღალი თანამდებობის პირები (მაგ: კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა) და პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველი (შპს „ლისი ჰილსის“ მეწილე მიხეილ ჯაფარიძე) უპრობლემოდ იღებენ მშენებლობის ნებართვებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან.
გამოქვეყნების თარიღი: 17 აპრილი, 2021
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება –https://bit.ly/3vD9ZPs, https://bit.ly/3g0hKIr
- „ქართული ოცნების“ დეპუტატის სავარაუდო ჩარევა მიმდინარე გამოძიებაში
ჟურნალისტური გამოძიება გამოთქვამს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ისკო დასენი იყენებს მის გავლენას, რათა შეაფერხოს პროკურატურაში შპს „ვიპ ტრეიდის“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება. შპს „ვიპ ტრეიდი“, რომელსაც მოქალაქეები ვალუტის კურსით ვაჭრობის თაღლითური სქემის განხორციელებაში ადანაშაულებენ, წარსულში ისკო დასენის ორ ვაჟს ეკუთვნოდა.
გამოქვეყნების თარიღი: 3 აპრილი, 2021
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება –https://bit.ly/2SFPvqE, https://bit.ly/3i7s9oy
- ბათუმის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ინტერესთა შეუთავსებლობა
ბათუმის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანია „ტრეიდინგ სერვისი“, რომლის წილი მან სიძეს, გოჩა აბუსელიძეს აჩუქა, სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტებს იღებს ბათუმის მერიის იმ ა(ა)იპ-ებისგან, რომელთა კონტროლი პატარიძეს ევალება.
გამოქვეყნების თარიღი: 19 მარტი, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3c7TLpL
- კორუფციის რისკები ქობულეთის მუნიციპალიტეტის უკონკურენტო შესყიდვებში
მას შემდეგ, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა (2011-2014) ბადრი რომანაძემ შპს „ჯორჯიან სტოუნში” დირექტორის პოზიცია დაიკავა, კომპანიამ მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 24.6 მილიონი ლარი საეჭვო გარემოებებში (კონკურენტების დისკვალიფიკაცია და დაუსაბუთებელი ცვლილებები დადებულ კონტრაქტებში) მიიღო.
გამოქვეყნების თარიღი: 3 თებერვალი, 2021
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3g1SMsx, https://bit.ly/2KBGFWJ
- სავარაუდო კორუფცია რთველის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყურძნის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში ცვლილებები იქნა შეტანილი, იმისთვის, რომ მომხდარიყო პროგრამის მორგება მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიებისა და ბიძინა ივანიშვილთან (მისი ძმის, ალექსანდრე ივანიშვილისა და დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, მეშვეობით) დაკავშირებული კომპანიების ინტერესებთან.
გამოქვეყნების თარიღი: 23 იანვარი, 2021
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება –https://bit.ly/3eALkoO, https://bit.ly/3sFiwQc
_________________________________________________________
2020 წელი
- ფოთის მერის ბიზნესპარტნიორი გამარტივებულ შესყიდვებს იღებს
მას შემდეგ, რაც 2017 წელს გოჩა კურდღელია ფოთის მერად აირჩიეს, მისი ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის რამაზ გუჯაბიძის კომპანიამ - შპს „ხალიბმა“ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი გამარტივებული კონტრაქტების მიღება დაიწყო ფოთის მუნიციპალური იურიდიული პირებისგან, რამაც კორუფციის შესახებ კითხვები გააჩინა.
გამოქვეყნების თარიღი: 7 დეკემბერი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3i5TOGr
- მეორე ინსტანციის სასამართლოზე სავარაუდო არაჯეროვანი ზეგავლენის შემთხვევა
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია შესაძლო არაჯეროვანი ზეგავლენის შემთხვევა მეორე ინსტანციის სასამართლოზე, რომელმაც შეცვალა მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილებული იყო გერმანელი ინვესტორის, რიჩარდ სალერის, სააპელაციო საჩივარი სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ. საქმე ეხება 7 მლნ დოლარის გაფლანგვას სალერის ადგილობრივი პარტნიორის, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“, მიერ, რომელსაც ყოფილი სპორტის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ხელმძღვანელობს. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენებია, რომ სასამართლოს სხდომის თავმჯდომარე, მზია თოდუა, წარსულში (ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი) სააქციო საზოგადოება „ქართუ ბანკის“ იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
გამოქვეყნების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3fmQbui / https://bit.ly/3ry6Z4O
- კორუფციის ნიშნები შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალურ შესყიდვებში
შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი მაღალჩინოსნების (ავთანდილ კაჭკაჭაშვილი და გიორგი ბალიაშვილი) და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველების (ნუგზარ და ნუკრი აბალაკები) კომპანიებმა – შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ – 2011-2020 წლებში 200 მილიონ ლარზე მეტის შესყიდვები ძირითადად უკონკურენტოდ მიიღეს.
გამოქვეყნების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/2K3mzFf
- კორუფციის ნიშნები კახეთის მუნიციპალურ შესყიდვებში
კახეთის 8 მუნიციპალიტეტის შესყიდვების ანალიზმა (167 მილიონ ლარზე მეტი 2013-2020 წლებში) გამოავლინა, რომ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს ხშირად (58 სუბიექტიდან 17 შემთხვევაში) იღებენ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები. 52-დან 32-მა შპს-მ გამარტივებული შესყიდვებისა და უკონკურენტო ტენდერების მიღება დაფუძნებიდან მალევე დაიწყო, ზოგ შემთხვევაში კი - რამდენიმე დღეში.
გამოქვეყნების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3p1tqxw
- მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესმენის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი კაპანაძის ბიზნეს პარტნიორების მხრიდან კერძო კომპანია შპს „იბერიაზე“ ზეწოლის სავარაუდო შემთხვევა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სამართალდამცავი ორგანოები კომპანიის პრობლემების მიმართ უყურადღებობას იჩენენ.
გამოქვეყნების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2020
წყარო: რადიო თავისუფლება – https://bit.ly/2Ot8e6Z
- თბილისის მერიის მიერ მსხვილი ტენდერის სავარაუდო მორგება კონკრეტულ კომპანიაზე
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ მიკროავტობუსების შესაძენად 30 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა და შემზღუდავი სატენდერო მოთხოვნების დაწესებით, კვალიფიციურ პრეტენდენტებს მასში მონაწილეობის საშუალება არ მისცა, რის შედეგადაც ტენდერი მმართველი პარტიის შემომწირველმა კომპანიამ მოიგო.
გამოქვეყნების თარიღი: 13 სექტემბერი, 2020
წყარო: რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3l9Vjml
- სავარაუდო კორუფციის/„მბრუნავი კარის“ შემთხვევა, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტების მიღებას უკავშირდება
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, რომ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული სააქციო საზოგადოების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ორი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის (სულხან ზუმბურიძისა და მამუკა პაპუაშვილის) მიერ დაფუძნებულმა შპს „პარვუს ჯგუფმა“, მათი თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, უკონკურენტოდ და სხვადასხვა საეჭვო გარემოებებში მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო, რომელთა საერთო ღირებულება 19 მლნ ლარს შეადგენდა.
გამოქვეყნების თარიღი: 18 აგვისტო, 2020
წყარო: რადიო თავისუფლება – https://bit.ly/2N9NnoE
- ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზიის საეჭვო მონაწილეობა ნინოწმინდის მუნიციპალურ შესყიდვებში
ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინ ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის შესყიდვების ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა. ვარდანიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, „ფარვანამ“ მერიისგან ნინოწმინდაში უსასყიდლოდ 273 კვ.მ. ფართიც მიიღო.
გამოქვეყნების თარიღი: 17 ივლისი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3alTGP1
- კორუფციის რისკები საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა და გამოავლინა 21 კონკრეტული შესყიდვა, სადაც სახელისუფლებლო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირი იკვეთება. მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“.
გამოქვეყნების თარიღი: 7 ივლისი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/2WnezBt
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო გამდიდრება
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ მიიღეს 100 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მმართველი პარტიის შემომწირველმა კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გრიგოლ ლილუაშვილის მეგობართან და ნათესავთან, ბიჭიკო პაიკიძესთან. ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ხელმძღვანელია.
გამოქვეყნების თარიღი: 27 ივნისი, 2020
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3l3Ej18, https://bit.ly/3w6QC1E
- ბიძინა ივანიშვილის ნათესავის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ (შპს “მშენინვესტი” და ინდ. მეწარმე) 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან შესყიდვების მეშვეობით 16,395,501 ლარი მიიღო. ყველაზე მეტი შესყიდვები მან საჩხერის მუნიციპალიტეტისგან მიიღო.
გამოქვეყნების თარიღი: 18 ივნისი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/2KwB5oT
- კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის საახალწლო შესყიდვებში
თბილისის მერიის მიერ 2019 წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის განხორციელებულ შესყიდვებში (6.6 მლნ ლარი) მორგებული ტენდერების და კორუფციის ნიშნები გამოიკვეთა. ჩნდება ეჭვი, რომ საახალწლო შესყიდვები მორგებულია იტალიურ კომპანია IDO SRL-ზე, რომელიც წლების განმავლობაში უკონკურენტოდ იღებს სახელმწიფო კონტრაქტებს.
გამოქვეყნების თარიღი: 6 ივნისი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3r9gs2y
- გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები ჰესებსა და გზების მშენებლობაში
კახეთში ორი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გიორგი ზედელაშვილთან (სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილე) დაკავშირებული კომპანიებისთვის შესაძლოა ხელოვნურად შეიქმნა ხელსაყრელი პირობები.
გამოქვეყნების თარიღი: 28 მაისი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3h3iAV5
- სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში
ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის არჩევის შემდეგ მისი ძმა თამაზ მელიქიძე (შპს „ნუკია”) და რძალი ნანა მაისურაძე (ააიპ „სათნოების სახლი”) ახალციხის მუნიციპალიტეტში ტენდერებს იგებენ. ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის არჩევის შემდეგ კი მისმა ძმამ მალხაზ მელიქიძემ (სს „XXI საუკუნე“) ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვება დაიწყო.
გამოქვეყნების თარიღი: 8 მაისი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/37q1Tjl
- რეექსპორტის ბაზრის სავარაუდო მონოპოლიზება მაღალჩინოსნების მონაწილეობით
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ სძალავენ თანხებს თურქეთიდან საქართველოს გავლით სატრანზიტო გადამზიდავ კომპანიებს რუსი ბიზნესმენის, ფელიქს ხუდოევის, სასარგებლოდ. ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოთქმულია ეჭვი, რომ ეს შემოსავლების სამსახურისა და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნების დახმარებით ხორციელდება, რომლებიც საქართველო-თურქეთის საზღვარზე აღნიშნულ კომპანიებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან.
გამოქვეყნების თარიღი: 28 აპრილი, 2020
წყარო: ნეტგაზეთი – https://netgazeti.ge/news/447571/
- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო უკანონო გამდიდრება
ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა (და ყოფილმა თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა), ირაკლი ღარიბაშვილმა, ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა ძვირადღირებული საათების კოლექცია, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს, რაც უკანონო გამდიდრების ნიშნებზე მიუთითებს.
გამოქვეყნების თარიღი: 22 აპრილი, 2020
წყარო: რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3l8xoDQ
- ფავორიტიზმის სავარაუდო შემთხვევა „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო პროექტში
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია 7 მლნ ლარის საეჭვო მომგებიანობის საინვესტიციო პროექტი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდი“ აფინანსებს და რომელიც კომპანია „გლობალ ბრენდმა“ სავარაუდოდ ფავორიტიზმის გზით მიიღო. კომპანიას ლევან გაჩეჩილაძე მართავს, რომელსაც პირადი კავშირები აქვს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელთან, დავით საგანელიძესთან, და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
გამოქვეყნების თარიღი: 29 თებერვალი, 2020
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/2OJzZYY, https://bit.ly/2PemLnB
- ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საჯარო სამსახურის დატოვებიდან მოკლე დროში მოახერხა მნიშვნელოვანი ქონების შეძენა, რასაც რამდენიმე საეჭვო გარემოება ახლდა თან.
გამოქვეყნების თარიღი: 28 თებერვალი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/38daGVc
- გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიის საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინმა” 2013 წლის შემდეგ მსხვილი ტენდერების მოგება დაიწყო (105 მილიონზე მეტი მხოლოდ კახეთის რეგიონში). საეჭვო გარემოებებს შორისაა: კონკურენტთა დისკვალიფიკაცია, შეწყვეტილი ტენდერები, უკონკურენტო ტენდერები.
გამოქვეყნების თარიღი: 17 თებერვალი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3agT11v
- ყოფილ დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
ახალქალაქი-ნინოწმინდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამმა კომპანიამ 2010-2019 წლებში ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე ბიუჯეტიდან 2,312,278 ლარი მიიღეს. თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობდა.
გამოქვეყნების თარიღი: 30 იანვარი, 2020
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/34ozd8B
- სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების საპრივატიზაციო აუქციონის სავარაუდო ჩაწყობა
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ მოხდა სახელმწიფოს კუთვნილი ისტორიული შენობისა და მის ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზება კომპანიის მიერ, რომლის რეგისტრაციაც საპრივატიზაციო აუქციონის გამოცხადებამდე მხოლოდ ორი საათით ადრე განხორციელდა, რაც საპრივატიზაციო აუქციონის ჩაწყობაზე მიუთითებს.
გამოქვეყნების თარიღი: 17 იანვარი, 2020
წყარო: ბიზნეს მედია ჯორჯია (BMG) – https://bit.ly/2OV4FGN
_________________________________________________________
2019 წელი
- საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში
საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორმა ოთარ ბუზარიაშვილმა (შპს „ახალი კომპანია 2018“) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 1,336,748 გამარტივებული შესყიდვა იყო.
გამოქვეყნების თარიღი: 16 დეკემბერი, 2019
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/37ss89a
- კორუფციის ნიშნები სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში
ივანე მირიანაშვილი 2017 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. მისი შვილის დავით მირიანაშვილისა და მასთან დაახლოებული პირების კომპანიებმა (შპს „სეივონი”, შპს “მ.ს.მშენი”, შპს „ინტერ პლიუსი”, შპს “ორბა 7”, შპს “თი ენ სი” და შპს “ცოტნე”), 2013-2019 წლებში 5,375,427.64 ლარის შესყიდვები მიიღეს.
გამოქვეყნების თარიღი: 27 ნოემბერი, 2019
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3nG3doh
- სავარაუდო კორუფცია თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორცის შესყიდვის პროცესში
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ ჩაანაცვლა თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივი წარმოების ხორცის შესყიდვა იმპორტულით, რის შემდეგაც ხორცის ერთადერთი მიმწოდებელი ყოფილი პარლამენტის წევრის („ქართული ოცნებიდან“), გოდერძი ბუკიას, ქალიშვილის სრულ მფლობელობაში არსებული კომპანია გახდა. ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე გამოთქმულია სერიოზული ბრალდებები ხორცის ხარისხთან დაკავშირებით.
გამოქვეყნების თარიღი: 17 ნოემბერი, 2019
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/2N6bPqY, https://bit.ly/3rpQtCX
- ახალციხის მერის მრჩევლის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში
ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის (ინფრასტრუქტურის საკითხებში) გელვასი გელაძის კომპანია „მშენებელი 2004“ ახალციხის მუნიციპალიტეტების ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. გელვასი გელაძე ერთდროულად იყო, სატენდერო და მიღება-ჩაბარების (დღემდე რჩება) კომისიების წევრიც, მიმდინარე პროექტების ზედამხედველიც და სამუშაოების შემსრულებელიც.
გამოქვეყნების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2019
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3ai1amb
- წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორის საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შემდეგ თემურ ღვინჯილიას ბიზნესპარტნიორი ბაგრატ ღვინჯილია (შპს “წალენჯიხის საგზაო სამმართველო”) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს (5 მილიონ ლარზე მეტი) უკონკურენტოდ იგებს.
გამოქვეყნების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2019
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/34ljdnE
- ყოფილ დეპუტატ იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში
ტენდერებში მაკრახიძესთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები (შპს “იბოლია”, შვილი ოფელია მაკრახიძე - შპს “შარა”, ძმა ალექსანდრე მარკახიძე - შპს „არქმშენსტუდია 2002”) ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები იყვნენ.
გამოქვეყნების თარიღი: 2 სექტემბერი, 2019
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/387Gzyo
- ახალციხის მერის კომპანიების საეჭვო მონაწილეობა მუნიციპალურ შესყიდვებში
2015 წელს ახალციხის მერად არჩევის შემდეგ ზაზა მელიქიძის კუთვნილმა და ყოფილმა კომპანიებმა (შპს „მელიზა” და შპს „მესხეთი XXI”) ახალციხის მუნიციპალიტეტისგან სახელმწიფო შესყიდვების მიღება დაიწყეს.
გამოქვეყნების თარიღი: 15 ივლისი, 2019
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/2KyyzOK
- იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებული ბრალდებები
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია პარლამენტის მოქმედი წევრისა და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის, საეჭვო გამდიდრების, არადეკლარირებული აქტივებისა და ძვირადღირებული უძრავი ქონების შესახებ.
გამოქვეყნების თარიღი: 11 მაისი, 2019
წყარო: რუსთავი 2 – https://rustavi2.ge/ka/news/133095
- მაღალჩინოსნების არადეკლარირებული უძრავი ქონება
ჟურნალისტურ გამოძიებაში დასახელებულია სამი მაღალჩინოსანი, რომელმაც ქონებრივ დეკლარაციაში უძრავი ქონების დეკლარირება არ მოახდინა და მითითებულია დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღების ნიშნები. ეს მაღალჩინოსნები არიან: ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე; და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ჩიქოვანი.
გამოქვეყნების თარიღი: 9 მარტი, 2019
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3qEdFNo, https://bit.ly/3rnNhrv
- ზუგდიდის მუნიციპალური კომპანიის დირექტორის მოგებული ტენდერები
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ.
ჯამში, სამ კომპანიასთან 2011-2018 წლებში შემსყიდველ ორგანიზაციებს ტენდერებისა (567 188 ლარის ღირებულების 59 ტენდერი) და პირდაპირი შესყიდვების (125 035 ლარის ღირებულების 125 პირდაპირი შესყიდვა) გზით 692 223 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. ამასთან, 431 106 ლარის ხელშეკრულება მაშინ, როცა მეწილე/დირექტორი ბადრი ნემსაძე ან მისი მეუღლე იყო.
გამოქვეყნების თარიღი: 18 თებერვალი, 2019
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
_________________________________________________________
2018 წელი
- კორუფციის ბრალდებები ბოლნისის მერის წინააღმდეგ
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის, ნათესავები და მეგობრები რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების მუნიციპალურ კონტრაქტებს უკონკურენტოდ იღებენ. შერაზადიშვილს ნათესაური კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილესთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან.
გამოქვეყნების თარიღი: 15 დეკემბერი, 2018
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3d9wYd0 / https://bit.ly/3evKolU
- ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანიის მოგებული ტენდერები
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ „ევრომშენი 999”-მა 2016-2018 წლებში 39 ტენდერში გაიმარჯვა, ჯამური ღირებულებით 1 628 151 ლარი. კომპანიას ზუგდიდის მერიასთან 29 773 ლარის ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული.
მოგებული 35 ტენდერიდან, 27 შემთხვევაში ლაშა ჯაიანი სატენდერო კომისიის წევრი იყო, თუმცა, ხელმოწერით აღნიშნავდა, რომ შპს „ევრომშენი 999”-თან ინტერესთა კონფლიქტში არ იმყოფებოდა. მანამდე კომპანიას არცერთ სახელმწიფო შესყიდვასა და ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
გამოქვეყნების თარიღი: 13 დეკემბერი, 2018
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- თავდაცვის მინისტრის სახლების მშენებლობის არადეკლარირებული ხარჯები
2013-2018 წლებში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ლევან იზორიამ ორი სახლი აიშენა, თუმცა, ამ სახლზე გაწეული ხარჯები კანონდარღვევით დეკლარაციაში არ მიუთითა. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს აღნიშნული ხარჯების წარმომავლობა.
გამოქვეყნების თარიღი: 11 დეკემბერი, 2018
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3np9uV3
- ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვა
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ფონდი ქართუ“ 600,000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. ეს ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების აშკარა შემთხვევა იყო, რადგან საქართველოს მთავრობა დაპირების აღსრულების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
გამოქვეყნების თარიღი: 19 ნოემბერი, 2018
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3ahU8hv
- სავარაუდო კორუფცია სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზაში“ ნავთობ-პროდუქტების სომხეთში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით
ჟურნალისტურ გამოძიებაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ სახელმწიფოს კუთვნილმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზამ“ უკანონო გარიგება დადო „ლუკოილ ჯორჯიასთან“ (რომელსაც ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, ხელმძღვანელობდა), რითაც ყველა სხვა კომპანიას საქართველოს გავლით ნავთობ-პროდუქტების სომხეთში ტრანსპორტირება შეეზღუდა.
გამოქვეყნების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2018
წყარო: სტუდია მონიტორი/რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3rurrCR / https://bit.ly/3viCCBF
- დეპუტატებისა და მინისტრების სავარაუდო უკანონო გამდიდრება
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია მაღალჩინოსნების საკუთრებაში არსებული არადეკლარირებული ან/და ძვირადღირებული უძრავი ქონების შესახებ, რაც აჩენს კითხვებს უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებით. საუბარია შემდეგი მაღალჩინოსნების უძრავ ქონებაზე: ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია; ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე; შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, მანანა კობახიძე; პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი; პარლამენტის ყოფილი წევრი და ფრაქცია „კონსერვატორების“ ლიდერი, ზვიად ძიძიგური.
გამოქვეყნების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2018
წყარო: რუსთავი 2 – https://rustavi2.ge/ka/news/116029
- ე.წ. „ომეგა ჯგუფის საქმე“
2018 წლის სექტემბერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებისა და გასაჯაროებული ფარული აუდიოჩანაწერების თანახმად, ადგილი ჰქონდა გარიგებას კერძო კომპანიებს, ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შორის, რომელიც გულისხმობდა თანამდებობის პირთა ძალაუფლების გამოყენებას თამბაქოს ბაზარზე ამ კომპანიებისთვის დომინანტი პოზიციის უზრუნველყოფის მიზნით. ამის შედეგად გენერირებული შემოსავლები კი განაწილდებოდა კომპანიებსა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფს შორის. მასალებში ნახსენები იყო ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის, სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის სახელები.
გამოქვეყნების თარიღი: 26 სექტემბერი, 2018
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/3gYx6gM
- სავარაუდო კორუფცია საგარეო საქმეთა სამინისტროში
ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილია, თუ როგორ მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ძმის კუთვნილმა კომპანიამ ამავე სამინისტროსგან მსხვილი პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი კომპანიის რეგისტრაციის მეორე დღესვე. აღნიშნული შესყიდვის თანხა სამინისტროს კომპანიის რეგისტრაციის დღეს გადმოერიცხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რომელზეც სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მოთხოვნები არ ვრცელდება.
გამოქვეყნების თარიღი: 4 სექტემბერი, 2018
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI) – https://bit.ly/3rdBDj1
- მორგებული პირობების სავარაუდო გამოყენება სახელმწიფო შესყიდვებში
2013-2018 წლებში საჯარო უწყებებმა უმეტესწილად უკონკურენტო ტენდერის გზით შპს „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯისგან” (რომლის დამფუძნებელი გოჩა როსტიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის შალვა ობგაიძის დეიდაშვილია) 3 მლნ ლარამდე ღირებულების რუსული წარმოების „ნივები” შეისყიდეს, სავარაუდოდ, მორგებული პირობებით.
გამოქვეყნების თარიღი: 18 ივლისი, 2018
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/2KdYNGy
- კორუფციის სავარაუდო შემთხვევები ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებში
2018 წელს პროკურატურამ ორი ყოფილი მინისტრი დაკითხა: ყოფილი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, თუ რა საქმეებზე მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა მედია-საშუალებები ვარაუდობდნენ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილს სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებში საკუთარი ნათესავებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ედებოდა ბრალად, ხოლო ზურაბ ალავიძე კორუფციის/„მბრუნავი კარის“ შემთხვევასთან იყო კავშირში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 56 მლნ ლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების ხარჯვას ეხებოდა.
გამოქვეყნების თარიღი: 18 ივლისი, 2018
წყარო: რადიო თავისუფლება – https://bit.ly/3bPL1oF
- ქონების გადაცემა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის
2016 წლის თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიას „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” არამართლზომიერად გადასცა ქონება, რაც შესაძლოა გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგი იყო.
გამოქვეყნების თარიღი: 28 თებერვალი, 2018
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/2IZAVpz
_________________________________________________________
2017 წელი
- კორუფციის ნიშნები თბილისის მერიის „ზონალურ საბჭოში“
2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს (ე.წ. „ზონალური საბჭო“) საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი სავარაუდო შემთხვევა.
გამოქვეყნების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2017
წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – https://bit.ly/3r5wNpd
- ცხვრის ექსპორტში ოთარ დანელიას სავარაუდო გავლენები
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის (ამჟამად, ბიზნესომბუდსმენის) ოთარ დანელიას სავარაუდო უკანონო გავლენებზე ქართული ცხვრის ექსპორტის ბიზნესში. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ამ ბიზნესში ჩართული კომპანიების რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოწვეული იყო არა ბუნებრივი კონკურენციით, არამედ კომპანია „ვიქტორიას“ ხელმძღვანელობის პირადი კავშირებით ოთარ დანელიასთან, რის გამოც კომპანია კონკურენტების ხარჯზე ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი გახდა. თავად დანელია ბრალდებებს უარყოფს.
გამოქვეყნების თარიღი: 27 მაისი, 2017
წყარო: სტუდია მონიტორი – https://bit.ly/3fX5yMC
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებული ბრალდებები
ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, საეჭვო გამდიდრებასა და არადეკლარირებულ ქონებაზე.
გამოქვეყნების თარიღი: 23 აპრილი, 2017
წყარო: რუსთავი 2 – https://bit.ly/3ljQiHT
_________________________________________________________
2016 წელი
- კორუფციის ნიშნები თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის განკარგვის პროცესში
თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე სარეკრეაციო ზონაში 29 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზების, ასევე ამ და მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს მშენებლობაზე სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის პროცესი ატარებდა არსებითად ფიქციურ ხასიათს და ემსახურებოდა უფრო ადრე, არაფორმალურ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივად გაფორმებას.
გამოქვეყნების თარიღი: 13 მაისი, 2016
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/2WpfkKd
- კორუფციის ნიშნები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების კვლევამ გამოავლინა, რომ მაშინდელ მინისტრთან და სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული კომპანიები ხშირად იღებნენ სამინისტროსგან საბიუჯეტო თანხებს/დაფინანსებას კონკურსის ან ტენდერის გვერდის ავლით.
გამოქვეყნების თარიღი: 6 მაისი, 2016
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო – https://bit.ly/2WDijPv
[1] არის თუ არა საქართველო მიტაცებული სახელმწიფო?, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, დეკემბერი 11, 2020, ხელმისაწვდომია აქ.
[2] CPI 2021 For Eastern Europe & Central Asia: Democratic Hopes in the Shadow of Growing Authoritarianism, Transparency International, January 25, 2022, ხელმისაწვდომია აქ.
[3] CPI 2022 For Eastern Europe & Central Asia: Growing Security Risks and Authoritarianism Threaten Progress against Corruption, Transparency International, January 31, 2023, ხელმისაწვდომია აქ.
[4] კორუფცია და ანტიკორუფციული პოლიტიკა საქართველოში: 2016-2020 წლები, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, 20 ოქტომბერი, 2020, ხელმისაწვდომია აქ; საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, 12 ოქტომბერი, 2018, ხელმისაწვდომია აქ; მაღალი დონის კორუფციის აღმოფხვრა საქართველოში: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, ღია საზოგადოების ფონდი საქართველო, 27 მარტი, 2018, ხელმისაწვდომია აქ.
[5] European Parliament resolution of 14 November 2018 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia (2017/2282(INI)), ხელმისაწვდომია აქ; CPI 2022 for Eastern Europe & Central Asia: Growing Security Risks and Authoritarianism Threaten Progress against Corruption, Transparency International, January 31, 2023, ხელმისაწვდომია აქ; OECD (2022), Anti-Corruption Reforms in Georgia: Pilot 5th Round of Monitoring Under the Istanbul Anti-Corruption Action Plan, OECD Publishing, Paris, ხელმისაწვდომია აქ.
[6] კორუფცია საქართველოში: საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, 8 ივნისი, 2020, ხელმისაწვდომია აქ; Public Opinion Survey: Residents of Georgia, March 2022, International Republican Institute, ხელმისაწვდომია აქ.
[7] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 100, საკანონმდებლო მაცნე, ხელმისაწვდომია აქ.
[8] OECD (2022), Anti-Corruption Reforms in Georgia: Pilot 5th Round of Monitoring Under the Istanbul Anti-Corruption Action Plan, OECD Publishing, Paris, ხელმისაწვდომია აქ.
[9] რატომ გვჭირდება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო?, ღია საზოგადოების ფონდი, დეკემბერი 12, 2022, ხელმისაწვდომია აქ.
[10] European Parliament resolution of 14 November 2018 on the implementation of the EU Association Agreement with Georgia (2017/2282(INI)), adopted P8_TA(2018)0457, ხელმისაწვდომია აქ.
[11] Opinion on Georgia's application for membership of the European Union, European Commission, June 16, 2020, ხელმისაწვდომია აქ.
[12] OECD (2016), Anti-Corruption Reforms in Georgia: Fourth Round of Monitoring of the Istanbul Anti-Corruption Action Plan, OECD Publishing, Paris, Recommendation 21 (1), ხელმისაწვდომია აქ.
[13] იქვე, გვ. 9-10.